TAm Oonz (თამუნა წახნაკია), 30 წლის, თბილისი
„პროფესიით გრაფიკოს-დიზაინერი ვარ. ჩემი პროფესიით ერთი წელი ვიმუშვე და მივხვდი, რომ ეს სფერო ნაკლებად მაინტერესებს, სხვა მიმდინარეობები მიზიდავდა ყოველთვის, ის რაც ხელოვნებასთან უფრო ახლოს არის – ანიმაცია, ილუსტრაცია, გრაფიკა, კომიქსების ხატვა და ა.შ.
სივრცე მიყვარს ბავშვობიდან. დიდ სივრცეში თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ, თავისუფლებასთან ასოცირდება ჩემთვის , თან სულ მაკლია ეს სივრცე და ყოველთვის ვეძებ. სულ მინდოდა დიდი სახელოსნო მქონოდა, სადაც უშველებელ ტილოებზე დავხატავდი. ამ ეტაპზე არ მაქვს მაგის ფუფუნება და აქედან გამომდინარე, ბუნებრივად მოვედი სტრიტ-არტთან და დიდ კედლებთან, რომელიც რაღაც დოზით მიკმაყოფილებს თავისუფალი სივრცის განცდას , თითქოს თავისუფლად ვსუნთქავ, ვგრძნობ რომ ცოცხალი ვარ.
პატარა რომ ვიყავი, მამა ამსტერდამში ცხოვრობდა, ისიც მხატვარია. 90-იანებში მოგეხსენებათ რა მდგომარეობა იყო საქართველოში, მიუხედავად ამისა, ჩემი მშობლები ყოველთვის ცდილობდნენ ჩვენს განვითარებას, იმაზე მეტად, ვიდრე ეს შესაძლებელი იყო იმ დროს, ამიტომ, მამის მიერ გამოგზავნილი საჩუქრების ძირითადი თემა ყოველთვის იყო ხელოვნება, წიგნები, ბროშურები და საფოსტო ბარათები, რომლებზეც თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები იყო გამოსახული. ჩემთვის და ჩემი დისთვის სულ ცდილობდნენ ეჩვენებინათ თუ რა ხდება მსოფლიო თანამედროვე ხელოვნებაში. ჩვენთვის საყვარელ ნამუშევრებს, ხელოვნებას წიგნებიდან ვეცნობოდით. რატომღაც, ხშირად მიგზავნიდა კედლებზე დახატული გრაფიტის ფოტოებს, როგორც ჩანს, თვითონაც მოსწონდა. ფოტოებში ხშირად თავისივე გადაღებული კადრები იყო. ეს იმდენად მომხიბვლელი და მისტიკური ხელოვნება იყო ჩემთვის, განსხვავებული იმისგან, რაც ალბომებში მქონდა ნანახი, ძალიან მაინტერესებდა და მიხვდვი რომ ეს მიმართულება, ხატვის მანერა, სტილი, ხაზი, ფერები ძალიან ახლოს არის ჩემთან.
აკადემიაში სწავლის პერიოდშიც სულ ვიყავი სტრიტ-არტით დაინტერესებული. საკურსო რომ მქონდა ხოლმე დასაწერი, ყოველთვის ამ თემას ვუტრიალებდი. სადიპლომო ნამუშევრის თემადაც სტრიტ-არტი ავირჩიე. მინდოდა შემექმნა ქართული გრაფიტი ფონტი, რაც არ არსებობდა მანამდე, შემდეგ დამეწერა/დამეხატა ქუჩაში, კომისიის წევრებიც იქვე მიმეყვანა და მეჩვენებინა. მოკლედ, როდესაც ლექტორებს გავუმხილე ეს იდეა ძალიან დიდი წინააღმდეგობა შემხვდა. ჩათვალეს რომ ქართულ ანბანს ვამახინჯებიდი და ვანგრევდი მის არქიტექტურას. მათმა დამოკიდებულებამ იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ ამ იდეას შევეშვი. ძალიან დამწყდა გული. მივხვდი, რომ აკადემიაშიც ასეა და აზრი არ აქვს, თუ შენით არ იბრძოლე, რომ შენი ახალი იდეა გაიტანო, არავინ დაგეხმარება. მითუმეტეს, ეს პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რომელსაც ეშინია სიახლეების, ახალგაზრდების, ახლებურად აზროვნების. იმ მომენტში კი მომიწია უარის თქმა ამ თემაზე, მაგრამ იდეა არ დამვიწყებია. უბრალოდ, ცოტა ხნით გადავდე. მივხვდი, რაც არ უნდა დამესაბუთებინა აზრი არ ჰქონდა მათთან კამათს.
