ანა კენჭაძე, 14 წლის, ქობულეთი
„ყველაზე მეტად ზაფხული მიყვარს. იმიტომ, რომ ზაფხულის სეზონის დაწყება მიხარია, როცა აქ ბევრი ხალხი ჩამოდის და ძველ მეგობრებს ვხვდები და ახალ ადამიანებს ვიცნობ. ქობულეთის ფიჭვნარის ტერიტორიაზე ვიკრიბებით ხოლმე. ზაფხულში აქ ყველაფერი გაცოცხლებულია – კაფეები, ბარები, დისკოთეკები. სექტემბრიდან კი ყველა ბრუნდება ქალაქში და ცარიელდება ქობულეთი. მაშინ მოვიწყენ და ვიწყებ ოცნებას ზამთარზე და თოვლზე. თოვლიანი ქობულეთი ისეთივე სახალისოა, როგორც ზაფხულში. ოღონდ ამ ბოლო დროს თოვლი იშვიათად მოდის. თუმცა შარშანდელი ზამთარი იყო ძალიან კარგი, როცა წინასაახალწლოდ უზომოდ ბევრი მოთოვა და გავმხიარულდით.
ხომ შეიძლება აქაც გაგვიკეთონ „ვენდი“ ან კარაოკე ბარი, რომელიც მთელი წელი იმუშავებს და არა მარტო ზაფხულობით, მარტო დამსვენებლებისთვის? აუცილებელია, ერთი თავშეყრის და გართობის ადგილი გვქონდეს ადგილობრივ თინეიჯერებს. ახლა ძირითადად სკოლაში ვერთობით, ან ერთმანეთთან დავდივართ სახლში, ან სულაც ფეისბუქით ვსაუბრობთ. ძალიან მოსაწყენია ზაფხულიდან ზაფხულამდე ან თოვლიდან თოვლამდე ასე ცხოვრება.
შარშან გაზაფხულის ბოლოს, ლეონიდ ჩერნოვეცკის ინიციატივით ქობულეთში კონცერტი გაიმართა და ძალიან ვისიამოვნეთ. ქობულეთელი ახალგაზრდებისთვის ცოტა რამ თუ ეწყობა. ძირითადად ყველა ტურისტებსა და დამსვენებლებზე ფიქრობს და ჩვენც მათ რიტმზე ვართ აწყობილი. ახლა სულმოუთქმელად ველოდები ზამთარს. იქნებ წელსაც მოთოვოს…
ამიტომ ვცდილობ კარგად ვისწავლო და მგონი გამომდის კიდეც. განსაკუთრებით ფიზიკა და მათემატიკა მიყვარს. ამას რომ გებულობენ, უკვირთ, რატომ გიყვარს გოგოს ტექნიკური საგნებიო, თითქოს ეს საგნები მარტო ბიჭების სფერო იყოს. სკოლას რომ დავამთავრებ, აუცილებლად წავალ თბილისში სწავლის გასაგრძელებლად. აქ არ გავჩერდები.“