ესმა
„გაჭირვებულ დღეს გაჩენილი“ რომ არის ქართული გამოთქმა, ზუსტად ასეთ გაჭირვებულ დროს, 1994 წლის 17 აგვისტოს, დავიბადე იმერეთში, ბაღდათში, რომელსაც ზოგი ქალაქს ეძახის, ზოგიც – დაბას. ერთი სიტყვით, დღეს მუნიციპალური ცენტრია. ოჯახში ერთადერთი შვილი ვარ. ჩემი მშობლებიც ორივენი იქ დაიბადნენ. ნავთის ლამპისა და სანთლის შუქზე დავიბადე. დედამ მომიყვა, როგორ გემრიელად შეექცეოდა თაგვი სამშობიარო პალატის ტუმბოზე დადებულ სახლიდან დედისთვის მოტანილ საჭმელს. ექიმებმა მამაჩემს ჯერ კიდევ სამშობიაროდან ჩვენი გამოყვანისას უთხრეს, თვალები შეუმოწმეთო. მართლაც, ქუთაისში რომ მიმიყვანეს ოფთალმოლოგთან რამდენიმე კვირის თავზე, უთქვამს, რომ საქართველოში ვერაფერს იზამდნენ და მოსკოვში უნდა წავეყვანე სამკურნალოდ. ევროპა, ამერიკა, დასავლეთი რა იყო, მაშინ იცოდა მხოლოდ ზეპრივილეგირებულმა ხალხმა. ჩემი ოჯახი ასეთი არ ყოფილა. უბრალო, რიგითი ადამიანები არიან. დღესაც სოფლის მეურნეობით დაკავებულები, ხელოსნები, მუშები, მძღოლები, მომსახურების სფეროში დასაქმებულები, მაღაზიის გამყიდველები არიან. ბებია (დედის დედა) რუსია. იქ ყავდნენ დედმამიშვილები, დედას – სკოლისა და უნივერსიტეტის მეგობრები. მამაჩემსაც იქ ჰყავდა წლების წინ წასული შორეული ქართველი ნათესავები. რუსეთის იქით კი უკეთეს სამყაროსთან არანაირი კავშირი. ამიტომაც მთელი ბავშვობა მოსკოვში დავყავდი სამკურნალოდ. წელიწადში მინიმუმ რამდენიმე თვეს რუსეთში ვატარებდი. ამიტომ საკმაოდ კარგად ვიცნობ იქაურ განწყობებს, ფასეულობებს, რიგითი ხალხისა თუ ტელევიზიების მიერ გაჟღერებულ ღირებულებებს, რწმენა-წარმოდგენებს. რუსეთში მე მხოლოდ პაციენტი, მკურნალობის ობიექტი, ვიყავი. თვეობით ვცხოვრობდით ოფთალმოლოგიის განყოფილებაში. დახურული ინსტიტუცია იყო. საავადმყოფოს ტერიტორიის გარეთ აკრძალული იყო ბავშვების გაყვანა მკურნალობის პერიოდში, თუნდაც რომ მშობლებთან ერთად ყოფილიყვნენ ჩემსავით ჰოსპიტალიზებულნი. აქაოდა, საავადმყოფოს გარეთ პაციენტს რამე რომ მოუვიდეს, საავადმყოფო იქნებაო პასუხისმგებელი. დედა ნახევრად მაპარებდა ხოლმე ქალაქში სასეირნოდ. 6 ოპერაცია მაქვს იქ გაკეთებული. რამდენად გენეტიკურია ჩემი დიაგნოზი, არ ვიცით. რამდენადაც ვიცით ჩვენი წინაპრების შესახებ, ჩემის მსგავსი დიაგნოზი არავის ჰქონია. მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, რომ ვინმე ჩვენთვის უცნობ წინაპარს ჰქონოდა კიდეც. იმ დროში შეზღუდული შესაძლებლობა, სხვადასხვა დიაგნოზები, დაავადებები კიდევ უფრო ტაბუირებული თემები იყო. მათზე ცდილობდნენ არ ელაპარაკათ, მალავდნენ შშმ პირებს მასობრივად. არაა გამორიცხული, ჩემი დიაგნოზის მქონე წინაპარი ნაადრევადაც გარდაცვლილიყო, ბავშვობაში, რადგან წნევის დამწევი წამლების გარეშე თვალის წნევა მუდმივად იზრდება. შემდეგ საჭირო ხდება თვალის ამოღება, თორემ გასკდომის შემთხვევაში შეიძლება, ადამიანის სიცოცხლესაც შეუქმნას, ალბათ, საფრთხე. ასე გარდაცვლილის არსებობა შეიძლება, დაემალათ კიდეც, ნათესავთა გენებში კი დარჩენილიყო ამ დაავადების მატარებელი გენი დათრგუნულ მდგომარეობაში, ჩემში კი გამოვლინდა. ექიმები არათუ ბავშვებს, მშობლებსაც დიდად არ ელაპარაკებოდნენ დიაგნოზის დეტალებზე, მკურნალობის პერსპექტივებზე. ერთხელ, დედა საავადმყოფოდან რომ გავიდა, ექიმებმა მომაკითხეს და წამიყვანეს სტუდენტებისთვის ჩემი მდგომარეობის საჩვენებლად. არც გამაფრთხილეს, სად და რისთვის მივყავდი. დამსვეს და დაუწყეს სტუდენტებს ახსნა, რომ ეს არის ავთვისებიანი გლაუკომა. ავთვისებიანი მე მარტო სიმსივნე ვიცოდი, კიბო. ვიფიქრე, ე.ი კიბო მაქვს მეთქი. მერე კი ვიკითხე და ამიხსნეს, რომ არა, მაგრამ…
