თეა ბოლქვაძე, 41 წლის, თბილისი

„ჩემი ბავშვობა ცოტა რთული იყო, 15 წლის ასაკში 20 წლის ძმა დამეღუპა ავარიაში. დავრჩი ერთი სახლში. ის კი არა რომ შევეგუეთ, რომ აღარ არის ჩემი ძმა, არა გარდაცვლილთან ერთად დავიწყეთ ცხოვრება. მან იმქვეყნიურში გააგრძლება ცხოვრება ჩვენთან ერთად და ჩვენ აქ. რაღაცნაირად შევეგუეთ ამ ცხოვრებას.

მერე იყო სტუდენტობა. ჯერ სამედიცინო სასწავლებელი დავამთავრე და მერე გადავწყვიტე, რომ მინდოდა ექიმობა. დედაჩემი მეხვეწებოდა „არ გინდა შვილო, გათხოვდი, პატრონს ჩაბარდი“. ჩავაბარე უმაღლესში სამედიცინოზე. პარალელურად ვმუშაობდი შსს-ს ჰოსპიტალში ექთნად. თუმცა სანიტრობიდან დავიწყე. ჩვეულებრივად, სანიტარს რაც ევალებოდა, ყველაფერს ვაკეთებდი. მერე ექთნად გადავედი. მას შემდეგ, რაც ლიცენზია ავიღე, გარდაბნის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მორიგე ექიმად დავიწყე მუშაობა, სადაც 10 წელი ვიმუშავე ტრამვამდე.

გათხოვებიდან ზუსტად 9 თვეში უკვე ბიჭს ველოდებოდი და ეს სხვა, აღსავსე მოლოდინი იყო. იმიტომ, რომ 30 წლის გავთხოვდი, მეც და ჩემი ქმარიც ოჯახში პირველ პირმშოს ველოდებოდით და ჩვენი შვილი იყო ორივე მხარეს გვარის იმედი. ვგეგმავდი, რომ ბევრი შვილი უნდა მყოლოდა. ამისთვის მზად და მობილიზებული ვიყავი იმიტომ, რომ მძიმეა, როცა დედ-მამიშვილს კარგავ და მარტო იზრდები. ორსულობის 6 თვემდე ვმუშაობდი სასწრაფოში და ერთ მორიგებაოზე სულ ცოტა 300 კმ-მდე გავლა მიწევდა. უაზის მანქანით დავდიოდით და 15 სოფელს ვემსახურებოდით. ვმუშაობდი მანამ, სანამ მივხდი რომ ჩემს ნაყოფზე უფრო მეტს ვზრუნავდი, ვიდრე პაციენტზე.

ეს იყო 21 მარტი. დილით დაიწყო ტკივილები და საღამოს ძალიან მშვიდად და წყნარად გავაჩინე სრულიად ჯანრმთელი ბავშვი. ყველაფერი ზედმიწევნით მახსოვს, 9-ის ნახევარზე გაჩნდა ლუკა. ექიმმა ხელები დაიბანა, მკითხა როგორ ხარო… ამ დროს ექთანმა მოატრიალა ექიმი თავისკენ. მეც ექიმი ვარ და მივხვდი, რაღაც წესრიგში ვერ იყო. მუცელშიც დისკომფორტი გამიჩნდა. მოკლედ, ატყდა პროფუზული სისხლდენა. მახსოვს, როგორ ისვრებოდნენ ნელ-ნელა ექიმები სისხლში. მიუხედავად ჩემი მძიმე მდგომარეობისა, ყველაფერს ვხვდებოდი და ვაანალიზებდი. ოპერაციის მსვლელობის დროს კლინიკური სიკვდილი განვითარდა და გული გაჩერდა, არც მაშინ გამთიშვია გონება და შეგრძნება მქონდა, რომ ჩემი საწოლი დაბლა დაიწია და გავიფიქრე კიდევაც , რა ცუდად ვარ, რომ გავიღვიძებ ამას აუცილებლად ვიტყვითქო… მახსოვს, რას ლაპარაკობდნენ საოპერაციოში. მახსოვს რა ხდებოდა კლინიკურის დროსაც.

მე რომ ბევრი შვილის გაჩენას ვაპირებდი და ერთი შვილის ამარად დავრჩი, ამან ძალიან სერიოზულად იმოქმედა ჩემზე. ვერ ვეგუებოდი ამ ამბავს და დეპრესიაში ჩავვარდი. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ამით ჩემ თავსაც ვვნებდი, ჩემს შვილსაც და ჩემს ახლობლებსაც, ბუნებრივია. ამიტომ, მოვიკრიბე ძალები, დავწერე ეს ყველაფერი, გადავფურცლე და დავხურე ეს გვერდი და მე შევიცვალე.

