თამარ ჯაყელი, 24 წლის, თბილისი

21 წლამდე, 5 წელი გავატარე ამერიკაში – ჯერ FLEX-ით წავედი, მერე სტიპენდია მომცეს და უნივერსიტეტში დავრჩი. სულ მაინტერესებდა აქტივიზმი საქართველოში და იქიდან ვაკვირდებოდი წლების განმავლობაში. ამიტომ, როგორც კი ჩამოვედი, მაშინვე აქტივიზმში ჩართვა მინდოდა, მაგრამ სამსახურის ძებნის პროცესში, NGO სექტორში აღმოვჩნდი. თავიდან ძალიან მიხაროდა და პირველი თვეები მართლა მოტივირებული დავდიოდი სამსახურში, მაგრამ რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი უნარები და რესურსი იკარგებოდა იმ ყოველდღიურ რუტინაში და იერარქიაში, რაც ამ ორგანიზაციაში იყო შექმნილი. პროექტის ასისტენტი ვიყავი და სულ მაგრძნობინებდნენ, რომ მე იქ მხოლოდ დავალებების შემსრულებელი ვიყავი. ამიტომ, ჩემს ინიციატივებს არასოდეს ახალისებდნენ. ბევრ მემარცხენე აქტივისტს უყვარს იმის თქმა, რომ ყველაფერი „ენჯეოიზებულია“ და ეს ემანსიპატორული აქტივიზმის პოტენციალს აქრობს, მაგრამ მე მგონია, რომ ეს ზედმეტად განზოგადებულია. ჩემი აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციები მაინც საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. მე სადაც ვმუშაობდი, იერარქიული ორგანიზაცია იყო და თავიდანვე ვიგრძენი, რომ ორგანიზაციულ კულტურას ვერ ვერგებოდი ბევრი მიზეზის გამო. მაგალითად, ლანჩზე როცა ვიკრიბებოდით, ისინი საკუთარ ქმრებზე, შვილებზე, ზოგი უკვე შვილიშვილებზე საუბრობდა, რაზეც მე არაფერი მქონდა ხოლმე სათქმელი. ჩემს პარტნიორებთან ურთიერთობებზე კიდევ მე ვერ ვსაუბრობდი, რადგან ვხედავდი, რომ რამდენიმე უფროსი თანამშრომლისგან არ იყო ღიაობა, რომ ქალებთან ჩემს ურთიერთობებზე მოესმინათ. ჩემი ლესბოსელობის შესახებ მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელმა იცოდა. ზოგი, ალბათ, ხვდებოდა, მაგრამ მაინც ამბობდა 17 მაისის ამბებზე – „რატომ გამოდიან ქუჩაში? ამიტომაც სცემენ. თორემ ისე ვინ ერჩით?!“ ასეთი საუბრების შემდეგ, აღარ ვგრძნობდი თავს კომფორტულად, რომ რამე გამეზიარებინა ჩემს ცხოვრებაზე. ზოგადად, მე ძალიან მარტივად ვიხსნები ადამიანებთან, მაგრამ თუკი რომელიმე ასპექტის დამალვა მიწევს ვინმესთან, მაშინ საერთოდ ვიკეტები. ამიტომ, ჩემი კოლეგების უმეტესობასთან ურთიერთობები ამ ორგანიზაციაში ვერ შედგა.

საერთოდ, „კარიერული წინსვლა“ და „წარმატება“ ჩემთვის ძალიან ბუნდოვანი ცნებებია. ჩემი მთავარი მოტივაციაა, უბრალოდ ის ვაკეთო, რაც სწორად მიმაჩნია და რაღაცები უკეთესობისკენ შევცვალო. იდეალისტი ვარ და ამას ადამიანები ხშირად არასწორად აღიქვამენ, ფიქრობენ, რომ ჩემი აქტიურობა თავის გამოჩენის ან კარიერაში წინ წასვლისკენაა მიმართული.