2 წლის გოგო იყო ჩემი დიაგნოზით მამასთან ერთად. მამა ძალიან შეგნებული კაცი ჩანდა. იძიებდა უსინათლოების შესახებ ინფორმაციას, მაგ. სახლში როგორი რემონტია უკეთესი უსინათლოებისთვის. კარელიიდან ვართო, გვითხრა. მაშინ არ ვიცოდი, ეს სად იყო. ამბობდა, რომ ლამაზი მხარეა. 2022 წლის დამდეგს გავიგე, რომ ეს ფინეთისთვის საბჭოთა დროს წართმეული და მოკლე პერიოდით საბჭოთა კავშირის მე-16 რესპუბლიკად გამოცხადებული ტერიტორიაა. ყრუ უსინათლო გოგოსაც დავუმეგობრდი. ოქსანა ერქვა. მე არ ვიცოდი არც დაქტილი ან ტაქტილური ენა, ის ვერ ლაპარაკობდა და არ ესმოდა. მაგრამ მაინც ვმეგობრობდით. ჩავკიდებდი ხელს, ის თავისებურად გადაატრიალებდა ხელისგულს და განყოფილების დერეფანში დავსეირნობდით. მე რაღაცებს ვუყვებოდი. მოკლე ვადით განყოფილებაში ერთი აფხაზი ბავშვი იწვა. გოჩა ჯინალი. ბებია ახლდა, რომელმაც ქართულიც იცოდა და ქართველი იყო. დავსხდებოდით საავადმყოფოს დერეფანში და ვლაპარაკობდით ქართულად. საავადმყოფოში ვმეგობრობდი ჩემზე რამდენიმე წლით უფროს გოგოსთან. დედაჩემის მეგობრის ნაჩუქარი „ბარბი“ მქონდა, რომელიც ძალიან მიყვარდა. ამ გოგოსთან რომ ვთამაშობდით ხოლმე, მოიტანდა თავის „ბარბისაც“, გადაუწევდა ორივეს ფეხებს, ვითომ სექსი აქვთ. 9 წლის ვიყავი და სექსი რა იყო, არ გამეგო. სახლში რომ ვკითხულობდი, მეუბნებოდნენ, 6-იანს ნიშნავსო (six ინგლისურად). სექსის შესახებ პირველად სწორედ სხვა ბავშვებისგან გავიგე საავადმყოფოში. ოჯახში ბავშვები ჩიტებს მოჰყავთო, არ მეუბნებოდნენ. ვიცოდი, რომ დაქორწინების შემდეგ ქალები ორსულდებიან და მშობიარობენ. რომ ზოგჯერ ქმრის არყოლის პირობებშიც ორსულდებიან, მაგრამ ბავშვის გაზრდა ასე უჭირთ. დეტალებზე კი არასდროს უსაუბრიათ ჩემთან. მე რა შეკითხვებსაც ვუსვამდი დედას, მხოლოდ მათზე მპასუხობდა. 11 წლის რომ ვიყავი, რუსული ბიბლიოთეკიდან მომიტანა აუდიოკასეტებზე ჩაწერილი მრავალტომიანი ძველი მსოფლიოს ისტორიის სახელმძღვანელო. ის საბავშვო ნამდვილად არ იყო. უამრავი პირველწყაროს ამონარიდით. ბიბლიოთეკარმა კი გაატანა, მაგრამ რეალურად მათაც ხომ ყველა წიგნი წაკითხული არ აქვთ. ერთერთი წყარო, ეტყობა, „კამასუტრაც“ იყო ან სხვა მსგავსი ნაწარმოები, რომელიც მოვისმინე. მერე და მერე ზოოლოგიისა და ბიოლოგიის სახელმძღვანელოებიდან გავიგე.
რუსეთში, ქართველი ნათესავების სახლის გარდა, საქართველოზე არსად უნდა მელაპარაკა. არ უნდა გამომეთქვა აზრი ხმამაღლა. ქართველებთან ყოფნა ოაზისში შესვენებას ჰგავდა შუა უდაბნოში. მათთან თავი საქართველოში მეგონა, საკუთარ სახლში. ყველგან გაფაციცებული მქონდა ყურები, იქნებ, სადმე ქართული საუბრისთვის მომეკრა ყური. წარმოიდგინეთ, როგორია, უყურო ჩართულ ტელევიზორს, ახალ ამბებს, სადაც საქართველოს ლანძღავენ, აგდებულად იხსენიებენ, გარშემომყოფთა პროპაგანდას აყოლილი წამოსროლილი კომენტარები გესმოდეს და შენი, როგორც საქართველოში მცხოვრების, იქ მიმდინარე პროცესების მომსწრის, აზრის გამოთქმა არ შეგეძლოს. ერთხელ მახსოვს, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით ახალ ამბებში გამოცხადდა, თითქოს აფხაზეთი კაზაკების ისტორიული სამშობლოა, რომ იქ კაზაკების გარდა ყველა სტუმარი და ჩასულია. მე და დედა ვუზიარებდით მხოლოდ ერთმანეთს დაგროვილ აღშფოთებას. მახსოვს ის გრძნობა, როდესაც ქართველმა ნათესავმა საავადმყოფოში გვინახულა და ჩუმად გვითხრა, რომ ასლან აბაშიძეს აჭარა დაატოვებინეს. მქონდა გამარჯვების მით უფრო ექსკლუზიური განცდა, რომ მას ვერავისაც ვერ გავუზიარებდი. მაშინდელი საქართველოსგან განსხვავებით, რუსეთში ცხელი წყალიც იყო, დენიც და კომფორტიც. მაგრამ სახლი, მამა და, შესაბამისად, საქართველოც, მაინც მენატრებოდა. მითუმეტეს, რომ იქ ბევრი აკრძალული თემა იყო. დედაჩემის დეიდაშვილები სულ ურჩევდნენ, რუსეთში დარჩენილიყო, ქმარი მიეტოვებინა. ესეც მაღიზიანებდა. მათ არ იცოდნენ, რა ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან ჩემს მშობლებს, როგორი დამოკიდებულება და ძალიან მსუბუქად, ჰაერზე, მოუწოდებდნენ დედაჩემს ამისკენ. გაიაზრა რა დედაჩემმა, რომ ოპერაციები მხოლოდ დროებით შედეგს იძლევა; რომ თვალის წნევის დამწევებით შესაძლოა, თვალი კიდევ დიდხანს შემინარჩუნდეს, დიდი პროგრესი კი მაინც არ იქნება, შევწყვიტეთ ოპერაციებზე სიარული.
