ნინო ხაჟომია, 40 წლის, თბილისი
„ჩემი ბიოლოგიური მონაცემებით წესით უშვილო უნდა ვყოფილიყავი. რომ არა განვითარებული მედიცინა, შვილი არასდროს მეყოლებოდა. საბა, რომელიც 13 წლისაა ახლა, არის ჩემი და ჩემი ქმრის გენეტიკური შვილი, რომელიც „ინ ვიტრო“ განაყოფიერებით არის გაჩენილი. სულ იმას ვამბობდი, რომ საბა თუ გაჩნდებოდა, ეს იქნებოდა სასწაული. ყველამ ვიცით, რომ ეკლესიაში არის ე.წ. „მიმდინარეობა“, რომელიც ეწიანაღმდეგება ყველანაირ პროგრესულ იდეას და მათ შორის კრძალავს ინ ვიტრო განაყოფიერებას. სხვათა შორის, წლების მერე, ერთ-ერთ მღვდელთან მომივიდა სერიოზული ჩხუბი, რომელმაც მითხრა, რომ ანათემაზე ხარ გადასაცემი, რადგან გაბედე, ღმერთის ნების წინააღმდეგ წახვედი და ხელოვნური განაყოფიერება გაიკეთეო. ღმერთს უნდოდა შენ უშვილო ყოფილიყავიო. ამაზე ჩემი პასუხი საკმაოდ მკვახე იყო. ვუპასუხე: ღმერთს თუ უნდოდა უშვილო ვყოფილიყავი, მაშინ ინ ვიტროც წარუმატებელი იქნებოდა თქო და მოდი ანათემაზე ბებიაშენი გადაეცი თქო.
საბა გაჩნდა წარმატებით, თუმცა 9 თვის განმავლობაში სულ იყო იმის საშიშროება, რომ მომშლოდა. ამ პერიოდში არ მტოვებდა იმაზე ფიქრი, რომ აუცილებლად უნდა მყოლოდა მეორე შვილი, რომელსაც ვიშვილებდი…
ამ გადაწყვეტილებას თავისი წინაპირობაც ქონდა.
რამდენიმე ათეული წლის წინ, გადაცემაში „60 წუთი“ გავაკეთე გამოძიება კოჯრის ბავშვთა სახლში მცხოვრებ სამი წლის ასაკის ბიჭზე და მის მიმართ სასტიკ მოპყრობაზე. მახსოვს ერთი კადრი: 3 წლის ბავშვმა თავისი ტანსაცმელი დაკეცა და ფეხსაცმელთან ერთად ძილის წინ ბალიშის ქვეშ ამოიდო, რომ სხვებს არ წაერთმიათ და მეორე დღეს შიშველი არ დარჩენილიყო. ეს იყო შოკისმომგვრელი სცენა ჩემთვის და არასდროს დამავიწყდება. მაშინ გავიფიქრე პირველად, რომ რამდენი შვილიც არ უნდა გამჩენოდა, ერთ ბავშვს მაინც ვიშვილებდი და ოჯახურ მზრუნველობას მივცემდი.
ეს ფიქრი რეალურად მაშინ განვახორციელე, როცა საბა წლინახევრის იყო და მე და ჩემი ქმარი შვილად აყვანის მსურველ ოჯახთა მოლოდინის რიგში ჩავდექით….
ჩვენს გადაწყვეტილებას ძალიან აგრესიულად შეხვდნენ ჩვენი მშობლები. მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი მორწმუნეა, ყველანაირად ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ მცდარი გადაწყვეტილება მივიღე. ამბობდა, რომ ეს „სირცხვილია“, რომ გენეტიკას მნიშვნელობა აქვს და არ გვეცოდინებოდა, როგორი გაიზდებოდა ჩვენი აყვანილი შვილი. ყურს არ ვუგდებდი არავის.
ალბათ ბევრმა არ იცის, რომ საქართველოში შვილად აყვანის ორი გზა არსებობს: არალეგალური და ლეგალური. არალეგალური გზა იმაში მდგომარეობს, რომ წინასწარ არჩევ ქალს, რომელიც არის ორსულად და არ უნდა აბორტის გაკეთება ან ვერ გაიკეთა და აჩენს შვილს მისი შემდგომში გაშვილების მიზნით. ასეთ ქალებს უხდიან ფულს და ბავშვი სამშობიაროდან გამოდის უკვე მიმღები ოჯახის სახელით და გვარით. ოღონდ აუცილებლად რეგიონის სამშობიაროები უნდა იყოს, სადაც ადვილია ექიმებთან გარიგებაც. ზოგი ბავშვი 2,000 დოლარი ღირს, ზოგი 5, 000 და ზოგიც 10,000.