საბოლოოდ ზომბების თემაზე გავაკეთე კვების ობიეტის „ბრენდ ბუქი“. ჩემი ნამუშევარი ესტეტიური სილამაზით არ გამოირჩეოდა. გრაფიკულად დახატული ზომბი არასასიამოვნო სანახავი იყო მათთვის. ნაწილმა თქვა, რომ ამაში დიპლომს არ მომცემდა და დიდი წინააღმდეგობა შემხვდა ისევ, ერდადერთი ლექტორი დამიგა გვერდში, ნოდარ სუმბაძე, რომელიც დღემდე ჩემი საყვარელი ლექტორია აკადემიაში. მაშინ მივხვდი, რომ ყველანაირი წინააღმდეგობის მიუხედავად უნდა გააკეთო ის, რისი გაკეთებაც ძალიან გინდა.
რაღაც პერიოდი რეკლამების კადრირებაზე ვმუშაობდი სხვადასხვა საერეკლამო კომპანიებთან, პარალელურად, სხვადასხვა მიმართულებაშიც ვცდიდი თავს. ერთ- ერთი იყო სტრიტ არტი.
სტრიტ-არტი და გრაფიტი სპრეით კეთდება, რომელიც საერთოდ არ იშოვებოდა მაშინ. მარტო მანქანის საღებავები იყო. ვცდილობდი უხარისხო სპრეებით დამეხატა კედელზე, თაგებს ვაკეთებდი. დიდი კედელი არ მქონდა გაკეთებული. ერთხელაც, ლატარიის კომპანიამ კონკურსი ჩაატარა მთაწმინდის პარკში. თემები მოგვცეს და დიდი დაფები დაგვირიგეს, რაზეც უნდა დაგვეხატა. ზუსტად იქ მივხვდი, რომ ეს იყო, რისი კეთებაც მინდოდა. ისე გამოვიდა, რომ ამ კონკურსის დასრულების შემდეგ, ეს ნახატიც გავყიდე. იმდენად მოეწონათ, თვითონ კომპანიამ იყიდა.
როდესაც ამსტერდამში პირველად მოვხვდი 2011 წელს, იქ უკვე ცოცხლად ვნახე ბენქსი და სხვა ცნობილი მხატვრები და უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ ეს იყო ჩემი მთავარი ინტერესი. ამსტერდამიდან ახალი ჩამოსული ვიყავი, როცა ბრიუსელის სტრიტ-არტ ფესტივალიდან მივიღე მოწვევა. ისეთი შოკი იყო ჩემთვის, რომ დაჯერება მიჭირდა. მანამდე არც ვიცოდი მსგავსი ფესტივალები თუ არსებობდა. წარმოდგენაც არ მქონდა რა ხდებოდა ამ სფეროში, ყველაფერი გავაკეთე, რომ ამ ფესტივალზე წასვლა მომეხერხებინა. ფესტივალი პატარა სტუდენტურ ქალაქში ტარდებოდა, სადაც ბევრი უნივერსიტეტი და კამპუსია. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა მათი მოხატვა გადაწყვიტა. სხვადასხვა ქვეყნიდან 40 მხატვარი მოიწვიეს. როგორც აღმოჩნდა, იქ იყვნენ ცოცხალი ლეგენდებიც – პირველი რაიტერები (გრაფიტის მხატვრები), ვინც ბრონქსში წერდა მატარებელზე, ვინც ბრუკლინში კედლებს თაგავდა (ასევე გრაფიტი), 60 წლის ცოცხალი ლეგენდები გრაფიტის სამყაროში. ეს ფესტივალი იყო გადამწყვეტი მომენტი – მე ამ ყველაფრით მოვიწამლე.