საბჭოთა პერიოდში ბებია მაღაზიის გამყიდველად მუშაობდა სამხედრო „გარადოკში“. იმ მაღაზიაში დარჩა 90-იანებშიც. უშუქოდ, ზამთარში, ღია კარებით დღეში 16-18 საათი ვაჭრობდა იქ 90-იანების კრიმინალის მიუხედავად. შეძენილი პროდუქციისთვის ფულის გადახდა რომ არ უნდოდათ, ერთხელ შუშის ბოთლი ესროლეს. კიდევ კარგი, აიცილა. ამიტომ, მშობლების დაქორწინების შემდეგ მალევე ბაღდათიდან ქუთაისში გადავიდნენ ბებიასთან საცხოვრებლად, დედისეულ სახლში. დედის მხრიდან ბაბუა, ჯერ კიდევ მშობლების ქორწინებამდე გარდაიცვალა. მამა და ბებია მაღაზიაში მუშაობდნენ, მე და დედა კი ერთად ვიყავით. ბევრს ვსეირნობდით. დედამ ჩემ დაბადებამდე 2 წელი მოასწრო მხოლოდ დაწყებითი კლასების მასწავლებლად და საბავშვო ბაღის აღმზრდელად მუშაობა. სულ კითხულობდა წიგნებს. სპეციალურად მე კი მიკითხავდა ზღაპრებს, მაგრამ თავისთვისაც კითხულობდა. ხანდახან რომ დავადგებოდი თავზე, ხმამაღლა მიკითხავდა, სხვა დროს კი, თუ რამე გამომრჩებოდა, მიყვებოდა.
სათამაშოებიდან კონსტრუქტორიც მქონდა და თოჯინებიც; სატვირთო მანქანებიც და სამზარეულოც. მახსოვს მამამ, მაღაზიისთვის ლილოდან საქონლის ჩამოსატანად რომ წავიდა ბებიასთან ერთად, ჩამომიტანა ელემენტებიანი მანქანა, რომელიც დისტანციური პულტით იმართებოდა და თავისით დადიოდა. ძალიან ავად ვიყავი, მაღალი სიცხით, რომ ჩამოვიდნენ გვიან საღამოს, მაგრამ ამ მანქანამ გამომაცოცხლა. ისე კი ყველაფრით ვთამაშობდი. სანთლის ნარჩენებს ვადნობდი, მონეტისა და კვერცხის ფორმებად ვასხამდი. ფარდებისგან სარეცხის დასამაგრებლების გამოყენებით და სკამის მიდგმით ვაწყობდი ცალკე ოთახს; სიგარეტის ბლოკებისგან ვაშენებდი სახლებს; შედედებული რძით სავსე ქილებისგანაც ვაგებდი კედლებს, ვსახლდებოდი ამ ნაგებობაში. ზოგჯერ კი დაინგრეოდა ხოლმე და ფეხზეც დამეცემოდა მძიმე ქილა, მაგრამ მაინც არ ვეშვებოდი. მუყაოს ყუთებისგან, სავარძლის ბალიშებისგანაც ვიშენებდი სახლებს. კულტურული საღამოების მოწყობას ვცდილობდი ხოლმე ბავშვობაში. ქუთაისშიც და ბაღდათშიც. კარდაკარ შემოვუვლიდი ბავშვებს, ქუჩაში მოთამაშეებს ვეტყოდი, მათს მშობლებს. იკრიბებოდა ეზოში ხალხი. კულისებიც გვქონდა: პლედჩამოფარებული გარაჟი. იქიდან გავდიოდით მაყურებლის წინაშე წარსადგომად, ვკითხულობდით ლექსებს, ვმღეროდით. კარგად მახსოვს დღე, როდესაც ჩემი საბავშვო საწოლი აალაგეს. არ ვიცი, რამდენი წლის ვიყავი. იატაკზე ვიჯექი, ვუყურებდი ლურჯ ცას და ვფიქრობდი, რომ დრო გადის. ქუთაისში ჩემს ბავშვობაში არც გაზი იყო, არც წყალი და არც დენი. შუქის მოსვლას შეძახილებით აღნიშნავდნენ. მთელი ეზო წუთებში ორთქლდებოდა. მირბოდნენ სახლებში ტელევიზორის საყურებლად, გასაუთავებლად. 