ამ ორგანიზაციიდან წამოსვლამდე, ბოლო ორი თვე, თითქმის ყოველდღე ვფიქრობდი, რომ რაღაც აშკარად უნდა შემეცვალა ჩემს ცხოვრებაში. ამიტომ, ერთ დღესაც დავჯექი და გადავთვალე რამდენ ხანს მეყოფოდა ჩემი დანაზოგი, ქამარი რომ შემომეჭირა. ვნახე, რომ 5-6 თვე გავიწვდენდი როგორღაც და სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება მივიღე. უცებ იმხელა შვება ვიგრძენი, რომ მივხვდი, თუ დავრჩებოდი, საკუთარ თავთან არ ვიქნებოდი მართალი. თან, ჩემს მუშაობაზეც აისახებოდა ბოლოს ის, რომ მოტივაცია სრულიად აღარ მქონდა. ერთ დღესაც, სამსახურიდან რომ გამოვედი, ჩემს უფროსს დავურეკე და ვუთხარი, რომ მეორე დღეს განცხადებას ვწერდი და ერთ თვეში მივდიოდი. ეს ბოლო ერთი თვე ყველაზე ბედნიერი ვიყავი, რაც კი ვყოფილვარ მაგ სამსახურში.

იდეოლოგიური ქაოსი ქართულ აქტივიზმში
—————————————————————
გარემოს დაცვის საკითხებში ფორმალური განათლება არ მიმიღია, მაგრამ სულ მაინტერესებდა და ვგრძნობდი, რომ ერთ-ერთი ის თემა იყო, რაც ძალიან მაწუხებდა. ბევრ ინფორმაციას ვფლობდი კლიმატის კრიზისზე და საერთოდ, როგორი მომავალი გველის, განსაკუთრებით, ჩემს თაობას. გარემოსდაცვითი პრობლემები თუ არ მოვაგვარეთ, რასაც ვაკეთებთ, არაფერი აღარ იქნება მნიშვნელოვანი. პლანეტა თუკი აღარ შეგვრჩა ჯანსაღი, როგორ შეიძლება საერთოდ სოციალურ სამართლიანობას მივაღწიოთ მკვდარ პლანეტაზე? ამიტომ, მინდოდა, ისეთ ადგილას მემუშავა, სადაც გარემოსდაცვითი საკითხები, ქალთა და მშრომელთა უფლებები, ასევე, ქვიარ საკითხები გადაიკვეთებოდა ერთმანეთთან. მაშინ „ახალგაზრდა მწვანეები“ მეჩვენებოდა ასეთ ადგილად. ამიტომ, სამსახურიდან წასვლის შემდეგ, ამ გუნდთან ერთად დავიწყე კლიმატის გაფიცვების ორგანიზება. ამას დიღმის ტყის დასაცავი აქციები მოჰყვა, რაც შედეგიანი იყო და სასამართლომ იმ ტერიტორიაზე მშენებლობა გააჩერა. მოკლედ, სამსახურიდან წამოსვლისთანავე ბოლომდე გადავერთე აქტივიზმში. ბევრად დიდ მოტივაციას ვგრძნობდი და აღტაცებასაც, რასაც ვაკეთებდი იმის მიმართ. მაშინ არაფერი ვიცოდი იმ შიდა დრამებსა და ბრძოლებზე, რაც, თურმე, ზოგადად აქტივიზმში ხდებოდა. რამდენიმე თვეში დავინახე, რომ იმ ადამიანებიდან ძალიან ბევრს, ვისაც მე ინდივიდუალურად პატივს ვცემდი, თურმე, ერთმანეთი არ უყვართ. აქციაზე ერთად კი დგანან, ისიც ყოველთვის არა, მაგრამ ცალკ-ცალკე წრეებში ერთმანეთზე ძალიან ცუდ რაღაცებს ამბობენ და ა.შ. ამიტომ, მეც გამიჩნდა ინტერესი, ჩემზე რას ფიქრობდნენ და როგორ აღიქმებოდა ეს ჩემი აქტიურობა. ნელ-ნელა მივხვდი, რომ ყველა ნამდვილად არ იყო კეთილგანწყობილი ჩემ მიმართაც. განსაკუთრებით, როცა ჩემს პირად გამოცდილებებზე ვსაუბრობდი, ეს აღქმული იყო, როგორც ძალიან პრივილეგირებული ადამიანის გამოცდილებები. საერთოდ ასე ხდება, რომ თავად საკმაოდ პრივილეგირებული ადამიანები, პრივილეგირებულად მონიშვნის გზით, ცდილობენ შენს დელეგიტიმაციას. სინამდვილეში, მე თვითონაც თავს მემარცხენედ მივიჩნევ, მაგრამ კომიკურია, როცა უფრო რადიკალი მემარცხენეები მე ლიბერალს მეძახიან და ლიბერალები კი, რადიკალ მემარცხენეს.

