ნინო ჭინჭარაული, 30 წლის, თბილისი

ყოველთვის, როცა მსგავს ისტორიებს ვკითხულბდი, როგორიც ახლა უნდა მოგიყვეთ, ვფიქრობდი – „სიჩუმე კლავს!“. პირველ რიგში თავად ძალადობის მსხვერპლ ქალებს ვადანაშაულებდი, რომლებიც ხმას არ იღებდნენ და თავისი სიჩუმით მოძალადეებს უფრო ამრავლებდნენ. მაგრამ, როცა მე თვითონ შემემთხვა ამბავი, რომლის მიზეზითაც უკვე 6 თვეა კოშმარების გარეშე ვერ ვიძინებ, თითოეული ამ ქალის მესმის, რადგან ასეთი სტრესისგან მიღებული შოკი იმხელაა, რომ თავის მოკვლას უფრო გაბედავ, ვიდრე ამ ყველაფრის კიდევ ერთხელ გახსენებას. მაგრამ მაინც გადავწყვიტე მომეყოლა, რადგან ეს კოშმარი შემეხო არა მარტო მე, არამედ ჩემთვის ამქვეყნად ყველაზე ძვირფას ადამიანსაც – ჩემს შვილს.

დაახლოებით წელიწადია, მარტოხელა დედა ვარ, ორი უსაყვარლესი ბიჭი მყავს, ორივეს აუტისტური სპექტრი აქვს. უფროსი 8 წლის არის, უმცროსი – ოთხის. ყველა სიტუაციაში პრობლემებს ვაწყდებით განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობისას უუნარო საზოგადოების მხრიდან. უფროსმა ოთხი წლისამ დაიწყო ლაპარაკი, პატარა ოთხის არის და ჯერ საერთოდ არ ლაპარაკობს და ჰიპერაქტიური ბავშვია. ამის გამო მისი ბაღიდან გამოყვანაც მომიწია, რადგან თანამშრომლების მხრიდან დისკრიმინაციულ კომენტარებზეც რომ არაფერი ვთქვა („რა ყველა ასეთი ბავშვი ჩვენთან უნდა მოხვდეს!“ ), ბავშვებისგან განცალკევებით ჰყავდათ მარტო ოთახში და პამპერსის გამოცვლაზეც არ იწუხებდნენ თავს. ამაზე განცხადებაც შევიტანე სააგენტოში და რეაგირებაც მოჰყვა.

გამიმართლა იმით, რომ უფროსს სკოლაში ძალიან კარგი მასწავლებელი ჰყავს და დიდ ყურადღებას აქცევს, რომ ვინმემ არ დაჩაგროს იმიტომ, რომ როცა ბავშვი განსხვავებულია, ცოტა უმართავია, ნელა აზროვნებს, ან აზროვნებს ისეთი ლოგიკით, რომელიც ე.წ „თეთრ ყვავად“ აქცევს თანატოლებში, დიდი ალბათობაა ბულინგის მსხვერპლი გახდეს. მას თავისი სამყარო აქვს, თუმცა ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან უყვარს.
ამბავი კი, რომელსაც ახლა მოგიყვებით, უფროსს შვილს გადახდა.

ზაფხულს, ყოველთვის ჩემი ბავშვობის სოფელში ვატარებთ. ჩემი სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, წელიწადიში მხოლოდ ერთი კვირა მაქვს დასვენების დრო და ეს ერთი კვირა დავგეგმე ისე, რომ ბავშვები სოფელში წამეყვანა. თბილისში დავიბადე, სკოლაში აქ დავდიოდი, მაგრამ, ფაქტობრივად, იმ სოფელში გავიზარდე, არდადეგებს ყოველთვის იქ ვატარებდი.