4 სართულიან, მრავალბინიან კორპუსში შეშის ღუმელი გვედგა და ფანჯრიდან მილი იყო გამოშვერილი. მამაჩემი სადღაც დადიოდა წყლის მოსატანად. ეზიდებოდა 20 ლიტრიანებით. მიყვარდა ეზოში სიარული, მეზობლებთანაც. მარტო დავდიოდი, ეტყობა, სულ ოდნავ უკეთაც ვხედავდი, ვარჩევდი სილუეტებს. ზოგჯერ დიდხანსაც ვრჩებოდი მაღაზიაში. ხურდას ვუთვლიდი მყიდველებს და ვაძლევდი, ვაწვდიდი პურს ან რასაც ბებია მეტყოდა. ვერთვებოდი ვაჭრობაში. ზოგჯერ მგონია, მხედველი რომ ვყოფილიყავი, შეიძლება, ოჯახის საქმე გამეგრძელებინა. გამეფართოვებინა ბიზნესი და ქუთაისში დავრჩენილიყავი. ზამთარში მშრალ სპირტზე ვაცხელებდით ზოგჯერ წყალს, რომელსაც ასხამდნენ ბოთლებში და დებდნენ საწოლში, გასათბობად. ზოგჯერ ისეთი სიცივე იყო, შუადღისას ვწვებოდი საბნის ქვეშ ისე, რომ არ მეძინებოდა. მხოლოდ გასათბობად. მერე ავდგებოდი, ცოტას ვირბენდი და ისევ ვწვებოდი. სადარბაზოსთან, ეზოში, ონკანში რომ მოდიოდა წყალი, მეც ვეხმარებოდი ზიდვაში. ბოთლით მიმქონდა მე-2 სართულამდე და იქ ვასხამდი დიდ ვედროში. ასე ჩემი შეგროვილი წყალი მერე ბინაში აჰქონდათ.
პატარა რომ ვიყავი, 4-5 წლის, დედა ცდილობდა, ბრტყელი შრიფტითაც „თვალხილულად“ მესწავლა წერა-კითხვა. და რომ არ გამოდიოდა, ნერვიულობდა და ჩხუბობდა. მინდა, შშმ ბავშვთა მშობლებმა იცოდნენ, რომ ბავშვის მდგომარეობის აუღიარებლობა ნიშნავს ბავშვზე ძალადობას. როცა მისგან მოელიან იმას, რასაც ის ვერ შეასრულებს. სკოლაში მისვლის პირველი დღე მახსოვს. ბევრი ბავშვისგან განსხვავებით ძალიან მიხაროდა. 8 წლის ვიყავი. სკოლაში მისვლა ნიშნავდა, რომ მეც სხვა ბავშვებივით ნორმალური ვარ; რომ მეც ვმონაწილეობ ამ ცხოვრებაში. ქართული რომ თითქმის არ ვიცოდი, ეს დამატებითი გამოწვევა იყო, პროგრამას რომ დავწეოდი. დედაჩემს ჩემთან ერთად ქართულშიც მოუწია ვარჯიში. ბრაილის შრიფტით წიგნები ბევრ საგანში არ იყო, ამიტომ მას უნდა წაეკითხა ჩემთვის. ის მცირერიცხოვანი ქართული სიტყვებიც, რაც ვიცოდი, იმერული კილოთი ვიცოდი და ეს დამატებით სიცილს იწვევდა.
პანსიონში მშობლებმა არ დამტოვეს. როგორც მთელ ქვეყანაში, არც სკოლაში არ იყო ელემენტარული პირობები. ერთერთი მცირემხედველი დამრჩენი ბავშვი იქ გაცივდა და ფილტვების ანთება დაემართა. გართულების ფონზე მხედველობა სრულად დაკარგა. ჯერ ჩემს ბიძასთან ვცხოვრობდით. 2 ოთახში 7 ადამიანი. გაკვეთილებს ხალხმრავლობის გამო სანამ სითბო იყო, ეზოში ვსწავლობდი. იქ შემაღლებულ ადგილზე მაგიდა იდგა, რომელსაც კათედრას ვეძახდი. დილაობით სკოლაში წასვლამდე სიცივეშიც კი აუცილებლად დავრბოდი. ბავშვობაში ძალიან კონსერვატიულად მიყვარდა ჩაცმა. მე თვითონ: გრძელი ქვედაბოლოები მერჩივნა შარვლებს. განსაკუთრებით იმოქმედა ჩემზე ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებმა, (თუ არ ვცდები „მგზავრის წერილებმა“) სადაც რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკას აკრიტიკებდა. თან მისი სახის საჩვენებლად იზლერის ბაღი მოყავდა, სადაც ქალები „გამომწვევად ჩაცმულები“ დადიოდნენ. მინდოდა, სწორედ მათგან განსხვავებული ვყოფილიყავი. „ნამდვილი ქართველი გოგო“, არა „მათნაირი“.
