ანასტასია იოსებაძე, 17 წლის, თბილისი სოფი ბრეგაძე, 16 წლის, თბილისი ელენე ბახტაძე, 17 წლის, თბილისი

ანასტასია:
„ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში ვწავლობ. რამდენიმე ხნის წინ შემატყობინეს, რომ ამერიკულ აკადემიას ქონდა ინიციატივა, რობოტიკით დაინტერესებული მოსწავლეები შეეკრიბა სხვადასხვა სკოლიდან და ამ გუნდს საქართველოს სახელით უნდა ეასპარეზა პირველ გლობალურ რობოტების ოლიმპიადაში, რომელიც ვაშინგტონში ჩატარდა. ასე გავიცანით ერთმანეთი… “

სოფი:
“ეს ოლიმპიადა რობოტების გამოწვევა იყო. ჩვენს ჯგუფს უნდა შეექმნა რობოტი, რომლის მიზანი იქნებოდა სპეციალურ მოედანზე შეეგროვებინა ცისფერი და სტაფილოსფერი ბურთები, რომლებიც სიმბოლურად განასახიერებდნენ სუფთა და დაბინძურებულ წყალს. შესაბამისად ცისფერი ბურთები ცალკე რეზევუარში უნდა მოეთავსებინა რობოტს, სტაფილოსფერი კი ცალკე. და ეს ყველაფერი მინიმალურ დროში უნდა მოგვეხერხებინა. ქულებიც შესაბამისად გროვდებოდა.”

ელენე:
“ოლიმპიადის კონცეფცია იყო, რომ ახალგაზრდების ყურადღება ისეთი გლობალური საკითხებისადმი მიექცია, როგორიც არის წყლის დაბინძურება და თანამედროვე ტექნოლოგიის მეშვეობით ამ გლობალური პრობლემების მოგვარების ახალი შესაძლებლობებით დაინტერესება გაზრდილიყო.“

ანასტასია:
“საინტერესო ის, იყო, რომ წინასწარ სტანდარტები არ გვქონდა მოცემული. ყველა ქვეყნის მონაწილეს ერთნაირი დეტალები გამოგვიგზავნეს. დანარჩენი ჩვენით უნდა შეგვექმნა: დიზაინი, კონსტრუქცია, მექანიზმი. ამ ყველაფრის გამოგონებაში სრული თავისუფლება გვქონდა. შეზღუდვები იყო დაწესებული მხოლოდ ზომაში – თითოეული რობოტის ზომა 50X50X50- ზე უნდა ყოფილიყო.

შედეგად ის დავდეთ, რომ 157 ქვეყნიდან საქართველო მე-14 ადგილზე გავიდა. ეს მოულოდნელი და სასიხარულო შედეგი იყო. ჩევნს რობოტს განსაკუთრებული ფუნქცია ქონდა – სასროლი მოწყობილობა დავუმონტაჟეთ, რომელიც სტაფილოსფერ ბურთებს შორი მანძილიდან ისროდა რეზერვუარში და ამით დრო გვეზოგებოდა. ეს გამოგონება ჟიურის ძალიან მოეწონა.“

სოფი:
“როდესაც რობოტზე დავიწყეთ მუშაობა, ჯგუფში 20-მდე ბავშვი ვიყავით. თუმცა საბოლოოდ მენტორმა გადაგვარჩია და დავრჩით შვიდნი. პრინციპში ოლიმპიადაზე მხოლოდ შვიდ ადამიან გუნდს შეეძლო წასვლა.“

ელენე:
„თავიდან 16 ბიჭი იყო და მხოლოდ ოთხი გოგო ვიყავით. გადარჩევის პროცესში ოთხივე გოგომ დავაკმაყოფილეთ სტანდარტები და გუნდში 3 ბიჭი და 4 გოგო დავრჩით. სამწუხაროდ ერთი გოგო მშობლემბა არ გამოუშვეს ვაშინგტონში. არ ვიცი, ალბათ შეეშინდატ გოგოს გამოშვება ამხელა გზაზე. ამიტომ ეს გოგონა ბიჭმა ჩაანაცვლა.“

სოფი:
„მე კომაროვში ვსწავლობ, სადაც გოგოები კიდევ უკეთ სწავლობენ, ვიდრე ბიჭები და ამიტომ ხშირად არ ვაწყდები ისეთ სტერეოტიპს, როგორიც არის, „გოგოს არ ეხერხება ტექნიკური საგნები“. თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა მასწავლებელს უთქვამს, ფიზიკაც კარგია და მათემატიკაც, მაგრამ გოგოს ასევე სადილების კეთება და სახლის დალაგებაც უნდა ეხერხებოდესო. ერთხელ ნათესავმა იმაზეც მისაყვედურა, გოგო ხარ და რობოტების ოლიმპიადაზე რა გინდოდაო.“

