ნინო ჭანიშვილი, 35 წლის, სოფელი ბოხვაური, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

ქალი “მარშრუტკით”
„პროფესიით დიპლომატი ვარ, საერთაშორისო ურთიერთობათა ისტორიას ვსწავლობდი. ახლა ეს ძალიან ტრენდულია, მაგრამ ჩემი სტუდენტობის პერიოდში ნაკლებად იყო, სტუდენტი რომ სწავლის პარალელურად მუშაობდა. ფინანსურად არ გვიჭირდა, მაგრამ გამოცდილებისთვის, დღეში ოთხი საათი მაღაზიაში ვმუშაობდი და მინიმალური ანაზღაურება მქონდა. მიმუშავია “საქართველოს ბანკშიც” „პრომოუტერად“, ასევე, სადაზღვევო კომპანიაში.
ბანკში მუშაობის პერიოდში, შემცირებაში მოვყევი და 6 თვე უმუშევარი ვიყავი, ტყუილად ხომ არ ვიქნები-მეთქი და გადავწყვიტე, მართვის მოწმობა ამეღო. პარალელურად, სოფლის მეურნებაში ვიყავი ჩართული – ძალიან კარგი ბოსტანი მქონდა, თხილი გავაშენე, ფიზიკურად ვმუშაობდი, “დრუჟბით” შეშას ვჭრიდი… მიწასთან მუშაობა ძალიან მიყვარს. როცა მართვის მოწმობა ავიღე, არც მიფიქრია, რომ მომავალში ვინმეს მეც მოვამზადებდი. მერე დეიდაჩემმაც გადაწყვიტა მართვის მოწმობის აღება და ერთ-ერთ ავტოსკოლას მიებარა. თუმცა ერთ დღეს მოვიდა და მითხრა, ვერაფერს ვიგებ, რამე მიშველეო. დავსხედით და ვამეცადინე, თითოეულ საკითხს დეტალურად ვუხსნიდი, ყველაფერი გაიგო და მითხრა, იცი, რას გეტყვი, ყველაფერს თავი დაანებე და ამ საქმეს მიჰყავი ხელი, ძალიან კარგად გამოგდისო. ჩემს მასწავლებელთან მივედი და ვუთხარი, მოდი, ერთ-ორ ჯგუფს მოვამზადებ, მოვსინჯავ, რა გამომივა-მეთქი. კარგად მოვამზადე ეს ბავშვები და წარმატებით ჩააბარეს. იმ პერიოდში, საცხოვრებლად ბათუმში ვაპირებდი გადასვლას, მაგრამ ამის გამო, გადავწყვიტე, სამი თვით ოზურგეთში დავრჩენილიყავი, მემუშავა და მერე წავსულიყავი. ამ სამ თვეში ჩემი მომავალი მეუღლეც გავიცანი, ჩემი მოსწავლე იყო, თბილისიდან იყო ჩამოსული და ისე მოხდა, რომ საბოლოოდ, ორივე ოზურგეთში დავრჩით.
ამ ამბებს რომ ვიწყებდი, მანქანა არ მყავდა. მამაჩემს, რომელსაც ორი “მარშრუტკა” ჰყავდა ამ დროს, ვუთხარი, ჯერ მე მანქანას ვერ ვიყიდი და მოდი, შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობას ავიღებ და “მარშრუტკით” ვივლი-მეთქი. მამაჩემმა მლანძღა, შენ ხომ ქალი არ ხარო, მაგრამ საბოლოოდ, ავიღე მართვის მოწმობაც და ოზურგეთში ყველამ გამიცნო, როგორც “ქალი მარშრუტკით” – ასე დავდიოდი ჩემი “მარშრუტკით” აბსოლუტურად ყველგან, სადაც გამიხარდებოდა. ერთხელ ქორწილში მივდიოდი, ბენზინგასამართ სადგურზე, საწვავი რომ უნდა ჩამესხა, მივედი გამოპრანჭული – მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, კაბით და ოპერატორმა დამცინავად მითხრა, არ მითხრა ახლა, დაბადების დღეზე მივდივარო. ქორწილში მივდივარ, ვირითაც რომ ვიყო, ტრასპორტია და რაც მყავს, იმით დავდივარ-მეთქი, ვუთხარი.
