შორენა კრაველიძე, 40 წლის, მარნეული

„მე დავიბადე ზურგის ტვინის თიაქარით და ერთი წლის ასაკში ხერხემალზე ოპერაცია გამიკეთეს. მანამდე ჩვეულებრივად ვვითარდებოდი. ფეხებსაც ვამოძრავებდი. არასწორი ქირურგიული ჩარევის შემდეგ კი, ჩემს მშობლებს გამოუცხადეს, რომ ოპერაციამ უშედეგოდ ჩაიარა. ახლანდელი დრო რომ ყოფილიყო, იმ ექიმებს მოეთხოვებოდათ პასუხი იმიტომ, რომ ადამიანი კიდურებს ამოძრავებს, ფეხზე დგება და უუბედურებ ცხოვრებას?!

საჩხერეში გავიზარდე, 17 წელი იქ ვცხოვრობდი და მართალია, სკოლაში არ დავდიოდი, მაგრამ ჩემი კლასელები ყველგან მეპატიჟებოდნენ, ბანკეტი იყო ეს თუ სხვა რამ, სულ ერთად ვიყავით და შეჩვეული ვიყავი მათთან ერთად ამ ყველაფრის კეთებას. მაგრამ სკოლის პერიოდში სახლში მაკითხავდა მასწავლებელი, სკოლაში არ დავდიოდი და ძალიან მწყდებოდა გული და სწავლის მოტივაციაც არ მქონდა. წარმოიდგინეთ, ყოველდღე ერთი და იგივე – ერთი ადამიანი ზიხარ, მოდის მასწავლებელი და ასე გრძელდება. ამიტომ, არც მაინტერესებდა სწავლა.

აქ რომ ჩამოვედით, ყველა გაოცებული სახით მიყურებდა. ამან ჩამაგდო ცუდ დღეში, ამან ჩამკეტა სახლში და არ გამოვდიოდი გარეთ. აქ რომ ჩამოვედი, 17 წლის ვიყავი. ის პერიოდი მქონდა, რომ ვინმე ბიჭი ან ფანჯარაში მხედავდა, ან აივანზე. მათ მოვწონდი, სანამ ქუჩაში დამინახავდნენ. მახსოვს, ერთი ბიჭი იყო, რომელმაც არ იცოდა ჩემი მდგომარეობის შესახებ, მოდიოდა, ჩემი სახლის მოპირდაპირედ იდგა და მიყურებდა, მოვწონდი, შორიდან მეპრანჭებოდა. როგორც კი ქუჩაში მნახა, მაშინვე გაქრა ჩემი ცხოვრებიდან. ასეთი ბევრი შემთხვევა მქონია.

წლების განმავლობაში ვიჯექი სახლში და მქონდა დეპრესია, გამომდინარე იქიდან, რომ სწავლის შესაძლებლობა არ მქონდა. ყოველთვის მქონდა სურვილი, მაგრამ შესაძლებლობა – არა. შემდეგ, განათლების სამინისტროს დახმარებით, გაჩნდა პროექტი, რომელმაც განათლების მიღების საშუალება მომცა. ახლა, პროფესიულ სასწავლებელში ოფის-მენეჯერის პროფესიას ვეუფლები და ამავდროულად, თვითონვე მიფინასებენ ტრანსპორტირებას. მანქანას თბილისიდან დავყავარ მარნეულში.

სწავლა რომ დავიწყე, გვითხრეს გაკვეთილი უნდა ჩაგვაბარო და მოყვეო. ეს იყო ჩემთვის ძალიან რთული და ამას მიხვდა ჩემი ახლანდელი მასწავლებელი – შორენა ლაცაბიძე, რომელიც ძალიან კარგი პედაგოგია და მან მითხრა, რომ მესმის შენი, განათლების მიღების პროცესი თანატოლებთან ერთად არ გაგივლია და ნელნელა შეეჩვევიო და თანდათან გამიჩნდა სურვილი მეც სხვებივით მომეყოლა ნასწავლი.

ყოველთვის მინდოდა აქტიური ვყოფილიყავი და მანამ, სანამ სწავლას გადავწყვეტდი, რვა წლის განმავლობაში ჟურნალ-გაზეთების ჯიხურში ვმუშაობდი, მაგრამ მინდოდა, რომ ცხოვრებაში მეტი წინსვლა მქონოდა. მე ჩემს თავში შეზღუდვებს ვერ ვხედავ. შეიძლება ვინმე რომ მიყურებს, ის გრძნობს, მაგრამ მე თვითონ ვერ ვამჩნევ, იმიტომ რომ ყველაფერში დამოუკიდებელი ვარ.

