თაკო, 26 წლის, თბილისი

„სიტუაცია ბაღში:
– რატომ ტირი?! ქალაჩუნა ხომ არ ხარ?! – უჯავრდება ბაღის მასწავლებელი ჩემ შვილს.
– ქალაჩუნა არასწორი სიტყვაა და ბიჭებიც ტირიან. – ჩემი შვილის გაბრაზებული პასუხი.
მე ბაღში მიბარებენ.

ჩემთვის ქალთა სწავლებებისა და ფემინიზმის გაძლიერება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სტრატეგიაა თანასწორი უფლებების მისაღწევად, მაშინ, როცა პატრიარქალურ საზოგადოებაში ცხოვრება გვიწევს. სადაც რელიგია თუ სხვა ინსტიტუტები, კულტურა, საზოგადოების დიდი ნაწილი ყოველ ჯერზე ქალის „მეორეობაზე“ შეგვახსენებს. ეს დიდი, სისტემური პრობლემაა, ჩაგვრის არაღიარება, რომელსაც ზოგი ოჯახი ან თუნდაც ქალები არ/ვერ აცნობიერებენ და მიაჩნიათ, რომ „ეს ასე უნდა იყოს.“ ზოგიერთები აცნობიერებენ, მაგრამ ურჩევნიათ „სისტემას“ და გარემოს მოერგონ. ჩემი დაკვირვებით, მაგალითად, ფემინისტი დედები სხვა გზას ვირჩევთ: ვებრძვით ამ სტერეოტიპებს, შვილებს არ ვუნერგავთ დაბადებიდანვე „როლურ“ თამაშებს, ვცდილობთ არგუმენტირებულად, მარტივი მაგალითებით ავუხსნათ, რომ სქესი არ აძლევს რაიმე პრივილეგიას დაჩაგროს სხვა, განსაზღვროს მისი სტატუსი, გოგოებზე „სტერეოტიპულად“ იფიქროს. პირადად მე აღზრდის პოზიტიურ მეთოდს ვირჩევ – განათლებას. არასოდეს დამისჯია ფიზიკურად, კრიტიკულ აზროვნებას ვაჩვევ, კითხვების დასმის აუცილებლობას, თანასწორად ვთვლი. ვცდილობ მე ვიყო ცენტრალური მაგალითი სტერეოტიპების დამსხვრევისას.

მიუხედავად იმისა, რომ ფემინისტი ვარ, არსებობს თემები ფემინიზმშიც, რომელსაც დიდი დრო არ ეთმობა. (ყოველ შემთხვევაში იმ სუბკულტურაში, სადაც მე მიწევს ყოფნა) პირიქით, ხშირად ჩემივე საზოგადოებიდან კრიტიკული და აგდებული დამოკიდებულება მიგვრძვნია. ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ გლობალურ ფემინიზმზე, ქვიარ საკითხებზე, პატრირქალურ გარემოსთან ბრძოლის სტრატეგიებზე, სხვადასხვა თეორიებზე და პრაქტიკებზე ლოკალურად თუ გლობალურად. პირადი დამოკიდებულების გარდა, ეს ჩემი პროფესიის ნაწილიცაა, ვინაიდან გენდერის მკვლევარი ვარ. მაგრამ იშვიათად დაინტერესებულა რომელიმე ფემინისტი ჩემი გამოცდილებით, რომელიც დედა არ არის, რა გამოწვევებს და გამოცდილებას გავდივარ ამ სტატუსით. ვერ ვიტყოდი, რომ „ოჯახი“ „მხოლოდ პატრირქალური ძალაუფლების შედეგია“, რადგან ვხვდები ფემინისტურ ოჯახებსაც, სხვადასხვანაირს. მე თავად ასეთი მაქვს, იმ ფორმით როგორიც არის. მსგავსი კრიტიკა თანამოაზრე ქალებისგან, რომელიც არ ფლობენ შენ გამოცდილებას, პირიქით – „სტიგმასავით“ ჟღერს. ჰო, ჩვენ დედები ვართ, ის გოგოები და ქალები, რომლებიც შთამომავლობაში ცდილობენ ბავშვობიდანვე გაატარონ ის ღირებულებები, რომლებმაც არამოძალადე გარემოს შექმნას უნდა შეუწყონ ხელი.

