თამთა ბერიძე, 19 წლის, ბათუმი
„წელს ჩავაბარე საერთაშორისო ურთიერთობებზე და თბილისში წამოვედი სასწავლებლად. ბოლო კლასებში ბათუმში სწავლისას, დავუკავშირდი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორიცაა ბათუმის ახალგაზრდული სახლი, ლიდერთა კლუბი, თავისუფლების ცენტრი და მოხალისედ დავიწყე მუშაობა. ჩემი პროტესტი ყოველთვის უკავშირდებოდა სასკოლო-საგანმანათლებლო სისტემის უუნარობას. სამწუხაროდ, სამოქალაქო განათლების საგანს არ შეუძლია ახალგაზრდებს ბევრი რამ ასწავლოს თავიანთ უფლებებზე. მოხალისედ ყოფნის პერიოდში, ბევრი ტრენინგი გავიარე გენდერულ თანასწორობაზე, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვაზე და მერე დავდიოდი სკოლებში, განსაკუთრებით მაღალმთიანი აჭარის რეგიონში და იქ ვუტარებდი ბავშვებს ტრენინგებს. თავდაპირველად ყველა შებოჭილი იყო, მაგრამ რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვაწვდიდი, მით უფრო მეტად იხსნებოდნენ და უნდოდათ თვითონაც მიეღოთ მონაწილეობა ტრენინგების ჩატარებაში. ამ გამოცდილებამ ის მასწავლა, რომ თავისუფალი და თანასწორი ადამიანი მაშინ იქნება, თუ მეტი ინფორმაცია და განათლება ექნება მიღებული.
სამწუხაროდ, სტერეოტიპების გავრცელებაში ახლა განათლების სისტემა უფროა ჩართული, ვიდრე სხვა რომელიმე უწყება. სკოლაში სწავლის პერიოდში მივხვდი, რომ მასწავლებელს, რომელმაც შენ უნდა გაგიღოს ცნობიერება, თვითონაც დახშული აქვს კარი. ვფიქრობ, რომ მასწავლებლების ინფორმირებულობის დონე უნდა გაიზარდოს, რომ შემდგომ მათ ასწავლონ სხვებს. მასწავლებლებს ხშირად ვამჩნევდი, რომ ბოლომდე გათავისებული არ ქონდათ ის თემები, რომლებზეც გვესაუბრობოდნენ. ერთ მასწავლებელთან, რომელიც რასიზმს აკრიტიკებდა, საუბარში რამდენჯერმე წამოცდა სიტყვა „ზანგი“, რის გამოც შეკამათება მომიწია მასთან. ჩემს პროტესტს ასევე იწვევდა საკლასო ოთახებში მართლმადიდებლური ხატების ჩამოკიდება, რადგან კლასში, განსაკუთრებით აჭარაში, ბევრი ბავშვი შეიძლება სწავლობდეს, რომელიც მუსლიმია და ამის გამო შეიძლება დაჩაგრულად იგრძნოს თავი. სხვათაშორის, რელიგიურ ნიადაგზე ბულინგი ძალიან ხშირად მომხდარა აჭარის სკოლებში.
ალბათ გენდერულად სენსიტიური რომ ვარ, იმიტომ მხვდებოდა თვალში სასკოლო პროგრამებიც. მაგალითად, ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოებში, მოთხრობებში კაცები უფრო ძლიერები არიან და მათ სიტყვას უფრო მეტი წონა აქვს. დამოკიდებულებაც ასეთი ჰქონდათ მასწავლებლებს. მე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში ვსწავლობდი და მიუხედავად იმისა, ბევრ ბიჭზე უკეთესი აკადემიური მოსწრება მქონდა ტექნიკურ საგნებში, მასწავლებლები უპირატესობას ბიჭებს ანიჭებდნენ და სხვადასხვა არასასკოლო პროგრამებში დამატებით ტრენინგებზე უშვებდნენ. ეს უსამართლო დამოკიდებულებაა და აუცილებლად უნდა შეიცვალოს. თუმცა მიმაჩნია, რომ ცვლილება განათლებიდან ანუ ძირიდან უნდა დაიწყოს და არა ბოლოდან. რადგან თუ პირველი კლასიდან მიეჩვევიან ბავშვები თანასწორობის პრინციპების მიღებას, რომ გაიზრდებიან ძალადობასა და ჩაგვრასაც კრიტიკულად შეხედავენ. ცხოვრებაც უკეთესი გახდება.“