ნინო ჟვანია, 43 წლის, თბილისი

„სწორედ იმის გამო, რომ ორი შვილი მყავს, კარგად ვხვდები როგორი ინდივიდუალურია ადამიანის ბუნება. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს ერთი გენეტიკა აქვთ, ერთნაირ გარემოში იზრდებიან და აღზრდის ერთიდაიგივე მეთოდებს ვიყენებ, ბავშვებს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ხასიათი აქვთ. სწორედ აქ არის მშობლის დილემაც – მოაქციოს საზოგადოების მიერ აღიარებულ ქცევის სტანდარტში შვილები თუ პატივი სცეს მათ ინდივიდუალურობას და ბუნებას. მე ეს უკანასკნელი ავირჩიე და აქედან იწყება ჩემი, როგორც დედის ბრძოლა საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების და სასკოლო სისტემის წინააღმდეგ.

ჩემი ორი ბიჭი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ხასიათის არიან. უმცროსი უფრო მეტად ბრძოლისუნარიანია, ნაკლებად ემოციური, ტირილით არ გამოხატავს განცდებს, თუ სკოლაში პრობლემა აქვს არ მთხოვს ჩარევას და მის მოგვარებაში დახმარებას, თუმცა ყველაფერს მიყვება, ვცდილობ ყველაფრის საქმის კურსში ვიყო, რომ სწორი და დროული რჩევა მივცე. უფროს ბიჭთან კი საქმე სხვაგავარადაა – ის შედარებით მორცხვია, მორიდებული, ნაკლებ კონტაქტური, ემოციებსაც ხშირად ტირილით გამოხატავს. კონფლიქტის დროს ან როცა შეურაცხყოფას აყენებდნენ იბუტებოდა, ეცლებოდა და ფიზიკურად არასდროს უსწორდებოდა ‘დამნაშავეს’.

სკოლაში რამდენჯემე იყო ბულინგის მსხვერპლი. პირველად ეს მოხდა რელიგიური ფაქტორის გამო. ჩვენი სკოლის შესასვლელში ხატი კიდია და ძალიან ბევრი ბავშვი შენობაში შესვლამდე კოცნის მას. გრიპის სეზონი იყო და ჩემს შვილს ვურჩიე, არ ეკოცნა ხატისთვის, რომ ვირუსი არ გადასდებოდა (ვიცი ახლა ეს ფრაზაც ბევრში გაღიზიანებას გამოიწვევს, მაგრამ ჩემი აღზრდის მეთოდები და ჩემი დამოკიდებულება მხოლოდ ჩემი საქმეა). როგორც კი სხვა ბავშვებმა შეამჩნიეს, რომ ის ხატს არ კოცნიდა, უთხრეს შენ ალბათ გეი ხარო. მაშინ პირველად მკითხა ჩემმა შვილმა, დედა რას ნიშნავს გეი? მოგვიანებით, მერკურის სიმღერების მოსმენის გამოც იგივე უთხრეს – ის გეი იყო და შენც გეი გამოდიხარო. ახლახანს წითელი მაისურის გამო დასცინეს – ეს რა ბოზური ფერი გაცვიაო. ეს ხდება 8-10 წლის ასაკის ბავშვებში. მაშინ გავიაზრე, რამდენად სენსიტიური და ტაბუდადებული თემაა რელიგიისადმი დამოკიდებულება. ეს შემთხვევები ხმამაღლა რომ გამეჟღერებინა მშობლებთან ან მასწავლებელთან, მხარდაჭერის ნაცვლად, სავარაუდოდ უფრო მეტ აგრესიას მივიღებდი, რომ მე ჩემს შვილს არასწორ ფასეულობებზე ვზრდი. ალბათ მე თვითონ ვარ უკვე ამ საზოგადოების მსხვერპლი, რადგან მაშინ ამაზე ხმამაღლა ლაპარაკს გაჩუმება და ‘გატარება’ ვარჩიე. პირდაპირ ვიტყვი – შემეშინდა ამ თემას შევხებოდი, სწორი და ადეკვატური რეაგირების იმედი არ მქონდა. მაშინ მივხვდი, რა უნდა მესწავლებინა ჩემი შვილებისთვის – ეს იყო „დაკიდება“. ავუხსენი, რომ საუკეთესო გამოსავალი ამ სიტუაციაში იქნებოდა არ მიექცია ყურადღება ვინ რას ეუბნება. ვეუბნებოდი, რომ ყოველთვის და ყველგან არიან ადამიანები რომლებიც რაღაც ჯგუფს აღიზიანებს, არ მოსწონს, ზოგიერთი დასცინის კიდეც, მაგრამ ამის გამო არც უნდა ინერვიულო და არც უნდა შეიცვალო. ვასწავლიდი, რომ ვინც რამის გამო დაგცინებს ის თვითონ იქცევა ‘ცუდად’, ‘არასწორედ’ და იმან უნდა შეცვალოს თავისი ქცევა და არა შენ, რომ ნორმალურ საზოგადოებაში სხვისი დაცინვა არაა მიღებული და თუ დროზე არ გადაეჩვევა იმას უფრო შეექმნება მომავალში პრობლემები. ჩემთვის მთავარია ჩემი შვილი არ დაკომპლექსდეს და არც კონფლიქტში შევიდეს ვინემსთან ასეთი სიტყვების გამო. მე მას უნდა ვასწავლო „გატარება“, „დაკიდება“, ამაზე „არნერვიულობა“ და მთავარი – ამის გამო ჩხუბი არ დაიწყოს.“

