თამრიკო წიკლაური, 54 წლის, ხადას ხეობა, წკერე

„ქალაქში მქონდა ბინა, მაგრამ გაჭირვების პერიოდი რომ დაიწყო, დავაგირავეთ, ვალი ვეღარ გადავიხადეთ და ის ბინა სულ დავკარგეთ. ჰოდა გადმოვედით აქ სოფელში, სადაც ზამთარ-ზაფხულ მუდმივი მაცხოვრებლები ვართ მე და ჩემი ქმარი. ხალხს, ტურისტებს მოსწონთ აქ რომ ამოდიან, მაგრამ ნეტაი ჩვენი თვალით შეახედათ აქაურობას. ზამთარში მაინც. სხვები თოვლის მოსვლას რომ ოცნებობენ, ჩვენ იმაზე ვლოცულობთ, ნეტავ უთოვლო ზამთარი იყოს. ამ სოფელში ზამთარში მე, ჩემი ქმარი და მეზობელი ანიჩკა დეიდა ვრჩებით. იცით როგორ ვცხოვრობთ?! აი, ადრე ქვის ხანაში, რომ ცხოვრებდნენ გამოქვაბულში ადამიანები, ისე. ზამთარში რომ ჩაიკეტება გზა, რაცა გვაქვს ვჭამთ და რაც არა, უიმისოდ ვძლებთ. ნეტაი ცუდად არ გავხდე ზამთარში, თორემ აბა სასწრაფო როგორ ამოვა ამ ჩაკეტილ გზაზე. ამას წინეებზე ქალი გახდა ცუდად, მეზობელ სახლში გამოიძახეს სასწრაფო და ის სასწრაფო გვეუბნება, აქ რაღა გინდათ, რაღას ცხოვრობთ, ძლივს ამოვედითო და აბა ზამთარში რომ ეგრე დაგვემართოს, ვინ იქნება ჩვენი პატრონი? ახლა ის ქალი ალბათ მოკვდებოდა, სასწრაფო რომ არ მოსულიყო. აბა ზამთარში რა გადამერჩენს მენა, ცუდად რომ გავხდე. ახლა მთავრობას იმას ვეუბნებოდი, წინასაარჩევნოდ იყვნენ ამოსულები – ერთი ვაგონი მომეცით, რა გაგიხდათ, ქვეშეთში დავდგამ და ვიცხოვრებ ზამთარს იქ გადავიტან თქო. არ ვიცი, კი დამპირდნენ და ვნახოთ.

შემოდგომის პირს ოჯახები რომ გადიან ბარში, მე მათ საქონელს ვიბარებ. ერთ ჯიბეში ასანთს ჩავიდებ ხოლმე, მეორეში გაზეთს და ისე მივდივარ საძოვარზე. მგელი რომ შემომხვდეს, ავანთებ და ჩემი ჭკუით შევაშინებ. არადა ხანდახან ვფიქრობ, მართლა რომ დავინოხო მგელი, იმის ანთებასაც ვერ მოვასწრებ, ისე გამისკდება გული. ან საერთოდ მე გავიკიდებ ცეცხლს შიშისგან და დაბნეულობისგან.

საპენსიო ასაკიც არ მაქვს ჯერ, რომ ამით ვიცხოვრო. შეღავათია ის გვაქვს, რომ გაზი ზამთარში უფასოა. ფული ხანდახან კვირეები გადის და არ მაქვს ნანახი. მაგრამ ჩემი ამოყვანილი ყველი ჩამაქვს ბარში და ვცვლი ხან მაკარონზე, ხან ზეთზე, ხან საყოფაცხოვრებო ნივთებზე. და ვიმარაგებ ზამთრის საჭმელს ასე.
ბინის დაკარგვის მერე ეს ჩემი მეუღლე დარდის მოსაკლავად აჰყვა სასმელს. რომ დაითვრება, მერე ჩემზე ძალადობს, მაგინებს, თითქოს მე ვარ დამნაშავე მაგის უბედურებაში. ახლაგაზრდა რომ ვიყავი, კიდევ შემეძლო გაქცევა და ვერ მეწეოდა მთვრალი. ახლა აღარ შემიძლიან და ამიტომ გადავწყვიტე ამას წინეებზე 112-ში დამერეკა. მოვუყევი ჩემი ამბავი, ვუთხარი სვამს და მაგინებს თქო. ჰოდა მაშინათვე გამომიძახეს პატრული. მალევე ამოვიდნენ, დააწერინეს ახსნა-განმარტებითი ბარათი და გამოუწერეს ორდერი. ასე მითხრეს, თუ კიდევ იძალადა, კიდევ დაგვირეკე და მაშინათვე წავიყვანთო. ძალიან გახარებული ვარ, იმიტომ, რომ ახლა ისეთი გასუსული ზის ხოლმე ტელევიზორთან და ხმას არ იღებს. მეც ამოვისუნთქე. ამას წინათ მივხვდი, რომ პატრულის ამოსვლაც იმიტომ მიხარია, უცხო ადამიანი და გამომლაპარაკებელი რომ მოდის. აქ ისეთი სიმარტოვეა, შეიძლება შეიშალოს ადამიანი ჭკუიდან. ამიტომ თავს ვართობთ და ერთმანეთსაც მე და ანიჩკა დეიდა.“