ეკატერინე კერესელიძე, ემიგრანტი ბრიუსელი, ბელგია

ეკატერინე კერესელიძე, ემიგრანტი ბრიუსელი, ბელგია

,,ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში ვარ 1998 წლიდან. როდესაც ქვეყანა დავტოვე, ჯერ კიდევ 90-იანი წლები იყო საქართველოში – უპერსპექტივობა, უშუქობა, უწყლობა… მაშინ ისეთი დრო იყო, ვიზის გაკეთება და საზღვარგარეთ წასვლაც დიდი ფუფუნება იყო. ფაქტობრივად, ბელგიაში გავიზარდე და ჩამოვყალიბდი პიროვნულად. საშუალო სკოლა საქართველოში დავამთავრე, მაგრამ უმაღლესი განათლება ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში მივიღე, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე ვსწავლობდი.

ჩვენ, ქართველები, მართლაც რომ უძველესი ევროპელები ვართ და აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ოჯახს. ახლა საქართველოს ისეთი შანსი აქვს დაჩქარებული ტემპით გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, როგორიც არასდროს ჰქონია. ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ! ევროკავშირის სახით ჩვენ შევიძენთ მყარ და სანდო პარტნიორს, უსაფრთხოებას, საუკეთესო განათლებას, ჯანდაცვას, ღირსეულ და მშვიდ სიბერეს.

მინდა მოვუწოდო ყველა ჩემს თანამემამულეს, ნუ მიეცემიან უიმედობას და ნიჰილიზმს, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და თავისი წვლილი შეიტანონ ქვეყნის მომავლის შენებაში. ჩვენი საზოგადოება საკმარისად გაიზარდა იმისათვის, რომ თეთრი და შავი გაარჩიოს ერთმანეთისგან და იმედია, ჩვენმა პოლიტიკოსებმაც ისწავლეს საკუთარ შეცდომებზე. მინდა, მეტი ახალგაზრდა სახე ვნახო ქართულ პოლიტიკაში, რომლებიც საღად და ევროპულად აზროვნებენ. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენი ქვეყანა გადალახავს ამ რთულ პერიოდს და დაუბრუნდება განვითარების დასავლურ გზას.

ყველა ემიგრანტს უნდა საქართველოში დაბრუნება. მეც, რასაკვირველია. სამწუხაროდ, საკმარისად ვერ შევძელი, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება საქართველოსთვის გამომეყენებინა, თუმცა ემიგრაციიდანაც ყოველთვის ვცდილობდი, გამოვდგომოდი ჩემს ქვეყანას. ჩემი ქართველი შვილებიც საქართველოს უდიდესი გულშემატკივრები არიან. დარწმუნებული ვარ, მალე დადგება დრო, როდესაც ყველა ემიგრანტი ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საქართველოს დავუბრუნდებით!”