ელენე:
“არის წარმოდგენა, რომ ტექნიკური პროფესიებით ბიჭები არიან დაინტერესებული. ამას ხშირად იმით ხსნიან, რომ გოგოს უფრო მეტი თავისუფალი დრო უნდა ქონდეს ოჯახისთვის ან სოციალური ცხოვრებისთვის. მე პირადად ინჟინერიით ვარ დაინტერესებული. მახსოვს ერთთხელ დედაჩემმა მითხრა, ამდენს რომ სწავლობ, იმედია კარიერის გარდა ოჯახის შექმნაზეც ფიქრობო. მამაჩემი ცდილობდა გადავერწმუნებინე, არ გავყოლოდი ინჟინერიას და ამერჩია ან ფინანსები ან პოლიტიკური მეცნიერება. არც ფინანსები და არც პოლიტიკა საშინლად არ მაინტერესებს. საერთოდ ვთვლი რომ ადამიანმა ის საქმე უნდა აკეთოს, რაც მას სიამოვნებს და გარედან თავსმოხვეულ სტერეოტიპებს და აზრებს არ უნდა დაუჯეროს.“

ანასტასია:
“მეც ინჟინერიას ავირჩევ სამომავლოდ. მამაჩემს კი უნდოდა, რომ მასავით ფსიქოლოგი გამოვსულიყავი, მაგრამ ავუხსენი, რომ ბედნიერი მხოლოდ იმ პროფესიაში ვიქნები, რაც მაინტერესებს. ამიტომ შეეგუა ჩემს არჩევანს. სხვათაშორის, სწავლის გაგრძელებას ამერიკის უნივერსიტეტში გვეგვმავ და ოჯახში ამაზეც პრობლემა მაქვს. საბოლოო ჯამში კი გამიშვებენ, მაგრამ მაინც ფრთხილად არიან. ზუსტად ვიცი, ჩემ ძმას საზღვარგარეთ წასვლა რომ მოენდომებინა, დიდი სიხარულით შეხვდებოდნენ ამ ამბავს და ჩემსნაირი წინააღმდეგობა არ ექნებოდა.“

ელენე:
დეიდაშვილი ბიჭი მყავს, რომელსაც სამსახიობოზე უნდა ჩაბარება. მახსოვს, ბიძაჩემი და დეიდაჩემი სულ იმაზე საყვედურობდნენ, რომ ელენემ როგორ უნდა იცოდეს შენზე უკეთ მათემატიკაო. ელენემ ტექნიკური პროფესია აირჩია და შენ სამსახიობოო. თითქო, ის ბიჭი რომ არის, ბუნებრივად უნდა გამოსვლოდა მათემატიკა და მე როგორც გოგოს, შემთხვევით მერგო ეს ნიჭი. მწყინდა ეს ფაქტი. რადგან გოგო ვარ, როგორ შეიძლებოდა ბიჭს ვაჯობო?!

ანასტასია:
“ საინტერესო ფაქტი ისაა, რომ ჩემს კლასში ბიჭები არ აპირებენ ტექნიკური პროფესიების არჩევას. მათემატიკურ სკოლაში ბევრმა ინტერესის გამო ჩააბარა, თუმცა ალბათ მობეზრდათ და გადაიფიქრეს. სხვათა შორის, გოგოები დავრჩით, რომლებიც ტექნიკურ საგნებს გაძლიერებულად ვსწავლობთ და ტექნიკური განხრით ვაპირებთ სამომავლოდ წასვლას.“

ანასტასია:
“ძალიან მიყვარს მეცნიერი ნიკოლას ტესლა. ყოველთვის მაინტერესებდა მისი ნაშრომები და ენერგიის უსადენო გადაცემის მოწყობილობა. ერთხელ ტესლას კოჭიც ავაწყვე ლაბორატორიაში და ვისურვებდი, რომ ეს ცდები მეც ჩამეტარებინა. ამ საკითხზე მუშაობ უკვე დაწყებულია და ვერ ვიტყვი, რომ ინოვატორი ვიქნები, მაგრამ ამ პროექტში ჩემი წვლილის შეტანაც მინდა.“

ელენე:
“ორი ოცნება მქონდა და მაქვს: ამერიკის საჰაერო აკადემიაში მინდოდა ჩამებარებინა, საჰაერო ინჟინერიაზე და საქართველოს საჰაერო ძალებისთვის სამხედრო თვითმფრინავების კონსტრუქციები შემექმნა. სხვათა შორის გუშინ მომივიდა უარი, რადგან დიაბეტი მაქვს და ამ კონკრეტულ უნივერსიტეტში ძლიერი ფიზიკური მონაცემები უნდა გქონდეს. არ ვეთანხმები, რადგან მიუხედავად დიაბეტისა, საკმაოდ ძლიერი და ფიზიკურად დატვირთული ვარ. ამას შევძლებდი, მაგრამ მაინც არ მომეცა ამის საშუალება. ახლა ვგეგმავ ამერიკის უნივერსიტეტში აერო ინჟინერიის მიმართულებით წასვლას და სარაკეტო ხომალდებზე მუშაობას“.

