დადა, 30 წლის, თბილისი
„მე და მამა ვცხოვრობთ ქირით. მამას გულის დაავადება აქვს და კვირაში 100 ლარის წამლები მაინც სჭირდება. დედა ესპანეთშია მიგრანტი და ისე მოხდა, რომ დედიკოს მოხუცი გარდაიცვალა, რომელსაც უვლიდა და დარჩა უსამსახუროდ. ისე დაემთხვა, რომ იმ პერიოდში მეც უსამსახუროდ ვიყავი და იმისათვის, რომ ქუჩაში არ დავრჩენილიყავით მე და მამიკო, სასწრაფოდ უნდა დამეწყო მუშაობა. 2015 წლის ოქტომბერში დავიწყე მუშაობა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. პროფესიით იურისტი ვარ, მაგრამ ინფრასტრუქტურის განყოფილებაში მოვეწყვე. 2 კვირის სტაჟირების შემდეგ, კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, მამოლოგმა ირაკლი კოხრეიძემ, თავის თანაშემწედ გადამიყვანა და ხელფასიც უკეთესი დამენიშნა. 720 ლარს ვიღებდი ხელზე.
სწორედ იმ პერიოდიდან იწყება ჩემი ამბავი. ჩემი მოვალეობა იყო პაციენტების მიღება, უცხოელ სტუმრებთან თარჯიმნობა, ყავის მოდუღება და „ბატონი“ ირაკლის დამცირებების ატანა…
„ბატონი“ ირაკლი ყოველდღე სვამდა თავის კაბინეტში. ასე იღებდა პაციენტებს და ოპერაციებსაც ასე აკეთებდა. პირველად, რომ მითხრა მთვრალმა, რა კარგი მიხვრა-მოხვრა გაქვსო, არ შევიმჩნიე, უბრალო კომპლიმენტად მივიღე. თანაც მთვრალი „ბატონი“ ირაკლის მეშინოდა: მიყვიროდა, მუშტებს მაგიდაზე აბრახუნებდა, იმუქრებოდა სამსახურიდან გაშვებით.
თანდათან მისი უწყინარი კომპლიმენტები შეურაცხყოფის სახეს იღებდა. დამიღრიალებდა მთვრალი, დადა, შემოდი სასწრაფოდ, საქმე მაქვს შენთანო და შევდიოდი ბლოკნოტით და კალმით, რომ მითითებები ჩამეწერა. ის კი, მიბრძანებდა, კარი დამეკეტა და მიყვებოდა, როგორი დიდი სურვილი აქვს ჩემი გაჟიმვის (ვციტირებ „ბატონ“ ირაკლის) და პირდაპირ მოითხოვდა, რომ მასთან ერთად წავსულიყავი ღამის გასატარებლად.
თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ მთვრალი იყო და რომ გამოფხიზლდებოდა, გონს მოვიდოდა. თან მრცხვენოდა ამაზე ხმამაღლა საუბარი თანამშრომლებთან და ვცდილობდი ადგილობრივად მომეგვარებინა ეს პრობლემა და დამემშვიდებინა. რამდნჯერმე ავუხსენი, ბატონო ირაკლი, მე ხომ არ გაძლევთ თქვენ ამის საშუალებას, რომ ასე მომმართოთ, არც ვულგარულად ვიცვამ, არც გყვებით ამ ხუმრობაში და მხოლოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ. იცით რას მპასუხობდა? სწორედ მაგაშია საქმე, მე ქალები კისერზე მეკიდებიან, თან ისეთი ცნობილი ქალებიო და შენ რა გამიხდი, რომ ჩემზე უარს ამბობო.