ნელნელა, თუმცკი, გაჩნდა ბრაილის ახლადდაბეჭდილი და დისკებზე ჩაწერილი აუდიოსახელმძღვანელოები (თორემ პირველ წლებში საბჭოთა დროს გამოცემული წიგნებით ვსწავლობდით). დენიც დარეგულირდა. ქუთაისში გაზის გამათბობელი გაჩნდა. წყლის ავზი, რომლითაც ვიმარაგებდით და ონკანში მოგვდიოდა წყალი. წყლის მოსვლის გრაფიკიც დალაგდა. თვალზე ბოლო ოპერაციის შემდეგ დრო რომ გავიდა, ავადმყოფობასაც მოვუკელი, თორემ პატარაობაში სულ გაციებული ვიყავი, ხშირად მაღალი სიცხით. მამაჩემმა მიწა იყიდა და სახლის მშენებლობა დაიწყო. გამიჩნდნენ მეგობრები. სკოლაში თავს ვგრძნობდი შემოქმედებით, აქტიურ ადამიანად, რომელსაც პასუხისმგებლობაც ეკისრებოდა. დავალებას თუ არ შევასრულებდი, შენიშვნას მაძლევდნენ, რომ ვაცდენდი, მომკითხავდნენ. მახსოვს მე-2 კლასში პირველი 5-იანი რომ ჩამიწერა მასწავლებელმა შეკერილ რვეულში. ბრაილის შრიფტით საწერად საჭიროა უფრო სქელი ფურცლები. რვეულები არ გვქონდა. გვაძლევდნენ ყავისფერ მუყაოს ფურცლებს, რომლებისგანაც რვეულს სახლში ვკერავდით. სკოლაში ვიყავი არა ობიექტი, არამედ სუბიექტი. ვმონაწილეობდი კონცერტებსა და სპექტაკლებში. დავდიოდი ექსკურსიებზე. მე-2 კლასიდანვე ვცდილობდი მოსწავლეთა ორგანიზაციის შექმნას. სხვადასხვა სასკოლო საკითხებზე სამსჯელოდ ვიკრიბებოდით ხან ეზოში ხან უფროსკლასელების საკლასო ოთახებში. ვოცნებობდი, ჩვენი ორგანიზაციისთვის ცალკე ოთახი რომ გამოეყოთ როგორმე. არადა უამრავი გამოუყენებელი სივრცე იყო მაშინ სკოლაში.
განვიხილავდით, მეტ მოსწავლეს რომ შემოვიერთებდით, გავძლიერდებოდით, მერე დირექციის შეცვლასაც მოვითხოვდით. განვიხილავდით სკოლაში არსებულ უამრავ პრობლემას. გუნდის შესაკრავად მომქონდა ალუჩა, რომელსაც ერთად ვჭამდით. ჩემი ხელით ვწერდი სასკოლო გაზეთის რამდენიმე პირს.
მე-6 კლასში რომ ვიყავი, ჩემი 13 წლის კლასელი გოგო დაქორწინდა 23 წლის კაცზე. ერთერთმა მასწავლებელმა (თუ არ ვცდები, მათემატიკის) გვითხრა, რომ ამ გოგომ მაინც მიაღწია ცხოვრებაში რაღაცას. კი თითქოსდა მისაბაძ მაგალითად წარმოგვიჩინეს, მაგრამ სკოლაში სიარულის უფლება არ მისცეს. დედაჩემმაც თქვა, გათხოვილი ქალის ადგილი სკოლის მერხთან არ არისო. თან ვითომ ამ გოგოს ბედისთვის უნდა შეგვენატრა, მაგრამ თან მას განათლების უფლება წაართვეს. მე-5 კლასში რომ ვიყავი, მათემატიკის მასწავლებელმა გვითხრა, სად უნდა იმუშაოთ, კი მაგრამ, რისი იმედი გაქვთო? აი სწავლობთ და მერე რა? მაინც მოგიწევთ მიწის ქვეშა გადასასვლელში ხელგაწვდილებს დგომაო. უფროს კლასებში რომ ვიყავი, სახელმძღვანელოებში მხვდებოდა ტერმინი „გენდერული თანასწორობა“. რომ ვიკითხე, მასწავლებლებმა ამიხსნეს, რომ ქალისა და კაცის თანასწორობას ნიშნავდა. მაგრამ რაში ვიყავით უთანასწოროები ან როგორ უნდა მიღწეულიყო ეს თანასწორობა, არასდროს გვიმსჯელია. სულ პატარა რომ ვიყავი, შემთხვევით ზედმეტად მოკლედ გამკრიჭეს თმები. ბიჭისას დაემსგავსა ჩემი ვარცხნილობა. საავადმყოფოში ბავშვები დამცინოდნენ ბიჭი, ბიჭიო. მე კი გაბრაზებული ყველას ვუხსნიდი, გოგო რომ ვარ. ბიჭისგან რომ განვსხვავდებოდი, რეალურად გავიაზრე 12 წლისამ. ჩემი მოსალოდნელი ექსტერნად ჩაბარების შესახებ ინფორმაცია რომ გავრცელდა სკოლაში, მომავალმა კლასელმა ბიჭმა დამიწყო რუსულის დავალების მის მაგივრად დაწერის თხოვნა. რამდენიმეჯერ ვუკარნახე კიდეც. ერთხელ კი უარი ვუთხარი. გამომეკიდა. ზედმეტად ახლოს მოვიდა ჩემთან. მაშინვე მოვიშორე, რაღაც გაუცნობიერებელი შიშით. მანამდე ბიჭებს დაუფიქრებლად ვეჭიდავებოდი. 16 წლის რომ ვიყავი, კლასელმა მკითხა: შეყვარებულმა რომ გითხრას, ამა და ამ მეგობარს ჩამოშორდიო, ან მე და ან ისო, რას იზამო? ვუპასუხე, რომ თუ რომელიმე ადამიანთან ურთიერთობას მიშლის, ის ბევრ რამეში შემზღუდავს კიდევ; რომ მე თუ მიღებს, ჩემს მეგობრებსაც უნდა იღებდეს მეთქი. მოზარდობისას ერთხელ რომ ჩავედი სოფელში, ჩემივე თანდასწრებით ქალებმა დანანებით თქვეს, როგორი ლამაზი, როგორი კაი გოგო იქნებოდაო. იგულისხმებოდა, უსინათლო რომ არ ვყოფილიყავი. ერთმა ოჯახის ახლობელმა კი, რომ გაიგო, სკოლის დამთავრების შემდეგ ამერიკაში წასვლას, შემდეგ უნივერსიტეტში ჩაბარებას რომ ვაპირებდი, პირდაპირ მითხრა: კი მაგრამ რა აზრი აქვს შენთვის ამ ყველაფერსო? ის თვლიდა, რომ უსინათლობის გამო მონასტერში უნდა წავსულიყავი. რადგან ვერ ვხედავ, ე.ი. საერო ცხოვრებაში სასარგებლოს მაინც ვერაფერს შევქმნი.
