ანანია გაჩეჩილაძე, ასაკი 22 წლის, თბილსი
სექსუალობის გააზრება
————————————-
ყოველთვის საკუთარ თავთან მყოფი ბავშვი ვიყავი და Playstation-ის თამაში მერჩივნა, ადამიანებთან ურთიერთობას. 16 წლამდე არანაირი ლტოლვა არ მიგრძვნია არც ბიჭების და არც გოგოების მიმართ. მიუხედავად ამისა, ხასიათს მკაფიოდ ვავლენდი და საკუთარ თავთან კომფორტულად ყოფნა დღესაც შინაგანი სამყაროს ნაწილია.
კარგად მახსოვს როდის გავიაზრე საკუთარი სექსუალობა პირველად. 16 წლის ვიყავი, მე და ჩემი დაქალი რომ ბათუმში წავედით დასასვენებლად, სადაც კლუბებში სიარული დავიწყეთ და იქ პირველად მაგრძნობინეს, რომ სქესი გამაჩნია. მოკლედ, დიდი დაინტერესება ვიგრძენი კაცების მხრიდან. სხვათაშორის, გოგოების მხრიდანაც. ისრაელიდან იყო ერთი გოგო და ისიც რაღაცებს მეუბნებოდა ხოლმე, მაგრამ დიდად ვერ მივხვდი მაშინ. ძალიან სასიამოვნო იყო იმის განცდა, რომ გაქვს რაღაც სუპერძალა რომლის არსებობის შესახებაც აქამდე არ იცოდი. ისე გამოვიდა, რომ ჩემი მხრიდან სექსუალური ინტერესი უფრო მოგვიანებით დაიწყო, ვიდრე პირიქით. ბათუმში ეს ინტერესები მეგობრულ ფორმატში გადავიტანე, რადგან მაშინ ინტიმური ურთიერთობებისთვის ფსიქოლოგიურად მზად არ ვიყავი, ზოგად ურთიერთობებშიც ძალიან გამოუცდელი ვიყავი, მქონდა მხოლოდ პლატონური სიყვარულის ისტორიები და ერთი ბიჭისთვის ნაკოცნი.
ძალადობრივი ურთიერთობები და გამოცდილებები
—————————————————————-
2012 წლის აქციები რომ იყო „ცოცხების თემაზე“, მაგ პერიოდში არსად ვმუშაობდი რამდენიმე თვე. ამიტომ, ველზე გავიჭერი, როგორც დამოუკიდებელი სამოქალაქო ჟურნალისტი. იქ გაიჩითა ორი ტიპი, ჩვეულებრივი უბნის ბიჭების ჰაბიტუსით და ფოტოს გადაღება მთხოვეს. იმდენად უსიამოვნო ტიპები იყვნენ ჩემს თვალში, რომ უარის თქმაც მომერიდა, ამიტომ გადავუღე. საკუთარი ფეისბუქი ჩამაწერინა და ფოტოს გაგზავნა მთხოვა. საღამოს მართლა შევედი მის ფეისბუქზე და ფოტოების გაგზავნის შემდეგ, მისი გვერდიც ვნახე. ვხედავ, რომ ეს მოძველბიჭო ელემენტი დიდი თეორიული ცოდნით არის დაძეძგილი. 17 წლის ახალი გამხდარი ვიყავი მაშინ და როგორც ვთქვი, ურთიერთობების გამოცდილება არ მქონდა. ამიტომ, ჩემთვის ეს აღმოჩენა შოკისმომგვრელი იყო. მოვიხიბლე იმით, რომ ეს ბიჭი ეკლექტური იყო. იცით როგორი იყო?! 25 წლის ცენტრალურ საბურთალოელი, ყველაფრით ტიპური ბიჭი. აი, ადრე ფეხბურთს რომ თამაშობდა და დამახასიათებელი კუნთები შემორჩა ფეხებზე. ზუსტად ეგ ტიპი იყო, უბრალოდ ქონდა ინტელექტი და რაღაცეები წაკითხული. ინტერესი გამიჩნდა მისთვის თავი მომეწონებინა. თავიდან მეგობრული შეხვედრები დავიწყეთ, რადგან არც იმ მომენტში ვიყავი ინტიმურობისთვის მზად. წარმოდგენა მქონდა, რომ სრულფასოვანი ურთიერთობისთვის სექსი და გამართული ურთიერთობა თანაბრად აუცილებელია და მინდოდა ყველაფერი მაგ კონდინციამდე მისულიყო. დღემდე ჩემი ფსიქოტიპი ისე ვითარდება, რომ „პროსტა“ ვიღაცეებთან სექსი არ მინდება. ემოციური კავშირის გარეშე, როგორ არა, შემიძლია მქონდეს სექსი, მაგრამ უინტერესოა ჩემთვის.