თავიდანვე ლეგალური გზა ავირჩიეთ. ოფიციალურად გავაფორმეთ განაცხადი შვილად აყვანაზე. განაცხადის ფორმაში შეგიძლია მიუთითო ის ძირითადი პირობები, რომელსაც ბავშვს უყენებ: ვთქვათ სასურველი კანის, თმის ან თვალის ფერი, ეთნიკური ან რელიგიური წარმომავლობა, ფიზიკური მონაცენები და ასე შემდეგ. იმისათვის რომ დაგვეჩქარებინა პროცესი, არანაირი წინაპირობა არ მიგვითითებია. ყველანაირ ბავშვზე ვიყავით თანახმა.
მიუხედავად ამისა რიგში ზუსტად 10 წელი ვიდექით!
განაცხადის გაკეთებიდან 4 წლის თავზე დავრეკე სააგენტოში, სადაც მითხრეს, 662-ე ხარ რიგშიო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მარტივი არითმეტიკული გამოთვლით, 70-80 წლის ასაკში მოგვიწევდა ბავშვის აყვანა! აქ საქმე გვაქვს საკანონმდებლო ხარვეზთან. მზრუნველობამოკლებული ბავშვები კი არიან საქართველოში, მაგრამ გასაშვილებელთა სიაში ბავშვი არ ირიცხება, თუ 6 თვეში ერთხელ მაინც მას ვიღაც აკითხავს ბავშვთა სახლში. ეს შეიძლება შორეული ნათესავიც იყოს და ბავშვი მას ვერც კი ცნობდეს და ასე იცხოვროს ბავშვთა სახლში სრულწლოვნობის ასაკამდე, მაგრამ ის მოიაზრება პოტენციურად საკუთარ ოჯახში დასაბრუნებელ ბავშვად. ამიტომაცაა გრძელვადიანი პროცესი ბავშვის შვილად აყვანა.
ასე გავიდა მოლოდინის 10 წელი. 2013 წლის 28 დეკემბერი იყო. საახალწლო სამზადისში ვიყავი, როცა დამირეკეს და მითხრეს, ბავშვი გამოჩნდა და მისი ნახვა, რუსთავში, მიმღებ ოჯახში შეგიძლიათო. ნიკოლოზი ქვია და ის 9 თვის არისო. ჯერ მეგონა, რომ კომედი შოუს ბიჭები წინასაახალწლო ხუმრობას იღებდნენ ჩემზე. ჩემი გათვლებით, ასე ადრე რიგს არ უნდა მოეწია. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ნიკოლოზი ე.წ. ყველასგან „დაწუნებული ბავშვი“ იყო…
გადავწყვიტე, მეორე დღესვე მენახა ბავშვი. საბა მაშინ უკვე 11 წლის იყო.
წინა ღამით არ მეძინა. ეს იყო ყველაზე კრიზისული ღამე ჩემს ცხოვრებაში. უეცრად შემეშნდა ყველაფრის. შემეშინდა იმის, რომ რაღაც მომენტში მეტი ყურადღება არ მიმექცია საბასთვის და ნიკოლოზი არ გადასულიყო მეორე ადგილას, რომ არ მეგრძნო უცებ, რომ შეცდომა დავუშვი, რომ არ გამომეჩინა სისუსტე და ნათესავების შეგონებებისთვის ყური დამეგდო. ეს იყო ბრძოლების ღამე, რომელიც ნიკოლოზის გამარჯვებით დასრულდა. გადაწყვეტილება მივიღე.
ჩვენმა პირველმა შეხვედრამ რუსთავში ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში დამარწმუნა. დავინახე თუ არა პლედებში გახვეული ბავშვი, მივხვდი, რომ ის ჩემი შვილი იყო, რომელსაც 10 წელი ველოდებოდი.
ჩვენი თანხმობის შემდეგ, ბიუროკრატიული პროცედურები უნდა გაგვევლო – სასამართლო, რეესტრი, სოციალურ მუშაკთან შეხვედრები. ისე ბავშვს ჯერ ვერ წამოვიყვანდით. ამ პროცესს 2 თვე დასჭირდა.
