ნათია ვაშალომიძე, 31 წლის, ოზურგეთი

10 წლის წინ ვთვლიდი, რომ ყველაფერი  კარგად არის იმიტომ, რომ მამაჩემი იყო ძალიან დემოკრატი და რადგან ჩემს ოჯახში გენდერული პრობლემები არ იყო, ყველგან ასე მეგონა. ყველაზე მტკივნეული დარტყმა იყო, როცა გათხოვებიდან ძალიან მალე მორიდებული კითხვები დაიწყო –  „რამე სიახლე არ გაქვს?“. მე ვიწყებდი მოყოლას სამსახურში რა სიახლეებია, სად ვიყავი და ა.შ. ისინი იგივე კითხვას მიბრუნებდნენ და თან პირდაპირ მუცელზე მიყურებდნენ. ამ დროს არ იცი რა უპასუხო.  იმხელა ზეწოლაა იმაზე, რომ შვილი აუცილებლად გააჩინო, ქალს სხვა არჩევანი არც გაგაჩნია. მახსოვს ჩემს სანათესაოში 18 წლის გოგო გამოიპარა თუ მოიტაცეს და ჩვენთან მოიყვანეს. ჩემზე ერთი წლით პატარა იყო მაშინ და მე ერთი ამბავი ავტეხე სახლში, მაგრამ ვერ გავაგებინე მათ რას ვაპროტესტებდი. მერე ძალიან მალე დაფეხმძიმდა ეს გოგო და ამაზე რომ ვიდარდე, მიპასუხეს -„აბა, რა გეგონა რისთვის თხოვდებოდაო, ან  იმას რა ეგონაო?“ ამ დროს ისეთი ვითარება იქმნება, ვერც კი ბედავ პასუხს, რომ ჯერ შვილის ყოლას არ აპირებ. უბრალოდ იმ ადამიანთან ერთად ცხოვრება გინდოდა, ვინც ძალიან გიყვარს. თან შვილის ყოლას მომზადება სჭირდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მინიმუმ ჯანმრთელობის მდგომარეობა ხომ უნდა გადაამოწმო და მორალურადაც მოემზადო იმიტომ, რომ თეორიულად შვილის ყოლა ლამაზად ჟღერს, მაგრამ პრაქტიკულად ბევრად უფრო რთულია და ამას არავინ გეუბნება.  შვილის გაჩენასთან ერთად, ბევრი ისეთი რამე გატყდება თავს, რაზეც მანამდე წარმოდგენაც არ გქონდა და არც მზად იყავი. „ბავშვს იმდენი უნდა“ – ეს კი გსმენია, მაგრამ ზუსტად რას ნიშნავს ეს და რა უნდა, არ იცი, სანამ თავად არ გამოცდი. მე დაოჯახებიდან სამ წელიწადში გავაჩინე შვილი და ამ წლების განმავლობაში სულ ამ კითხვებს ვიგერიებდი. არ მქონდა ჩამოყალიბებული არგუმენტები, რატომ არ ვაჩენდი შვილს. ელემენტარულად, როცა არ გაქვს გამოცდილება იმასაც ვერ უპასუხებ, რომ შენ ახლა ფიზიკურად და მორალურად არ ხარ მზად იმ რეჟიმით გეძინოს, რასაც შვილის გაჩენა მოითხოვს შენგან. გარემოში, სადაც მუდმივად გესმის კითხვები – „უშვილო ქალი, ქალად ითვლება?“,  „ასეთი ქალი სახლში რომ მიდის, რას აკეთებს?“, „აბა, ქალი სხვა რისთვის არის საჭირო?“ და ა.შ. – თავს მუდმივად დამნაშავედ გრძნობ, რომ შენს „მოვალეობას“ არ ასრულებ და არგუმენტები არ გყოფნის ამ წნეხთან დასაპირისპირებლად. ნუ, ცხადია ჩემს ქმარსაც იგივე პოზიცია რომ არ ქონოდა და მხარი არ დაეჭირა, უფრო გამიჭირდებოდა. მას მერე რაც თავად გამოვცადე რას ნიშნავს გყავდეს შვილი, მეტი მაქვს სათქმელი და სხვების მხარდასაჭერადაც უფრო მიადვილება ახლა საუბარი.