ამ ბიჭთან ყველაფერი კარგად მიდიოდა. ერთ დღეს შემომთავაზა საქართველოს იმ რეგიონში წავსულიყავით, სადაც არც მანამდე და არც იმის შემდეგ არ ვყოფილვარ. იქ მის მეგობრებთან ერთად წავედით. მე წინასწარ გავაფრთხილე, რომ მასთან ერთად ძილი პრობლემა არ იყო, მაგრამ სექსუალური ურთიერთობებისთვის ჯერ მზად არ ვიყავი. მე მართლა არ მქონია დეფლორაციის შიშები და მატერიალური მნიშვნელობა არასოდეს მიმინიჭებია საქალწულე აპკისთვის. თუმცა რომანტიული თუ არა, ელემენტარული ჰიგიენური ნორმების დაკმაყოფილება მნიშვნელოვანი იყო, როცა ისეთ რამეს ვაპირებდი, რაც ცხოვრებაში არ მქონდა გაკეთებული. ამაზე დამთანხმდა.
ჩავედით და აი, აქ იკვეთება უამრავი კულტურული საზიზღრობა. ოთხი ბიჭი და მე ვიყავით. დამავალეს, რომ სადილი მე მომემზადებინა ყველასთვის და სუფრაც გამეშალა. მახსოვს, ნოემბრის გაყინულ წყალში კიტრს როგორ ვთლიდი და კარტოფილს ვწვავდი. ამ ყველაფრის შემდეგ სუფრასთან მეც რომ დავჯექი, ერთ თეფშზე დაგვიდეს მე და ჩემს „კავალერს“ საჭმელი და მითხრეს მეტი რა გინდაო, თითქოს რომანტიულ კონტექსტში.
ამ ყველაფერზე რა თქმა უნდა, გავგიჟდი, მაგრამ გავიაზრე, რომ ნოემბრის ღამეში იმ რეგიონიდან ვერ წამოვიდოდი. ნასვამები იყვნენ და ვეცადე, რომ ხუმრობაში გადამეტანა. თან ერთი-ერთზე რომ დავრჩებოდი იმ ბიჭთან, ჩემი თავის იმედი მქონდა, თავს დავიცავდი. მეგონა, რომ სიტუაციას ვმართავდი, რადგან შინაურები იყვნენ ეს ადამიანები ჩემთვის. ჰო, მე ყოველთვის მაქვს ეს პრობლემა – სულ მჯერა რომ ვერაფერს მიზამენ. საკუთარ თავში ზედმეტი თვითდაჯერებულობის გამო, ბევრი ცუდი გამოცდილება დამიგროვდა სექსუალურ კონტექსტში.
მოვიდა ის მომენტიც, როცა ოთახში დასაძინებლად შევედით. მთელი ღამე ამ ბიჭთან ჭიდაობაში გაგრძელდა. აგრესიას ვეღარ აკონტროლებდა, უამრავი „სინიაკი“ მქონდა მკერდზე და ლოყებზე, დილას სარკეშიც და სხვა ადამიანების თვალშიც დასიებული სახე და დახეთქილი ტუჩები მქონდა.