ბრძოლა საზოგადოებრივ აზრთან

———————————————————–

„ფესბუქზე მეგობრების საკმაოდ დიდი წრე მყავს, ამიტომ ჩემს გამოცდილებას, კონკრეტული შემთხვევების განხილვას ფეისბუქზე სულ ვწერ. მაინტერესებს მათი რჩევებიც, მათი გამოცდილება და სამწუხაროდ, უმრავლესობისგან წამოვიდა კრიტიკა: ნინო ბიჭებს ზრდი და როგორ ზედმეტად ერევი მათ ცხოვრებაში, ძალიან დაფოფინებ თავზე, აი დედებს ეს გახასიათებთ, ასე თუ გააგრძელე „დედიკოს ბიჭი“ გამოვა, ბიჭს აფუჭებ, ყოველთვის შენი კალთა გადაფარებული ხომ ვერ იქნება, უნდა მიაჩვიო თვითონ გაუმკლავდნენ პრობლემებსო. ბევრისგან ერთიდაიგივე ფრაზა მესმოდა, „ბიჭი უნდა გაზარდო მგლად“. არადა ამ ასაკშივე ეტყობა ჩემს შვილს, რომ ის მგელი არ არის და ვერც გახდება. გამოდის ძალით უნდა დავიწყო მასში ამ უნარების გამომუშავება. გამოდის, რომ როცა იბუტება, როცა ეტირება – უნდა ვუთხრა რომ ეს არასწორია? ან უარესი, ვუთხრა, რომ ეს სირცხვილია და ‘ნამდვილი ბიჭები’ ასე არ იქცევიან? და ამით გავუჩინო მრავალი კომპლექსი – რომ ის არავის მოსწონს, რომ ის დედასაც არ მოსწონს (!), რომ ის ყველაფერს არასწორად აკეთებს, რომ ის ბოლომდე ისეთი ვერ არის როგორიც უნდა იყოს, რომ რასაც ის გრძნობს იმ მომენტში და ამას გამოხატავს ეს სირცხვილია და თავის თავს უნდა ებრძოლოს, თავისი თავი უნდა შეცვალოს? ზოგი იმასაც მირჩევდა კარატეზე ატარე და თავს არავის დააჩაგვრინებსო, მუშტს მუშტი უნდა დაახვედროს, იმიტომ რომ ბიჭია და კაცად უნდა გაზარდოო. არსებობს ეს „ნამდვილი კაცის“ სტერეოტიპი ჩვენს საზოგადოებაში და გაიძულებენ იმას მოარგო ბავშვი. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ მის ინდივიდუალურობას ახლა თუ გავაკრიტიკებ და ქცევის ალტერნატიულ წესებს მოვთხოვ ამის სავალალო შედეგებს როცა გაიზრდება მაშინ დავინახავ. მორევაზე დაფუძნებული მეთოდები ჩემთვის მიუღებელია, რადგან ვიღაც ვიღაცაზე ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიღაცას უკეთესი იარაღი ექნება ან სულაც უფრო მოხერხებულია ან ძლიერი ნათესავი ყავს. ძალაზე დაფუძნებული გარჩევები როგორც სრულდება ამას ჩემი თაობა მაინც ხომ დიდი ხანია ვუყურებთ და ბოლო შემთხვევის მომსწრეები წინა კვირას ყველა ერთად გავხდით“.

