თამარ ბითაევი, 48 წლის, გურჯაანი
(თამარი ცხოვრობს ორგანიზაცია ხელი ხელს-ის მიერ შექმნილ საოჯახო ტიპის სახლში)
“ტყუპები დავიბადეთ, მაგრამ ჩემი ტყუპისცალი გარდაიცვალა, დედამ სამშობიაროში დაგვტოვა და მე ჩვილ ბავშვთა სახლში ჩამაბარეს…
4 წლის რომ გავხდი, სენაკში გამიშვეს, სადაც ბევრი წელი ვიცხოვრე, იქ გავიზარდე და ბოლოს ძიძადაც კი ვმუშაობდი. ყველაზე ცუდი რა იყო იცით იქ? ქუჩაში ვერ გავდიოდი, რადგან მეშინოდა დირექტორს ყვირილი არ დაეწყო. ისიც მართალი იყო, ალბათ, ნერვიულობდა მანქანა არ დამჯახებოდა, ან სხვა რამე არ დამმართვოდა და უნდოდა სცოდნოდა, სად მივდიოდი. მე კიდევ ჩუმად ვიპარებოდი და ამის გამო ძალიან მეჩხუბებოდა. ერთ-ერთ ოჯახს უნდოდა ჩემი შვილად აყვანა, მაგრამ დირექტორმა უთხრა, ამას მშობლები ყავს და ვერ მოგცემთო. სხვისი მშობლები რომ მოდიოდნენ ბავშვთა სახლში და შვილებს ეხუტებოდნენ, ვამბობდი ხოლმე „ღმერთო, რა იქნება, რომ ჩემი მშობლები ცოცხლები იყვნენ და ასე ჩავეხუტო…“. ღმერთი დამეხმარა და მართლა მაპოვნინა ოჯახი 20 თუ 23 წლის ასაკში. აღმოჩნდა, რომ მყავს მამა, მამიდა და ძმა. დედაზე არაფერი ვიცი. მათ ეგონათ, რომ მეც გარდაცვლილი ვიყავი ჩემს ტყუპისცალთან ერთად. მერე მამიდას დავყავდი ხოლმე ხშირად თავისთან, მაგრამ იმდენი საშუალება არ ჰქონდა, რომ მას ვერჩინე მთლიანად. მამიდამ მასწავლა საჭმელების კეთება. დანარჩენი რამეები კი აქ, გურჯაანში ვისწავლე.
ასაკი რომ მომემატა, განცხადება დავწერე და მოვითხოვე სენაკიდან თბილისში გადაყვანა, რადგან იქ ცხოვრობდნენ მამა და მამიდა. მაგრამ, თბილისის ნაცვლად, კახეთის რომელიღაც სოფელში გადამიყვანეს. მთელი 10 დღე ვტიროდი, საჭმელს არ ვჭამდი და თავის მოკვლაზეც ვფიქრობდი. პირობები არ მომეწონა. როგორ იყო იცით? ერთად რომ არიან კაცები, ბავშვები და ყველა. საწოლები ისე იდგა, როგორც ჯარში. ზუსტად ამ დროს დამირეკა ჩემმა მეგობარმა, რომელიც მე გავზარდე სენაკში და მითხრა, რომ მარტყოფში იხსნებოდა ახალი დაწესებულება. პენსიაც გექნებაო და იქ წავედი. ნორმალურად ვიყავი, მასწავლებლებიც გვყავდა, ქარგვას და სხვადასხვა რამეებს ვსწავლობდით, მაგრამ რემონტი უნდა გაკეთდესო და ახლა დუშეთში გადაგვიყვანეს. სამი-ოთხი თვის მერე სოც. მუშაკი რომ მოვიდა და დუშეთიდან გურჯაანში გადაყვანა შემოგვთავაზეს, ძალიან ბევრი ვიფიქრე იმიტომ, რომ უკვე დაღლილი ვიყავი ამდენი აქეთ-იქით სიარულით. არც მეგობრებთან დაშორება მინდოდა და თან ისიც არ მჯეროდა, ნორმალური პირობები თუ იქნებოდა. ორი დღე ვფიქრობდი, ბოლოს ჯანადაბა-მეთქი და დავთანხმდი. გურჯაანისკენ მთელი გზა ვტიროდი, რადგან მეშინოდა ახალი გარემოსი, უკვე იმდენჯერ გამიცრუვდა იმედი.
