დიანა ანფიმიადი, 34 წლის, თბილისი
„არცერთ წიგნს, რომელიც ოდესმე დამიწერია, არ ჰქონია ისეთი კონკრეტული მიზეზი და მიზანი, როგორიც იმას, რომელზეც მინდა ახლა ვისაუბრო.
ჩვენი წიგნი ნახატებისა და ზღაპრების ერთობლიობაა, ილუსტრაციების ავტორი – ჩემი 6 წლის შვილი, გიორგია, აუტისტური სპექტრის აშლილობით, საინტერესო ხედვით და ძალიან ლამაზი თვალებით, მისი ნახატები კი დედამისმა გააზღაპრა, ანუ მე.
ამ დიაგნოზის შესახებ ბევრი რამ ვიცი, ჩართული, აქტიური მშობელი ვარ, ყოველდღიურად, გიორგის მამასთან და ჩვენს ოჯახის წევრებთან, თერაპევტებთან ერთად ვმუშაობთ პრობლემის დაძლევაზე, მოკლედ, აუტიზმი ჩემთვის უცხო არაა და რაღაცებზე ლაპარაკი მე უფრო არ უნდა მიჭირდეს, ვიდრე ვიღაცას, რომელსაც ეშინია, რას იტყვის მეზობელი ან ნათესავი, მიუხედავად ამისა, დიაგნოზზე ხმამაღლა თითქმის არ მისაუბრია.
გიორგი რაც გაჩნდა, სულ მასზე ვლაპარაკობ, ის ისეთი დიდი მოვლენაა ჩემთვის, რომ ჯერაც ვერ მოვინელე, ვერ გავაჩვეულებრივე მისი არსებობა, სულ მასზე ვლაპარაკობ, ლექსებში, სტატიებში, ფეისბუქზე, პირად საუბრებში, იქნებ ვინმეს თავიც მოვაბეზრე, თუმცა, ასე ხმამაღლა, ჩვენი პრობლემის სახელდება არასოდეს გამიკეთებია. არ ვიცი რატომ. შეიძლება სხვების დამოკიდებულების მეშინია, მაინც.
ჰოდა, ამიტომაც მოვიფიქრე ეს წიგნი. მომინდა, გზავნილი გამეშვა ყველა იმ მშობლისთვის, რომელსაც ეშინია იმის გამო, რომ განსხვავებული შვილი ჰყავს.
რისი თქმა მინდა ამ წიგნით? რომ კომუნიკაცია და კომუნიკაციური ენა არ არის აუცილებელი იყოს ვერბალური. აუცილებელი არ არის, რომ ადამიანები მეტყველებით ვაგებინებდეთ ერთმანეთს. მთავარია, შვილთან ან ნებისმიერ ადამიანთან კომუნიკაციის რაიმე ენას, რაიმე საშუალებას მიაგნო. სულაც არ არის აუცილებელი, რაღაც ასოთა ნიშან-სისტემით, ცნობილი და სამეტყველო ენის საშუალებით ხდებოდეს.
გიოს ერთ მაღაზიაში ერთი მეგობარი მანეკენი ჰყავს, ჰო, ჩვეულებრივი პლასტმასის ბავშვი-მანეკენი, რომელსაც კვირაში ერთხელ აუცილებლად სტუმრობს ხოლმე, ახალ სათამაშოებს ანახებს, ეხუტება, ელაპარაკება, მიუხედავად იმისა, რომ მანეკენისგან პასუხს ვერასდროს მიიღებს, ჰოდა, მგონია, რომ მთავარია, თვითონ ისაუბრო, თვითონ გასცე და ფორმას, რითი დაგიბრუნდება პასუხი შენს გზავნილზე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
როცა შიშიც მოვიხსენი და მოვეშვი, როცა საკუთარი თავის დადანაშაულებას თავი დავანებე, როცა შევიყვარე ჩემი შვილის პრობლემა, მაშინ დაიწყო გიორგის თერაპიაში საუკეთესო პერიოდი, ყველაზე მეტად განვითარდა მისი მეტყველება და ბევრი რამე სწორედ მაშინ მოგვარდა.