ასეთი შემთხვევაც მქონდა – ჩემმა მოსწავლეებმა თქვეს, ქობულეთში წავიდეთ და ვიქეიფოთო. მაშინ მართვის მოწმობის გარეშე მანქანის მართვა, დიდი პრობლემა არ იყო, მაგრამ ლოგიკურია, მე ჩემი პასუხისმგებლობა მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ჩემი მოსწავლე ჩემი ტოლი და ჩემზე უფროსიც იყო. ვუთხარი, ახლა თქვენ იქ დალევთ, მერე საჭესთან დაჯდება ვინმე და მოდი, წაგიყვანთ ჩემი “მარშრუტკით” და მეც თქვენთან ერთად წამოვალ-მეთქი. გაუხარდათ და წავედით. რესტორანში ბევრი ხალხი იყო, ხან ერთი ჩემი მოსწავლე წამოხტებოდა, ნინო მასწავლებელს გაუმარჯოსო, ხან – მეორე. ერთი მელოტი, ერთი პატარა, ერთი ასაკოვანი… ეს ხალხი ვერ ხვდებოდა, რისი მასწავლებელი ვიყავი. უკან რომ უნდა წამოვსულიყავით, ჩემი “მარშრუტკა” არ დაიქოქა, მივედი, ავწიე კაპოტი, გავაკეთე და დავქოქე. ხალხი იყო გამოფენილი და აგაშენმა ღმერთმა, ახლა მივხვდით, რისი მასწავლებელი ხარო.
ავტოსკოლა
რაღაც დანაზოგი რომ გამიჩნდა, დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ მანქანა მჭირდებოდა. ვიფიქრე, მანქანა რომ ვიყიდო, ხარჯი ხომ მომემატება, საწვავი სჭირდება, ზეთი, ნაწილები… მოდი, ვიყიდი და თან სასწავლოდაც ვამუშავებ, თუ მოგებას არ დატოვებს, იმდენს მაინც ხომ შეძლებს, ჩემი ფინანსები რომ არ დავახარჯო-მეთქი. ვიყიდე მანქანა და დავიწყეთ უკვე პრაქტიკული მომზადებაც. ამის მერე, გადავწყვიტე, ავტოსკოლის ლიცენზია გამეკეთებინა, უკვე შევძლებდი, ყველა კატეგორიაში გამეცა ავტოსკოლის მოწმობები. 2011 წელს დავარეგისტრირე შპს და დღემდე ამ საქმეში ვარ.
ნელ-ნელა დაიწყო განვითარება. მოედანი ვიქირავე, როგორიც საგამოცდო მოედანია, ისე გავაკეთე. თუმცა, ვერ ვაკეთებდი შესაბამის საფარს, რადგან ამ საფარის გაკეთება მინიმუმ, 20-25 ათასი ლარი ჯდება და ამას სხვის ტერიტორიაზე ვერ გავაკეთებდი. შესაბამისად, დავიწყე ზრუნვა იმაზე, შემეძინა მიწა და ჩემი მოედანი მქონოდა. სესხის დახმარებით, ვიყიდე მიწა. ასე შევიძინე შემდეგ მეორე ავტომობილი, მესამე. 2016 წელს, ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების დარგის ლიდერი გავხდი – მესამე ადგილი მოვიპოვე ოქროს ნომინაციაში, 2018-სა და 2019 წელს პირველი ადგილი ავიღე. ესეც მიზრდის მოტივაციას. მეუბნებიან კიდეც, შენნაირი ენთუზიაზმით ოზურგეთში არავინ ცხოვრობსო. მე არ მგონია, რომ რამე მნიშვნელობა აქვს, სად იცხოვრებ, ყველგან შეგიძლია, რაღაც გააკეთო.
ამ პროცესებში ვიყავი, როცა ჩემი სოფლის გამგებელმა დამირეკა და მითხრა, სოფელში არასამთავრობო ორგანიზაცია შემოვიდა, ქალები შევკრიბე და ერთი თავი ქალი უნდათ, ვინც უხელმძღვანელებსო. მივედი და დამხვდა ფონდი “ტასო”, იმ დღესვე შექმენით ქალთა ჯგუფი – “ქალთა ერთობა”, რომლის ლიდერადაც ამირჩიეს. ეს არის თვითდახმარების ჯგუფი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის და შემდეგ გრანტიც მოვიპოვეთ, რომლის დამხარებითაც, სოფელში პატარა ბიბლიოთეკა გავაკეთეთ, ინვენტარი შევიძინეთ, ოთახი მოვაწყვეთ. იქ რომ ვისაუბრეთ, იმ დღესვე მითხრეს, რომ “საქართველოს ფერმერთა ასოციაციას” საგრანტო პროგრამა ჰქონდა გამოცხადებული. ავტოსკოლისთვის ტექნიკა მჭირდებოდა, მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ ვინმე უნდა დამხმარებოდა, არასდროს მქონია ამის პრეტეზია, ყოველთვის თვითონ ვფიქრობდი, საიდან მომეძიებინა თანხა საკუთარი ძალებით. მოკლედ, გადავდგი ეს ნაბიჯი, დიდი გრანტი არ იყო – სენსორული მონიტორები, ორი პლანშეტი, ნოუთბუქი და პროექტორი უნდა შემეძინა. სანამ შემარჩევდნენ, ფონდმა “ტასომ” ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში დამიფინანსა სწავლა. “ფერმერთა ასოციაციაში” გასაუბრებაც გავიარე და იქ ისეთ ემოციებში ჩავვარდი, ტირილიც კი დავიწყე, მართლა არ წარმომედგინა, რომ ვინმე დაინახავდა, სადღაც ამ პატარა ოზურგეთში, მე რომ რაღაცას ვაკეთებდი. ისე დაემთხვა, რომ ნეგატიური დღეები იყო ჩემს ცხოვრებაში, როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ გავიმარჯვე. დავფინანსდი და შევიძინე ტექნიკა, რომელიც მართლა მჭირდებოდა. ასევე, დამიფინანსეს ბრენდინგი და ვებ-გვერდის დიზაინის შესწავლა – მალე საკუთარი ლოგო და ვებ-გვერდიც მექნება.
