გული ხურცილავა, 74 წლის, ქობულეთი

„მეშვიდე კლასში ვიყავი, რომ შემიყვარდა. ერთნამეთს არც კი ვიცნობდით, სიმღერებით გადავცემდით გრძნობებს. როცა მის სოფელში ჩავიდოდი, მის მელოდიებს გავიგონებდი და მეც სიმღერებით ვპასუხობდი. ერთხელ, ჯარობაზე, სათამაშო მოედანზე შევხვდით და ცოლობა მთხოვა. შევეხვეწე, სკოლას დავამთავრებ, მუსიკალურ სასწავლებელში ჩავაბარებ და გამოგყვები-თქო. დამეთანხმა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩამომაკითხა. მაგრამ ვერ გავბედე, ცოტა შემეშინდა. ერთი კვირა მელოდა ქობულეთში. მერე წავიდა. დავბრუნდებიო, შემპირდა. იმავე საღამოს სახლში უცხო ადამიანები მოვიდნენ. მამას დაელაპარაკნენ. ჩაიცვიო, მამამ, სტუმრად მივდივართო. გზაში გავიგე, რომ ერთ-ერთ სოფელში, ახალგაზრდა კაცს ისეთი ქალი შეყვარებია, რომლის ცოლად მოყვანასაც ვერ შეძლებდა. ამ კაცის ოჯახი დიდი ხანია ეძებდა პატარა გოგოს, რომელსაც შერთავდნენ და იმ ქალთან დააცილებდნენ. არჩევანი ჩემზე შეუჩერებიათ და ეს საქმე სასწრაფოდ უნდა მოგვარებულიყო. გზაში რომ მივდიოდი, რამდენჯერმე დავაპირე გაქცევა, მაგრამ უკან მომაბრუნეს. მე ხო მისი არც სახელი და არც გვარი ვიცოდი?! ჩემს მშობლებს დაემუქრნენ, თუ არ მიმათხოვებდნენ, სახელს გამიფუჭებდნენ. მამა დასთანხმდა. მე ვინ მეკითხებოდა რამეს, მხიარული, ბავშვური ვიყავი და ამბობდნენ, გადაიტანსო. არც ერთი დღე ბედნიერი არ ვყოფილვარ. ჩემი ქმრის ოჯახმა სახელიც კი შემიცვალა, ლეილა დამარქვეს, ჩემი ქმრის დის საპატივცემულოდ. მე კიდევ გული უფრო მომწონდა. ჩემს ქმარს იმ ქალთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია. ხშირად გაბოროტებული ბრუნდებოდა სახლში და მემუქრებოდა. მე მადანაშაულებდა, რომ მისი სიყვარულის საქმეც უიღბლოდ წავიდა. სახლშიც ვერ ვბრუნდებოდი, მშობლემა მითხრეს, სახელს ნუ შეარცხვენ ჩვენსასო. დავრჩი, ასე, მარტო ჩემს დარდებთან. ერთხელ ჩემმა შეყვარებულმა ჩამომაკითხა, სიმღერა გავიგონე. სისხლი მომაწვა გულზე. მაგრამ არ ვუპასუხე. მომერიდა, მაშინ ხომ უკვე გათხოვილი ქალი ვიყავი და ოთხი შვილი მყავდა…

მხოლოდ მაშინ, ჩემი მშობლები რომ გარდაიცვალნენ, გავბედე და წამოვედი. 39 წლის ვიყავი და მარტომ დავიწყე ცხოვრება თავიდან. დავივიწყე ლეილა და გავხდი ისევ გული. მაგრამ ვერცერთი ჩემი ბავშვობის ოცნება ვერ ავიხდინე. სიმღერა მინდოდა, სწავლა მინდოდა მუსიკალურში… არ გამომივიდა. ჩემს ოცნებებს დღიურებში ვწერ. ორი სქელტანიანი რვეული მაქვს სავსე ჩემი ლექსებით, დარდებით, წუხილებით და მოგონებებით. დრო რომ დაბრუნდეს, მაშინ იმ დღეს, იმ ბიჭმა რომ ჩამომაკითხა, უკანმოუხედავად გავყვებოდი.“