ნინო თარხნიშვილი, 37 წლის, თბილისი
„რთული პროფესიაა რეპორტიორობა. მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და ცოდნას მოითხოვს, არამედ იმიტომ, რომ ქალებისგან სხვა, ხანდახან „განსაკუთრებულ“ ფიზიკურ მონაცემებსაც მოითხოვს. აი, მაგალითად, კარგია, თუ კარგად სირბილი შეგიძლია და ადვილად არ იღლები. იმიტომ, რომ კაცმა არ იცის, მასალის ასაღებად წასულს, რა პირობებში მოგიწევს მუშაობა. ხანდახან შეიძლება გასაქცევად გაგიხდეს საქმე და იმიტომ კი არა, რომ შენ მოგდევს ვინმე, ან გეშინია, არა, იმიტომ, რომ შენ უნდა გაეკიდო ამბავს. ასევე კარგია, მაგალითად, თუკი ერთ მცირე ადგილას კონცენტრირებულ ადამიანთა დიდ მასაში გადაადგილების, სუნთქვის და მეტიც, მუშაობის უნარი გაქვს. აი, მაგალითად, აქცია, შეხლა-შემოხლა, ჭყლეტვა და შენ ხმები გაქვს ასაკრეფი, ინფორმაცია ასაღები. შენ მარტო ხმაური კი არ გჭირდება, ხმა გჭირდება, სიტყვები გჭირდება და იწყებ ფიქრს, როგორ მოიქცე, გაერიდო ამ აურზაურს და შორიდან, მიკროფონით „აიღო ხმაური“ თუ დარჩე მოვლენების ეპიცენტრში, სადაც შეიძლება თუნდაც, ცისარტყელის დროშის ტარი მოგხვდეს თავში (როგორც ჩემს კოლეგას), მაგრამ მაინც დარჩე. არასდროს იცი სახლიდან დილით გასული, იმ დღეს სად ამოყოფ თავს, სადმე გაკრიალებულ დარბაზში, გამოფენაზე, პარლამენტის კიბეებზე თუ ქალაქგარეთ, თუნდაც დევნილების დასახლებაში, რომელიც წყალმა დატბორა. რამდენი ხანია მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არ მცმია. იმიტომ, რომ ამბის მოსატანად წასულმა რეპორტიორმა იმაზე თუ იფიქრა, არიქა, ფეხი არ გადამიბრუნდესო, ჩემ ფეხებს მოიტანს იქიდან. ამიტომაც გვაცვია ჩვენ კედები, სქელძირიანი ფეხსაცმელი. ჩემი ჟურნალისტიკა – ეს არის ჟურნალისტიკა კედებზე, ტრაქტორის ძირებზე. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით „ტალახის მზელავ რეპორტიორს“ ვუწოდებ საკუთარ თავს.
ხანდახან შეიძლება, რომ ოფისიდან გაუსვლელადაც მოამზადო რეპორტაჟი, მაგრამ ნაღდი რეპორტაჟის მომზადება თუ გინდა, ცოცხალი ხმებით, ცოცხალი ემოციებით, ისეთი ემოციებით, რომელსაც მსმენელსაც გადასდებ, მაშინ იქ უნდა წახვიდე, სადაც ამბავი ხდება, სადაც ცეცხლი ანთია. მერე რა, თუკი იქიდან „შებოლილი“ დაბრუნდები, მერე რა, თუკი იქიდან გამოყოლილ ემოციას ღამითაც ვერ მოიშორებ, სამაგიეროდ მაგარ სიუჟეტს გააკეთებ, აი, იცი როგორს? თითქოს ერთი კარგი რომანი დაგეწეროს.
ჩვენ ვიღლებით. ხანდახან ისე ვიღლებით, რომ იქნებ იტირო კიდეც. იტირო იმიტომ, რომ რაღაცას ვერ ასწრებ, რაღაცას ვერ იგებ, რესპონდენტს ვერ აწვდენ ხმას, შენ კი სიუჟეტი გაქვს მოსასწრები, ექვს საათზე შენი სიუჟეტი ეთერში უნდა იყოს და ცრემლების დრო არ არის. ხანდახან, საღამოობით რომ მივეხეტები ხოლმე სახლში, მივყრი ფეხსაცმელს შემოსასვლელში და მივეგდები ტახტზე, ვიტყვი, „ჯანდაბა, ხომ შეიძლება სხვა რამე ვაკეთო. როდემდე ვდიო ადამიანებს, როდემდე ვაგროვო ხმები, მერე ვჭრა, ვკერო და ვწერო?!“… მაგრამ თენდება დილა და ხდევი, რომ ჰო, ეს არის ის საქმე, რომელიც უნდა აკეთო კიდევ დიდხანს, იმიტომ, რომ რამდენ ენერგიასაც გართმევს, იმდენ ენერგიას გიბრუნებს უკან ეს პროფესია. იმდენი ემოციით გავსებს.
