ოქტომბერი 23, 2020 In თბილისი, თემები, ჟ-ქ, რეგიონები, შშმ ქალები და მათი აგენტობა
სალომე კვარაცხელია, 30 წლის, თბილისი ლანა კვარაცხელია, 28 წლის, და
სალომე:
„ჩემი დიაგნოზი ორმხრივი სენსონევრალური, უმძიმესი, მეოთხე ხარისხის სმენის დაქვეითებაა. 2015 წელს, პირველად შევამჩნიე სმენის ხარვეზები და შესამოწმებლად რომ მივედი, მარჯვენა ყურში უკვე 60%-ით იყო სმენა დაქვეითებული, მარცხენაში კი – 30%-ით. მკურნალობა დავიწყე, გადასხმები გამიკეთეს, სმენის დაქვეითების პროცესი რომ შეეჩერებინათ, მაგრამ არ მიშველა. მალე ორივე ყურში სმენის 100% დავკარგე. კვლევების შემდეგ, პრობლემის კონკრეტული მიზეზი არ გამოჩნდა, ამიტომ, ექიმებმა დაასკვნეს, რომ ჩემი სმენა იმუნურმა სისტემამ დააზიანა.
ცალ ყურში სმენა უცებ დავკარგე, ძალიან გამიჭირდა და სულ მეტირებოდა. ვფიქრობდი, ერთ დღესაც საყვარელი ადამიანების ხმა რომ ვერ გავიგონო, როგორ ვიქნები-მეთქი. მეორეშიც რომ დამიქვეითდა სმენა, თითქოს უკვე მომზადებული შევხვდი, ჩემს მეგობრებსა და ახლობლებს აქეთ ვამხნევებდი. ვცდილობდი, არ ჩავკეტილიყავი, მაგრამ თავიდან მაინც იშვიათად გავდიოდი სახლიდან. სხვებს რომ უჭირდათ ჩემთან ურთიერთობა, რატომაღაც ამაზე ვიძაბებოდი. მერე ნელ-ნელა შევაჩვიე საკუთარი თავი, ისევ დავიწყე სახლიდან გასვლა და ადამიანებთან კონტაქტი.
ლანა:
თავდაპირველად, როცა სალომეს ეს პრობლემა დაეწყო და არ ვიცოდით, რა სჭირდა, გაბრაზებულს მითქვამს – რა გჭირს, დაყრუვდი-მეთქი?! ეს სიტუაცია დიდხანს რომ გაგრძელდა, მერე უკვე მიიყვანეს ექიმთან, მაგრამ ვფიქრობდით, რომ უმკურნალებდნენ და ყველაფერი ძველებურად იქნებოდა. ერთ დღესაც, სალომე ოთახში შემოვიდა, რაღაცა ვუთხარი და არ მესმისო. ხმამაღლა გავუმეორე და ისევ რომ ვერ გაიგონა, მითხრა, რომ არცერთ ყურში აღარ ესმოდა. ტირილი დავიწყე და სალი მამშვიდებდა. მერეც სულ გვამხნევებდა ყველას და ცდილობდა, პოზიტიურად მივდგომოდით ამ ყველაფერს. მინდოდა, პირის მოძრაობებს მიჩვეოდა და როცა ჩემს ნათქვამს ვერ იგებდა, მაინც არ ვუწერდი, ამიტომ, ყველაზე კარგად ჩემი ესმოდა ხოლმე.
სალომე:
შშმ პირის სტატუსი მაქვს, მაგრამ, თუ არ ვცდები, კანონი 2014 წელს შეიცვალა და სმენდაქვეითებულ ადამიანებს ჯგუფებს არ აკუთვნებენ. ჩემი სტატუსია – ზომიერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, რაც იმას ნიშნავს, რომ სოციალური პაკეტითა და პენსიით ვერ ვსარგებლობ. მხოლოდ 18 წლამდე სმენადაქვეითებულებს ენიჭებათ სოციალური პაკეტი და ის იღებს პენსიას, ვისაც სტატუსი კანონის ცვლილებამდე ჰქონდა განსაზღვრული. მე 26 წლის ვიყავი, როცა სმენა დავკარგე და ჯგუფი არ მომანიჭეს, შესაბამისად, არც სოციალური პაკეტი მაქვს. ჩვენ მიმართ სახელმწიფოს ასეთი დამოკიდებულება, გულგრილობა და უსამართლობაა.
ლანა:
დღეს, სახელმწიფო ჩვენ გვკიდებს მთელ პასუხისმგებლობას ჩვენი შშმ ოჯახის წევრების წინაშე, რაც მორალურად გამანადგურებელია. ფაქტია, ჩემს ოჯახს არ აქვს იმის შესაძლებლობა, ოპერაციისთვის საჭირო თანხების მობილიზება რომ შეძლოს. სახელმწიფო უაზრო კანონებით გვიდგენს, ვის ეკუთვნის დახმარება და ვის – არა. ეს დახმარებაც იმდენად მინიმალურია, რომ არც არაფერში ჰყოფნით შშმ ადამიანებს. ახალგაზრდა ადამიანს სჭირდება, რომ სრულფასოვნად იგრძნოს თავი და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მინიმალური დახმარება მაინც გაუწიოს.
