ელენე ლუხუტაშვილი, 88 წლის, თელავი
„დედა იყო პედაგოგი ქალი, თავმომწონე და ლამაზი. მაგრამ როდესაც ჩვენ გაგვაჩინა, ტყუპები, დადამბლავდა მშობიარობის დროს. ამის მერე ქმარმა მიატოვა და დარჩა მარტო სამ შვილთან ერთად – სამი წლის ჩემი ძმა და ჩვენ ახალდაბადებული ტყუპები. 1930 წელი იყო, შიმშილის წელი. ჩემი ძმა და ტყუპისცალი შიმშილით გარდაიცვალნენ და მეღა დავრჩი დედას. იფიქრა, ესეც არ მომიკვდესო და ხელი გაიწოდა ლუკმის საშოვნელად დადამბლავებულმა ქალმა. ბოლოს პრიუტშიც მიმაბარეს. იქ ვიღაცას უნდოდა შვილად აეყვანა ჩემი თავი და დედაჩემმა რომ გაიგო ეს, გამომიყვანა და ვაის-წვალებით მზრდიდა. 15 წლისა რომ შევსრულდი, დავიწყე ძაფსაღებ ფაბრიკაში მუშაობა და იქამდე ვიმუშავე, მანამ არ დაანგრიეს. პირველი ხელფასით მთლიანი პური ვიყიდე და სახლში მივარბენინე გახარებულმა. მანამდე მთლიანი პური სახლში არ გვქნონია. ერთ-ერთი ნამუშევარიც მაქვს ამ მთლიან პურზე. ფაბრიკაში რომ ვმუშაობდი, კედლის გაზეთს ვაფორმებდი, ლექსებსა ვწერდი და ყველაფერი კარგად მიმდიოდა. ეხლაც ლექსებსა ვწერ:
„თქვენ მომიტანეთ სიცოცხლე
და სიხარული ბევრი,
ია-ვარდები გეფინოთ,
რაღა მოგიძღვნათ მეტი.“
ძალიან მიყვარდა ხატვა, მაგრამ ფანქრები და კრასკები არა მქონდა, ჩემთვინ ეს ხელმიუწვდომელი იყო. აი, როცა მე რაღაცა მიღიტინებდა თავში, ფერადი ყვავილის ფურცლებისაგან ვაკეთებდი სურათებს, მაგრამ ერთი-ორი საათის შემდეგ ჭკნებოდა ის ყვავილის ფურცლები და მერე ვფიქრობდი, ნეტა რით დავხატო, რომ ცოტა დიდხანს იარსებოს-მეთქი. მე აღმოვაჩინე, რომ აგერ კენჭები არის სხვადასხვა ფერის – სერი, თეთრი, ლურჯი, შავი და აკეთე რამდენიც გინდა. აი, კრასკები! მერე უკვე სხვადასხვა ნივთების შეგროვებაც დავიწყე, დამტვრეული ჭურჭლის და ა.შ. ამ ფერებს როგორ ვქმნი იცით? შუშის ქვეშ ფერადი შოკლოლადის ქაღალდებია ამოდებული და დაცემენტებული. ყველაფერს ვიყენებ, ნაგვისგან ვქმნი ამ სილამაზეს. მდიდრებს ყველაფერი აქვთ, მაგრამ ღარიბს რომ არ აქვს და დიდი იდეები აქვს, რა ქნას? უნდა იმოძრაოს ტვინით. აგერ, ჩემი მოძრაობა ეს არის.