ასეა თუ ისე, მე ფემინისტი, მარტოხელა მშობელი და დედა ვარ. ოჯახი 19 წლისამ შევქმენი სიყვარულით. ეს ის პერიოდია, თავი დიდი რომ გგონია. შემდეგ ყველა მოელის, რომ კულტურამ „კარგად აღგზარდა ოჯახში კაცს ემსახურო“, მხოლოდ მისი სურვილებით და ოცნებებით იცხოვრო. თუმცა, როცა გავიზარდე, მიუხედავად იმისა, რომ ქმარი და შვილი მყავდა, ჩემგან რიგ თემებზე ოჯახშიც კრიტიკული დამოკიდებულება ბევრ საკითხს შეეხო. როგორც კი გაჩნდა ოჯახში ჩემგან კითხვები, არგუმენტები და სიტყვა „არა“, შედეგმაც არ დააყოვნა. მივხვდი, რომ იმ გარემოში, სადაც შვილი უნდა გამეზარდა, ქალს „უფლება“ არ ჰქონდა საკუთარი აზრის. პირიქით, კამათის და ჩხუბის მიზეზი ხდებოდა ბავშვის თვალწინ, მუდმივ სტრესში და კონტროლში. ამიტომ სამი წლის თავზე წამოვედი ახალი სტატუსით, რომ „ვერ დამიმორჩილეს“.

პრივილეგირებული ვარ იმით, რომ ჩემი მშობლები ამას გაგებით შეხვდნენ და ძალიან დამიცვეს. დღეს ბავშვის გაზრდაში ისინი იმიტომ მეხმარებიან, რომ არ შევწყვიტო განვითარება და ვიმუშაო ჩემი პროფესიით. სამწუხაროდ, ჯერ ფინანსურად მათზე ვარ დამოკიდებული და დაუღალავად ვშრომობ, ვსწავლობ, რომ დავსაქმდე. ჩემი შვილის მამაც ჩართულია აქტიურად ბავშვის აღზრდაში. ვემხრობი, რომ მამებიც ბავშვზე ზრუნვის ყველა საკითხში ჩართულები იყვნენ, მარტოხელა მშობელია თუ არა. ის წარმატებით განაგრძობს თავის კარიერას, თუმცა არ მგონია დაცლილიყო კულტურული კლიშეებისგან ქალებთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ ხუთი წელია ერთად აღარ ვართ, ფსიქოლოგიური ძალადობის მექანიზმს მიმართავს ხოლმე, როცა რამეზე ვერ ვთანხმდებით, ზოგჯერ ბავშვის თვალწინაც კი. ამიტომ, გოგოებო, ძალიან მარტივია პრივილეგირებული იყო იმით, რომ პასუხისმგებლობა არ გქონდეს საზოგადოებას არ გაუზარდო შვილი ფსიქოლოგიური ტრავმებით, ჰომოფობად, მიზოგინად, სექსისტად, კიდევ ერთ მოძალადედ, რაც გარემოში ისედაც არ გვაკლია. მარტივია თქვა „აბსურდია ოჯახი“, „მირჩევნია კატა მყავდეს“, „შვილს არასოდეს ვიყოლიებ“, რადგან ეს მართლა დიდი პასუხისმგებლობაა ამ გარემოში და ზოგს გვყავს იცით? ამიტომ მიწევს სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, ფსიქოლოგიური და სხვ. თემების მოგვარება, როგორც დედას. ასე, რომ „შვილით პრივილეგირებული“ კიდევ სხვა საკითხია.

ყოველდღიურად მიწევს სტერეოტიპების გარემოში გავუშვა შვილი და შემდეგ სახლში მოსულს ისინი „დავუმსხვრიო“. ვცდილობ არ ჩამოვრჩე მოვლენებს და აქტიურად ვიყო ჩართული ქალთა და უმცირესობების დაცვით აქტივიზმში. სამწუხაროდ, ყოველთვის არ შემწევს ფინანსური რესურსი მონაწილეობა მივიღო ძვირადღირებულ გენდერულ კონფერენციებში ან ტრენინგებში ლოკალურად თუ საზღვარგარეთ. ამასთან, ბავშვს ყველგან ვერ მიიყვან. ხანდახან კი პირიქით ვერ ვტოვებ, შესაბამისად ჩემი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მონაწილეობის უფლება იზღუდება გენდერული ნიშნით. ძირითადად, გარემო ადაპტირებადი არ არის შვილიანებს ჰქონდეთ წაყვანის შესაძლებლობა.