ანასტასია:
“ბავშვობიდან მომწონდა პულტით სამართავი მანქანები. ჩემს ძმას ყოველთვის ქონდა ასეთი სათამაშოები, ჩემთვის კი ბარბებს ყიდულობდნენ. კი მაინც ვთამაშობდი მისი სათამაშოებით, მაგრამ განსაკუთრებით გულში ჩამრჩა ერთი პულტი სამართავი მანქანა, რომელიც არადა არ მიყიდეს. რომ გავიზარდე, გადავწყვიტე ჩემით მეყიდა, მაგრამ ის კონკრეტული მოდელი უკვე აღარ დამხვდა გაყიდვაში.“

ელენე:
“ჩემთვისაც სულ ბარბები მოქონდათ. არადა პულტით სამართავი ვერტმფრენი და თვითმფრინავი იყო ჩემი ოცნება. სახლში ორი და ვართ და ამიტომ გოგოების სათამაშოები გვქონდა სულ. გოგო ხარ და რად გინდა ბიჭების სათამაშოებიო, მეუბნებოდნენ. ბარბები დიდად არ მაინტერესებდა. ამიტომ ჩემი გასართობი იყო კუბიკებით სხვადასხვა კონსტრუქციის სახლების აგება ბარბებისთვის. ამ ინტერესის გამო არქიტექტურაზეც კი მინდოდა ჩაბარება. თუმცა ინჟინერია ვარჩიე.“

სოფი:
“მე პირიქით ყველაფერს ვშლიდი. რაც მოქონდათ სათამაშო, ყველაფერი შიგნიდან მაინტერესებდა – მექანიზმი, კონსტრუქცია. ყველაფერს ვაფუჭებდი“

ანასტასია:
“გულდასაწყვეტია, რომ საქართველოში განათლების სისტემა არ გვაქვს იმ დონეზე, რომ ხარისხიანი განათლება მიიღო ისეთ ტექნიკურ სფეროში, როგორიც ინჟინერიაა. მხოლოდ ერთი უნივერსიტეტია, რომელსაც ინჟინერიის ფაკულტეტი აქვს და მხოლოდ 50 სტუდენტს იღებენ წელიწადში. აქედან მხოლოდ 20 ამთავრებს, რადგან დანარჩენი სტუდენტები საზღვარგარეთ მიდიან და იქ არათუ სწავლას აგრძელებენ, არამედ საქმდებიან და უკან აღარ ბრუნდებიან. ინჟინერიის სწავლას თანამედროვე ლაბორატორიები და თვალსაჩინო მასალები ჭირდება, რაც ჩვენ არ გაგვაჩნია“

ელენე:
“რობოტიკის ოლიმპიადა ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ახალგაზრდებს მისცა ის ხედვა, რომ მომავალში შეიძლება შეიქმნას ისეთი მოწყობილობები, რასაც პრაქტიკული გამოყენება ექნება, თუდაც ისეთ პრობლემატურ, როგორიც გარემოს დაბინძურებაა. სამწუხაროდ, საქართველო ჯერ ვერ ხვდება რომ ასეთი კონკურსების მხარდაჭერით შესაძლოა ქვეყანაში ახალი ინჟინერია დაინერგოს . სწორედ ამ მხარდაჭერის არარსებობის გამო, ბავშვები მიდიან ამერიკაში და აღარ ჩამოდიან. ქვეყანა რომ მიხვდეს ინჟინერიისა და გამომგონებლობის მნიშვნელობას, ახალგაზრდები თავის ცოდნას საქართველოსთვის გამოიყენებდნენ და არა სხვა ქვეყნებისთვის.“

სოფი:
“სკოლაში ექსპერიმენტული ფიზიკის წრე გვაქვს და გვასწავლიან უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტები. და ისინი ამბობენ, რომ საუკეთესო დასაქმება რაც შეიძლება ფიზიკოსს ქონდეს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ უკვე გვაქვსო. ანუ თქვენ რომ გასწავლითო. არადა საზღვარგარეთ, სადაც წარმოებაა, ძალიან ჭირდებათ ფიზიკოსების რესურსები. საქართველოში შრომის ბაზარი ძალიან შეზღუდულია“

ანასტასია:
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლებიდან ხდებოდეს ახალგაზრდების წახალისება და დაინტერესება ტექნიკური პროფესიებით. ახალი ტექტნოლოგიები არის მომავლის პროფესია და რადგან ამის ინტელექტუალური რესურსი ქვეყანას ყავს ახლაგაზრდების სახით, ამის გამოყენება აუცილებელია.“

ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტოგრაფი: სალომე ცოფურაშვილი