ბავშვობის მეგობარი მყავდა იქ, გვერდიგვერდ სახლებში ვცხოვრობთ, ჩემი ბავშვები ხან იმასთან იყვნენ, ხან ის იყო თავისი ბავშვებით ჩვენთან. ერთ დღესაც, ჩემი უფროსი შვილი ველოსიპედის სათხოვნელად მივიდა ჩემი მეგობრის სახლში. ჩემი მეგობრის მამა მთვრალი დახვდა და ბავშვს აუკრძალა სახლში შესვლა. ჩემი შვილი ალბათ არ დაემორჩიალა და მუცელში დაურტყამს ამ კაცისთვის. ისეთი კივილი გავიგონე, გიჟივით გავვარდი გარეთ. ვიფიქრე ან ძაღლმა უკბინა, ან რაღაც სხვა მოხდათქო. ბავშვს თითების ნაკვალევი აჩნდა ყელზე. ეს კაცი კი, იდგა და იგინებოდა, გიჟები ხართ, ავადმყოფები, აქ მეორედ არ დაგინახოთო.

მოვედით სახლში, ბავშვი ისტერიკაში იყო. ვეკითხები, რა მოხდა მეთქი, მეუბნება, დამარტყაო. ვინ დაგარტყა მეთქი, აი, იმ კაცმა დამარტყაო. ვუთხარი, დაგარტყა თუ ყელში მოგიჭირა ხელები მეთქი, აი, ასე გამიკეთაო და ხელებით მანახა როგორ ახრჩობდა. ყელზე ნათითურები ეტყობოდა წითლად. სანამ პატრულში დავრეკავდი, გადავწყვიტე ჩემით გამერკვია რა მოხდა. ეს კაცი ეზოდან გამოვარდა, ისევ განაგრძობდა გინებას და შეურაცხყოფის მოყენებას, აქ მეორედ არ დაგინახოთო. შევედი ეზოში და დედამისს წყნარად, ადამიანურად ვიკითხე, რა მოხდა მითხარით, არ დამიმალოთ, დაარტყა ბავშვს მეთქი და არა, არაფერი არ მომხდარა, უბრალოდ შეეშინდაო. არადა, ბავშვს თითების ნაკვალევი ეტყობოდა ყელზე. ისიც ვერ აიტანა, ამბის გასარკვევად რომ მივედი და ეზოდან გამოსულს, შუა ქუჩაში მეც მწვდა ყელში, სახეში დამარტყა, ხელში მობილური მეჭირა და მეც ინსტიქტურად გავუქანე, სახეში ჩავარტყი. დამაგდებინა მობილური, წამაქცია, მირტყამდა. ეს ჩხუბი შუა ქუჩაში ხდებოდა და დანახვით თუ ვერ, ყვირილის და ლანძღვა-გინების ხმას მაინც ყველა გაიგონებდა, მაგრამ არცერთი მეზობელი, ვინც ბავშვობიდან მიცნობს, არავინ გამოსულა გარეთ, არც გამოუხედავთ, რომ გავეშველებინეთ. მერე გამოვარდა ამ კაცის დედა, გაშველება დაგვიწყო და სავარაულოდ, თავისივე შვილის მოქნეული ხელი მოხვდა, რადგან პატრულის თქმით, ჩალურჯებები მასაც ეტყობოდა. (თუმცა, შემდგომში, პატრულისთის ჩვენების მიცემისას ეს ქალი ამბობდა, რომ მე დავარტყი).

სანამ პატრული მოვიდოდა, ბავშის დაწყნარებას ვცდილობდი, თუმცა ვერ ვახერხებდი, რადგან მე თვითონაც შოკისგან მაკანკალებდა და ხელის თითებს ვერ ვშლიდი კრუნჩხვისგან. პატრულმა, რა თქმა უნდა, ჩვენც დაგვკითხა დეტალურად და ისინიც. თუმცა, მათ ისე შემოატრიალეს საქმე, თითქოს მე შევუვარდი და მე ვცემე ორივე – ეს კაციც და დედამისიც, რომ კაცს დაზიანებები აქვს. ისე გამოვიდა, თითქოს მე, ამ ჩონჩხივით გაჩხიკულმა გოგომ მივაყენე დაზიანებები. მე შემომხედეთ, ჩემს მუშტებს შეხედეთ და თურმე მე ვცემე ამხელა კაცი. პოლიციამ მითხრა, რომ თუ საჩივარს დავწერდი, მეც მომიწევდა პასუხისგება, რადგან ამ კაცსაც ჰქონდა დაზიანებები მიყენებული და ეს ბებიაც ამბობდა, რომ ჩემგან მოხვდა ხელი. თუმცა, მე დანებებას არ ვაპირებდი.