გამოვედი და ვხედავ მღვდელი მოდის ცოლთან ერთად. საქართველოს ერთ–ერთი ყველაზე ცნობილ ეკლესიასთან ძალიან ახლოს ვიყავით და მეუბნებოდნენ – მანდ შენ ჯვარს კიდევ როდის დაიწერო. ეტყობა ეგონათ, ღამე ის ბიჭი შემისრულებდა და გავყვებოდი. ავიღე ჩანთა და გამოვედი ტრასაზე. რა თქმა უნდა, გამომყვნენ და მაჩერებდნენ. საათების განმავლობაში გამოვლილი ისედაც რამდენიმე მანქანიდან ძლივს გავყევი რაღაც ტრაილერს, ყველა მანქანის მძღოლის და მგზავრების მხრიდან შესაძლო საფრთხეს გადაჭარბებულად ვაფასებდი. როგორღაც ჩამოვაღწიე თბილისამდე. განცდა მქონდა, რომ ჩემთვის ძვირფასმა ადამიანმა ძალიან მაწყენინა, მაგრამ ამავდროულად საკუთარ თავსაც ვადანაშაულებდი. მეორე დღეს კონცერტზე მივდიოდი და „ტონალურმა“ სილურჯეები ვერ დაფარა. მაინც წავედი თუმცა ვიცოდი შეიძლება ვინმეს შეემჩნია და მიმხვდარიყო რომ ნაძალადევი ვარ. რეალურად მაშინ გავიაზრე, რომ ძალიან დამამცირეს, როგორც ქალი. ამ ამბებით ის მიხვდა რომ ვიღაც ბავშვი არ ვიყავი, რომელსაც თავის ჭკუაზე გაზრდის. ამიტომ, ინტერესი დაკარგა და შემეშვა. წყენა და სასოწარკვეთილების განცდა დიდხანს გამყვა. აბიტურიენტი ვიყავი და უნარებს რომ ვმეცადინეობდი, ვქვითინებდი ხოლმე. თან ძალიან ჩავიკეტე, არავისთან ურთიერთობა არ მინდოდა.
ამასობაში სკოლა დავამთავრე. სტერსმა გამიარა და ახალ ბიჭსაც ვეპრანჭებოდი. ჩემი დაქალის დაბადების დღე მოდიოდა, 18 წლის ვხდებოდით იმ წელს და ყველაფერი მე დავაორგანიზე. ვინც მომწონდა ის ბიჭიც იქ იყო, მოულოდნელად ძლივს ყურადღება მომაქცია და ჭკუაზე არ ვიყავი. უცებ ჩემი დაქალის უბნელები გაიჩითნენ, რომლებსაც მანამდეც ვიცნობდი. ბიო იყო მაშინ ახალი შემოყრილი და მოწიეს. ერთ–ერთი მოვიდა და წამოდი ერთი წუთითო. ეზოს გარეთ გამიყვანა და კოცნას მაძალებდა. ბოლოს თეთრი კაბით ძირს დამაგდო და თმებით მითრია. მუხლებიდან სისხლები მდიოდა. ეს ხდება ბახტრიონზე, შუა თბილისში, სადმე ტყეში კი არა. ერთადერთი მიზეზი რატომაც ეგრე მომექცა თავისი ამოჩემება იყო სხვა ბიჭთან ერთად მყოფი ‘სტროგი’ ნაშის დაკერვის. მთელი ამბებით ძლივს დავაღწიე თავი და მუხლებგადატყავებული სახლში ავედი. ჩემს მეგობრებზეც გულდაწყვეტილი ვიყავი, რომ არც ერთმა არ მომიკითხა. თან წარმოიდგინეთ, მეორე დღეს რომ მოვუყევი, თითქოს მე დამადანაშაულეს, აბა რატომ გაყევიო. თითქოს ჩემთვის დამახასიათებელი ქცევა ყოფილიყო ვინმეს გაყოლა. ამჯერად პოლიციაში წავედი. მანამდე რამდენჯერმე იყო საქმე ამ ბიჭზე აღძრული და კარგად იცნობდნენ. 17 წლის გოგო ვაჩვენებ გადატყავებულ მუხლებს, ვუხსნი რა მოხდა. პოლიციაში დაცინვა დამიწყეს, ძალიან ცუდად მომექცნენ და მივხდი, რომ აზრი არ ქონდა. კიდევ ერთი მარაზმი იყო, როცა ამ ბიჭის მშობლები ოქროს საათით მომადგნენ. მეუბნებოდნენ, ოღონდ არ უჩივლო და თუ გინდა ცოლად მოგიყვანსო. წარმოიდგინეთ, 17 წლის არასრულწლოვანი ვიყავი. მოკლედ, მაშინ ეს ამბავიც ჩაიფარცხა.
