ეკა ბაჩილავა, 30 წლის, მარტვილი

„მარტვილში ვცხოვრობ, კანიონთან ახლოს, მშობლებთან, ძმასთან, რძალთან და ძმის ორ პატარა შვილთან ერთად. ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, მაგრამ ჩემი პროფესიით არასოდეს მიმუშავია.

მთელი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული. თბილისიდან ჩამოსულ სტუმრებთან ერთად, მთელ დღეებს ბუნებაში და წყალში ვატარებდი. მდინარე ჩემი სახლის წინ არის და იქ გავიზარდე. ცურვით მაქვს ხეობა შემოვლილი.

ჩემი დღე დილის ექვს საათზე იწყება. საოჯახო საქმეებს ვაკეთებ, მეურნეობას ვუვლი და შემდეგ სამსახურში მივდივარ. 2012 წლიდან 2014 წლამდე საკუთარი ნავი მქონდა და კანიონში ტურისტებს ვემსახურებოდი. სხვა სამსახური აქ არ იყო. მშობლები პენსიონერები მყავს, ჩემი ძმა წასული იყო და მე უნდა მემუშავა.

მერე კანიონი დაცულ ტერიტორიად გამოცხადდა. რეინჯერის ვაკანსია გამოაცხადეს და ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი, რომ ამიყვანეს. პირველი და ერთადერთი ქალი რეინჯერი ვარ აქ. ახლა სოფელში არის რამდენიმე ახალგზარდა გოგო, რომელთაც აქვთ სურვილი რეინჯერები გახდნენ.

მენავე რომ ვიყავი, მეტი შემოსავალი მქონდა, მაგრამ ახლა უფრო კმაყოფილი ვარ იმიტომ, რომ გამართულ, მოწესრიგებულ სისტემაში ვმუშაობ – სანიტარული და უსაფრთხოების ნორმები დაცულია, ტურისტებიც უფრო დაცულები არიან და ჩვენც. ივლისში და აგვისტოში დღეში 2 000 სტუმარზე მეტი გვყავს. ძალიან მომწონს, დღის განმავლობაში უამრავ სხვადასხვანაირ ადამიანებთან რომ მაქვს ურთიერთობა. მიხარია, სტუმრები კმაყოფილები რომ მიდიან.

ბუნება ძალიან მიყვარს და მაბედნიერებს, ჩემი ყოველდღიურობა ბუნებასთან რომ არის კავშირში. არც მიფიქრია, რომ რეინჯერობას თავს ვერ გავართმევდი. არც ოჯახი ყოფილა წინააღმდეგი. ალბათ იმიტომ, რომ მანამდე მენავე ვიყავი. ძალიან მომწონს ჩემი სამსახური. ერთი დიდი, მეგობრული ოჯახია. მთავარია, გიყვარდეს საკუთარი საქმე. თუ გიყვარს, თავსაც გაართმევ და კარგადაც გააკეთებ.
კანიონი ზამთარშიც ულამაზესია. საოცარი გრძნობაა, ნავით რომ მიუყვები და თოვლის ფანტელები გეცემა.“

ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: ნინო ბაიდაური