თქვენ გგონიათ, თავმოყვარეობა ან ღირსება არ მაქვს? მაქვს, ისე როგორც ყველა ადამიანს. მაგრამ ჩემი უხელფასოდ დარჩენა, ჩემი და მამას ქუჩაში დარჩენას უდრიდა და ამიტომ ვცდილობდი თვალები დამეხუჭა იმ იმედით, რომ დედაც სხვა მოხუცს მოძებნიდა ესპანეთში და მეც სხვა სამსახურში გადავიდოდი…
დასვენების დღეებში მირეკავდა ხოლმე „ბატონი“ ირაკლი და დაჟინებით მთხოვდა მასთან ერთად სადმე წავსულიყავი. რა თქმა უნდა, უარს ვეუბნებოდი. ერთხელ მოტყუებით წამიყვანა ბაკურიანში, უცხოელი სტუმარი იყო ჩამოსული ძუძუს კიბოს კონფერენციის ფარგლებში და თარჯიმანი მჭირდებაო. მძღოლთან ერთად გამომიარა. თუმცა აღმოჩნდა, რომ თარჯიმანი სულაც არ ჭირდებოდა, რადგან ის სტუმარი, რომელიც სხვა მანქანაში იჯდა გადასარევად საუბრობდა რუსულად. გზად რესტორანში შეიარეს, იმ სტუმართან ერთად და როცა შეთვრნენ, მერე ავედით ბაკურიანში. მოვითხოვე, რომ უკან გავბრუნდებოდი, რადგან საჭიროებას ვერ ვგრძნობდი. მაგრამ ისეთი ამბავი ამიტეხა… შემეშინდა და გავჩუმდი. ბაკურიანში მოინდომა თავისი ბინა ეჩვენებინა. მძღოლს ვთხოვე ჩუმად, ნიკო წამომყევი, მარტო არ დამტოვო თქო, მაგრამ ავედით თუ არა ბინაში, მძღოლი უკან გაბრუნდა და დამტოვა. მაშინ იყო პირველად, რომ ფიზიკურად ძალადობის მცდელობა ჰქონდა. კიდევ კარგი, მეც არ მაკლია ძალ-ღონე და თავი გავითავისუფლე და გავიქეცი…
ვერავის ვეუბნებოდი ამ ამბავს და ყველაფერს, რაც ჩემს თავს ხდებოდა. ერთადერთი მძღოლი იყო ჩემი იმედი და როცა „ბატონი“ ირაკლი მოითხოვდა გვიანობამდე დავრჩენილიყავი სამსახურში, მძღოლს ვთხოვდი, ნუ დამტოვებ, იქნებ შენც ჩემთან ერთად იყო თქო. მაგრამ ნიკო, „ბატონი“ ირაკლის მეგობარი იყო და აბა მეგობარს ხომ არ უღალატებდა…
როგორც საგანს ისე მექცეოდა. ერთხელ მითხრა, აი ყავას რომ მიდუღებ, ვისკის მისხამ, დაწოლაზე უარს როგორ მეუბნებიო? მე შენი უფროსი ვარ და ის უნდა გააკეთო, რასაც ვითხოვ, თორემ დარჩები უსამსახუროდო.
ბაკურიანის შემდეგ ისევ აგრძელებდა მთვრალი ჩემს შევიწროებას. დამიბარებდა ოთახში, და მუშტების ბრაგუნით მთხოვდა ხან კალთაში ჩავჯდომოდი, ხან მეკოცნა. უარი აგიჟებდა. ღრიალზე გადადიოდა. მეც ასე ყოველდღიურ სტრესში, ხან ვიმალებოდი, ხან უხეშად ვიცილებდი, ხან ნიკოს ვთხოვდი დახმარებას…
1 თებერვალი იყო, სამსახურში პახმელიაზე მოვიდა. 16 პაციენტი ელოდებოდა და როგორც კი შემოვიდა, მთხოვა ამ ხალხს უთხარი, დამელოდონ, კონფერენციაზე მივდივარ და მალე მოვალო. გაგიჟდნენ პაციენტები. წარმოიდგინეთ ზოგი მძიმე დიაგნოზით იყო, ზოგს სასწრაფოდ ჭირდებოდა ექიმის გასინჯვა. „ბატონი“ ირაკლი კონფერენციიდან შუადღეს მთვრალი დაბრუნდა, ფეხით შემოაღო კარი და მითხრა, ვერც ერთ პაციენტს ვერ მიიღებდა. პაციენტებთან გავედი და ვუთხარი, რომ ექიმს წნევა ქონდა. სულ ვცდილობდი, რომ პაციენტების თვალში რეპუტაცია არ შელახოდა მას, მერე იმ კლინიკას, სადაც მე ვმუშაობდი, რადგან ეს ჩემი პრესტიჟიც იყო. თან პაციენტებთან მე მქონდა