სინამდვილეში, მე პროგრესული მემარცხენე იდეოლოგიის გამზიარებელი ვარ. იდეოლოგიური უთანხმოების გამო, მაისში “მწვანეებიდანაც” წამოვედი. აღმოჩნდა, რომ ორგანიზაციის წევრების დიდ ნაწილს ჯერ კლასობრივი საკითხები აინტერესებს, შემდეგ გარემოსდაცვითი პრობლემები და შემდეგ უკვე ფემინისტური და ქვიარ საკითხები. ჩემთვის ასეთი იერარქია ამ საკითხებს შორის არ არსებობს და ყველა თანაბრად მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ისე გამოვიდა, რომ რაც წინა ორგანიზაციაში მუშაობისას არ მომწონდა – იერარქიულობა, განსხვავებული აზრის მიუღებლობა, ადამიანებისთვის იარლიყის მიწებება და ამით მათი დელეგიტიმაცია – რამდენიმე თვეში „ახალგაზრდა მწვანეებშიც“ ამოტივტივდა.

ჩვენ გვიანდელ კაპიტალიზმში ვცხოვრობთ. რევოლუციის იმედით ცხოვრებას სჯობს, ამ სისტემის საფუძვლიანი რეფორმირება ვეცადოთ და შევძლოთ საერთო ენის გამონახვა, როგორც რადიკალ მემარცხენეებთან, ისე ლიბერალებთან. სხვანაირად, გამოგვდის მტრის ძიება პოტენციურ მეგობრებს შორის და მე კიდევ მირჩევნია, მტრებს შორის ვეძიო პოტენციური მეგობარი. მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ უნდა გავერთიანდეთ, მითუმეტეს, როცა საქართველოში საერთოდ მინიმალური სიკეთეებისთვის ვიბრძვით.

“მწვანეების” განვითარების ჩემი ხედვა იყო, რომ საკუთარი ნიშა გვექნებოდა და ვისთანაც გადავიკვეთებოდით რომელიმე საკითხში, იმასთან ვიმუშავებდით კონსტრუქციულად. ბევრად უფრო პოზიტიური დღის წესრიგის შემქმნელები ვიქნებოდით, ამ გზით თუ ვივლიდით. არ შეიძლება ყველასგან და ყველაფრისგან გამიჯვნა და მუდმივი თვითმარგინალიზება. სინამდვილეში ყველაფერი ასე შავ-თეთრი არ არის, კონტექსტის და ბევრი ნიუანსის გათვალისწინებაა საჭირო.

ჩემთვის ჯერ ინდივიდია და მერე კოლექტივი – ჯერ ვარ პიროვნება და შემდეგ ვერთიანდები საერთო ინტერესების ირგვლივ რომელიმე ჯგუფში, რომელშიც დავრჩები მანამ, სანამ როგორც პიროვნება, ამ ჯგუფში თავს კარგად ვგრძნობ – მაგრამ ესეც ძალიან ცუდად იყო აღქმული რამდენიმე ადამიანის მიერ “მწვანეებში.” ამბობდნენ, რომ კოლექტივი მეტია, ვიდრე ინდივიდი. ჩემთვის კი ეს არის გზა ტოტალიტარიზმისკენ. არადა, ზოგადად, “მწვანეობა” რეალურად ყველაზე პროგრესული იდეოლოგიაა, რაც კი აქამდე შემხვედრია და ვიმედოვნებ, რომ საქართველოში რეაქციონერულ მემარცხენეობაში არ გადაიზრდება. მალე შვედეთში მივდივარ ორი წლით მაგისტრატურაზე, საზოგადოებრივი ეკოლოგია უნდა ვისწავლო და გარკვეული ექსპერტიზით დავბრუნდე. იმედი მაქვს, რომ ჩემს არყოფნაში, ეს ჯგუფი შეძლებს სარკეში ჩახედვას და წევრების უკუკავშირზე დაყრდნობით, პოზიტიურ გარდაქმნას.