ბრძოლა სასკოლო სისტემასთან
——————————————————–
„როდესაც ბულინგის პირველი შემთხვევები გვქონდა, რაც ბავშვების ოჯახიდან გამოყოლილ მენტალობასა და ღირებულებებთან იყო კავშირში, მაშინ ეს საკითხი მხოლოდ ჩვენს ოჯახში გაირჩა, განვიხილეთ, გავარჩიეთ, მივეცი დარიგებები. რადგან აქ უფრო მორალური ფასეულობების თემა იდგა და ძალიან გამიჭირდებოდა მშობლებთან და მასწავლებელთან ამაზე საერთო ენის გამონახვა. თუმცა როცა შეცდომა პედაგოგის მხრიდან წამოვიდა, აქ უფრო თამამად გავბედე მივსულიყავი და საყვედურიც მეთქვა. 2 ბავშვს შორის წამოჭრილი კონფლიქტის შესახებ მასწავლებელმა მთელი კლასი მკაცრად გააფრთხილა, არ გაბედოთ ეს ამბავი სახლში მოყვეთო. მე ყველაზე მეტად თავს დაცულად მაშინ ვგრძნობ, როცა ჩემი შვილი ყველაფერს მიყვება და მასზე ყველაფერი ვიცი. ასე ვზრდი ორივეს. მინდა სულ მათი მეგობარი ვიყო. ვცდილობ გარდატეხის ასაკამდე ეს კავშირი და ურთიერთობა ისე მყარად ჩამოყალიბდეს, რომ უფრო დიდ ასაკში და უფრო დიდი პრობლემებით ყოველთვის შეეძლოს ჩემთვის გულის გადაშლა, თავის თავში არ ჩაიკეტოს. მოისმინოს რამე რჩევა, ან თუნდაც უბრალოდ დაიცალოს ჩემთან. ჩავთვალე, რომ მასწავლებლის მხრიდან ეს ძალიან არასწორი საქციელი რეაგირების გარეშე არ უნდა დამეტოვებინა.

თავდაპირველად მშობლებს მივმართე მხარდასაჭერად. აღმოჩნდა, რომ ჩემს გარდა არავინ იცოდა ეს ამბავი. მართლაც რამხელა გავლენა ქონია მასწავლებლის სიტყვას ბავშვზე, ყველამ შეასრულა დარიგება და სახლში არავინ არაფერი მოყვა. როცა მშობლებმა ამ ამბავზე შვილების გამოკითხვა დაიწყეს წინდაუხედაობით თუ დაუფიქრებლად გაამჟღავნეს, რომ ყველაფერი ჩემგან და ჩემი შვილისგან გაიგეს. ამასობაში დაზარალებული ბავშვის მშობელმა დირექტორთან საჩივარი შეიტანა, მასწავლებელს საყვედური გამოუცხადეს, პედაგოგმა კი ბავშვებით მანიპულირება გადაწყვიტა – ტირილით შევიდა კლასში და ბავშვები დაარცხვინა, ხომ გთხოვეთ არსად თქვათ და ვინ გაიტანა ეს ამბავი კლასიდანო. ჰოდა ბავშვებმაც ‘ამხილეს’ ჩემი შვილი. თითქმის მთელი კლასი, გოგოც და ბიჭიც, ჩემს შვილს ჩამშვებს ეძახდა. ბავშვი დაბრუნდა დასტრესილი, ატირებული, მეორე დღეს სკოლაში წასვლაზე უარს აცხადებდა, მსაყვედურობდა რომ ყველაფერი ჩემი ბრალია. სასოწარკვეთილი მივედი სკოლაში თხოვნით, რომ ბავშვების ეს აგრესია შეეჩირებინათ, დალაპარაკებოდნენ მათ და განემუხტათ სიტუაცია. სკოლაში რა დამოკიდებულებაც დამხვდა ეს იყო ისევ ჩემი დადანაშაულება – ამდენი რომ არ მელაპარაკა, მშობლებისთვის რომ არ მომეყოლა, რომ არ ჩავრეულიყავი და მთავარი – ამის შესახებ ფეისბუქზე რომ არ მეწერა – ეს არაფერი არ მოხდებოდა. ჩემნაირი აქტიური მშობლებისთვის გაგზავნილი მესიჯი ამ სასკოლო სისტემის მხირიდან არის ის, რომ რაც მეტად ერევი უარესად გექნება საქმე.