გზად განყოფილებისკენ, ნათესავმა დამირეკა და მეჩხუბა, როგორ გამიკეთე ასეთი რაღაც, ჩემს სახლთან პატრული როგორ გაჩერდა, ამ სოფელში მე უნდა ვიცხოვრო, შენ კი არაო. არც იკითხა, რა მოხდა საერთოდ, შენ პრობლემური გოგო ხარ, მეზობელს როგორ მოექეცი, გამოიტანე ახალვე განცხადება, არ გაბედო, მანდ არაფერი დაწეროო. მეორე ნათესავი განყოფილებაში მომადგა, წამოდი, ახლავე გამოიტანე განცხადებაო. ბოლოს, მე დამაწერინეს განცხადება, რომ ამ კაცს ჩემთვის ხელი არ დაურტყამს, უბრალოდ მაგინა და მეც ვაგინე. ბავშვს დააწერინეს ტყუილი, რომ კაცმა მხოლოდ უყვირა, შეეშინდა და იმიტომ იკივლა. ამ ჩემი მეზობლის ძმა ყოფილი პოლიციის თანამშრომელია, არ ვიცი, მან მოაგვარა იმასთან თუ რა იყო, პოლიციამ მითხრა ბოლოს, რომ მეზობლებში არ გაახმაუროთ ეს ამბავიო. მე საერთოდ გავწყვიტე იქაურობასთან ურთიერთობა. არც ნათესავებთან აღარ მაქვს ურთიერთობა, აღარ ჩავდივარ. ამ კაცს პასუხი არაფერზე უგია, პირიქით გამოვიდა, რომ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო. „ეს სოფელია, ცოტა სხვანაირად უნდა შეხედო ამ სიტუაციას“ -, ეს იყო რჩევა, რომელიც „ახლობლებმა“ მომცეს.

ამ ამბის მერე, ბავშვი დიდი ხანი სტრესში იყო. ერთხელ სკოლაში დაავალეს რაღაც თემის დაწერა და დაწერა, რომ მისთვის ყველაზე საშინელი დღე იყო, როცა „ბოროტმა კაცმა კინაღამ დაახრჩო“. ამის ყოველ გახსენებაზე თავში სისხლი მივარდება და საკუთარი თავი მძულს, რომ ვერც მისი უფლებები დავიცავი და ვერც ჩემი. „ეს სოფელია“ – ალბათ ნიშნავს, რომ აქ ქალებისა და ბავშვების ცემა ნორმად ითვლება და ამის გამო ურთიერთობას მეზობლებთან არავინ იფუჭებს.

ექვსი თვეა, კოშმარები მესიზმრება, ან ჩემი შვილის კივილი ჩამესმის ძილშიც. ვუყურებ და დანაშაულის გრძნობა მკლავს. ჩემი შვილიც ბიჭია, რომელმაც თავისი თვალით ნახა, რომ ნებისმიერ არაკაცს შეუძლია შეურაცხყოფა მიაყენოს და დაუსჯელი დარჩეს. რა უნდა ვასწავლო ამის მერე, რა მაგალითი უნდა ვაჩვენო, არ ვიცი. ამის ხმამაღლა მოყოლა ალბათ ოდნავ მაინც შემიმსუბუქებს ამ კოშმარის სიმძიმეს. სიჩუმე შინაგანად ნელ-ნელა კლავს მსხვერპლს და ათამამებს არაკაცებს“.

ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: ნინო ბაიდაური