როცა ამბებს ვწერ ხოლმე გიორგიზე ფეისბუქზე, მწერენ – „გენიოსი ბავშვი“, „განსაკუთრებული ბავშვი“, „ყველაზე ნიჭიერი“ – ესეც პრობლემაა. მე თვითონაც მივხვდი, რომ ერთი პერიოდი თვითტკბობაში ვიყავი ამის გამო, შენს თავს ეუბნები „მერე რა, რომ სხვებისნაირი არ არის, სხვებზე უკეთესია“. ახლა უკვე ესეც აღარ მაქვს და ვფიქრობ, როგორიც არის, ისეთი არის. კარგი ბიჭია, ჭკვიანი, თავისებური, საინტერესო, გულღია, ბავშვური, შავი თვალებით, აკვიატებებით, პაწუკა ცხვირით და აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზით. რაღაცაში ჩემზე უკეთესი უნარები აქვს, მაგალითად, უკვე უკეთესად იცის მათემატიკა, ვიდრე მე ვიცი, რაღაც კი ძალიან რთულია მისთვის, მაგალითად, ფეხსაცმლის თასმების შეკვრა.
შეიძლება ამ თემაზე ლაპარაკი იმიტომაც მომინდა, რომ წელს სკოლაში მიდის, რომელიც კიდევ უფრო ახალი საფეხურია. გიორგისთვის სკოლას ვეძებ და თუმცა უფრო დიდი არჩევანი მაქვს იმიტომ, რომ თბილისში ვარ, მაქვს ინფორმაცია ინკლუზიური განათლების შესახებ და რამდენიმე, კარგი კერძო სკოლაც მეგულება, ეს მაინც საფრთხილო საკითხია. მაინც არ არიან სკოლები მზად იმისთვის, რომ მიიღონ გიორგი და მრავალი გიორგისნაირი ბავშვი. მიუხედავად იმისა, რომ გიორგისთან აუტიზმი იმ ფორმებით არ არის გამოხატული, რაც სხვებს დისკომფორტს, პრობლემებს შეუქმნის, მაინც ვხედავ დაეჭვებას, ყოყმანს, სიფრთხილეს. წარმომიდგენია, სხვა მშობელი როგორ დღეშია, რომელსაც, ვთქვათ, იმ რაიონის თუ სოფლის სკოლის გარდა სხვა არჩევანი არ გააჩნია, რომელიც უფრო რთული დილემის წინაშე დგას.
ორი ფაქტი ერთმანეთს დაემთხვა – გიორგის პრობლემა და მე, დედამისი, რომელსაც ამაზე წერა შეუძლია და იქნებ სხვა დედებზე უფრო მეტი საშუალება აქვს ხმის მისაწვდენად, ლიტერატურას, რამდენიმე იმ მნიშვნელოვან ელექტრონულ თუ ბეჭდურ რესურსს ვგულისხმობ, საიდანაც ლაპარაკი შემიძლია. მგონია, რომ ეს არ არის შემთხვევითი და ძალიან კარგია.
დროა, ეს მითოლოგიზირებული და ცოტა საშიში სიტყვა „აუტიზმი“ სხვებისთვის უფრო გასაგებ ცნებად ვაქციოთ, ამაზე ბევრი სხვა მშობელი და ორგანიზაციაც მუშაობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აუტისტური სპექტრი იმდენად მრავალფეროვანია, რომ ნებისმიერი სტიგმის მიწერა, თავისთავად არასწორია, არ არსებობს ორი ერთნაირი შემთხვევა, ეს საოცარი მრავალფეროვნებაა, რომელიც ბავშვების ინტერესებში, ქცევის ფორმებში, გატაცებებსა აკვიატებებში გამოიხატება, ამიტომაც, რაღაც სამი სიტყვით დაახასიათო აუტიზმი, ეს შეუძლებელია.
როგორ შეიძლება თქვა, რომ ორი მწერალი, აუცილებლად ერთნაირი თვისებებით ხასიათდება ან ნებისმიერ ორ მუსიკოსს მხოლოდ ერთი ტიპის ნამცხვრით უნდა გაუმასპინძლდე? ასევეა, აუტიზმის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, წესები არსებობს, დიაგნოზის საერთო ნიშნებიც, მაგრამ ყოველი შემთხვევა უნიკალურია და ყველამ, განსაკუთრებით სკოლის პედაგოგმა, ამ კონკრეტულ შემთხვევას უნდა მოარგოს თავისი მეთოდი თუ დამოკიდებულება.