ეს კონკრეტული დაბულინგების შემთხვევა მშობლებისა და დამრიგებლის ჩარევით მალევე მოვაგვარეთ. ამან კიდევ ერთხელ დამანახა რომ თუ მშობელი იაქტიურებს, ეცოდინება მისი შვილის, მისი გარემოს ანუ კლასის პრობლემები, ადეკვატურად და დროულად ჩაერევა, მისცემს დარიგებებს, დაელაპარაკება – ამ ასაკში ეს ყველაფერი გაცილებით უფრო ადვილად სწორდება და იცვლება. ამ ასაკში ჯერ კიდევ შეიძლება მოასწრო და მისცე ბავშვს სწორი მიმართულება, დაანახო კარგი და ცუდი, ასწავლო ქცევა, ასწავლო გვერდში დგომა, დახმარება, აუხსნა რომ დაცინვა და ჩაგვრა სამარცხვინო საქციელია. ახლა თუ გაწყდა მშობლებსა და შვილებს შორის ეს დამაკავშირებელი ძაფი, წარმოუდგენელი მგონია მაღალ კლასებში მომხდარ დაპირისპირებას ასე ადვილად გავუმკლავდეთ და როგორმე მოვახერხოთ ჩვენი შვილების ქცევაშიც რამე კორექტირება შევიტანოთ. რასაც სკოლა და ზოგიერთი მშობელი ჩემი მხრიდან ზედმეტ ჩარევას ეძახის მე აღზრდის განუყოფელ ნაწილად მიმაჩნია. ყველა შეგვძრა გასულ კვირას თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ და ამის მერე კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი იმაში რომ ბავშვი მშობელტან უნდა იხსნებოდეს, თავის პრობლემებზე უყვებოდეს და მშობლებმა მათ დახმარების ხელი გავუწოდოთ. ასე გავრცელებულმა ‘მგლად გაზარდეს’ მეთოდმა კიდევ ერთხელ დაგვანახა რა შედეგიც მოგვიტანა.
‘გაფრთხილებების’ მიუხედავად ვაგრძელებ წერას სასკოლო პრობლემებზე, ტელევიზიითაც გამოვდივარ. ისევ ფეისბუქის საშუალებით მოვნახე ჩემი თანამოაზრეები, ვისაც ეს პრობლემა, ამაზე ლაპარაკი და რაიმე ცვლილებების შემოტანა სკოლებში ბულინგის აღმოფხვრის კუთხით გადაუდებლად მიაჩნია, სურთ მთელი თავისი რესურსი ამ მხრივ მიმართონ. არის ინიციატივა შეიქმნას ასეთი მშობლების ორგანიზაცია, რომ მშობლები უფრო მეტად ვიყოთ ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში. ამ დღეებში ბევრმა მომწერა რომ მხარს მიჭერს და მაგულიანებენ, რომ იქნებ ჩემმა ბრძოლამ და აქტიურობამ მომხრეების რაოდენობა გაზარდოს, რომ მშობლებს აღარ ეშინოდეთ კლასის პრობლემებზე ღიად საუბარი. ყველა ერთად რაღაც ცვლილებებს მივაღწევთ.

ჩემი შემთხვევა არ გახდა იმის მიზეზი, რომ ბავშვი სკოლიდან გადამეყვანა. მე არ გავიქეცი, ვცდილობ რობლემები ადგილზე მოვაგვარო. მაგრამ ეს ’მწარე გაკვეთილი’ არც იმის მიზეზია, რომ გავჩუმდე და აღარ ვიაქტიურო. ბრძოლა გრძელდება და მიუხედავად ყველაფრისა, ფეისბუქზე წერასაც ვაგრძელებ“.

ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: სალომე ცოფურაშვილი