ანა ქარსელაძე, 31 წლის, რუსთავი
„მე ვარ ანა ქარსელაძე, ვმუშაობ რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელის თანამდებობაზე.
გულწრფელად რომ გითხრათ, სულ მინდოდა ცხოვრებაში, რაღაც ისეთი მეკეთებინა, რაც ჩემი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის იქნებოდა სარგებლის მომტანი. ბავშვობიდან პატრიოტული სულისკვეთება მქონდა ამიტომ, ან ჯარში მინდოდა მემსახურა და ჩემი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი ვყოფილიყავი ან პოლიციელი. ისეთი სამსახური მინდოდა ამერჩია, სადაც ვიგრძნობდი, რომ ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის საჭირო ვიყავი.
ფუფუნებაში არ გავზრდილვარ, შესაბამისად, მიზნის მისაღწევად ბევრი შრომა მჭირდებოდა. უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბარე სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. იმისთვის, რომ სწავლის საფასური გადამეხადა რუსთავში, ლიმონათის და ლუდის ქარხანაში ვმუშაობდი და ღამეებს ვათენებდი. თუ რაიმე სახის სტუდენტური დასაქმების შესაძლებლობა იყო, ვცდილობდი ყველგან მემუშავა, იქნებოდა ეს თბილისის უბნების დაგვა თუ სხვა რამე, არაფერს ვთაკილობდი და ყველგან მივდიოდი. ამასთან, ვცდილობდი გონებრივადაც გავნვითარებულიყავი და სიახლეები მიმეღო, ამიტომ, თუკი სადმე ამის შესაძლებლობა გამოჩნდებოდა, აუცილებლად ვესწრებოდი სხვადასხვა ტრენინგებს.
რაღაც პერიოდი ბანკშიც ვიმუშავე. მიუხედავად იმისა, რომ ხალხთან მიწევდა ურთიერთობა, ვგრძნობდი, რომ ეს საქმე ჩემი არ იყო, კომფორტულად ვერ ვგრძნობდი თავს.
აი, ამ განცდებით, რომ ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის სარგებლის მომტან სამუშაოზე მემუშავა, 18 წლის ვიყავი, პირველად ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში განცხადება რომ შევიტანე, მაგრამ მაშინ ასაკის გამო უარი მითხრეს. როგორც განმარტეს პირი პოლიციაში 21 წლის ასაკიდან მიიღებოდა. თუმცა, ახლა ეს წესი შეიცვალა და პოლიციაში სამუშაოდ მიიღება 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე მიიღება. 22 წლისამ, ისევ შევიტანე განცხადება პოლიციაში, რის შემდეგაც პირველი გასაუბრება გავიარე. სახლში არავისთვის მითქვამს, რომ პოლიციაში მინდოდა მუშაობის დაწყება. იმის არ შემშინებია, რომ ვინმე წინააღმდეგი წავიდოდა, უბრალოდ მიზანს, რომ მივაღწევდი მერე მინდოდა მეთქვა ამის შესახებ ოჯახის წევრებისთვის. მათ მას შემდეგ გაიგეს ეს ამბავი, რაც გასაუბრების გავლაზე ოფიციალური წერილი მივიღე, ისინი დადებითად შეხვდნენ ჩემს გადაწყვეტილებას და მათი მხრიდან წინააღმდეგობას ადგილი არ ქონია. გასაუბრების გავლის შემდეგ დიდი ხანი არავინ შემხმიანებია.
პოლიციის აკადემია
ამ მოლოდინში ადვოკატის გამოცდებიც ჩავაბარე, თუმცა არც ადვოკატად არ მინდოდა მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკებიც გავლილი მქონდა. და როგორც იქნა, დამირეკეს და მორიგ გასაუბრებაზე დამიბარეს, რის შედეგადაც პოლიციის აკადემიაში მოვხვდი. ერთადერთი გოგო აღმოვჩნდი 34 ბიჭში. აკადემიაში სწავლის პერიოდი იმდენად კარგად მახსენდება იმიტომ, რომ იმდენად კარგი ლექტორები გვყავდა, ზუსტად იმაზე ლაპარაკობდნენ, რა მიზნითაც მე პოლიციაში მოვდიოდი. მეც სამაგალითო პოლიციელი მინდოდა ვყოფილიყავი. ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს და მიხაროდა ლექტორებთან და იქ მომუშავე ადამიანებთან ურთიერთობა.
არავის ჰქონია აკადემიაში ის დამოკიდებულება, რომ აი, ქალი ხარ და პოლიციაში რა გინდა. თუმცა საზოგადოების ნაწილი, ვინც გაიგო, რომ პოლიციელობას ვაპირებდი, მეუბნებოდა აცნობიერებ ახლა, რომ ყველა სახის დამნაშავესთან მოგიწევს ურთიერთობა და ხარ ამისთვის მზადო? იყო გადარწუმინების მცდელობა, თუმცა ამას ჩემზე არ უმოქმედია.