ვიცოდი, რომ უნდა მემუშავა. 6 თვეში ისევ დავუბრუნდი სასწრაფოს. სახლში რომ დავრჩენილიყავი, უფრო ღრმა დეპრესიაში ჩავვარდებოდი. ის ექიმური თვისება, რომ სხვას უნდა დავხმარებოდი, წინა პლანზე იყო ჩემთვის. ძალიან ბევრი მიბრძოლია, ძალიან ბევრიც წამიგია და მომიგია სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლაში. სრულებით გულრწფელად ვიძახი, რომ ყველაზე დიდი ნეტარებაა, როცა მოხუცებულთან მიდიხარ, ის იმდენად ცუდად არის, რომ ვერ ლაპარაკობს, მაგრამ პროფესიონალიზმის გარდა ადამიანური თანაგრძნობაც ჭირდებათ და ხელის შეხებით რომ თანაუგრძნობ. ეს მათთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და გამოკეთებულს და მლოცველს რომ ტოვებ…

ლუკაც გაიზარდა, უკვე 7 წლის იყო, როცა მამა გარდამეცვალა მძიმე ავადმყოფობის შემდეგ. ორ კვირაში ლუკას კლასის ექსკურსია დაიგეგმა ვარიანში, იაკობ გოგოებაშვილის სახლ-მუზეუმში. ლუკა პირველ კლასში იყო, მისი პირველი ექსკურსია იყო და მინდოდ ჩემს შვილთან ვყოფილიყავი. ჩემი მეუღლე და მე მანქანით გავყევით. გზაში რომ მივდიოდი, ჩემს ქმარს ვუხსნიდი რატომ წავიყვანე, ვგრძნობდი, რომ იქ რაღაც უნდა მომხდარიყო, ვგრძნობდი დიდ უბედურებას.

მუზეუმში რაღაც არ მომწონდა, არ იყო უსაფრთხოების ზომები დაცული. ბავშვებს მაქსიმალურ ყურადღებას ვაქცევდი, რომელიმე არ დაშავებულიყო. 30 ბავშვი და 30 მშობელი ვიყავით. მეორე სართული რომ დავათვალიერეთ, ბავშვები პირველ სართულზე ჩავუშვით. რამდენიმე მშობელი მეორე სართულზე დავრჩით სურათის გადასაღებად. არსად არანაირი აღნიშვნა არ ყოფილა, ან სურათი არ გადაიღოთ, ან რამეს არ მიეყრდნოთ. სურათის გადაღების მომენტში ტკაცუნის ხმა გაისმა, მოაჯირი გატყდა და გადავარდი. მივიღე ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა და ხერხემლის მძიმე დაზიანება. პოლიციამ საქმე „თვითდაზიანების“ მუხლით აღძრა. თითქოს მე თვითონ გადავხტი მეორე სართულიდან… მაგრამ სასამართლომ დაარქვა უკვე თავისი სახელი…

სასაცილოა, მაგრამ რეანიმაციაში უმძიმეს მდგომარეობაში მაინც პაციენტების მდგომარეობას ვაკონტროლებდი. გამოვეწერე საავადმყოფოდან და ისევ მოვხვდი, უკვე პლევრიტის დიაგნოზით. დავიწყე რეაბილიტაციაზე ფიქრი იმიტომ, რომ ჩემი ჰიპერაქტიური ბუნების გამო, არ შემეძლო გავჩერებულიყავი. მივაკითხე ტატიშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრს. ერთი წელი თეა ადამიასთან გავდიოდი რეაბილიტაციას.

არის ასეთი კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“. მათი საშუალებით შემთხვევით მოვხვდი სენაკში, სადაც ჩემს მწვრთნელს ია ტალახაძეს შევხვდი. გართობის მიზნით, იას მშვილდები ჰქონდა ჩამოტანილი. მშვილდის ხელში პირველი დაჭერისას მივხვდი, რომ მასთან რაღაც სიახლოვე მქონდა. შემდგომ, პარასპორტის განვითარების ცენტრში დავიწყე სიარული და ვარჯიში პარამშვილდოსნობაში. პარალელურად, რეაბილიტაციას გავდიოდი თეასთან და თან, სამსახურს ვეძებდი.