ქალთა და ფემინისტურ გამოცდილებებში არ ვლაპარაკობთ ფემინისტი დედების როლზე და მათ საჭიროებებზე. მითუმეტეს არ ვლაპარაკობთ რა სირთულეები გვხვდება ქვიარ ფემინისტი მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე დედებს. ოჯახში, გარემოში ჩემი პირადი ცალკე სივრცეა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა შვილმა იცის, რომ ჩემთვის „სიყვარულს არ აქვს სქესი, ორიენტაცია და გენდერული იდენტობა“, ღირებულებებია მთავარი. ბაღები თუ სკოლები დღემდე გენდერულად არასენსიტიურია. ამიტომ, აღზრდას და განათლების საჭიროებას საოჯახო სივრცეშიც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ყოველთვის ვცდილობ შვილის კითხვებს ამომწურავად ვუპასუხო.

კი, ჩემმა შვილმა იცის, რომ არსებობს განსხვავებული ოჯახები: დედით და შვილით, ბებიით და შვილიშვილით, მხოლოდ მამით, ვისაც შვილები არ ჰყავთ და ან არ სურთ, სხვადასხვანაირი. მთავარი ამ დროს სიყვარული და ზრუნვაა. იცის, თუ რატომ ვერ ვატარებ მასთან დიდ დროს: მეტი განათლება მივიღო, მქონდეს ჩემი სივრცე და ბევრს ვშრომობ, რომ მე და მან ცალკე ვიცხოვროთ. გავხდე ფინანსურად დამოუკიდებელი, რომ ეკონომიკურად ძლიერ მამასთან არ უწევდეს ძირითადი დროის გატარება და მე „სტუმრის“ როლი არ მერგოს. იცის, „სიყვარული ყველა-ფერია“. ის ხედავს, რომ ჩემი იმიჯი ცვალებადია: მოკლე, ფერადი თმით ხშირად. იცის, გოგოებზე არ უნდა იძალადოს. ჰო, კიდე ის, რომ ბიჭებიც ტირიან. ვსაუბრობთ, რომ არსებობენ ადამიანები სხვადასხვა ინტერესებით, სიყვარულით, იმიჯით. ასევე ცხოველებზე, ქალთა უფლებებზე, რატომ ვარ ვეგეტარიანელი, აწუხებს გარემოს დაბინძურება, ვხატავთ, ვკითხულობთ, ვქსოვთ, ვაცხობთ ერთად. მეგობრობს გოგოსთან ბაღში, რომელიც იმიტომ უყვარს, რომ ვციტირებ: „ძალიან ძლიერია და ჭკვიანია“. ეს მისთვის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი ხდება. აი, ასეთ გარემოში ვზრდი შვილს.

რთულია კონკრეტული პასუხების პოვნა, მაგრამ ვთვლი, რომ საჭიროა ფემინიზმი დედობაზე ცენტრირებულიც იყოს. მგონია, რომ ეს გამოცდილებაც მნიშვნელოვანია თეორიებში და პრაქტიკებში მოიაზრებოდეს, პარალელურად ინტერსექციონალურია. რა თქმა უნდა, ეს საკითხი არ მიემართება იმას, რომ ბავშვზე ზრუნვა მხოლოდ ქალის მოვალეობაა და გენდერულ როლებს დამსხვრევა არ სჭირდება. პირიქით, მაგრამ მე ჩემი გამოცდილებიდან გამოვდივარ ამ შემთხვევაში. და თუნდაც ფემინისტად არ აიდინტიფიცირებდეს რომელიმე დედა ან დედობის გამწევი თავს, ბავშვის გაზრდაც გარკვეულწილად პოლიტიკაა. ამიტომ, თვითკრიტიკაც მნიშვნელოვანია, რათა ფემინისტი დედების როლზეც დავფიქრდეთ. ვიყოთ მეტად სოლიდარულები, საჭიროებებში შევუწყოთ ხელი, რადგან ყველას ჩვენი წვლილი შეგვაქვს საზოგადოებრივი ცვლილებებისთვის. მაშინაც კი, როცა მგონია უმოქმედოდ ვარ, ვუყურებ ჩემ შვილს და ვიმედოვნებ კარგ პიროვნებად ვზრდი, რომელიც ამ გარემოში მარტივი საქმე ნამდვილად არ არის.

მჯერა წლების მერე დადგება დრო და ჩემით იამაყებს. იამაყებს, რომ ის ჩემი შვილია და დედასავით განაგრძობს ბრძოლას სოციალური ცვლილებებისათვის.

დიალოგი ბაღში:
– შენი დედიკო ბიჭია და ჭრელი თმა აქვს? – ეკითხება ბაღელი ჩემ შვილს.
– არა, ჩემს დედას მოსწონს მოკლე თმა, თან ლურჯი აქვს და ლამაზია“ – პასუხობს ჩემი შვილი.“