ჰო, ეს პროფესია მართლაც რომ ბევრ ემოციას გიგროვებს. ძალიან ემოციური ტიპი ვარ. ყველაფერზე შემიძლია ვიდარდო, ყველაფერი საკუთარ თავზე განვიცადო, სხვის ტყავში შევძვრე. ხანდახან ვფიქრობ, რომ ჟურნალისტისთვის ალბათ არ არის კარგი იყო ემოციური. მუშაობის პროცესში ათას ამბავზე, ათას ადამიანზე, ათას სხვადასხვა გაჭირვებასა თუ თავსდამტყდარ უბედურებაზე ან სულაც ბედნიერებაზე შეიძლება მოგიწიოს მუშაობამ, ამიტომაც არის, რომ ჟურნალისტი კარგი გამტარი უნდა იყოს. უნდა ისხლეტდეს ამ ამბებს, წერდეს, აკეთებდეს სიუჟეტს და მერე „იცილებდეს თავიდან“, მაგრამ ეს ყოველთვის ვერ გამოდის.
კარგი იქნებოდა, რომ ასეთი ემოციური ტიპი არ ვყოფილიყავი, ალბათ უფრო გამიმარტივდებოდა ბევრი რამ. თუმცა, ეს ჩემი ხასიათი დამეხმარა იმაშიც, რომ წერა დავიწყე. იცი, შენს მსმენელს სულ არ აინტერესებს შენ რა ემოციური ტრავმა მიიღე, როცა ვიღაცის გამოსახლებას უყურე, ან ტერორისტულ აქტზე დაწერე ახალი ამბავი, ან საკუთარი თვალით ნახე როგორ დასტირიან ჩაფერფლილ საქონელს ბაზრობის მოვაჭრეები და ან მოამზადე სიუჟეტი მოკლულ ქალებზე… არის ამბები, რომლებიც ჩემთვის იმდენად ემოცურია, რომ მერე, საღამოობით ვზივარ და ვწერ მინიატურებში და იქ გადამაქვს ჩემი ემოციები.
ალბათ ამიტომაც არის ეს ჩემი მინიტუარები, ხშირად ბასრი, მწარე. რამდენჯერ უთქვამთ ჩემი მინიატურების წაკითხვის შემდეგ „რა კოშმარია?!“, „რა უბედურებაა?!“ … მაგალითად, ერთ ოდაზე, მოკლული ქალის შესახებ, სადაც სხვადასხვა ეპიტეთებით აღვწერე ძალადობის სცენა, მითხრეს, რომ ეს იყო „კოშმარი“. ჩემი პასუხი კი ასეთია: „არა, ეს არ არის კოშმარი. კოშმარი არის ის, რაც მართლა მოხდა“. ხშირად მაკრიტიკებენ იმის გამო, რომ არ მაქვს უფლება ვწერო ასე მწარედ, ვიყო ასეთი მკაცრი, ხისტი, ბასრი, მე კი ვფიქრობ, რომ ჩემი ლიტერატურის მისიაც ეს არის – აზრთა სხვადასხვაობის, დისკუსიის გამოწვევა. აბა, მე მაღალინტელექტუალური ლიტერატურის შექმნა არ შემიძლია. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, მკითხველი ყოველთვის ხვდება, როდის არის ავტორი გულწრფელი და როდის პოზიორობს, კეკლუცობს. მე ვთვლი, რომ ჩემი მინიატურები არის გულწრფელი, ჩემ სულში და ტანში გავლილი და ასე დაწერილი და ამიტომაც არის ისეთი, როგორიც არის. იცი, ალბათ, ჟურნალისტების ლიტერატურაა ასეთი. ვფიქრობ, რომ ამ დროში და საერთოდ ყველა დროში, ლიტერატურის უპირველესი მისია სწორედაც ეს არის – რომ გამოეხმაუროს იმას, რაც ხდება. ამიტომ, მიკვირს ხოლმე, როცა სოციალურ ქსელში აღშფოთებული კომენტარები მოყვება ხოლმე ჩემს მინიატურებს, რომ მე „არ მაქვს უფლება ასეთ რაღაცეებს ვწერდე“. ვერ ვიქნები გულგრილი იმ მოვლენების მიმართ, რაც ჩემს ირგვლივ ხდება.
რასაც ვწერ, ვწერ ისე, როგორც უნდა ვწერდე. მგონია, რომ ასე უკეთ გაიგებს მკითხველი. ჩემი მინიატურები არის ამბები ქალებზე, უმცირესობებზე, შშმ პირებზე და სიყვარულზეც, რა თქმა უნდა. შვილის თუ კაცის სიყვარულზე. ისეც ხდება, რომ ჩემ მინიატურებს პირდაპირ აიგივებენ ხოლმე ჩემს პირად ცხოვრებასთან და ფიქრობენ, რომ ის, რაზეც ვწერ, აუცილებლად ჩემზეა. არ დამავიწყდება, 2013 წლის 17 მაისის მოვლენების შემდეგ, დავწერე მინიტურა, რომელიც ლესბოსელ გოგოს მივუძღვენი და ამის გამო სოციალურ ქსელში მემუქრებოდნენ. ეძებდნენ ჩემს მისამართს, რომ ჩავექოლე. ეს იყო მხატვრული მინიატურა და ადამიანებმა მიიღეს, როგორც რეალური ისტორია.
ლიტერატურა და ხელოვნების ნებისმიერი ჟანრი იქმნება იმისათვის, რომ შემდეგ, საზოგადოებას გაუჩნდეს კითხვები. თუკი ჩემი წიგნის, ან ჩანაწერების წაკითხვის შემდეგ ადამიანებს შეკითხვები გაუჩნდებათ, მაშინ მე ჩავთვლი, რომ ტყუილად არ ვწერ იმას, რასაც ვწერ და საერთოდ, რასაც ვაკეთებ, ტყუილად არ ვაკეთებ…“