მე-8 კლასში რომ მივედი, სკოლაში დამხვდა ცენტრალური გათბობა და კომპიუტერები. მანამდე ორიოდე წლით ადრე გამოიცვალა დირექტორი. ახალი ხელმძღვანელობა აღარ უშვებდა ბავშვებზე სკოლის თანამშრომელთა მხრიდან ფიზიკურ ძალადობას. მანამდე საკმაოდ ხშირი იყო.
ქართული ენა თანდათან ავითვისე. დაწყებით კლასებში მახსოვს, ვსწავლობდით მოთხრობებს 300 არაგველის თავდადების, გიორგი ბრწყინვალეს მკვლელობისგან გადარჩენისა და დემეტრე მე-2-ის თავდადების შესახებ. საქართველოს ისტორიისადმი ინტერესი რომ შემატყო, მამაჩემმა მოიტანა ისტორიის სახელმძღვანელო და მიკითხავდა ცოტ-ცოტას დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, საქართველოს წარმატება-წარუმატებლობების შესახებ. მე-5 კლასში მოვინდომე „ვეფხისტყაოსნის“ მთლიანად ზეპირად შესწავლა. რამდენიმე ასეული სტროფი ვიცოდი კიდეც. ამანაც კარგად გამატეხინა ქართული და კიდევ გაკვეთილებს რომ მაყოლებდნენ, იმანაც. მინდოდა, რომ გავიზრდებოდი, მემუშავა „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დაზუსტებაზე, მასთან დაკავშირებულ კვლევებზე. მე-6 კლასში მინდოდა ქართულ ფილოლოგიურზე ჩაბარება, რათა შემდეგ წავსულიყავი ტაო-კლარჯეთში, საინგილოში, იქაური ქართველობის ისტორიისა და კულტურის გამოსაკვლევად და თან ქართული ენის შესახსენებლად. რუსული აქცენტი რომ გამქროდა, სახლშიც დავიწყე ქართულად ლაპარაკი. მამაც ქართულზე გადავიდა. დედას ყველაფერი ესმოდა, უბრალოდ რუსულად გვპასუხობდა. ახლაც ასეა, პრინციპში. მრცხვენოდა ხალხში რუსულად ლაპარაკი, რუსულად რომ მელაპარაკებოდა დედა. ეს უკიდურესობა რომ გადამელახა, დრო და ძალისხმევა გახდა საჭირო. თუმცა დღესაც არ მეკომფორტულება.
მე-6 კლასის პირველი სემესტრის მნიშვნელოვანი ნაწილი გამიცდა. ქართული ენის გრამატიკაში ჩამოვრჩი. დედა მას, ბუნებრივია, ვერ ამიხსნიდა. ამიტომ ვკითხულობდი სახელმძღვანელოს და ვსწავლობდი. საბჭოთა დროის აკაკი შანიძისა და კვაჭაძის ავტორობით წიგნი იყო. მართალია, თეორიით გაჟღენთილი, მაგრამ ქართული ენის გრამატიკის სისტემას გასწავლიდა კარგად. იგებდი, თუ რატომ გამოიყენება კონკრეტულ სიტუაციაში ზმნის ერთი ფორმა და არა რომელიმე სხვა. დღემდე მახსოვს ის წესები და მეტყველებასა თუ წერაში მეხმარება. სხვათა შორის, ძალიან კარგი სახელმძღვანელო გამოდგა ჩემთვის. ენის შესწავლაში მოტივაცია ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით კარგია, თუ ამ ენის მატარებელი კულტურა გიყვარს, გაინტერესებს, აფასებ, პატივს სცემ ან შენად მიგაჩნია. ჩემს სკოლაში იყვნენ სხვა რუსულენოვნებიც. მაგრამ მე უაქცენტოდ რომ შევძელი ენის თითქმის ნულიდან შესწავლა, ასე ვთქვათ, „ნაიარევის გარეშე“, დიდწილად, სწორედ საქართველოსადმი ჩემი მიკუთვნებულობისა და მიმღებლობის შედეგია. მიყვარდა კითხვაც და აუდიოწიგნების მოსმენაც. ვკითხულობდი სკოლაში, გაკვეთილები რომ მიცდებოდა; სახლში, ღამ-ღამობით. წიგნს საბნის ქვეშ ვმალავდი და სიდი პლეერსაც. დედას რომ არ დაენახა, გვიანობამდე რომ არ მძინავს. ბრაილის წიგნს ეს უპირატესობა აქვს სწორედ, რომ სიბნელეშიც მშვენივრად იკითხება. სკოლიდან რომ მოვდიოდი, წიგნების კითხვით ვიწყებდი. დავალებას გვიანობისთვის ვიტოვებდი. დავალების გაკეთებაზე ხომ ვერ მეტყოდა, გვიანია და აღარ იმეცადინოო. წიგნზე კი მეტყოდა.