საბოლოოდ დავამთავრე სწავლა, თუმცა არ ვიცოდი სად გამანაწილებდნენ იმიტომ, რომ ნებისმიერ რეგიონში შეიძლებოდა მოვხვედრილიყავი. გასაუბრების დროსაც კი მკითხეს, მზად ვიყავი თუ არა სხვა რაიონში წავსულიყავი სამუშაოდ. იმდენად მინდოდა ამ სფეროში მუშაობა და პოლიციელობა, რომ რა თქმა უნდა, მზად ვიყავი. მე კიდევ, ვფიქრობ, გამიმართლა და რუსთავში მოვხვდი და უკვე 9 წელია აქ ვარ და ვმუშაობ.
თავიდან სამორიგეო ნაწილში მიწევდა მუშაობა და ერთი სული მქონდა როდის დამავალებდნენ სერიოზულ საქმეს იმიტომ, რომ გამომძიებელი ვარ. ერთი წლის თავზე ეს დღეც დადგა. თუმცა ყველაფერი ისე არ არის, როგორც ეს დეტექტიურ წიგნებში წერია და ასე მარტივი სამუშაო არ არის. მაგრამ დავალებული საქმით ძალიან ბედნიერი ვიყავი. ქურდობის შემთხვევა იყო და ეს საქმე დამოუკიდებლად უნდა გამეკეთებინა. დღის ბოლოს, როცა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები დავასრულე და მივხვდი, რომ არაფერი დამირღვევია და ყველაფერი წესების დაცვით გავაკეთე, ძალიან გახარებული ვიყავი.
ჩემი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე ბევრი მოძრაობა მიწევს, შემთხვევის ადგილზე გასვლა, ან შეიძლება სულ სხვა რეგიონში მოგიწიოს წასვლა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე. ამ დროის განმავლობაში, რაც პოლიციაში ვმუშაობ, ჩემი პრინციპებისთვის არ მიღალატია და კეთილსინდისიერად ვემსახურები სახელმწიფოსა და ხალხს.
ვინაიდან გამომძიებელი ვარ, ასევე, არასრულწლოვნებთან მიწევს მუშაობა. მათთან სამუშაოდ შესაბამისი გამოცდებია ჩასაბარებელი და მე მაქვს ეს სპეციალიზაცია. მიწევს დაზარალებულ, ბრალდებული ან მოწმე არასრულწლოვნებთან ურთიერთობა, ამდენად, მათთან მუშაობის დროს, ყოველთვის ვცდილობ ჩემი დადებითი მხარეები წარმოვაჩინო, ასე ვთქვათ, არ ვიყო „ბუა“ პოლიციელი და მაქსიმალურად ვცდილობ კომფორტულად იყვნენ ჩემთან და შევუქმნა შესაბამისი გარემო.
ასევე, ვმუშაობ ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე. წლების წინ სხვანაირი მიდგომა იყო ამ საკითხის მიმართ. ოჯახურში დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია, შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობის მიმართულებით ძალიან აქტიურ საინფორმაციო კამაპანიებს ახორციელებს და ასევე მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივებზეც, ახლაც მიმდინარეობს გამომძიებლების გადამზადების პროგრამა. აღსანიშნავია საზოგადოებისა და კერძოდ, ქალების უფლებებისთვის მებრძოლი აქტივისტების დამსახურებაც. ამ ბრძოლამ მოიტანა ის, რომ ოჯახში ძალადობას დიდი ყურადღება ექცევა. ამ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია მსხვერპლთან როგორი ურთიერთობა გექნება. რუსთავის პოლიციას ამ მხრივ გამოვარჩევდი.
ოჯახი
დაქორწინებული ვარ 5 წელია და ორი შვილი მყავს: 4 წლის ბიჭი და 2 წლის გოგო. ბავშვების აღზრდაში ძალიან მეხმარებიან მშბოლები და ქმარი. ბავშვების გაჩენამდე, 9 თვის მანძილზე აქტიურად ვმუშაობდი, ბოლო წუთამდე სამსახურში ვიყავი. ასევე, ბავშვების გაჩენის შემდგომ, კანონით მონიჭებული ყველა უფლება გამოვიყენე უპრობლემოდ – ფასიანი და უფასო დეკრეტული შვებულება, რის შემდეგაც, უპრობლემოდ დავბრუნდი იმავე თანამდებობაზე, რაზეც მანამდე ვმუშაობდი. როცა ჩავთვალე, რომ უკვე მზად ვიყავი სამუშაოს დავბრუნებოდი, მშობლები და ქმარი დამეხმარნენ და მე სამსახურს დავუბრუნდი. როდესაც მე ბავშვების გვერდით არ ვარ, ჩემი მეუღლე იღებს მათი მოვლის პასუხისმგებლობას – თუ საჭიროა საფენსაც უცვლის და საჭმელსაც უმზადებს. ჩემს შვილებს ეამაყებათ და სიამაყით ამბობენ ჩემი დედიკო პოლიციელიაო“.
ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: სოფო აფციაური