ფეხმძიმობა, თუ ყველაფერი წესრიგშია, სრულიად ჩვეულებრივი მდგომარეობაა. გაჩენიდან იწყება პრობლემები, რომელისთვისაც მანამდე არავინ გამზადებს. მაგალითად ძუძუთი კვება, რომელსაც არავინ გასწავლის საქართველოში. პირველად რომ ვუთხარი გამოცდილ ნათესავებს  მტკივა-მეთქი „არა უშავს, აბა, რა გეგონა შვილის გაჩენა, ყველას სტკივაო, ზოგი საერთოდ დასისხლიანებული კერტებით აჭმევს შვილს და გაუძელი ცოტაო“. მაგრამ, ყველაზე მეტად მე რაც გამიჭირდა ბავშვის გაჩენის შემდეგ იყო ის, რომ ფაქტიურად რამდენიმე თვის განმავლობაში მოწყვეტილი ვიყავი გარემოს და ადამიანებთან ურთიერთობას. კომუნიკაცია მქონდა მხოლოდ საღამოს სახლში დაბრუნებულ ოჯახის წევრებთან და ბავშვთან, რომელსაც ვერ ესაუბრები, თავიდან ვერც უკუკავშირს იღებ მისგან.  თან თუ დააკვირდებით, დედობასთან და შვილის ყოლასთან დაკავშირებული მითებიც, ძირითადად ქალების ცხოვრებას ამძიმებს. მაგალითად, ორსულობისას ზღვაში არ უნდა ჩავიდეს ქალი, თორემ „ბაღანა იხრუტინებს“. კაცმა არ იცის ეს რას ნიშნავს, მაგრამ მართლა დამირეკა მამიდაჩემმა ზღვაზე ყოფნისას, წყალში ფეხი არ ჩაყოო. ასევე, არსებობს მითი, რომლის მიხედვითაც, მშობიარობის შემდეგ 40 დღე არ უნდა დაიბანოს ქალმა. მე ვნახე ადამიანი, რომელიც მეუბნებოდა, შენ რა ბედნიერი ხარ, როცა გინდა შედიხარ სააბაზანოშიო. მე ტირილით მოვკვდი, არ მაბანინებდნენო. მერე ჩუმად წავედით მანდარინებში და ჩემმა ქმარმა თავი იქ დამაბანინაო. წარმოიდგინეთ, მთელ იმ სიმძიმესთან ერთად, რასაც ქალი მშობიარობის შემდგომ პერიოდში გადის, მსგავსი გამოგონილი მითები ემატებოდა და ზოგიერთი დღემდე შემორჩენილია. კაცმა მხოლოდ ყურის აწევას უნდა გაუძლოს პირველი ერთი საათი, ბიჭი თუ შეეძინა და ზურგზე მისალოც ხელის ბრაგუნს. დანარჩენი არ ეხებათ კაცებს და სიმყუდროვეც რომ არ დაერღვეთ, ქალები სამშობიაროდან დედებთან გადადიან საცხოვრებლად. ეს „დედასთან გადასვლაც“ ამ წესრიგის და ტრადიციის ნაწილია, რაც იმისთვის უფრო არის მოგონილი, რომ კაცები არ შეწუხდნენ და არ ჩაერთონ შვილის მოვლაში. ამით თავიდანვე განისაზღვრება როლები და ფუნქციები. ზოგად სურათზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა და ვერ ცვლის საერთო სურათს ის, რომ მამაჩემი ან ვინმეს მამა ასე არ იქცეოდა და ჩემი ქმარიც ინაწილებს შვილების მოვლის პასუხისმგებლობებს. ცოტაა ასეთი კაცი.

პრობლემა ისიცაა, რომ ქართულ ენაზე არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია ბევრ საკითხზე. ყოველშემთხვევაში 5 წლის წინ ასე არ იყო, როცა მე შვილი გავაჩინე. ამიტომ, ვერ ამოწმებ ბევრ რამეს – რა არის თანამედროვე სტანდარტები, რა ეყრდნობა მეცნიერულ დასკვნებს და რა მითებს. ეს კიდევ უფრო ართულებს შენს სიტუაციას,  დაბნეული ხარ და აღარ იცი, რა გაიზიარო და რა არა. თან ხომ, ძირითადად, პატარა გოგოები აჩენენ შვილებს, მაგრამ დედობა ზრდასრულ ასაკშიც დიდი გამოწვევაა ინფორმაციის გარეშე.

ახლა უკვე ბიჭი და გოგო მყავს, რომლებიც ჯერ პატარები არიან, მაგრამ ვხვდები რომ დიდ შარში არიან და მე უკვე დიდ ბრძოლაში. წყობიდან გამოვდივარ, როცა მესმის „ეს ნაზი ბიჭია“, ან „ეს გოგოს ფერია“.  ეს ფერები საერთოდ ცალკე თემაა. ბავშვებს მხიარული ფერები უყვართ, მაგრამ ვერსად პოულობ ბიჭისთვის ფერად ტანსაცმელს. ბიჭის განყოფილებაში ყოველთვის არის ლურჯი, ან მუქი მწვანე. ჩემმა შვილმა მთხოვა, ფერადი ქურთუკი მიყიდეო. მთელი თბილისი მოვიარე და ვერაფერი ვიპოვნე. ასე ყალიბდება გემოვნებაც და განწყობაც, მერე უკვე ეჩვევა და თავად გეუბნება ფერადზე  „ეს გოგოსია და არ ჩავიცვამ“. ერთი შეხედვით ამ უწყინარი ამბებიდან იწყება და გრძელდება ის მითები, რომ კაცის საქმე არ არის მტვრის ტილოთი სახლში სიარული ან ჭურჭლის რეცხვა. შედეგად კი მარტო ქალებს გვიწევს საოჯახო ტვირთის ზიდვა.

