ანა, 24 წლის, თბილისი
„12 წლის ვიყავი ჩემი ორიენტაცია რომ გავაცნობიერე, თუმცა ძალიან ვმალავდი. ჩავიკეტე ჩემს თავში და ვმალავდი ამ ყველაფერს. ძალიან გამიჭირდა, გააზრება გამიჭირდა, საკუთარი თავის პოვნა გამიჭირდა. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მაინც რაღაც მაწუხებდა შინაგანად. ჩემი უახლოესი მეგობარი მიყვარდა, მაგრამ არ მითქვამს, მეშინოდა მისი დაკარგვის. მეშინოდა იმის, თუ როგორ მიიღებდა და ვფიქრობდი როგორ მეთქვა.
როცა ერთ მეგობარს ვუთხარი ჩემს ორიენტაციაზე და მარტივად მიიღო, გავიხსენი და სხვებსაც ვუთხარი. ბავშვობის მეგობრებსაც ვუთხარი, თუმცა ძალიან ვღელავდი, მაგრამ საყვარლად შეხვდნენ ამ ცნობას, ჩამეხუტნენ. ყველა მეგობრისთვის ნათქვამი მაქვს უკვე. მას შემდეგ, რაც დავქამინგაუთდი, ერთმა მეგობარმა მითხრა, რომ მის გარშემო რამე ჰომოფობიურს როცა ამბობენ, ძალიან არ სიამოვნებს.
ახლანდელ სამსახურში არაჰომოფობიური განწყობაა, თუმცა მიწევდა ისეთ გარემოში მუშაობა, სადაც სულ კაცები იყვნენ და და გარემო სექსისტური და ჰომოფობიური იყო. ეს ყველაფერი მაღიზიანებდა. ძალიან სექსისტურად ხუმრობდნენ ხოლმე და არასოდეს უფიქრდებოდნენ, რომ მათ გვერდით მყოფი ადამიანისთვის ეს შეიძლება მტკივნეული იყოს.
მინდა, რომ ჩემი ორიენტაცია ჩვეულებრივი მოვლენა იყოს და რამე სახელის დარქმევა არ მიწევდეს ამისთვის. არც ის მინდა, რომ ჩემს ჩაცმულობაზე იყოს აქცენტი და არ გაიძულებდეს გარემო ერთ სტილს მოერგო. არ მომწონს ეს გენდერული სტერეოტიპები. ერთ მომენტში შეიძლება ძალიან ფემინურად მეცვას და მეორე მომენტში სრულიად საპირისპიროდ ჩავიცვა – მასკულინურად. არ მინდა ეს განსჯის საგანი იყოს.
ძალიან მინდა გარკვეული დროის მერე მაინც შეიცვალოს დამოკიდებულებები ჩვენთან. მინდა თავისუფლად ცხოვრება, ისეთივე აღლუმების ჩატარება, როგორც ეს სხვა ქვეყნებში ტარდება. არ მინდა მარგინალიზებული ჯგუფები არსებობდნენ. მინდა, რომ საზოგადოება ფობიებისგან თავისუფალი იყოს. თუმცა, ვფიქრობ, ეს დამოკიდებულებები ოდნავ შეიცვალა, უფრო მეტი საუბარია ჰომოსექსუალიზმის თემაზე, და შესაბამისად აგრესიამაც იმატა. თუმცა, ეს მოსახდელი ეტაპია და მგონია ჩაცხრება ეს აგრესია.“