სალომე:
ყველაზე დიდ ბედნიერებას ხალხთან ურთიერთობა და კომუნიკაცია მანიჭებს. აი, ახლაც რომ გესაუბრებით, ეს ჩემთვის თერაპიაა. სმენის დაკარგვამ, კომუნიკაციაში ძალიან შემიშალა ხელი. იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ ჩემი პროფესიით არასოდეს მიმუშავია. საქმიანობაში ცოტა მოხეტიალე ვარ, სად აღარ ვმუშაობდი – ოპერატორად, ქოლ-ცენტრში, ანიმატორად, ფოტოგრაფად. ბევრ რამეს ვუთავსებდი ერთმანეთს, მაგრამ სმენის დაკარგვის შემდეგ, სამსახური ვეღარსად ვნახე.
ერთხელ კონსულტანტის პოზიციაზე CV გავაგზავნე, ინტერვიუზე იმდენად მომზადებული მივედი და ვიცოდი, რა კითხვებს დამისვამდნენ, ყველაფერს ვპასუხობდი. არც შეუჩნევიათ, რომ არ მესმოდა, მაგრამ არ მინდოდა, ტყუილი გამომსვლოდა და მე თვითონ ვუთხარი, არ მესმის-მეთქი. დაგირეკავთო, მაგრამ აღარ დაურეკავთ. სამსახურის ძიებისას, მსგავსი სხვა შემთხვევებიც იყო და მერე უკვე ხელი ჩავიქნიე.
თვითნასწავლი ფოტოგრაფი ვარ, ფოტოების გადაღება ძალიან მიყვარს და ჩემი შვილებისთვის სულ ვაწყობ ფოტოსესიებს, ფოტოებისთვის კომპოზიციებსაც ვქმნი და ჩემი ოცნებაა, ფოტოსტუდია მქონდეს. რამდენიმე დღის წინ, ჩემი შვილებისთვის საშემოდგომო ფოტოსესია მქონდა, ეს ის საქმეა, რასაც სიამოვნებით გავაკეთებდი.
საოცარი გოგოები მყავს. უფროსი – ბარბარე, სამი წლის არის და უკვე გათვითცნობიერებულია, ამიტომ, სულ მინიშნებებით მეკონტაქტება. დილით, რომ გაიღვიძებს, სახეზე მეხება და თითით ფანჯრისკენ მანიშნებს, გათენდა და ავდგეთო. ბარბარე არ იღლება და შეუძლია, ერთი საათი მიხსნიდეს, რა უნდა. ბაღიდან როცა მოდის, სულ ვეკითხები, დღემ როგორ ჩაიარა. ისიც მიხსნის, მაგრამ როცა ყველაფრის მოყოლა არ გამოსდის, თავს ანებებს ხოლმე. ეტყობა, არ უნდა, გული მატკინოს. კატო ჯერ წლის და რვა თვისა, მაგრამ ისიც მანიშნებს ხოლმე რაღაცებს. მინდა, მეტი გავიგო და შეიძლება, ცოტა ეგოისტურად გამომდის, მაგრამ, არ მინდა, ჩემი შვილები სხვას მოუყვნენ, ან თავის თავში დაიტოვონ, რა აწუხებთ და რა უხარიათ.
ლანა:
ბარბარეს თითქოს თავიდანვე გაცნობიერებული ჰქონდა დედამისის მდგომარეობა, ან ჩვენ რომ გვიყურებდა, მიეჩვია. ჯერ ორი წლისაც არ იყო და სალის სანამ არ მოახედებდა, არ დაელაპარაკებოდა. ამას წინათ, კაკაო უნდოდა, მაგრამ დედამისმა ვერ გაიგონა და ბარბარემ დაუმარცვლა – “კა-კა-ო.“
სალომე:
სმენა ჯერ ნახევრად მქონდა დაქვეითებული, როცა ფოტოგრაფად ვმუშაობდი. ძალიან ვცდილობდი, ჩემი სმენის პრობლემა არ შემემჩნია, სხვებისთვის რომ დისკომფორტი არ შემექმნა. მერე მივხვდი, რომ ეს ცუდი დამოკიდებულება იყო საკუთარი თავის მიმართ. ახლა უკვე მაღაზიაში ან აფთიაქში როგორც კი შევდივარ, ვამბობ, რომ სმენადაქვეითებული ვარ და სათანადო კონსულტაცია გამიწიონ. ზოგს უჭირს დაჯერება – თუ ლაპარაკი შემიძლია, რანაირად არ მესმის. ჰგონიათ, რომ არცერთ სმენადაქვეითებულ ადამიანს არ შეუძლია საუბარი. ადამიანებმა ზოგჯერ არ იციან, როგორ მეკონტაქტონ, არადა, თუ მოინდომებენ, საერთოდ არ არის ძნელი. ახლა ყველას რომ პირბადე უკეთია, კიდევ უფრო მიჭირს ადამიანებთან კომუნიკაცია.