საქართველო ჩემი ზრდის კვალობაზე თანდათან ვითარდებოდა. მე ვხედავდი, როგორ მიდიოდა ყველაფერი ჩემ გარშემო წინ. მქონდა განცდა, რომ მეც ამ აღმშენებლობის თანამონაწილე, თანაზიარი ვარ. როცა კი ადამიანი გაიღებს თავის დროს, ენერგიას, ძალისხმევას, იშრომებს რაღაცის მისაღწევად, შეიტანს თავის წვლილს, მას ის სიკეთე თავისი ჰგონია. ასე გახდა საქართველო ჩემი ქვეყანა. კი, მიუხედავად იმისა, რომ აქ დავიბადე, ძალიან დიდი გზის გავლა იყო საჭირო, ეს ქვეყანა ჩემად რომ ქცეულიყო. წელებზე ფეხებს ვიდგამდი, ეს ქვეყანა რომ დამემსახურებინა. ცხვირიდან ძმარი ვიდინე. აქტიურად დავიწყე იმერული იდენტობის მორგება. რუსული აქცენტის გადასაფარად ძალით იმერულ ყაიდაზე ვუსვამდი სიტყვებს მახვილებს. დღეს ვინმეს თუ სპეციალურად არ ვეტყვი, რომ რუსული ვიცი, რომ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად მისაღებ ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენად რუსული ჩავაბარე და 100-დან 100 ქულა მივიღე; რომ სასკოლო ოლიმპიადაშიც საქართველოს მასშტაბით მე-2 ადგილი მოვიპოვე მე-10 კლასში სწორედ რუსულ ენაში, როგორც წესი, ვერ ხვდებიან, რომ შეიძლება, ვიცოდე რუსული. მეამაყება, რომ ეროვნულებზე ქართულში ჩემს თავიდანვე ქართულენოვან კლასელებზე მაღალი ქულა ავიღე. დღეს რომ მეკითხებიან, რომელია ჩემი მშობლიური ენა, უყოყმანოდ ვპასუხობ, ქართული-მეთქი.
2008 წლის ომი კი პიროვნულად ჩემს თავზე მივიღე. ასე რთულად, წვალებით მოპოვებულ სახელმწიფოს, სამშობლოს, პირადად მე მართმევდნენ! არ იყო გამორიცხული, თბილისისთვის ის დაემართებინათ, ისე დაენგრიათ, როგორც თავის დროზე გროზნო და როგორც 2022 წელს ანგრევენ უკრაინულ ქალაქებს. იმ დღეებში ვფიქრობდი, რომ აუცილებლობის შემთხვევაში უკრაინისთვის შეგვეძლო თავის შეფარება. ვოცნებობდი, ოდესმე საქართველო წარმომედგინა საერთაშორისო სასამართლოში და დამეცვა ჩვენი ინტერესები. მიმეტანა იქ რუსეთის მიერ ჩვენ მიმართ ჩადენილი ყველა დანაშაულის შესახებ შეგროვილი მტკიცებულება. ომის შემდეგ ჩვენმა სკოლამ შეიფარა დევნილები შიდა ქართლიდან. მათთვის გართულდა სხვა საცხოვრებლის მოძიება და კინაღამ აკადემიურ შვებულებაში აღმოვჩნდით 1 წლით. ომმა ყველაფერზე მოახდინა ზეგავლენა. მშობლებს დავყვებოდით განათლების სამინისტროში. აკადემიურს გადავრჩით და შაბათობით ვისწავლეთ ის წელი. წარჩინებული სწავლისთვის მივიღე კომპიუტერი, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში კარგი შედეგების გამო ორჯერ ვიყავი საზაფხულო ბანაკში. ბრიტანეთშიც ვიყავით მთელი კლასი 2 კვირით.
დედამ მითხრა, თავს გაუფრთხილდი, რამე რომ მოგივიდეს, მამაშენი მე დამაბრალებს, არ უნდა გაგეშვაო. ამერიკაში წასვლის წინა დღეებშიც მამაჩემმა უცებ დაიწყო უკმაყოფილების გამოთქმა. ჩემმა ბიძამ კი მხარი დამიჭირა, უთხრა, უნდა იმოგზაუროს ყველგანო.
მამაჩემის აშენებულ სახლში ამერიკაში წასვლამდე ცოტა ხნით ადრე გადავედით. იტალიურ ეზოში, 2 ოთახში ცხოვრების მერე სახლი უზარმაზარი მომეჩვენა. ასევე შოკი იყო, რომ მეტროსა თუ ავტობუსამდე მეტი მანძილის გავლა გვიწევს. წარმოსახვაში სულ მქონდა სოციალური სიკეთეებისთვის მებრძოლის იმიჯი: ადამიანისა, რომელიც გაჭირვებულია, არაპრივილიგირებულია, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად სწავლობს და თავისი შრომით განათლებული და პროფესიონალი ხდება. ამ ადამიანს, ჩემი წარმოდგენით, იმხელა სახლში არ შეიძლება, რომ ეცხოვრა. ამერიკაში რომ ჩავედი და ვნახე, როგორ ცხოვრობენ რიგითი ადამიანები, ჩემი სახლის დაუმსახურებლობის განცდა უმალ გამიქრა. რომ დავბრუნდი და ჩემს ძველ პოლიკლინიკაში მივედი გამოკვლევებზე, იქ არსებულმა სინესტის სუნმა, სიბნელემ, გაფუჭებულმა კიბეებმა ჩვენი ქვეყნის სიღარიბე შემახსენა. შოკში ჩავვარდი. თითქოს ჰაერიც აღარ მყოფნიდა. ერთბაშად მომინდა ამ ქვეყნის დატოვება. აქაურობა მახრჩობდა. ყველაფერს ამერიკას ვადარებდი. უნივერსიტეტშიც აღარ მინდოდა სწავლის გაგრძელება. მეგონა, რომ უკვე საკმარისი ვისწავლე, ვიშრომე. უბრალოდ ამხელა შრომა რომ მქონდა გაწეული, ხაზი ვერ გადავუსვი და ინერციით დავიწყე სწავლა. იმიტომ, რომ ბარემ შრომით მოვიპოვე შესაძლებლობა, სრული დაფინანსება, და ახლა მასზე უარს ვეღარ ვიტყვი-მეთქი.
