ნინო ანდრიაძე, 38 წლის, თბილისი

„ქალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბარიერი კარიერულ წინსვლაში მისი ორსულობის პერიოდია და ამ მდგომარეობისადმი ნულოვანი ტოლერანტობა სამსახურში. შესაძლო დეკრეტული შვებულებით გამოწვეული არაპროდუქტიულობა დამსაქმებლისთვის ალბათ ის იარლიყია, რომელსაც ყველა ქალს მიაკერებს და მის სარგებლიანობას ეჭვქვეშ აყენებს. ამ დროს დაცულობის განცდა ქალისთვის თითქმის ნულოვანია. ცხადია, პირში არავინ გეუბნება, მაგრამ ამას გრძნობ, რომ თითქოს მეორეხარისხოვანი თანამშრომელი ხდები, რადგან კორპორაციულ თავგანწირვას შენი პირადი გეგმები ამჯობინე და თანაც სხვისთვისაც ვერ გამოდექი „კარგი მაგალითი“.

მახსოვს, ჩემს ერთ კოლეგა ქალს, მისმა უფროსმა HR-ის ხელმძღვანელმა აუკრძალა სამსახურში გაემხილა, რომ ორსულად იყო. სადღაც ბოლოსკენ გავიგეთ, როცა დამალვას აზრი არ ქონდა. ბოლომდე ვერ ამომიხსნია მისი მოვიტაცია. ამ დაუცველობის განცდის გამო, იშვიათად გადიან ქალები დეკრეტში მშობიარობამდე, რომ ბოლომდე დარჩნენ კორპორაციის ავანსცენაზე. მეც ბოლომდე ვცდილობდი დამემტკიცებინა, რომ „ღირსეული თანამშრომელი“ ვარ და ჩემი ორსულობით ჩემს პროფესიონალიზმს არაფერი დააკლდება. ამიტომ, ვაგრძელებდი არანორმირებული სამუშაო განრიგით მუშაობას. ბოლო წლები, ისედაც თითქმის არასდროს გამოვსულვარ დღის სინათლეზე სამსახურიდან და მითუმეტეს ორსულობისას არ მინდოდა მეორე დღისთვის გადამედო საქმე. სულ მეშინოდა იფიქრებდნენ, რომ „ვეღარ ვარ ფორმაში“, არაპროდუქტიული ვარ, ძველებურად აღარ ვმუშაობ და იფიქრებდნენ ჩემს მოცილებას. ყველაზე ეპიკური მომენტი იყო, როცა 6 თვის ორსული, სხვა ქვეყანაში ვიყავი მივლინებაში. ღამის 11 საათზე ცალი ხელით პრეზენტაციას ვასწორებდი, თან ტელეფონზე ვსაუბრობდი და ამ დროს მეორე ხელით კლექსანის ნემსი (ექიმმა დამინიშნა) დავირჭე მუცელზე.

ჩემი ნაცნობების უმეტესობა ორსულობის შემდეგ ან შეცვლილი სტატუსით, ჩამოქვეითებულ პოზიციაზე განაგრძობს მუშაობას ან აღარ უბრუნდება სამსახურს. გამართლების პოვნა რთული არ არის. კორპორაციების ძალიან კონკურენტულ სამუშაო გარემოში 4-5 თვის მანძილზე ბევრი რამ იცვლება და თუ ტაიმ-აუტი აიღე, თვლიან, რომ ვეღარ დაეწევი. ჯერ ვერ გამოვიდა კულტურა იმ სტერეოტიპიდან, რომ თუ დედობას ირჩევ, არ ნიშნავს, რომ სხვა ასპარეზზე ბრძოლა მეორეხარისხოვანი ხდება. სამწუხაროდ, ქალებისგანაც მსმენია ხშირად, რომ ორსული მეორეხარისხოვანი თანამშრომელია“.