ბაღში პირველი მშობელთა კრება რომ იყო,  ჩემმა ქმარმა მეც წამოვალო. ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ, რაც არ მოგვწონდა ჩამოვწერეთ და წავედით. ჯგუფში 43 ბავშვია. კრებაზე 43 ქალი ვიყავით და ერთი ჩემი ქმარი, რომელიც ჯერ კუთხეში კედელთან იყო მიყუდებული და ბოლოს კარადის უკან. არაკომფორტული იყო, რადგან აღმოჩნდა დედების კრება და ყველაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ იქ მისი ადგილი არ იყო.

გენდერულ თემებზე კამათი ყველგან მიწევს – ცალკე სანათესაოში და ცალკე სკოლასა თუ ბაღში, მაგრამ რეგიონში თანამოაზრეების მოძებნა კიდევ უფრო რთულია, რაღაცნაირად აქა-იქ თითო-თითო ადამიანი ვართ და ზოგჯერ გგონია, რომ მარტო ხარ. ხანდახან მიფიქრია, იქნებ ასეც ჯობია,  რადგან ის იდეები, რასაც მე ვცემ პატივს, არ არის ჩვეულებრივი ჩვენი გარემოსთვის და მგონია, რომ ჯგუფის მარგინალიზების საშიშროება უფრო არსებობს. ჩემი დაკვირვებით, როცა იმ იდეების გავრცელება გინდა რისიც შენ გჯერა და საზოგადეობისთვის ეს მიუღებელია, ბეწვის ხიდზე გიწევს გავლა. იმიტომ, რომ თუ „ინტრიგანის“ და „მოწიკვინე ქალის“ იარლიყი მოგეკერა, ვეღარაფერს შეცვლი შენს ირგვლივ. ამის სულ მეშინია. მაგალითად, მასწავლებელს რომ ვეუბნბი, ბიჭებიც ჩავრთოთ კლასის დალაგებაში მეთქი და ის მპასუხობს – ბიჭს ცოცხი რომ დავაჭერინო, მამამისი მომივარდება და თავს წამაცვლისო. ამაზე ხომ ვერ ვუპასუხებ პირდაპირ რასაც მასზე და იმ მამაზე ვფიქრობ? არადა, ეს ყველაფერი ჩემს შვილზე აისახება და მერე სახლი გაიძახის „ეს გოგოს ფერია“. ბავშვიც იბნევა. წარმოიდგინეთ, სახლში ვეუბნებით, რომ რა სისულელეა და ვინ მოიგონა, რომ ვარდისფერი მარტო გოგოების ფერია და ბაღში დასცინიან, თუ ვარდისფერი აცვია. ასეთ სიტუაციაში ბევრად უფრო რთულადაა საქმე და აღარ იცი როგორ მოიქცე, როგორც მშობელი. ერთხელ მოვყევი მასწავლებელთან, როგორ ჩაყო ფეხი ჩემს ქუსლიან ფეხსაცმელში ჩემმა სამი წლის ბიჭმა. ბავშვია და დააინტერესა, ცხადია, არ დამიშლია. ამაზე  მასწავლებლი გადაირია და შეშფოთებული სახით ეკითხებოდა ჩემს შვილს – „კაცი ხომ ხარ შენ?!“. ბავშვი ვერ მიხვდა რას ეკითხებიდნენ ან რას ერჩოდნენ. ამ დროს ჩამჭრელი კითხვაა ხოლმე „შენ გინდა შენი შვილი განსხვავებული ორიენტაციის იყოს?“ ერთია, რომ საერთოდ არ ვთვლი, რომ 3 წლის ბავშვის ინტერესს სამყაროს შეცნობისადმი, სადაც ხან ქუსლიანი ფეხსაცმლით დაინტერესდება და ხან სათამაშო მატარებელს დაშლის, რაიმე კავშირი ჰქონდეს სექსუალურ ორიენტაციასთან. და მეორეა, რომ მე იქნებ ქერა თმიანი და ცისფერთვალებაც მინდა იყოს, მაგრამ არ არის. რთულია მსგავს თემებზე კამათი, რადგან არგუმენტები ისეთი უნდა მოიფიქრო, რომ გაღიზიანების ნაცვლად, გაიგოს რასაც უხსნი. მე მაინც იმ სტრატეგიის მომხრე ვარ, რომ თვალში თითის ტაკების გარეშე შევძლოთ ადამიანებთან კომუნიკაცია და გამსხვავებული აზრის მქონეების მომხრობა.

ავტორი: იდა ბახტურიძე

ფოტო: ნინო ბაიდაური