პირველ კურსზე სწავლისას შევავსე „ჰერა 21“-ის განაცხადი. პროექტი ითვალისწინებდა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებში თანასწორგანმანათლებელთა მომზადებას, რომლებიც შემდეგ სკოლებში ჩაუტარებდნენ მოსწავლეებს ტრენინგებს. პირველი ეტაპი გავიარე. დამიკავშირდნენ, დამიბარეს ტრენინგზე, თუმცა უარი ვთქვი. შემრცხვა და მომერიდა. ვერ წარმოვიდგინე, სკოლებში როგორ უნდა მელაპარაკა ამ ტაბუირებულ თემებზე თითქმის ჩემი ასაკის ახალგაზრდებთან. ქალთა უფლებებზე მეტი პირველივე კურსის შემდეგ არდადეგებზე გავიგე, როდესაც მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისეების მიერ ორგანიზებულ გლოუ „გოგოები მსოფლიოს ლიდერები“ ბანაკში წავედი მოხალისე ლიდერად და მათ მიერ მომზადებული მასალებით ჩავუტარე უფროსკლასელ გოგოებს ტრენინგები. უნივერსიტეტში იგეგმებოდა გასართობ-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება ქალაქგარეთ. მომინდა წასვლა, მაგრამ დედამ გადამაფიქრებინა. მერე კი მივხვდი, რომ მსგავსი ღონისძიებები უამრავი ტარდება, გაეროს მოდელირებებიც, რომლებიც ძვირი ღირს, თუმცა რეალურ ზეგავლენას რამე პროცესზე ამ დროს ვერ ახდენ. მაგრამ დედას უფრო სხვა შიშები ჰქონდა: რა ფორმას მიიღებდა იქ გართობა. მამრობითი სქესისა რომ ვყოფილიყავი, არ იქნებოდა ამდენი კითხვა, ამხელა სიფრთხილე. გერმანიაში რომ მივდიოდი 1 სემესტრიანი გაცვლითი პროგრამით, დედამ გამაფრთხილა, ემანდ რამე არ მოგივიდეს, არ დაორსულდე, თორემ მე დამბრალდებაო. გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია ყველგან და ყველაფერშია.
ბებია სულ თავზე დამტირის. დღემდე სულ ჩემი „თვალში გამოხედვის“ იდეითაა შეპყრობილი. ვერ შეგუებია. ჩემ გასაგონად სულ ლოცულობს „ღმერთო, შეეწიე უძლურებაში მყოფ ესმას, მომადლე მას განკურნება და მხედველობა“ (ანუ არამხოლოდ მხედველობის გაჩენაზე ლოცულობს, არამედ განკურნებაზეც, ანუ მუდმივ ავადმყოფად მიმიჩნევს). სულ როგორც ავადმყოფს, ისე მეპყრობა. მშობლებს ეუბნება, ჩემი თანდასწრებით ხმამაღლა არ ისაუბრონ, ნერვიულობსო. სულ მეუბნება, სტაფილო უნდა ჭამო, რადგან თვალებისთვისაა სასარგებლოო. ნუ, ჩემი დიაგნოზიდან გამომდინარე, ეს დაახლოებით იგივეა, რომ თქვა: სტაფილო ჭამე, არარსებული ფეხი გაგეზრდებაო. მეც მომიწოდებს, მხედველობის აღდგენისთვის ლოცვისკენ, რისი შინაგანი მოთხოვნილებაც არ მაქვს. ბავშვობაში ერთ ოთახში რომ გვეძინა, თუ ვთქვათ ვერ ვიძინებდი და საწოლში ვტრიალებდი, მეორე დღეს მტირალა ხმით ამას მშობლებს ამცნობდა, რომ „ძალიან ავად ვარ“, „რომ ვაიმე, ბავშვს არ ეძინა“, „ვაიმე, მიხედეთ“. ძალიან დამღლელია და გამაღიზიანებელი ეს ყველაფერი. რომ ვეუბნები, კარგი, შეგეშვებიო, მპასუხობს და მეორე დღეს ისევ ძველებურად აგრძელებს.
სწავლის დასრულებიდან 2 წელიწადში, მე-4 ცდის შემდეგ გავხდი გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი, რამაც 2008 წლის დროინდელი ოცნების განხორციელების საშუალება მომცა: საქართველო წარმედგინა საერთაშორისო ასპარეზზე და დამეგმო ოკუპაცია საჯაროდ. ხშირად რაც წარმოგვიდგენია, ის რეალობაშიც სრულდება ხოლმე. შეიძლება, არც ისეთი ფერადი გამოცდილება იყოს, სამაგიეროდ რეალური.