რაც შეეხება ამ ბიზნესს, არის შემთხვევები, როცა ათ დღეში, ერთ კვირაში აზეპირებინებენ მართვის მოწმობის საკითხებს და ბოლოს, კატასტროფულ შედეგებამდე მივდივართ. ერთხელ, სამინისტროში ვიყავი შეხვედრაზე და ავტოსკოლების ყველა წარმომადგენელი იმას ამბობდა, კანონი როგორ უნდა მოერგოს თავის ბიზნესს. ბოლოს, ავდექი და ვთქვი, რომ მე ყველაზე პატარა რაიონიდან ვარ და შეიძლება, სახელმწიფომ ისეთი რეგულაცია შეიმუშაოს, ჩემთვის ავტოსკოლა რომ მომგებიანი აღარ იყოს, მაგრამ მთავარია, მივიღოთ მეტი სიცოცხლე, მეტი ჯანმრთელი ადამიანი და არა – დასახიჩრებული. ესაა ჩემთვის უფრო პრიორიტეტული, ვიდრე ის, რომ ეს ყველაფერი ბიზნესად ვაქციო და იმაზე არ ვიფიქრო, რა დაემართება ადამიანს, როდესაც ჩემგან წავა. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ერთ კვირაში და ათ დღეში დაზეპირება ურჩევნიათ, ნება რომ მისცე, ალბათ, 99% მართვის მოწმობას იყიდის და ამას ბავშვები კი არა, ზრდასრული ადამიანები გააკეთებენ. ავტოსკოლებში თუ არ მოწესრიგდა სიტუაცია და ეს დამოკიდებულება არ შეიცვალა, მცოდნე ახალი თაობა ვერ წამოვა. მძღოლის პროფესია ურთულესია და ჩემი აზრით, ასე უგულოდ არ უნდა ვიქცეოდეთ.
————————————–
რადგან ავტოსაქმეში ვარ, მანქანის ყველა დეტალი ვიცი. მანქანა ისე არ რემონტდება, მე არ ვიცოდე, რა და რატომ გაფუჭდა. თბილისში, ქუთაისში, ბათუმში – ყველა “ავტონაწილებს” ვიცნობ. ცოტა ხნის წინ, ავტოსერვისის გაკეთება გადავწყვიტე. ოზურგეთში სადაც არ უნდა მიხვიდე, ვულკანიზაცია იქნება თუ ავტოსამრეცხაო, “ქალის ადგილს” დიდად ვერ პოულობ – არ არის დასაჯდომი და ტრასაზე დგომა გიწევს. მე მაგის არც მრცხვენია, მაგრამ რა სასიამოვნოა, მანქანა როცა ირეცხება, ტრასაზე იდგე?! მინდა, იქვე პატარა კაფე გავაკეთო, სადაც საბავშვო კუთხეც იქნება, დედებმაც რომ ისარგებლონ. ესაა ჩემი სამომავლო გეგმა.
ის სტერეოტიპი, რომ ქალი ყველაფერს ვერ გააკეთებს, თავიდანვე დამსხვრეული მქონდა. ვერ წარმომიდგენია, თუკი მე მჭირდება, რატომ არ უნდა ვიტაქსაო, თუ გამიჭირდა და სამსახური არ მაქვს, რატომ არ უნდა ვიმუშაო ტრაქტორზე – ტრაქტორის მართვის უფლებაც მაქვს, სხვათაშორის. როცა მე და ჩემი ქმარი შეყვარებულები ვიყავით, მაშინ ვუთხარი, მე ჩემს შვილებს არასდროს მოვაშიებ-მეთქი და მაქვს მაგის იმედიო, ჩაილიპარაკა. დღემდე ვეხუმრები ამაზე. შეუძლებელი არაფერია, ზუსტად ვიცი.”
ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: ნინო ბაიდაური