ნუცა თოხაძე, ემიგრანტი დიდი ბრიტანეთი, ლონდონი

ნუცა თოხაძე, ემიგრანტი დიდი ბრიტანეთი, ლონდონი

,,საზღვარგარეთ წავედი, რადგან საქართველოში, სამწუხაროდ, განვითარების მეტ პერსპექტივას ვეღარ ვხედავდი. პროფესიით ეკონომისტი და მათემატიკოსი ვარ. ახალი შესაძლებლობებისთვის საზღვარგარეთ წავედი სასწავლებლად, მათემატიკის მაგისტრატურა დავასრულე და შემდეგ იქვე დავიწყე მუშაობა.

ქვეყანაში რადიკალური და მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე, ვფიქრობ, ემიგრანტები საქართველოში არ დაბრუნდებიან. როცა იქნება ხარისხიანი განათლების მიღების საშუალება, დასაქმების შესაძლებლობები – შრომის სათანადო დაფასებით და ანაზღაურებით, ჯანსაღი, უსაფრთხო და სტაბილური გარემო, ვფიქრობ, მაშინ გაუჩნდებათ ემიგრანტებსაც ქვეყანაში დაბრუნების სურვილი. ამაში კი, ჩემი აზრით, მხოლოდ ევროპასთან და ამერიკასთან დაახლოება და რუსეთისგან მენტალურად, ეკონომიკურად და პოლიტიკურად დისტანცირება დაგვეხმარება.

დღეს საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ცვლილებები უნდა. აქციებზე ვიდგებით, ჩვენი მშობლებიც იდგნენ, მაგრამ მთავარი პრობლემა კვლავ პრობლემად რჩება, რაც განცდას აჩენს, რომ ჩვენი აქციებიც კვლავ მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე ჩაივლის. ის ადამიანები კი, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ ღირსეული ცხოვრება მათ ან მათ შვილებს მაინც ჰქონდეთ, ქვეყნიდან მიდიან, რადგან ამის პერსპექტივას საქართველოში ვერ ხედავენ.

პოლიტიკოსებს ვეტყოდი, რომ იყვნენ გულწრფელები და თანმიმდევრულები, ვფიქრობ, ხალხს არავისი სჯერა. არ მოსწონთ მთავრობა, მაგრამ ხმა ვის უნდა მისცენ, არ იციან. სამწუხაროდ, ბოლო ოთხი წელია, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართვას ვერ ვახერხედი, მაგრამ ახლა მომიწია და დავინახე, რომ მთავრობას ქვეყნისთვის წარმოუდგენლად საზიანო რაღაცები აქვს გაკეთებული. ხოლო ოპოზიციაში ისეთი პარტიები არიან გახლეჩილი და ისეთები გაერთიანდნენ, 4 წლის წინ რომ ვერ წარმოვიდგენდი. ეს მდგომარეობა ოპოზიციაში, გარკვეულწილად, არასტაბილურობის, დაბნეულობისა და უნდობლობის განცდას აჩენს, რაც დეპრესიასა და ნიჰილიზმში აგდებს ადამიანებს და ეს მთავრობის წისქვილზე ასხამს წყალს.

სოციალურად და პოლიტიკურად ძალიან აქტიური ადამიანი ვიყავი. ვფიქრობ, სხვაგვარად შეუძლებელიც არის საქართველოში, თუ ადამიანს ოდნავი პროტესტის გრძნობა მაინც გააჩნია და ქვეყანა ოდნავ მაინც ადარდებს. ვმონაწილეობდი აქციებში. 2019 წელს ე.წ ‘’გავრილოვის ღამეს’’ რომ აქციები მოჰყვა, მთელი ზაფხული პარლამენტის წინ გავატარე მნიშვნელოვანი ცვლილებების მოლოდინში, მაგრამ უშედეგოდ. ცვლილებების მომტანი ხალხია და ვიდრე საზოგადოების კრიტიკულ მასაში არ გაჩნდება პროტესტის, გაბრაზებისა და მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების სურვილი, მანამდე ქვეყანაში ცვლილებები, ვფიქრობ, არ იქნება.

არჩევნებზე წასვლა ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ასე ყველაზე მეტად ავირიდებთ თავიდან ხმების გაყალბებას. ძალაუფლება ერთ რომელიმე პარტიას აღარ უნდა მივცეთ, რადგან ეს დამღუპველია, ამიტომ ხმები მაქსიმალურად გადანაწილებული უნდა იყოს. არც მე ვარ ოპოზიციიდან ვინმეს დიდი გულშემატკივარი, მაგრამ რომელიმეს მაინც ამოვარჩევ, რადგან ვფიქრობ, რომ ,,ოცნებას’’ ქვეყნის ერთპიროვნული მართვის სადავეები კვლავ რომ დავუტოვოთ, ევროპულ მომავალს კიდევ ბევრი წლით დავემშვიდობებით. ცვლილებები მოაქვს ხალხს, ამისთვის კი საზოგადოების აქტიურობა და მნიშვნელოვანი ჩართულობაა საჭირო. მივიდეთ არჩევნებზე, რადგან არჩევნებზე ყოველი არმისული ადამიანი, პოტენციურად, გაყალბებული ხმაა.”