მოტაცება-ძალადობები მანდ არ დამთავრებულა, სხვა უფრო მძიმე ფაქტიც იყო ჩემს ცხოვრებაში და სწორედ ამ ძალადობრივმა გამოცდილებებმა დააყოვნა ჩემი სექსუალური ცხოვრების განვითარება. ფსიქოლოგიური პრობლემაც გამიჩნდა და გავჭედე იმაზე, რომ მაქვს საქალწულე აპკი, რომელიც არაფერში მჭირდება. თან არავინ მომწონდა და არაკომფორტულად ვიყავი ჩემს სხეულთან, რადგან საზოგადოების მხრიდან ჩემი აღქმა და საკუთარი თავის აღქმა ეწინააღმდეგებოდა ჩემს ფიზიკურ მდგომარეობას.
საქალწულე აპკი
——————————-
18 წლის როგორც კი გავხდი, გინეკოლოგთან წავედი და ვეუბნებოდი, გამჭერით–მეთქი. ეს გადაწყვეტილება ჩემი ძალადობრივი გამოცდილებების შედეგი იყო და ჰქონდა საფუძველი ჩემს სხეულს ისე მოვქცეოდი, როგორც მინდოდა. ორ ექიმთან ვიყავი, ვუხსნიდი და ისინი მაინც მიმტკიცებდნენ, რომ ვინმე ისე შემიყვარდებოდა ამ ჩემს აპკს სიხარულით ჩავაბარებდი. ექიმების ძიება შევწყვიტე, თუმცა მათმა უარმა ჩემი სექსუალური კონსტიტუციიდან გადახვევისკენ მიბიძგა, რომელიც 10 წლის მერეც ისეთი იქნება როგორიც ახალაა და როგორიც მაშინ იყო. არავინ მომწონდა და ერთადერთი გზა დინების მიყოლა იყო, რაც ძალიან არ მიყვარს არცერთ საკითხში. ამიტომ, ამ ფონზე ზოგიერთი მოვლენა ისე განვითარდა, როგორც არ განვითარდებოდა ალტერნატიულ შემთხვევაში, მაგრამ ყველაფერი ისედაც სულერთი იყო.
აიისა
ჩემი სიცოცხლის 1/3 ანუ 7 წელი ჟურნალისტიკაში ვიყავი და ბიზნესიც ჟურნალისტური გადმოსახედიდან ვაკეთებ. ყველა ნაბიჯს, რასაც „აიისა“ დგამს ვხედავ, როგორც ჰედლაინს და პირველ რიგში სოციალური აზრის და ქცევის ცვლილებას ემსახურება. პრეზერვატივის, როგორც სექსის და სექსუალობის კონტექსტში ცვლილებების გამომწვევ ნივთად განხილვა, ბიზნეს სტრატეგიით ზუსტი გამოდგა და წარმატებით შედგა.
არაფერი მწყინს, მათ შორის არც ლანძღვა–გინება გარდა იმისა, როცა არ სჯერათ რომ ამ ყველაფრის უკან შესაძლებელია გოგო იდგეს და საიდანმე ვინმე კაცი არ „კრიშავდეს.“ კომუნისტური წარმოდგენა, რომ შენ არავინ ხარ, თუ ვიღაც არ გეხმარება, აქაც თავს იჩენს. „აიისა“ განვითარების ჩემს იდეებზე დგას და შორსაა მეინსტრიმული ეპატაჟისგან. ვიწროდ დანახული სექსი და სექსუალობა, თითქოს, ეს ფუნდამენტური საკითხი, მხოლოდ აქტით მიუღებელია ჩემთვის და თემის ტაბუირება გამორიცხული.
„აიისა“ და სასამართლო დავები
——————————————————————
ბრენდის ჩანაფიქრებს ვერ ან არ მიხვდნენ საპატრიარქოში და საზოგადოების კონკრეტულ ჯგუფებში, რომლებმაც სახელმწიფოს დახმარებით, სრულიად უაზრო სარჩელი მიიტანეს „აიისა“-ს წინააღდეგ სასამართლომდე. დიზაინები, სადაც ქალის გენდერული როლია ხაზგასმული, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის და ცენზურის დაწესების მაგალითად იქცა. ჩვენ გავაგრძელეთ დავა სააპელაციო სასამართლოში და ეს საქმე საბოლოოდ გამართლებისთვის სტასბურგის სასამართლოშიც კი წავა. ასევე, კონტრ საჩივარით საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ და იმ კანონის გაუქმებას მოვითხოვეთ, რომელიც თვისობრივად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას. მსგავსი პრეცედენტების შექმნა კი „აიისა“-ს როგორც ბრენდის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
ავტორი: იდა ბახტურიძე
ფოტო: სოფო აფციაური