რუსა ჩხაიძე, 29 წლის, ბათუმი
“15 წლის ასაკში გავიკეთე ფეხის ამპუტაცია. ეს ყველაფერი მოულოდნელი იყო ჩემთვის, მაგრამ, ალბათ, ბავშვურად ბოლომდე გაუცნობიერებელი. ამიტომ, ძალიან სწრაფად გაიარა ამ რთულმა პერიოდმა ჩემს ცხოვრებაში.
16 წლის ასაკში გავიკეთე დამხმარე საშუალება ე.წ. „პროტეზი“. ძალიან კარგად მოვირგე და მალე შევეგუე ამ უცხო სხეულს, რამაც მეტი საშუალება მომცა საზოგადოებასთან ურთიერთობის. სახლში ჩაკეტილი არასდროს ვყოფილვარ, თუმცა მქონდა საზოგადოებასთან ურთიერთობისას დაბრკოლებები. ხალხი ჩემს მდგომარეობას ტრაგედიად აღიქვამდა და სიბრალულს გამოხატავდა მაშინ, როცა ეს ჩემთვის გადალახული ეტაპი იყო. ამიტომ, მე ჩემს მდგომარეობას არა იმდენად, ადამიანების დამოკიდებულებებს უფრო განვიცდიდი. იმის გამო, რომ იშვიათად ვხედავდი სხვა ჩემნაირ ადამაინებს გარეთ და საზოგადეობის დამოკიდებულებებიც ასეთი უცნაური იყო, ვითრგუნებოდი. მერე ამ ყველაფერმა თანდათან გაიარა, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე. მივხვდი, რომ ამაზე ნერვიულობა და თავის დათრგუნვა კარგს არაფერს მომიტანდა. ვფიქრობ, რომ ჩემმა ამ გამოცდილებამ იმაზე ძლიერი გამხადა, ვიდრე ვიქნებოდი…
საკუთარი ბიზნესი გვაქვს და ჩემს ძმასთან ერთად, ჩვენს კაფე-ბარში ვმუშაობ მოლარედ, ბევრ სხვა საქმეებსაც კარგად ვითავსებ. ძალიან მსიამოვნებს ამ სფეროში მუშაობა იმიტომ, რომ აქ ბევრ სხვადასხვა ადამიანთან მიწევს ურთიერთობა და სულ ვაკვირდები ხალხის დამოკიდებულებებს ჩემს მიმართ. ვხედავ, რომ შემიყვარა ხალხმა და ბედნიერი სახეებით მოდიან ჩვენს კაფეში. მეც პოზიტივს გამოვხატავ მათ მიმართ და ეს მაბედნიერებს.
ძალინ ვნანობ, რომ წარსულში კომპლექსების გამო ვერ მივიღე განათლება, თან არ იყო ადაპტირებული გარემო და არც საზოგადეობის დამოკიდებულებები იყო ადექვატური. დღეს ეს ყველაფერი ბევრად შეცვლილია, რადგან მეტი ინფორმაცია და ჩართულობა არსებობს. ეს კი ეხმარება საზოგადეობას შეცვალოს ქცევა ჩვენთან ურთიერთობისას. მე მჯერა, რომ მომავალში კიდევ უფრო სწრაფად წავალთ წინ ამ მხრივ”.