ნინა უკლება, 39 წლის, ემიგრანტი ბარსელონა, ესპანეთი

ნინა უკლება, 39 წლის, ემიგრანტი ბარსელონა, ესპანეთი

,,ესპანეთში რამდენიმე წლის წინ წამოვედი აკადემიური და კარიერული განვითარების მიზნით. ევროპა ჩემთვის ყოველთვის ახლობელი და საინტერესო გარემო იყო თავისი ფასეულობებით, მრავალფეროვანი კულტურით, ტრადიციებით, წესრიგით, უსაფრთხოებით, ჯანსაღი ცხოვრების წესით, გაღიმებული ადამიანებით და მულტიკულტურული გარემოთი, რაც ასე აკლია ჩვენს ქვეყანას.

როგორც ემიგრანტს, კიდევ უფრო გაძლიერებული პროტესტი მაქვს იმაზე, რაც ახლა საქართველოში ხდება. ერთი მხრივ, ქვეყანაში, სადაც ვცხოვრობთ, ვხედავთ, თუ როგორ ზრუნავს მთავრობა თითოეულ მოქალაქეზე, როგორი ხელმისაწვდომია ჯანდაცვა ყველასთვის, როგორი უსაფრთხო გარემოა ბავშვებისთვის, როგორ შეესაბამება ხელფასები პროდუქტებისა თუ სერვისების ფასებს, რამდენი შესაძლებლობაა სტუდენტებისთვის, როგორი ხელშეწყობა აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის პირებს, როგორ ღირსეულად ბერდებიან ადამიანები და როგორ ცდილობს მთავრობა ყოველდღიურად, კიდევ უფრო გააუმჯობესოს სერვისები თავისი მოქალაქეებისთვის. მეორე მხრივ, ვხედავთ საქართველოს – სადაც დავიბადეთ, გავიზარდეთ და ჩვენი საყვარელი ადამიანები ცხოვრობენ, რომ არათუ ვითარდება ეს ქვეყანა, პირიქით, უკან, ბნელ წლებში ბრუნდება.

საზღვრებს გარეთ მაცხოვრებლები ყველაზე კარგად ვხედავთ განსხვავებას, რადგან ემიგრანტებს გვაქვს ქვეყნებსა და მთავრობებს შორის შედარების შესაძლებლობა. ყველამ აუცილებლად უნდა მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ეს მინიმუმია, რაც შეგვიძლია შორიდან გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში ოფიციალურად 21000-მდე ქართველი რეზიდენტია რეგისტრირებული (ალბათ, რეალურად ორჯერ მეტი იქნება) სამწუხაროდ, მხოლოდ 2 საარჩევნო უბანი იხსნება – ბარსელონასა და მადრიდში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქართველი ემიგრანტები თავად ორგანიზდებიან და პატარა ქალაქებიდან აპირებენ ჩამოსვლას.

საქართველოში დაბრუნებაზე ფიქრი ძალიან რთულია, როცა წარმოვიდგენ, რომ მთავრობა არათუ ზრუნავს თავის მოქალაქეებზე, პირიქით, სიძულვილით, ტყუილით და დაშინებით მიმართავს მათ; უპირისპირდება გონებაგახსნილ, განათლებულ, თავისუფლებისმოყვარე ახალგაზრდებს.

ვფიქრობ, ყოველი მომდევნო მთავრობა უნდა ვაიძულოთ, შექმნან იმ ქვეყნებთან მიახლოებული პირობები, როგორ ქვეყნებშიც გარბიან მოქალაქეები სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად, აკადემიური და კულტურული ცხოვრების განვითარების მიზნით. ეს კი შეუძლებელია დასავლურ ქვეყნებთან დაახლოებისა და მათი გამოცდილების გაზიარების გარეშე.”