ხილვადობის პოლიტიკა
———————————–
დისკუსიები როცა იწყება უნდა გავიდეთ თუ არა აქციაზე, ან დავიყენოთ თუ არა სოც. ქსელში დროშა, სულ მახსენდება ჩემი გამოცდილება. მახსოვს ჩემი განცდა, როცა 2015 წელს ამერიკაში ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანებს შორის ქორწინების დაკანონების შემდეგ, პირველად მასიურად დავინახე ეს ცისარტყელა-ჩარჩოები Facebook-ზე. მიუხედავად იმისა, რომ დედასთან და რამდენიმე მეგობართან მქონდა გაკეთებული ქამინგ აუთი, მე თვითონ ვერ დავიყენე ეს ჩარჩო. ბევრ ისეთ მეგობარს ეყენა მაშინ, ვისზეც არ ვიცოდი ამ თემებზე რას ფიქრობდნენ და ძალიან მიხაროდა. ვფიქრობდი, რომ თურმე იმაზე მეტად მიმღები ადამიანების წრე მქონია, ვიდრე მანამდე წარმომედგინა. მახსოვს ჩამოვუყევი მთელს ჩემი სამეგობროს სიას, ვამოწმებდი ვის ეყენა ეს ფერადი ჩარჩო, რათა თავში ჩამებეჭდა, ვისთან შემეძლო ამ თემაზე საუბარი. მე თვითონაც, ალბათ, ბოლო ორი-სამი წელია, რაც ამ თემებზე ჩემს მოსაზრებებს გამოვხატავ სოციალურ მედიაში. მგონია, რომ თუნდაც ერთ ადამიანსაც თუ ვაგრძნობინებ, რომ მარტო არ არის ამ სამყაროში, ამად ღირს ეს ფერადი ჩარჩო და სხვა ყველაფერიც, რაც ხილვადობას ეხება.

დედასთან ქამინგაუთი
———————————
დედას სანამ არ ვეტყოდი ჩემი იდენტობის შესახებ, მანამდე მუდმივად დიდ შიშს ვგრძნობდი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ახლობელ ადამიანებს სიმართლე სცოდნოდათ ჩემზე, მაგრამ ასე ადრე არ მქონდა წარმოდგენილი დედაჩემთან ყველაფრის გამხელა. 17 წლის პირველად ვიყავი შეყვარებული, მაგრამ ძალიან უიღბლოდ, დიდ სევდაში ვიყავი მთელი რამდენიმე თვე, დედაჩემთან კი მიწევდა ბედნიერი ადამიანის როლის თამაში. ეს კიდევ უფრო ცუდად მხდიდა და ერთ დღესაც, ისე, რომ მეც არ ველოდი, ვუთხარი. ამის შემდეგ სამ საათიანი ტირილი გვქონდა ორივეს. ძალიან ემოციურად მიიღო, ძალიან განიცადა და თავსაც იდანაშაულებდა, საკუთარ „ბრალეულობას“ ეძებდა ჩემს იდენტობაში, რაც ყველაზე მძიმე იყო ჩემთვის, მითუმეტეს, როცა ხუთი წლიდან ვიცი, რომ ქალები მომწონს. მიღების პროცესი საკმაოდ გრძელი იყო, მაგრამ ყოველ ზაფხულს, ამერიკიდან ყოველ დაბრუნებაზე ვგრძნობდი, რომ უფრო და უფრო მიღებული ჰქონდა ეს ამბავი. მას დრო დასჭირდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს დრო უნდა მივცეთ ჩვენს მშობლებს. დრამატულად არ უნდა მივიღოთ ის, რომ ჩვენი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციას მარტივად ვერ იღებენ. ჩვენი მშობლების თაობა მათ ირგვლივ არსებული საზოგადოების აზრით ზედმეტად არის დაინტერესებული და ხშირად, ჩვენ მეტად შეგვიძლია, გავუგოთ მათ, ვიდრე პირიქით. მგონია, რომ ეს არის გზა შედარებით ჰარმონიული ურთიერთობისკენ და არა თავიდანვე გარიყვა შენი ცხოვრებიდან.

ავტორი: იდა ბახტურიძე
ფოტო: ნინო ბაიდაური