ლანა:
ზოგჯერ, კლინიკებშიც ძალიან არაეთიკური დამოკიდებულებებია. სალის ბავშვები ჰყავს და ცხადია, პედიატრთან ხშირად უწევს სიარული. ძირითადად, სულ ჩვენ მივყვებით ხოლმე, მაგრამ ერთხელ ისე მოხდა, რომ ვერავინ გავყევით და მარტოს მოუწია წასვლა. იქიდან რომ დაბრუნდა, მთხოვა, რაღაცა ვერ გავიგე და იქნებ, პედიატრს შენ დაურეკოო. ექიმმა რომ გაიგო, ვინ ვიყავი და რატომაც ვურეკავდი, პრეტენზიით მითხრა – მარტო ნუ უშვებთ, ვიღლები მასთან კომუნიკაციით და წერითო. იმდენად გავოგნდი, პასუხიც კი ვერ დავუბრუნე. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევა ბევრია.
სალომე:
ადამიანები ყველაფერს ვანაცვლებთ. მაგალითად, სმენის დაქვეითების შემდეგ, ფილმების ყურება ტიტრებით დავიწყე, მეგობრებთან საუბრები – მესენჯერით და ა.შ. მაგრამ ბავშვების ხმა ერთადერთია, რაც ვერაფრით ჩავანაცვლე და მათი ხმა რომ გავიგონო, იმპლანტის ოპერაცია მესაჭიროება. ჯანდაცვის სამინისტროს მივმართე ოპერაციის დაფინანსებასთან დაკავშირებით, 5 წელია, ჩემს რიგს ველოდები, მაგრამ პრიორიტეტი არასრულწლოვანი სმენდაქვეითებულები არიან და შეიძლება, ეს პროცესი უსასრულოდ გაიწელოს, ჩემს ოჯახსაც კი, არ აქვს საშუალება, ოპერაცია გამიკეთოს. ამიტომ, ჩემმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა ფეისბუქზე შექმნეს ჯგუფი – გავაგონოთ სალის შვილების ხმა , წამოიწყეს კამპანია და ოპერაციისთვის თანხას აგროვებენ. ერთი იმპლანტის ღირებულება 72 000 ლარია.
ლანა:
ამ ჯგუფის საშუალებით, უკვე 7000 ლარამდე შევაგროვეთ. ამასთან, დაფინანსებაზე მოთხოვნა მერიაში შევიტანეთ. ამ ეტაპზე, მადლობა მერიას, რომ 18 000 ლარი გამოგვიყო, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ჰქონდათ ამ თანხის გამოყოფის ვალდებულება და ჯამში, 25 000 ლარამდე გვაქვს შეგროვებული. მერიის დაფინანსების გამოყენების ვადა სამი თვეა, ერთი თვე უკვე გავიდა, ამიტომ ვცდილობთ, სხვადასხვა საშუალებით მოვახერხოთ ერთი იმპლანტისთვის საჭირო თანხის მობილიზება, რომლის საშუალებითაც, სალის ერთ ყურში 100%-ით აღუდგება სმენა. ფულის შესაგროვებლად დრო ცოტა გვაქვს და საზოგადოების მხარდაჭერა ძალიან დაგვეხმარება.
სალომე:
ძალიან მიჭირს სხვებისთვის რამის თხოვნა და ზოგადად, ის უფრო მიყვარს, როცა მე ვეხმარები ადამიანებს. ამიტომ, ამ ჯგუფში მეგობრების მოწვევაც კი მერიდებოდა, მაგრამ მერე გავაანალიზე, რომ ბავშვებისთვის ვითხოვ ამას. მინდა, რომ მათ დედასთან უფრო მეტი ურთიერთობა ჰქონდეთ – საკუთარი პრობლემები მე მომიყვნენ და სიხარულიც გამიზიარონ. ეს როცა გავიაზრე, მერე გვერდის გაზიარება და მეგობრების მოწვევაც დავიწყე.“
ავტორი: იდა ბახტურიძე
ფოტოგრაფი: გედა დარჩია
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის ფინანსური ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის – „სოციალური დაცვის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის საქართველოში“ ფარგლებში.
პუბლიკაციაში/ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ავტორ(ებ)ისეულია და შესაძლოა, არ გამოხატავდეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ან მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის მოსაზრებებს.
UN Women Georgia
ავტორის შენიშვნა – სალომეს ოპერაციისთვის თანხის გადარიცხა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშის ნომრებზე:
საქართველოს ბანკი
თიბისი ბანკი