ხატია გოგალაძე, 20 წლის, გორი

„ეროვნული თავდაცვის აკადემიის მესამე კურსელი იუნკერი ვარ. დავაზუსტებ, რომ ამ აკადემიის სტუდენტებს ჰქვიათ იუნკერები და ეს არის ტრადიციული სახელი, რადგან კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლაში დაიღუპნენ იუნკერები. ესენი იყვნენ პირველი აკადემიის წარმომადგენლები და 2013 წლიდან, ახალი აკადემიის სტუდენტებსაც ოფიციალურად დაერქვათ იუნკერები.

აკადემიის დამთავრების შემდეგ ვხდები ლეიტენანტი. მინიმუმ, ექვსი წელი უნდა ვიმსახურო შეიარაღებულ ძალებში, რადგან აქ ჩაბარებისას 10 წლიანი კონტრაქტი მაქვს გაფორმებული. აქედან, 4 წელი სწავლობ საბაკალავრო პროგრამაზე და 6 წელი მსახურობ შეიარაღებულ ძალებში.

ზუსტად მეცხრე კლასში ვიყავი, როცა აკადემიაში პირველად წაგვიყვანეს, რომელიც ახალი გახსნილი იყო და ექსკურსიები ხშირად ეწყობოდა ხოლმე. რა თქმა უნდა, აღფრთოვანება გამოიწვია ამ ყველაფერმა იმიტომ, რომ საკმაოდ მაღალი დონის სასწავლებელია. ყველაფრით გამორჩეული იყო და არის ჩემთვის აკადემია. მახსოვს დაგვისვეს კითხვა, ვის გინდათ აქ ჩაბარებაო. მე ხელი ავწიე, თან მაშინ გოგოები არც ჰყავდათ. სახლში რომ მოვედი და ვთქვი, ხუმრობად აღიქვეს და ჩათვალეს, რომ გამივლიდა. მართლაც, ეკონომიკის ფაკულტეტზე გადავწყვიტე ჩაბარება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უკვე თებერვალია, უნივერსიტეტების არჩევის დროა…ისევ რაღაც ინფორმაცია ვნახე აკადემიაზე და ვთქვი, რომ ნამდვილად აქ უნდა ჩამებარებინა. თან ამ დროს უკვე მქონდა ცოდნა თანასწორობაზე, უფლებებზე, ფემინიზმზე და ვიფიქრე, რომ სქესის გამო, უარი არ უნდა მეთქვა ჩემს ინტერესებზე. ამის შემდეგ ძალიან სერიოზული ბრძოლა დამჭირდა ოჯახთან, რომ ეს მართლა მინდა, რომ ეს არ არის ხუმრობა და მე ეს შემიძლია. საზოგადეობის მხრიდანაც იყო, რომ გოგო ხარ და ჯარში რატომ მიდიხარ? შვილები არ გინდა? გათხოვება ხომ გინდა და ქმარმა რომ დაგიშალოს, ამდენი შრომა წყალში უნდა ჩაყარო?! თან ჯარზე სტერეოტიპი არსებობს, რომ მარტო გაუნათლებელი და უსაქმური ადამიანები მიდიან. ეს სტერეოტიპი, პირველ რიგში, ჩემთვის დაიმსხვრა იქ მისვლის შემდეგ, იმდენი ძალიან განათლებული ადამიანი გავიცანი აკადემიაში.