სანამ ტრანსპორტს დამინიშნავდნენ, მარტოც დავდიოდი ხოლმე თბილისში, ხან ტაქსით, ხანაც მარშუტკით. სახლშიც ყველაფერს დამოუკიდებლად ვაკეთებ. ზოგჯერ ტაქსის მძღოლები ისე შემომხედავდნენ ხოლმე, მაგრამ მე ამ ყველაფერს ყურადღებას აღარ ვაქცევ. ჩემს თავს ჩვეულებრივ ადამიანად ვთვლი. სანამ მუშაობას დავიწყებდი, სახლიდან არ გამოვდიოდი. მეოთხე სართულზე ვცხოვრობდი და თვეები ისე გადიოდა, მხოლოდ ფანჯრიდან ვიყურებოდი. ცუდად ვიყავი ძალიან.

სახლში პატარა ძმიშვილები მყავს და ისინი მიხალისებენ ცხოვრებას. მეც ძალიან მინდა, რომ ჩემი ოჯახი მქონდეს. მქონია შემთხვევა, ინტერნეტით გამიცნია ადამიანი, სასიყვარულო ურთიერთობამდეც მივსულვართ და რომ გაუგიათ, ეტლში ვზივარ, გამქრალან. მე მაქვს მიზანი, რომ მქონდეს ჩემი სამსახური, ჩემი მანქანა, რომ შევძლო დამოუკიდებელი ცხოვრება. ყველა კარგია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ადამიანს შენი ცხოვრება უნდა გქონდეს… ვნახოთ მომავალში რა იქნება და თუ ჩემს ცხოვრებას შევცვლი კარგად, მერე ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მინდა.

ჩემი მშობლები ძალიან მიყვარს, დედმამიშვილებიც, მაგრამ ზოგჯერ მიფიქრია, რომ ასეთი ცხოვრება აღარ მინდა და თავის მოკვლაზეც მიფიქრია, მაგრამ ეს ჩემი მშობლების გამო არ გავაკეთე. ვფიქრობდი, რომ ისინი ამას ვერ გადაიტანდნენ და ამან შემაჩერა. მერე ისე მოხდა, რომ მუშაობა დავიწყე. გადავწყვიტე, რომ მემუშავა და გარეთ გავსულიყავი. ჩემი ოცნება გახდა, რომ 112-ში დამეწყო მუშაობა. მეგობრებმა მითხეს, რომ დიპლომი უნდა გქონდეს, ისე არ მიგიღებენო. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე სწავლა. თბილისში მერიის დაფინანსებით ტრენინგები გავიარე, სადაც 112-ის უფროსი, მარიამ ჭიკაიძე გავიცანი და სერთიფიკატების გადმოცემის დროს, მოვიდა ეს ქალბატონი და მითხრა, რომ სურვილი მაქვს დაგასაქმო 112-შიო.

პირველ რიგში ძალიან მინდა სამსახური, ამავდროულად მართვის მოწმობაც მინდა ავიღო. ჩემს სასწავლებელში არის ამის საშუალება, სასწავლო მანქანებიც შემოიყვანეს და მართვის მოწმობას რომ ავიღებ და სამსახური მექნება, მაქვს იდეა, რომ არასამთავრობო, ორგანიზაცია ჩამოვაყალიბო და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დავეხმარო სულიერად და ვუთხრა მათ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. პირადად ჩემთვის, შეზღუდული შესაძლებლობები მართლაც არ არსებობს იმიტომ, რომ მე ძლიერი ვარ და მინდა რომ ყველა ძლიერი იყოს. მე რომ პრობლემა მხვდება, მე მას ვერევი, მაგრამ არიან შშმ პირები, როდესაც პრობლემა ხვდებათ, ჩერდებიან და ფიქრობენ „მე ასეთი რომ ვარ, იმიტომ ვერ მივდივარ წინ“. მაგრამ ყველასთვის ასე არ არის. ყველა ადამიანს შეიძლება შეხვდეს დაბრკოლება, მაგრამ მან გზა უნდა გააგრძელოს. სამწუხაროდ, ადამიანები კარგავენ იმედს და ვარდებიან სასოწარკვეთაში. მე ოჯახში და ნათესაობაში არ ვგრძნობ იმას, რომ თითქოს განსხვავებული ვარ და ალბათ ამიტომაც ვარ ძლიერი. ის დამოკიდებულებაც, რომ „ვაიმე, რა ცოდოა“, უკან გხევს და დეპრესიაში გაგდებს.