აქ რომ მოვედი, ვფიქრობდი რა მინდა გურჯაანში, რატომ ვარ აქ?!. ყველა აქაური ასესისტენდები ძალიან თბილია და მამშვიდებდნენ „თამრო, აქ ვართ ჩვენ შენთან, ყველაფერში დაგეხმარებით და მიეჩვევიო“. მერე მეც ვაჩვენე მათ ჩემი ნაქარგები და ასე ვცდილობდი ყურადღება გადატანას… ცალკე ოთახი მომცეს თავიდანვე და ძალიან გამიჭირდა ოთახში მარტო ცხოვრება. შიშები მქონდა და იმდენად ცუდად ვიყავი, წამლებს ვსვამდი და ფსიქიატრთანაც ვმკურნალობდი. რატომ დამემართა ეს იცით? სენაკში მიჩვეული ვიყავი ბევრ ხალხთან ერთად ცხოვრებას და ძილს, ამიტომ დამეწყო შიშები.
მალევე მუშაობაც დავიწყე პსპ-ში დამლაგებლად. ცოტა შორი იყო სახლიდან და ხელფასიც ცოტა იყო, მაგრამ ძალიან მომწონდა და დაახლოვებით, ერთი წელი ვმუშაობდი. მერე აქვე, სახლის ახლოს, საავადმყოფოში მიმიღეს და უკვე ორი წელია, რაც დამლაგებლად ვმუშაობ. სამსახურში დაქალები მყავს, ხშირად ვქეიფობთ, დაბადების დღეებზე და ექსკურსიებზეც დავდივართ. ასეთი კარგი ცხოვრება მე არსად არ მინახავს ჩემს ცხოვრებაში! დილით 10 საათზე უნდა ვიყო სამსახურში, მაგრამ მე 8-ზე უკვე გავდივარ სახლიდან. ჯერ თანამშრომელს გავუვლი ხოლმე. მასთან ყავას ვსვამთ, ბევრს ვხუმრობთ და იქიდან ერთად მივდივართ საავადმყოფოში. საქმეს მანამდე ვიწყებ, სანამ ჩემი მეორე მეგობარი მოვა, მას კი არ ველოდები?! ყველაფერის გაკეთება ვიცი უკვე და ის რომ მოვა ხოლმე, ვახვედრებ დალაგებულს.
ამ სახლში ყველაფერი სხვანაირად არის. არც საჭმლის ჭამის დროებია და არც აკრძალვები. როცა გინდა გამოაღებ მაცივარს და თუ არ გინდა არ ჭამ. ბავშვთა სახლებში და დაწესებულებებში მკაცრად განსაზღვრული წესები და დროა ყველაფრისთვის. აქ მართლა ბედნიერად ვცხოვრობ… გაკვეთილებიც გვაქვს – წერა-კითხვას, თვლას და ფულის ცნობას ვსწავლობთ. ცოტა ფულის ცნობა კი ვისწავლე, მაგრამ წერა-კითხვა ძალიან მიჭირს…
იცით, აქ ძალიან კარგია, ყველა თბილად მექცევა, მაგრამ საკუთარი სახლის ყიდვაზე ვფიქრობ და ფულის შეგროვება მინდა დავიწყო. სახლი თუ მექნება, რემონტს გავაკეთებ და მეც გავხსნი საოჯახო ტიპის სახლს სხვებისთვის. რატომაც არა? მე ეს შემიძლია”.
ავტორი: იდა ბახტურიძე
ფოტო: სალომე ცოფურაშვილი