თამუნა ნიკოლეიშვილი, 28 წლის, ქუთაისი
„ჩვენს კულტურაში დაუოჯახებელი ქალი ორ კატეგორიად იყოფა: გაუთხოვარი და გასათხოვარი ქალები. ქალის თავისუფალი ნების მიმართ საერთოდ არ არის ტოლერანტობა. პირიქით, თუ ქალი დაუქორწინებელია გარკვეულ ასაკამდე, ის ხდება საზოგადოებისთვის საეჭვო. მე მუდმივად ვაწყდები ჩემს გარემოში შეკითხვას „ რატომ არ თხოვდები?“ ძირითადად თვლიან, რომ რადგან უკვე მივიღე განათლება, მაქვს პროფესია და კარიერულადაც შევდექი, ახლა დრო არის გავთხოვდე. ყოველდღე და დღეში რამდენჯერმეც ვცდილობ ავსხნა, რომ გათხოვება არ არის საქმიანი კონტრაქტი, უნდა გიყვარდეს ადამიანი, გრძნობა უნდა გქონდეს და ეს აქტი არ უნდა იყოს ქორწინება ქორწინებისთვის. ეს „გაუთხოვრობა“ კლიშედ ავიკიდე თითქოს ამ ბოლო დროს.
ჩემი კლასელი ქალები ყველა დაოჯახებულია და როცა გვიწევს ერთნმანეთთან შეხვედრა, სულ ამბობენ, აი, ეს იმიტომ „დაგემართა“, რომ განათლებასა და კარიერაზე იყავი ორიენტირებული. სიმართლე ისაა, რომ რომც დავოჯახებულიყავი, ეს ფაქტორი განათლებასა და მიზნების მიღწევაში სულაც არ შემიშლიდა ხელს, რადგან ვთვლი, რომ ქალის საბოლოო დამიშნულება გათხოვება კი არა, მისი საზოგადო სფეროში სასიკეთო ჩართულობაა.
ხშირად ძალიან უტაქტო კომენტარებიც მსმენია – „რა კარგი გოგოა და გაუთხოვარია“, უთქვამთ დანანებით და გულისტკივილით. არადა ვთვლი, რომ ბევრი სასიკეთო და სასარგებლო მიკეთებია ჩემი ქალაქის განვითარებისთვის, ხალხი, კი მარტო იმით მაფასებს, გათხოვილი ვარ თუ არა. ჩემი კარიერა და წარმატება მხოლოდ იმის წინაპირობად აღიქმება, რომ „სარფიანად გავსაღდე“. მაშინ ვხვდები, რომ ქალი არა პიროვნებად, არამედ საგნად მოიაზრება, დამხმარე ადამიანად, რომელიც წარმატებული კაცის უკან უნდა იდგეს.
ჩემი „გაუთხოვრობა“ სულაც არ მაწუხებს. მე მაწუხებს ეს სოციალური წნეხი, რომელიც თითქოს გავალდებულებს მის მოთხოვნას მოერგო. ქორწინება ჩემთვის არ არის ვალდებულება. ის არის არჩევანი და ეს არჩევანი საზოგადოებამ არ უნდა წამართვას.”