როზა ჩაჩანიძე, 33 წლის, კურორტი ცემი

„დედაჩემი ყოველთვის იმაზე მეტს მავალებდა, ვიდრე შეიძლებოდა ბავშვს გაეკეთებინა. ჩვენთან შრომა იყო პრიორიტეტი. დედაჩემს ყანაშიც ვეხმარებოდი ხოლმე და ძროხების მოვლაშიც. ახლაც არ მაქვს პრობლემა, ახლაც შემიძლია ამ საქმის კეთება. ჩემთვის არავითარი საქმე არ არის სათაკილო. ნომრებსაც ვალაგებ, თუ დამჭირდება, ეზოსაც დავგვი და ქუჩასაც. არასოდეს არ მავიწყდება ის, რომ ქურასთან მეც ვიდექი 24 საათი. და ახლა არც ჩემს მზარეულს და არც დამლაგებელს არაფერს ვეტყვი უხეშად და არ ვატკენ გულს. არასოდეს ვუყურებ ადამიანებს ზემოდან იმიტომ, რომ არც მე ვარ სხვა, სხვანაირი…

ბიზნესი

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი დავამთავრე და დიდი სურვილი მქონდა პოლიციელი ვყოფილიყავი, თუმცა დღეს სამი საოჯახო სასტუმროს მენეჯერი ვარ.

ჩემი ოჯახი ყოველთვის სამ ოთახს აქირავებდა. აბაზანა ეზოში გვქონდა, წყალს შეშაზე ვათბობდით. იმ ზაფხულს, როცა სწავლა დავამთავრე, ჩემთვის ვიფიქრე, იქნებ სასტუმროს გაკეთებამ გაამართლოს-მეთქი. მაგრამ როგორია, შიშველი ხელებით დაიწყო ბიზნესი, ფინანსები უნდა ხომ ყველაფერს? პირველი კრედიტი 300 დოლარი იყო. მაშინ ეს იმხელა ვალდებულება იყო ჩემთვის, ახლა რომ 300 000 დოლარი მქონდეს აღებული, ზუსტად ისეთი. ძალიან ვნერვიულობდი, 21 წლის ვიყავი, დედა მამშვიდებდა, ნუ ნერვიულობ, რაღაცას ვიზამთო. მაგრამ სექტემბრისთვის ეს 300 დოლარიც დავაბრუნე და მოგებაც დამრჩა. მოგებით შპალერი ვიყიდე და სხვა ოთახებიც გავარემონტე.

მერე ვიფიქრე, ხომ არ მოვსინჯო და ოთახები ბარემ კვებით გავაქირავო-მეთქი იმიტომ, რომ ჩვენი სტუმრებისგან ამის მოთხოვნა სულ იყო. გული მომეცა და უფრო დიდი კრედიტი გავაკეთე – ხუთწლიანი, 10 000 ლარი. გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ მაინც გავრისკე. რამ გამარისკინა? ოთახების სანახავად რომ მოდიოდნენ, ხშირად გვეუბნებოდნენ, კვება რომ გქონდეთ, თქვენთან დავრჩებოდითო და ბრუნდებოდნენ უკან. კრედიტის გასაკეთებლად ხაშურში რომ მივდიოდი, აღმოჩნდა, იქ წასასვლელი ფული არ გვქონდა. თან „ბატონები“ ახალი მოხდილი მქონდა. მარტის ბოლო იყო და ციოდა. მე მეგონა, დედას ექნებოდა 2 ლარი, დედას ეგონა, მე მექნებოდა და აღმოჩნდა, რომ არცერთს არ გვქონდა. ამიტომ, ფეხით წავედით. კრედიტი მოგვცეს. სასწრაფოდ დავიწყეთ კაპიტალური რემონტი. მთელი ოჯახი ვმუშაობდით. ყველაფერზე ვმუშაობდი – ლესვაზეც, მანქანების ჩამოტვირთვაზეც. მზარეულს ვერ მოვიყვანდი იმიტომ, რომ ხელფასს ვერ მივცემდი. ამიტომ, გადავწყვიტე მე თვითონ გამეკეთებინა საჭმელი და მზარეულობაც დავიწყე. დღეში სამ კვებას ვამზადებდი. გარდა ამისა, ოთახებსაც ვალაგებდი, დეიდა მეხმარებოდა. ყველაფერს ჩვენ ვაკეთებდით. სადილს რომ გავაკეთებდი, წავიდოდი ბორჯომში და ვახშმისთვის პროდუქტს ვყიდულობდი. 5 წელი ვიყავი ამ რეჟიმში. მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვიყავი საქმით იმიტომ, რომ კმაყოფილი კლიენტები გვყავდა. მოკლედ ეს 10 000 ლარი ორ წელიწადში დავფარე.