ამ ხნის განმავლობაში გამუდმებით მეფიქრებოდა ნიკოლოზის ბიოლოგიურ დედაზე. ამ ქალის მიმართ გარკვეულ სოლიდარობას ვგრძნობდი. იქნებ ძალიან უჭირდა, იქნებ საჭმლის ფული არ ქონდა, რომ ბავშვისთვის მოევლო და იძულებული გახდა შვილი დაეტოვებინა?! გადავწყვიტე, ეს ქალი მომეძებნა, როგორც ქალი ქალს დავლაპარაკებოდი და თუ მეტყოდა, რომ შვილის დაბრუნება უნდოდა, მას ყოველთვიურად მატერიალურად დავეხმარებოდი. დავიწყე ამ ქალის ძებნა, მივაგენი რეგიონსა და სოფელს, სადაც ცხოვრობდა. ერთადერთი რატომაც გავჩერდი იყო ის, რომ ძიების პროცესში შევიტყვე, ამ ქალს არცერთი დღე არ უბრძოლია თავისი შვილისთვის. მან ნიკა სამშობიაროშივე მიატოვა და იქიდან გაიპარა…
2014 წლის 28 თებერვალს ნიკა ჩვენს სახლში შემოვიდა და იმ ღამეს პირველად გვეძინა ერთად, ჩახუტებულებს.
ჩემი შიშები, რომ ჩემს ბიოლოგიურ შვილს მეტ ყურადღებას დავუთმობდი, უსაფუძვლო გამოდგა. არანაირი მნიშვნელობა არ ქონია, ბიოლოგიურ შვილს გააჩენ, მუცლად ატარებ, თუ აიყვან. მთავარია ის ამაგი, მზრუნველობა და სიყვარული, რომელიც ბავშვის მიმართ გაქვს. არც კი მახსოვს, რომ ნიკა არ არის ჩემი გენეტიკური შვილი და განსხვავება ნიკასა და საბას შორის არ არსებობს ჩემში.
ვთვლი, რომ ძალიან დიდი შეცდომაა, როცა მშობელი ტყუილში აცხოვრებს შვილს, რომელიც აყვანილია და ამ ამბავს უმალავს. მგონია, რომ მშობლები ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ეგოისტური მიზნები ამოძრავებთ. ბავშვმა აუცილებლად უნდა გაიგოს იმის შესახებ, თუ ვინ არიან მათი ბიოლოგიური მშობლები. როგორც კი ნიკა გახდება იმ ასაკის, როცა შეეძლება გააცნობიეროს ეს ყველაფერი და თუ მოინდომებს, მაშინ ვეტყვი მისი დედის ვინაობას. ახლა ნიკა 4 წლისაა, მაგრამ გვაქვს მაინც შესამზადებელი დიალოგები. მაგალითად მეკითხება ხოლმე, „დედიკო, მე შენი ძუძუ ვჭამე?“ მე ვპასუხობ: „არა დე, არ გიჭამია. შენ ჩვენს სახლში რომ მოხვედი, უკვე დიდი ბიჭი იყავი და ჩვეულებრივ საჭმელს ჭამდი“. ნიკა ისევ მეკითხება: „და სად ვიყავი აქამდე?“ მე: „იყავი ერთ კარ ოჯახში, რომელიც გივლიდა რამდენიმე თვე და მერე ჩვენთან წამოგიყვანეთ.“
მას შემდეგ რაც ნიკა ჩვენთან მოვიდა, ორ დაბადების დღეს აღვნიშნავთ: 28 თებერვალს – მისი სახლში მოყვანის დღეს და 13 მარტს, მისი გაჩენის დღეს. ვფიქრობ ეს მას მომავალში დაეხმარება უმტკივნეულოდ გააცნობიეროს ყველაფერი და ჩვენც გაგვიმარტივდება ახსნა.
ყველაზე მეტად მანგრევს ის სტრეოტიპი, როცა მეუბნებიან, რატომ უნდა იცოდეს ბავშვმა რომ აყვანილია, ეს მისთის სტრესული იქნებაო. ვფიქრობ, რომ სტრესი მაშინ ექნება, თუ დავუმალავ და მაინც ე.წ. „კეთილისმოსუნეებისგან“ გაიგებს ამ ამბავს. მაშინ ბავშვი სავარაუდოდ დაგადანაშაულებს იმაში, რომ ტყუილში აცხოვრე.
სულ მუდმივად ვფიქრობ, ვიეჭვიანებ თუ არა, როცა გაიზრდება, ნიკას დედამისის ნახვა და მასთან ცხოვრება რომ მოუნდეს. ამ დროს, საკითხს ასე ვსვამ: თუ ჩვენ, მშობლებს, შვილი იმისთვის არ გვინდა, რომ სიბერეში მოგვიარონ და „ამაგი“ დაგვიბრუნონ, არამედ იმისთვის, რომ ინდივიდებად და მოსიყვარულე ადამიანებად გავზარდოთ, არანაირი ეჭვიანობის საფუძველი არ არსებობს.“