ურთიერთობა და ძალიან მეუხერხულებოდა მათთან ასეთი დამოკიდებულება. საღამომდე იჯდა კაბინეტში და სმას განაგრძობდა. მეც არ მიშვებდა სახლში. გვიან, როცა ყველა თანამშრომელი წავიდა, დამიბარა კაბინეტში და შემომთავაზა, თუ დავთანხმდებოდი მასთან სექსზე, დამაწინაურებდა. ასე მითხრა, შეხედე სხვა ქალებს ფიზიკურობას რომ იყენებენ და ერთი ადგილით რომ მუშაობენ, რამხელა მწვერვალებს აღწევენ და ყოველთვის კარგი ხელფასი აქვთო. ამაზეც უარი რომ ვუთხარი, დაიწყო ჩემი ლანძღვა, რომ ასეთი შტერები ვართ ქალები, რომ შესაძლებლობებს არ ვიყენებთ და ეს თურმე ირაკლი კოხრეიძე ჩემი შანსი ყოფილა კარიერული წინსვლის. ძალიან მრცხვენია, ამას რომ ვყვები და იმისიც, რომ ადრე არ გავბედე ამის მოყოლა… ის დღე იყო, რომ დავემუქრე, თუ არ შეწყვეტდა ჩემზე ძალადობას, სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორთან შევიდოდი და ყველაფერს მოვუყვებოდი. მოკვდა სიცილით, გაგაბანძებენ, დაგცინებენ, შენ ვინ დაგიჯერებს, დასაცინი გახდები მთელი ქვეყნისო…
არადა ალბათ ამ სიტყვებმა შეაფიქრიანა „ბატონი“ ირაკლი და რამდენიმე დღეში საქმეზე დამიბარა. თან იმის ფონზე, რომ ისევ აგრძელებდა ზეწოლას და დამცირებას, როგორ უნდოდა ჩემი გაჟიმვა (ისევ ვციტირებ). სამსახურიდან წასვლა მომთხოვა, იმ მოტივით, რომ ჩვენზე ცუდად ჭორაობენ და ჩემს რეპუტაციას ვერ შევწირავ ამ ამბავსო. მერე გამომცდელი თვალით შემომხედა, არ გამოიყენებ შენს შანსსო? ისევ უარი რომ მიიღო, მომთხოვა განცხადება დამეწერა. ძალიან გავბრაზდი, ცხელ გულზე დავწერე განცხადება და წამოვედი. მეორე დღეს ვიფიქრე, რომ არ მოვიქეცი სწორად, თუ ჩემი გაშვება უნდოდა, თვითონ უნდა დაეწერა ბრძანება. ჩემი განცხადების დაწერით, კი ამ ამბავს ასე მიაჩუმებდა. ამიტომ უკან გამოვითხოვე განცხადება, რომელიც ჯერ კანცელარიაში არ იყო ჩაბარებული. დამიბრუნეს, თუმცა მერე ის დამაბრალეს, რომ განცხადება მოვიპარე. სასაცილოა უბრალოდ…
ცხადია სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს ყველაფერი შევატყობინე. დაუყოვნებლივ მივიღებ ზომებს და სამსახურიდან გავათავისუფლებო, დამპირდა. თუმცა არავის არაფერი მოუმოქმედებია. პირიქით, დააწინაურეს და ვიცე-რექტორად გადაიყვანეს.
ძალიან დამცირებულად ვგრძნობდი თავს და გადავწყვიტე ჩემით მემოქმედა. ინტერნეტში ქალების უფლებების დამცველები მოვძებნე და სასამართლოში შევიტანე „ბატონი“ ირაკლის წინააღმდეგ საჩივარი. მაქვს ტელეფონით ვიდეო ჩაწერილი, რომელიც ჩემი ერთადერთი მტკიცებულებაა. საბოლოო სასამართლო 21 დეკემბერს გაიმართება და ვნახოთ…
ქალებო, ვინც ხართ ჩემს დღეში, არ შეუშინდეთ არავის, არ შეგრცხვეთ ამაზე საუბარი იმიტომ, რომ თქვენი მაგალითით, შესაძლოა ბევრი მხარდამჭერი ვერ იპოვნოთ, მაგრამ სხვა ქალებს დაეხმარებით, რომ არ გახდნენ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი. თუ სასამართლოს მოვიგებ, ეს არ იქნება მარტო ჩემი გამარჯვება, ეს თქვენი გამარჯვებაც იქნება…“