ახლა უკვე სხვა პრობლემა წარმოიშვა. სველი წერტილები აივანზე გვქონდა. და რას ვიზამდი? სტუმრებს უკვე უკეთესი კომფორტი უნდოდათ. მოკლედ, ერთ ღამეს დავჯექი და ჩემით გადავაპროექტე ეს სახლი. მთელი ხარჯთაღრიცხვა გავაკეთე. ყველაფერში ვერკვევი უკვე. არ არსებობს ჩემი ხარჯთაღრიცხვა ბანკმა დაიწუნოს. ბანკში მოვითხოვე 25 000 ლარი. ასე, ყველაფერი კრედიტებით მაქვს გაკეთებული. კიდევ ერთხელ გადავწყვიტე გაფართოება და აღმოჩნდა, რომ მეზობელი სახლს ყიდდა. ისევ და ისევ ბანკის კრედიტით ვიყიდე ეს სახლი, რომ სასტუმროდ გადამეკეთებინა. ასე გავხსენი მესამე სასტუმროც.

ომი

2008 წელს იდეალური სეზონი იდგა. წელში გავიმართეთ, საქმე უკვე აწყობილი გვქონდა, მთელი ეზო სავსე იყო. მაგრამ 5 აგვისტოს ჩამოსული დამსვენებლები ომის გამო 7 აგვისტოს წავიდნენ, ყველა წავიდა და სეზონი ჩაგვივარდა. ის წელი ძალიან კრიზისული იყო, არაფერი დაგვრჩა და ვერც ბიზნესი განვავითარეთ. რემონტი გვინდოდა, რაღაცის მიმატება გვინდოდა და ვერაფერი გავაკეთეთ. ეს იყო საშინელი წელი. წარმოიდგინეთ, დამსვენებლებისგან სადღაც 20 000 ლარამდე მქონდა აღებული თანხა. ყველა ერთად მოვიდა და მითხრა დაგვიბრუნეო. რა თქმა უნდა, დავაბრუნე. ის ხალხი ახლაც ჩამოდის ისევ და ვიხსენებთ ხოლმე 2008 წლის ამბებს. მანქანები და გასაღებები აქ დატოვეს და წალკიდან წავიდნენ. გორის გავლის ეშინოდათ. სადღაც ერთი თვე ეს ათი მანქანა ჩვენს ეზოში იდგა. ჩვილი ბავშვებით იყვნენ და რომელ თანხაზე იყო საუბარი. მერე უკვე 2009 წლიდან ნელ-ნელა ისევ დაიწყეს დამსვენებლებმა ჩამოსვლა. ხალხს ფული აღარ ჰქონდა, ზოგს გამოჩენის ეშინოდა, მაგრამ ჩვენს საქმეს არ შეეტყო იმიტომ, რომ ცემი სამკურნალო კურორტია და ბავშვს როცა სჭირდება, რას იზამს მშობელი. ზოგი კლიენტი განვადებით მოდის და თანხას ხელფასზე მირიცხავს. სამი-ოთხი წელია ასე ვმუშაობ. ბევრი ისეთი კლიენტი მყავს, რომ ფულს არც ვართმევ. ზოგს ბავშვი სპაზმით ეხრჩობა და რას იზამ. ზოგისთვის ისეთი მნიშვნელოვანია ბავშვის აქ ჩამოყვანა. ვპატიჟებ ხოლმე და მოდიან. საშინელი წელი იყო 2008 წელი. ამ ზაფხულმაც 2008 წელი მომაგონა, ხანძრის გამო მთელი ბორჯომი დაიცალა.

დაოჯახება

21 წლიდან ვმუშაობ და მთლიანად საქმეში ვარ. რომ მეკითხებოდნენ ხოლმე, არ თხოვდებიო პასუხს არ ვცემდი. ოჯახისგან ეს კითხვა არასოდეს ყოფილა. როცა ჩავთალე საჭიროდ, მაშინ გავთხოვდი იმიტომ, რომ ჩამოყალიბებული ადამიანი ვარ. შეიძლება გათხოვდე და მთელი ცხოვრება ხალათით იარო და სამზარეულოდან არ გამოხვიდე. არც ეგ არის პრობლემა, თუ ესე გირჩევნია, მაგრამ მე სხვა ხედვები მქონდა.