კურსზე 4 გოგო და 100-ზე მეტი ბიჭი ვართ. თავად შეაფასეთ, როგორია თანაფარდობა. წელს პირველ კურსზე კი უკვე 7 გოგო მოვიდა და ნელ-ნელა ვიზრდებით ქალები რაოდენობრივად. თვითონ აკადემიამ ფორმალურად შექმნა ის პირობები, რომ გოგოებს შეუძლიათ იქ ჩაბარება და საკუთარი უნარების თანაბრად რეალიზება. მაგრამ, ცხადია, სტუდენტების და ჯგუფელების დამოკიდებულება სხვაგვარია. მაგალითად. ჩემს კურსელებს უთქვამთ, რომ „ქალის გაცემულ ბრძანებაზე, სმენაზე არ გადავალ“. განსაკუთრებულად თავიდან იყო ეს, დავუშვათ, მე ბრძანებას რომ გავცემდი, შეიძლება ბიჭებს სიცილი დაეწყოთ. ამ დამოკიდებულებების მერე, გინდა თუ არ გინდა, შენც ვეღარ აღიქვამ შენს თავს სერიოზულად. მე გადამხდა მსგავსი სიტუაცია – დგას ოცი ადამიანი, წინ გამოვედი და უნდა გავცე ძალიან სერიოზული ბრძანება. დამოკიდებულებები რადგან ვიცოდი, მე თვითონ გამეღიმა ჩემს ნათქვამზე და დავიჯერე, რომ მე ეს არ შემიძლია. ჩვენი მეთაური მომიბრუნდა და მითხრა, რომ არც გონებრივი, არც ფიზიკური შესაძლებლობებით და არც უფლებებით, არავისზე ნაკლები არ ვარ. ამის შემდეგ შეიცვალა რაღაცეები ჩემში. ქალებს ორმაგი ძალისხმევა გვჭირდება, რომ ნდობა და ავტორიტეტი მოვიპოვოთ. მუდმივად გვიწევს იმის მტკიცება, რომ ეს მართლა შეგვიძლია. თუ რაღაცას კარგად აკეთებ, აუცილებლად გეტყვიან, რომ „ბიჭივით გამოგდის“. ზაფხულის სამთო კურსი გავიარეთ სამმა გოგომ. სხვათაშორის, ეს კურსი მანამდე გოგოებს არ ჰქონდათ გავლილი და ისე მოხდა, რომ საკმაოდ სწრაფად მივედი, მოკლედ, ბიჭების კატეგორიაში მივასწარი. ამ დროს ვიღაც დამძახის – „მიდი გოგალაძე, ცოლი უნდა მოგაყვანინო“, ანუ თუ კარგად აკეთებ რაღაცას, კაცი ხარ.

ძალიან სასიამოვნოა, როცა შენით ვიღაც ამაყობს და დღეს უკვე ჩემი ოჯახისგან ამას მუდმივად ვგრძნობ. საზოგადოების დამოკიდებულებებიც შეიცვალა, დედაჩემს უკავშირდებოდნენ და ეუბნებოდნენ „იცი, შენი შვილი ტელევიზორში ვნახეთ“, „შენი შვილი ფორმით რა ლამაზია“ და ა.შ. ამის შემდეგ ძალიან შეიცვალა ჩემი მშობლების დამოკიდებულებები – კი აღარ კიცხავდნენ შვილს ამ გადაწყვეტილების გამო, პირიქით, ამაყობდნენ.

წარმოუდგენიათ, რომ სამხედრო სფეროში რადგან მიდიხარ, ფიზიკურად ძალიან ძლიერი უნდა იყო თავიდანვე. სინამდვილეში როგორც ემზადები უნარებისთვის, ისე ვემზადებოდი მე ფიზიკური ნორმატივების ჩაბარებისთვის. რა თქმა უნდა, მიჭირდა თავიდან, მაგრამ თუ არ იშრომე და ეცადე, არაფერი გამოვა არც ამ სფეროში და არც სხვაგან. მარტო გოგოებს კი არა, ყველას უჭირს თავიდან და დღესაც იჭრება ზოგიერთი ბიჭი. წელს მაგალითად 145 ადამიანი მიიღეს, აქედან შვიდი გოგო. 25 ბიჭი წავიდა, ვერ გაუძლეს. შვიდივე გოგო ისევ ადგილზეა. ამიტომ ვთვლი, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იყოს ის, ვინც უნდა რომ იყოს, თუკი მოინდომებს და იშრომებს.“