წიგნში მოცემული ნახატები გიორგის გრაფიკული ენაა. სანამ ვერბალურ მეტყველებას დაიწყებდა, წერითი მეტყველება განუვითარდა, ბევრს წერდა, ანბანური სისტემებით ინტერესდებოდა. ეს ნახატებიც საინტერესოა იმიტომ, რომ სიუჟეტის, პორტრეტის ან ავტოპორტრეტის მიღმა, ამ ამბებს აქვთ თავისი წერითი სიგნალიც. თვითონ ამბობს ხოლმე, რას ხატავს ან ერთი ლაკონური მესიჯით მონიშნავს. ამიტომ ძალიან მიყვარს ეს ნახატები, გიორგის ენა.
ისედაც ძალიან კარგი საშუალებაა ნებისმიერი ბავშვისა და მშობლის ურთიერთობისათვის – ბავშვი რაღაცას ხატავს და შენ უყვები ამბავს. ყველა მშობელი, მიუხედავად იმისა, მწერალია, თუ არამწერალია, ყველაზე საუკეთესო მთხრობელია შვილისთვის. ისევე, როგორც დედის იავნანა ჯობია ნებისმიერი მომღერლის იავნანას. ამიტომ, ეს უკვე კომუნიკაციური თამაშია, ბავშვს ეუბნები „მაინტერესებს, შენ რას ხატავ და ფიქრობ, მოდი, გეტყვი, მე როგორც გავიგე, არის თუ არა მართალი“. რაღაცნაირი თამაში გამოდის – „შენ დახატე, მე – გავახმოვანებ“.
ასე დაიწერა ჩვენი ზღაპრების წიგნი, რომელსაც ჰყავს ორი ავტორი – გიორგი, როგორც მხატვარი და დედამისი, როგორც მწერალი.
მგონია, სხვა ბავშვებსაც მოეწონებათ.
რაც ყველაზე მთავარია, ეს წიგნი არის იმისთვის, რომ მშობლებმა კომუნიკაციის ყველა საშუალება უნდა ვცადოთ ჩვენს შვილებთან, ნებისმიერმა ადამიანმა მეორე ადამიანთან ურთიერთობისთვის უამრავი საშუალება უნდა მოსინჯოს, სანამ ყველაზე მოხერხებულს არ მიაგნებს.
გიორგი კარგი მკითხველია, კითხულობს ხოლმე ამ ტექსტებსაც. რაღაცები მოსწონს, რაღაცები – არა. მგონია, რაღაც ეტაპზე აუცილებლად მეტყვის „დედა , შენ ეს არასწორად გაიგე, მე სულ სხვა რამე ვიგულისხმე“. მეც სწორედ ამ დღეს ველი.
დღეს დილით მივიყვანე ბაღში და ჯგუფში რომ შევიდა, პირველივე ბავშვს ჩაეხუტა, რადგან ჩახუტება უნდოდა და ოჯახის წევრებისგან მიღებული სითბო არ ეყო. ამაზე ბავშვებმა დასცინეს. მისთვის კი რაღაც მოვლენა არის უბრალოდ მოვლენა, უბრალოდ ემოცია, ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე. ძალიან მინდა, მეც ასეთი მიდგომა მქონდეს გარემოსთან და მოვახერხო, რასაც გიორგი ახერხებს, ვიყო სრულ კომფორტში საკუთარ თავთან და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეშინია, ნაბიჯ-ნაბიჯ, თანდათანობით, სხვა ადამიანების ნდობა, სხვა სამყაროების წვდომა და სიყვარული ვისწავლო.
პს. ეს ჩვენი წიგნის მიძღვნაა:
„ერთმა პატარა ბიჭმა, გიორგიმ, სანამ ლაპარაკს დაიწყებდა, ჯერ ხატვა ისწავლა. მერე დიდხანს, დიდხანს ელაპარაკებოდა დედას ნახატებით.
დედას კი ხატვა არ შეეძლო, სამაგიეროდ, ამბების მოყოლა უყვარდა.
ჰოდა, ასე დაიწერა ეს წიგნი, რომელიც ყველა დედასა და შვილზეა, რომლებიც ერთმანეთთან სალაპარაკო ენას ეძებენ.
ეძღვნება მსოფლიოს ყველა დედას და შვილს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ყოველდღიურ, ძალიან რთულ პრობლემებს არ ეპუება, ებრძვის და ამარცხებს.
იმ მარადიულ ბავშვსაც ეძღვნება, ვისაც ადამიანები ღრუბლებივით უყვარს და ღრუბლები – ადამიანებივით.“