დღესაც არ მჯერა, რომ გადავწყვიტე. ხომ სულ ქრონიკულად რემონტში ვიყავი. იმ წელს კინოსტუდია იყო ჩემთან, ფილმს იღებდნენ ცემში. ამ ჯგუფს ორი თვე ვმასპინძლობდით. უცხოელები იყვნენ, ბევრი ხალხი იყო და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მქონდა. თან აქეთ ეს ცოლობის შემოთავაზება… არადა, ჩემს გეგმებში პირველი ყოველთვის საქმე იყო. მოკლედ, მაშინ სასადილოს გარემონტებას ვგეგმავდი. თან ვფიქრობდი, ბავშვი რომ მეყოლება, გამიჭირდება-მეთქი. მეგონა ჩამოვრჩებოდი ჩემს საქმეს, რაღაცას ვავნებდი. მაგრამ პირიქით მოხდა. მძიმე ფეხმძიმობა მქონდა. 9 თვე სულ ექიმებთან დავდიოდი. პარალელურად მქონდა რემონტი, ამ მუცლით დავდიოდი და ყველაფერს თვითონ ვამოწმებდი. მერე გოგოც მეყოლა. რისიც მეშინოდა, არ გამართლდა. ახლა უფრო შემართებით ვარ.

რამდენს ვშრომობ, რომ გითხრათ, არ დაიჯერებთ. დილის ადრე ბაზარში, ხაშურში მივდივარ იმიტომ, რომ ბორჯომში ბაზარი არ არის. მივდივარ ორ დღეში ერთხელ. მომაქვს ყველაფერი, 10 საათზე სახლში ვარ. მერე უკვე შემოსვლა-გასვლა უნდა აკონტროლო. სტუმრებს სულ რაღაც სჭირდებათ. სულ საქმეა. ეს ამბავია მაისიდან სექტემბრის ჩათლით. ოქტომბერი და ნოემბერი ვისვენებთ და მერე ზამთრის სეზონისთვის ვემზადებით. დეკემბრიდან მარტამდე ზამთრის სეზონი გვაქვს. 4 წელია, რაც ამ სეზონზე სტუმრებს ვიღებთ, რადგან უკვე ცენტალური გათბობაც გვაქვს.

გეგმები

მე რა საქმესაც ხელს მოვკიდებ, იმ საქმეში ვიძირები მთელი გულით და არ არსებობს, მე ეს საქმე ბოლომდე არ მივიყვანო. ჩემთვის მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობს, ყოველთვის შემართული ვარ. არასოდეს ვარ პესიმისტურად განწყობილი. სულ მჯერა, რომ ყველაფერს შევძლებ. ძალიან ერთგული მეგობრები მყავს. ყოველთვის ხელს მიწყობენ ყველაფერში. მათ გარეშე აქამდე ვერ მოვიდოდი.

მინდა კიდევ ერთი სასტუმრო გავხსნა თბილისში და ერთიც ბათუმში ან ურეკში. ორივე სასტუმროს ერქმევა „როზა“, როგორც აქ, ცემში. ვიცი, რომ ამასაც მივაღწევ. ერთი დღეც კი, როცა სეზონია, ჩემი აქედან წასვლა არ შეიძლება, ყველაფერი თავდაყირა დგება. როცა თბილისში და ზღვის პირასაც გავხსნი სასტუმროებს, მეტ ადამიანს დავასაქმებ. ახლა 8 ადამიანი მყავს დასაქმებული – მზარეულები, დამლაგებლები – რომელთაც ხელფასს ვუხდი.

ახლა, რაც გავთხოვდი, კიდევ ახალი კითხვები წამოვიდა, საქმე მიატოვაო, რას აპირებსო? საქმეს არასოდეს მივატოვებ, ისე ავაწყობ, რომ ოქროს შუალედი დავიჭირო. მარტო საკუთარი თავის გამოც არა, ამდენ ხალხზე მაქვს პასუხისმგებლობა. თუმცა, სამოგზაუროდ სიამოვნებით დავდივარ, ძალიან მამშვიდებს და მიყვარს. როცა ცოტა თავისუფალი დრო მაქვს, მაშინვე მივდივარ. მთავარია, შემართება და ენერგია შეინარჩუნო. თუ მოინდომებ, ყველაფერს გააკეთებ.“

ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: ნინო ბაიდაური