ყველაფერს ვიღონებ, რომ ჩემი ცხოვრება კარგისკენ შევცვალო და მინდა, რომ სხვებსაც დავეხმარო. მე რომ შევძლო და ჩამოვაყალიბო ორგანიზაცია, იმაზე კი არ ვიზრუნებ, რომ იქიდან შემოსავალი მქონდეს, მართლა დავეხმარები მათ, ვისაც სჭირდება. მე როგორც მესმის ეტლიანის, ბოდიში, მაგრამ თქვენ ისე ვერ გაუგებთ. ჩემთან ერთად სწავლობს უსინათლო პირი და მე სიტყვაზე, ეტლიანის უფრო კარგად მესმის, ვიდრე უსინათლო ადამიანის. ის ბიჭი ამბობს, რვაასლარიანი პენსია მინდაო და მე ვუთხარი, ასე ნუ ამბობ, რადგან არც მაგ მოთხოვნას შეგისრულებენ და რაც რეალურია, იმასაც დაკარგავ-თქო. მოითხოე, რომ უსინათლოებისთვის გაიხსნას სამსახურები, გახვიდე და იმუშაო. მე რომ მითხრან, შორენა სახლში დაჯექი და რვაასლარიან პენსიას მოგცემთო, არ მინდა. მე რომ მქონდეს ხუთასლარიანი სამსახური, იქ გარემო იყოს ადაპტირებული და ჩემი თავის წარმოჩენა შევძლო და ამაში ხელფასი ავიღო, ის მირჩევნია, ვიდრე მოვდუნდე, სახლში ვიჯდე და რვაასლარიანი პენსია მქონდეს. მე მინდა რომ რეალიზებული ვიყო, დავიხარჯო და ავიღო ხელფასი.

სწავლა რომ დაიწყო და მანქანა ჯერ არ იყო გამოყოფილი რომ დილაობით ვეტარებინე, ჩემს ძმას მივყვებოდი, რომელიც თბილისში მუშაობს. დამტოვებდა სასწავლებელში, მერე ტაქსით გამოვიდოდი სამგორამდე და სამგორიდან „მარშუტკით“ მოვდიოდი ჩემს სახლამდე. თვენახევარი ასე ვიწვალე. მერე ფინანსებიც აღარ მქონდა და დირექტორს რომ ვუთხარი, მან სასწავლებელში ოთახი გამომიყო და თვენახევარი იქ ვიცხოვრე. ვწვალობდი, მაგრამ იმის გამო, რომ ვისწავლო და მერე რაღაცას მივაღწიო, ვითმენდი ამ წვალებას.

რამდენიმე დღის წინ სტაჟირება დავიწყე მარნეულის გამგეობაში. ადმინისტრაციული საქმეებით ვარ დაკავებული. პირველივე დღიდან ყველა ძალიან კარგად შემხვდა, გამგებელი ძალიან ყურადღებიანია.

მე გამოვცადე სახლში ჯდომა, უიმედობა და ახლა რომ ვგრძნობ, რომ ვარ ჩვეულებრივი ადამიანი და ყველაფერი შემიძლია, მინდა ასე ვაგრძნობინო იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ვინც ახლა სახლში სხედან იმედგაცრუებული და ხელჩაქნეული, მინდა მათ დავეხმარო. მანქანა რომ მეყოლება მინდა ისინი თუნდაც თვეში ერთხელ ჩავსვა და გავასეირნო პარკში, ზოოპარკში, ჰაერზე გავიყვანო და ცხოვრება გავუხალისო. იმ ორგანიზაციებს, ვინც შშმ პირებისთვის მუშაობენ, ვეტყვი, რომ იმუშაონ გულით და რასაც აკეთებენ, უყვარდეთ ის საქმე. შშმ პირებს კი ვეტყვი: შენ რომ სახლში იჯექი და სულიერად ცუდად იყავი, რომ არაფრის იმედი არ გქონდა, ფინანსურადაც რომ არ იყავი გამართული, გარეთ ვერ გადიოდი ის პერიოდი გაიხსენე, ცუდი გაიხსენე. მე ყოველთვის იმას ვამბობ, რომ წარმატებას თუ მივაღწევ, არ დავივიწყებ იმას, რაც გავიარე და თუ ვინმეს რამეს შევპირდები, აუცილებლად შევასრულებ. ყველაზე ძნელია, როცა ადამიანს იმედს ჩაუსახავ, „კი“-ს ეტყვი და მერე იმედს გაუქრობ. ჩემთვის ახლა მარიამ ჭიკაიძე არის ძალიან დიდი იმედი, ვინაიდან თვითონ შემომთავაზა დასაქმება. მისი შემოთავაზების მერე სიხარულით დავფრინავდი და იმედი მაქვს, რომ არ გამიცრუებს იმედებს.

თქვენი გვერდის საშუალებით მინდა მადლობა გადავუხადო კოლეჯ „სპექტრში“ მომუშავე ყველა ადამიანს – დაცვას, მასწავლებლებს, დამლაგებლებს და დირექტორს. ისინი ძალიან თბილი და ძალიან ყურადღებიანი ადამიანები არიან. თავიდან, როცა იქ მივედი, კი მინდოდა სწავლა, მაგრამ რამდენად შევძლებდი არ ვიცოდი, მაგრამ შევძელი, რადგან დირექტორი, ბატონი მათე ტაკიძე, უაღრესად კეთილი და კარგი ადამიანია და ჩემთვის მეგობარია, რომელიც ბევრი ნაბიჯის გადადგმაში დამეხმარა.“