ზოგადად, სტრიტ-არტში ძირითადად კაცები არიან. თუმცა, მე თუ მკითხავ, ამ საქმეს სქესი არ აქვს. არის ერთი არტისტი, მაგალითად, რომელიც ანიმაციური სტილის წიწილებს ხატავს და ვერც იფიქრებ, რომ ეს 40 წლის კაცის დახატულია. ლიონში ცხოვრობს, ძალიან ცნობილი მხატვარია ევროპაში, მსგავსი მაგალითი ბევრია. აკადემიაში სულ მეუბნებოდნენ, შენ კაცივით ხატავ, კაცური ხელი გაქვსო. ეს კომპლიმენტი იყო და იმას ნიშნავდა, რომ კარგად გამომდის რაღაც. ერთი მხრივ, კი მსიამოვნებდა, მაგრამ მე ძალიან დემოკრატიულ ოჯახში გავიზარდე. სადაც ყველა ერნაირად მნიშვნელოვანია და არასოდეს უთქვამს მამას რომ მე „ამ რაღაცის გაკეთება არ შემიძლია, რადგან გოგო ვარ“. სულ მიკვირდა, რას ნიშნავს კაცურად ხატვა და რატომ არის კომპლიმენტი და მეორე მხრივ, მწყინდა. რატომ? მე ხომ გოგო ვარ და რა, არ შეიძლება, გოგომ კარგად დახატოს?!
როდესაც ქუჩაში ნებართვის გარეშე არალეგალურად ვხატავ, ჯერჯერობით არ მქონია უსიამოვნო შემთხვევა, როგორც კანონის დამრღვევთან, განსხვავებით ჩემი ბიჭი მეგობარი მხატვრებისგან. ერთხელ მქონდა შემთხვევა, კედელზე ვხატავდი და მანქანა მოვიდა, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელებით. მომესალმნენ. მეც გავუღიმე, გავესაუბრე. მკითხეს, რას ვაკეთებდი, მეც ავუხსენი ზრდილობიანად. გამაფრთხილეს რომ დროზე დამეხატა და წავსულიყავი, ცოტა შემეშინდა თუმცა მალე მოვრჩი ხატვას. დამოკიდებულებაში განსხვავება არის მაინც და ყოველთვის ერთი მიმართულებით არა. რაკი ქალი ხარ, უფრო გეხმარებიან. ევროპაშიც ასეა, ფესტივალებზე ყველა ასე თუ ისე ცდილობს დაგეხმაროს და ყოველთვის უფრო ყურადღების ცენტრში ხარ.
დღესდღეობით, რამოდენიმე მიმართულებით ვმუშაობ – ვიზუალური ხელოვნება, სტრიტ-არტი, ილუსტრაციები, დიჯითალ-არტი, თამაშების კონეპტუალური არტი, კომიქსები. ლონდონში ცხოვრების პერიოდში სადაც გამოფენაც მქონდა, ჩემი ერთ-ერთი ნამუშევარი დასახელდა კრიტიკოსების რჩეულად. ასევე, ჩემი რამოდენიმე ნამუშევარი ინახება ლონდონში და პარიზში, კერძო კოლექციებში.
სტრიტ-არტში შინაარსს განწყობა განაპირობებს. ზოგადად, სტრიტ-არტი დროებითი ხელოვნებაა, ჩვენთან ძირითადად სოციალურს თემებს ეხებიან ჩემი მეგობარი მხატვრები, რაც დამეთანხმებით აქტუალურია და კარგად გამოსდით კიდევაც. ჩემი არტი არ ეხმიანება სოციალურ პრობლემებს, პირიქით ვცდილობ 2 წუთით მაინც გადავიყვანო სხვა სამყაროში და დავივიწყო პრობლემები.
მე არ ვარ ბოჰემური არტისტი, არ მიყვარს დროის დაკარგვა, დრო ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, იმდენი იდეა მაქვს თავში ალბათ, 100 წელი გაუჩერებლად რომ ვხატო არ მეყოფა, სულ ვფიქრობ, მუშაობა მეხმარება ამაში. ამიტომ, ვერც ვჩერდები. იშვიათად ვისვენებ, ერთი კვირით დასასვენებლად გავძვერი სურამში და იქაც ერთი კედელი მოვხატე. ვორკაჰოლიკი ვარ, შემიძლია 24 საათის მანძილზე ვხატო. მაქსიმუმ ერთი დღე გავჩერდე. შესაბამისად, მიზნები და სურვილები სამომავლოდ ბევრი მაქვს: უფრო დიდ კედლებს მინდა მივადგე, რასაც ალბათ ახლო მომავალში განვახორციელებ. გამოფენები მინდა გავაკეთო და არამარტო საქართველოში.“
ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: ნინო ბაიდაური