დედა მყავს ასაკიანი. ქალმა, რომელმაც ორი შვილი დაკრძალა (პატარა ძმაც მყავს გარდაცვლილი) და მისი დარჩენილი შვილის ორჯერ კლინიკურ სიკვდილს შეესწრო და კიდევ გივლის!! ამიტომ ვფიქრობდი, რომ ოჯახში ჩემი წვლილი შემეტანა, მუდმივად ვმუშაობდი და კიდევ მინდოდა მუშაობა. ჯერ ჩემივე პროფესიით დავიწყე სამსახურის ძებნა, მაგრამ ყველგან ვიღებდი პასუხს, რომ „ჩვენი ოფისი ადაპტირებული არ არის“. ჩემი რეაბილიტოლოგის რეკომენდაციით პარასპორტის განვითარების ცენტრში მოვხვდი, როგორც მისაღების თანამშრომელი. აქვე ვმუშაობ და ვვარჯიშობ. იცით როგორ ვგრძნობდი თავს? გალიაში გამოკეტილ ჩიტს გარეთ რომ გამოუშვებ და ფრთების ფართხალს იწყებს…

მქონდა დეპრესიის პერიოდიც. პარაპლეგია გულისხმობს ბევრ პატარ-პატარა ნიუანსებს – მორალურთან ერთად ფიზიკური ტკივილიც უნდა დასძლიო. იმიტომ, რომ კიდურების ტკივილი მაქვს. ყველა კუნთს და ნერვს ვგრძნობ და ნელ-ნელა მგრძნობელობა მუხლებამდე დამიბრუნდა და დღეს ხერხემლის დაჭერაც ვისწავლე, მშვილდი ამაში ძალიან დამეხმარა.

ერთხელ, ვვარჯიშობდი და თავზე ჩემი მწვრთნელი მადგა, მეორე მწვრთნელმა შემატყო უხასიათობა და მითხრა – ეს შენი მეორე სუნთქვაა, თავიდან იწყებ ცხოვრებას. შენ თავიდან უნდა შეძლო ადგომაო… ის კი არა, რომ ჩვენ ვეცემით, როგორ ღირსეულად ავდგებით ეს არის მთავარი! ეს იყო ჩემი დეპრესიის დასასრული. ორჯერ გადავრჩი ხომ? რატომ გადავრჩი? რატომ ვარ აქ? იმიტომ არ წავედი, რომ ჩემი ოჯახის დიდი სიყვარული მქონდა და მართლა მთელი საქართველო ლოცულობდა ჩემს გადარჩენაზე. სიყვარულმა დამტოვა აქ. არ უნდა დაეცე, არა! უნდა განაგრძო ცხოვრება! უნდა მივიღოთ რეალობა, წარსულს აღარ უნდა მისტიროდე და ახლა ძალას არ ვიშურებ, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე მოვხვდე…

2015 წელს ტელევიზორიდან გავიგე საქველმოქმედო კამპანია WORLD RUN-ის შესახებ, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება. სტრატი ყველა ქვეყანაში ერთი და იგივე დროს იწყება და მოძრავი ფინიშია. მთავარი რაცაა, ეს თანხა მიდის ზურგის ტვინის დაზიანების მქონე ადამიანების დასახმარებლად. მოვიხიბლე ამ აზრით და გადავწყვიტე მეც მიმეღო ამ აქციაში მონაწილეობა… თან სტიმული მიმეცა ჩემი თავისთვისაც და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ზურგის ტვინის დაზიანება ჰქონდა. ჩემი რეაბილიტოლოგი თეა ადამია და ჩემი ფიზიოთერაპევტები დამეხმარნენ სირბილში და გავხდი ქალი-ეტლით მოსარგებლე გამარჯვებული, 6800 მეტრი გავირბინეთ. ეს იყო დიდი სტიმული ჩემთვის, რომ ტრავმიდან ერთი წლის თავზე, როცა ჯერ კიდევ არ შემეძლო სრულად მოძრაობა, შევძელი და პირველი გამარჯვება მოვიპოვე. 2016 წელსაც მივიღე მონაწილეობა, აქ უკვე ჩემი მეუღლე მეხმარებოდა 7300 მეტრით დავამთავრე რბენა, ესეც გამარჯვებით…

29-30 იანვარს, თბილისის ზამთრის ჩემპიონატი მშვილდოსნობაში წარმატებული აღმოჩნდა ჩემთვის. ინტეგრირებულ ასპარეზობაში, ქალთა თანრიგში თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის სპორტსმენმა მეორე ადგილი დავიკავე…

ასე რომ ვაგრძელებ ცხოვრებას და წინსვლას…“