ქეთი ქამადაძე, 21 წლის, ბათუმი
“მე ფეხზე არასწორად გამიკეთეს ოპერაცია და დღემდე ვიმკი ამ შედეგებს…
თავიდანვე, არც კოლეჯში და არც სკოლაში არ მქონია ბარიერი. უბრალოდ, ერთადერთი ის იყო, რომ ჩემს მეგობრებს გაუკვირდათ ჩემი დანახვა რამდენიმე წამით. არასოდეს ყოფილა მათი მხრიდან ჩემს ცხოვრებაში ის, რომ შენ ასეთი ხარ და ჩვენთან ერთად არ იყო. ძალიან კარგად დავამთავრე კოლეჯი, ვარ სასტუმროს საქმის მწარმოებელი, ესტონეთშიც ვიყავით გაცვლითი პროგრამით ამავე კოლეჯიდან. ახლა ვმუშაობ ჩემივე პოფესიით, ვარ დამხმარე ადმინისტრატორი ერთ-ერთ სასტუმროში ბათუმში. ძალიან კარგი თანამშრომლები მყავს და არც მათი მხრიდან ვგრძნობ არანაირ ბარიერს, ან განსხვავებულ მოპყრობას. არასოდეს მეუბნბიან, რომ „ქეთი, შენ ამას ვერ შეძლებ და დაჯექი“.
ჩემს ოჯახში არც დედაჩემს და არც არავის ჰქონია დამოკიდებულება, რომ მე არაფერი უნდა ვაკეთო იმის გამო, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვარ. პირიქით, სულ მეუბნებიან გაბედე, წადი, გააკეთე… არავინ დამატარებს ხელჩაკიდებული. კოლეჯშიც ჩემით წავედი, უცხოეთშიც და სულ ასე ვარ, ასე გამზარდეს.
ახლა ჩემი პროთეზი არის ძველი და ამიტომ, ცოტა არაკომფორტულად დავდივარ. ყველაზედ მეტად არ მსიამოვნებს, როცა მეკითხებიან „რა გჭირს?“. მაგრამ ახალი პროთეზი რომ გაქვს, როგორი შეგრძნებაა იცი? ახალი ფეხსაცმელი რომ გაცვია, კომფორტულად დადიხარ და მოგწონს შენი თავი, ზუსტად ასე ვარ ხოლმე.
დღემდე ერთადერთი დისკოფორტი ჩემთვის არის ქუჩა. აი, როცა გამოდიხარ და თუნდაც ახალი მეზობელი დაგინახავს, ან ავტობუსში მჯდომი ადამიანი. მათი უცნაური მზერა ჩემს ფეხზე არის ჩემი ყოველდღიურობა, რასაც ვუყურებ. უკვე 13 წელია ასე დავდივარ და ეს აღარ არის ისეთი მტკივნეული, როგორც ადრე იყო და თან ვთვლი, რომ ცნობიერების პრობლემაა. მან არ იცის, რომ თანაგრძნობის გამოხატვა ამ ფორმით არ არის სწორი. მათ ამ გამოხედვას, ზოგჯერ ისეთ მზერას ვუხვედრებ, როგორიც მე სინამდვილეში არ ვარ. მინდა ამით მივახვედრო, რომ ასე აღარ მოიქცეს მომავალში. მაგრამ, ყოველ მეორე გამვლელს ამას ხომ ვერ აუხსნი, არა?! ზოგჯერ იმ ქუჩაზე რომ უნდა ჩავიარო, სადაც ადამიანები სხედან, სირცხვილის დერეფანში გადიხარ რასაც ქვია. მათვალიერებენ თავიდან ბოლომდე და იმიტომ კი არა, რომ დააინტერესათ ჩემი სახე, თმის ფერი ან ა..შ. არა, ქვემოდან იწყებენ თვალიერებას, ვგრძნობ ხოლმე მათ გამომეტყველებაში „ეს როგორ დადის?!“ და ეს ძალიან დიდი დისკომფორტია. როდესაც ტრანსპორტში ავდივარ, არასოდეს ვითხოვ, რომ ადგილი დამითმონ, არავითარ შემთხვევაში. მე თუ განსაკუთრებულად გადაღლილი არ ვარ ან რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა არ მაქვს, არ მჭირდება ადგილის დათმობა. მოხუცი ადამიანი რომ დგება და მე მითმობს ადგილს, იმაზე როგორ დავჯდები?! ასეთებიც ხდება ხოლმე.
ჩემმა ექიმმაც ითამაშა უდიდესი როლი. მითხრა, ყავარჯენი არ დაიჭიროო. წაიქცევი? არაუშავს, ადგები, არაფერი მოგივაო. მართლაც, სკოლაში რომ მივედი, მაშინ მეორე კლასში გადავდიოდი, ჯოხი მივაყუდე კედელთან და დღემდე ისე მოვედი, რომ მის მერე აღარ მჭერია. სკოლამ, ექიმებმა და ოჯახმა ითამაშეს დიდი როლი, რომ მე ეს ყველაფერი დამეძლია და კოპლექსებით არ მეცხოვრა.
ძალიან მინდა ვიმოგზაურო. ჩემი ბავშვობის ოცნებაა, რომ ინდოეთში წავიდე. მათი ცხოვრება, ყველა მათი ტრადიცია ძალიან მაინტერესებს. კი აქვთ უამრავი პრობლემა, მაგრამ მათი ცხოვრებისადმი განსხვავებული დამოკიდებულება მომწონს. უბრალოდ დამსვა და მაყურებინა ყველა მათ რიტუალს, იქნება ეს ქორწინების თუ ა.შ., ეს ოცნება მაქვს, რომელსაც აუცილებლად ავისრულებ.”