სიხარულითა და ბედნიერებით დავბერდი მე. ჩემს გალერეაში (სარდაფში) რომ შეხვალთ, იქ სათაურად მიწერია „მზით გამთბარია ჩემი სიბერე“იმიტომ, რომ ჩემი მზე ჩემი შემოქმედებაა და ეს შემოქმედება მე მამზეურებს. ამიტომ, მე მიხარიან, რომ… რომ ესეთი… ოჰ, რა ვიცი სულ მიხარიან! ჰოდა რას ვამბობდი?! ჰო, ჯერ რაიონული გამოფენა იყო და გავიმარჯვე. არც კი მინდა ვთქვა „გავიმარჯვე“. ოჰ, პადუმაეშ გაიმარჯვა! მაგრამ რა ვქნა, გავიმარჯვე. მერე თბილისში იყო გამოფენა და მერე უკვე საფრანგეთში მოხვდა ჩემი ნამუშევრები. ორჯერ ვიყავი საფრანგეთში. იქ არის საგამოფენო დარბაზი „Grand Palais“ და ჩემს ნამუშევრებს რომ უყურებდნენ, ალბათ ფიქრობდნენ, ეს ჩაჩურა დედაკაცი, ამას აკეთებსო?! და მეკითხებოდნენ როგორ ესკიზების გარეშე აკეთებთო? მე კიდე, რა იყო ის ესკიზი არ ვიცოდი. ესკიზი, ესეიგი, ჩანახატი. დავიწყე იქვე კეთება. მე მეტირება, რატომ იცით? ეს არანორმალურობაა თუ ნორმალური ვარ?! რატო გამომდის ესენი?! ნუ ეგრეა თუ იგრეა, მე იქ გავაკეთე ერთ კვირაში, რასაც ვაკეთებდი და ამის შემდეგ მოდის ჩემი ერთი კოლეგა ქალბატონი, – ელენე, იცით თქვენ ვინა ხართო? ვინა ვარ მეთქი? მე უბრალოდ მოყვარული ვარ და მიყვარს ესეთი რაღაცეების კეთება-მეთქი. არა, თქვენა ხართ ჩვენი ერის საუნჯეო. იჰ, საუნჯე არა… მე ზედმეტობა არ მინდა. მოკლედ, ნახეს ეს ყველაფერი და მოეწონათ.
ახლა ჩემი ნამუშევრები ჩემს პადვალში დავკიდე. ხო არ ჩავყრიდი და გამოვფინე. ახლახანს იცით რა გავაკეთე? ოცნების კოშკი ავაგე. მოედანზე რომ ახალი ბაღია თელავში, თუ გინახიათ, იმ ახალ ბაღში მინდა ეს ოცნების კოშკი ავაშენო. მე ცუდ რამეს არ მოვიგონებ. აი, შეყვარებულები რომ იტყვიან „წამო ოცნების კოშკთან დავისვენოთო“ და აქ წამოჯდებიან. შეყვარებულობაზე ძვირფასი არაფერიც არ არის. აი, ის იგემო, შენ რომ ბიჭი გეფერება, შეყვარებული რომ გეფერება… დრო ისე გაფრინდება უცბად, მოიხედავ და უკვე ბებერი ხარ. ამიტომ, ისიყვარულეთ, ჩემო ძვირფასო გოგოებო, უსიყვარულოდ არაფერი არ არსებობს. ვაიმეე, რა კარგია ახალგაზრდობა, რომ ეპრანჭები, რომ გინდა რომ უფრო უკეთესი გამოჩნდე ბიჭებთან. ორგანიზმი თვითონ კეკლუცობს იცით? მეც ვკეკლუცობდი…
ის შემოქმედება არ არის, თუ ხალხმა არ ნახა. აკეთე რამდენიც გინდა და ლეიბის ქვეშ ამოდე. ეს დიდი უბედურებაა… როდესაც შენ ქმნი გჯერა, რომ მარტო შენთვინ კი არა ქმნი, შენა ქმნი მომავალი თაობისათვის. ამიტომ, ეს შემოქმედება ჩემი კი არ არის, ჩემო ძვირფასებო, თქვენია. მე ამქვეყნიდან წავალ, ვიცი, რომ მალე წავალ, 88 წლისა ვარ უკვე… ნახატებს ვერ გავყიდი. მითხარით, თქვენ შვილს გაყიდით? რა თქმა უნდა, მეც ვერ გავყიდი ნახატებს. მე როცა აღარ ვიქნები, ეს იქნება თქვენი! მუზეუმი აღარ არის თელავში, აღარც გალერეა, ყველაფერი დაანგრიეს, მაგრამ ალბათ იპოვით თქვენ თვითონვე, სად იქნება ჩემი ნახატები. 500-ზე მეტი ნამუშევარი მაქვს და მე ამას თელავისთვის ვაკეთებ.”