ივეტა წითაშვილი, 42 წლის, ზუგდიდი

“ვფიქრობ, სიცოცხლის უფლების შემდეგ, არჩევანის უფლება ყველაზე მთავარი უფლებაა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ვერ ირჩევენ სად მიიღონ განათლება, სად იმუშაონ, სად წავიდნენ და დაისვენონ და ა.შ. სახელმწიფო (ან საზოგადოება) მიუთითებს მათ კონკრეტულ ადგილებზე, რადგან სხვა ადგილები მათთვის შეუღწევადი და დახურულია. ისინი აღიქმებიან უუნაროებად და არა რესურსად და უფლებების მფლობელებად. თვლიან, რომ ადამიანი ეტლში მხოლოდ დახმარების (სამედიცინო ან საქველმოქმედო) სუბიექტია და ის აუცილებლად უნდა შეიბრალონ ან გაიღონ მოწყალება, შექმნან მისთვის სპეციალური საწარმო(ებ)ი (ან ადგილები) და გარიყონ შორს საზოგადოებისგან… უკეთეს შემთხვევაში, უბოძონ დაბალი რანგის ან დაბალანაზღაურებადი სამსახურ(ებ)ი. შეიძლება შენ მეტი გამოცდილება, განათლება, უნარ-ჩვევები და ხარისხიც გქონდეს, მაგრამ არ განიხილები მაღალანაზღაურებად საჯარო პოზიციებზე. ისინი ამბობენ, რომ რა დროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანის დასაქმებაა, როცა ამდენი დაუსაქმებელია. რომ არა ასოციაცია ,,დეა“, სადაც მე დღეს ვმუშაობ, ძალიან გამიჭირდებოდა სამსახურის მოძიება. მე არ ვაბობ, რომ რადგან ადამიანი ეტლშია, ის ამის გამო უნდა დასაქმდეს რასაკვირველია, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია და თვისებები, რომ შეასრულოს მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობები. ასოციაციაში 1998 წელს მოხალისედ მივედი, ანუ ეტლში ჩაჯდომამდე ვმუშაბდი და როდესაც ეს პრობლემა მეც შემეხო, ორი წელი მქონდა დეპრესიის პერიოდი. ასოციაციის ხელმძღვანელს დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ მე დღეს ჩემი ცხოვრების მონაწილე ვარ და არა შორიდან მაყურებელი. დღემდე აქ ვარ, ამ ორგანიზაციაში. სამსახური ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.

შეუღწევად გარემოზე დიდი პრობლემა შეუღწევადი ტვინებია. საზოგადოებაში არსებობს ბევრი სტერეოტიპი – მათ ჰგონიათ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან საცოდავები, საბრალოები და მათ სჭირდებათ დახმარება. ერთჯერადი დახმარებების და პანდუსების შენობებზე მიშენების ჭრილში განიხილება დღეს მათი სოციალური ინტეგრაცია. ამის იქეთ ვერ წავედით. თუკი შენობას პანდუსი აქვს, ჰგონიათ, რომ ის შეღწევადია. არსებული პანდუსების ნაწილი ფორმალურია, კვაზი პანდუსებს ვეძახი მათ, შეუძლებელია ამ პანდუსებით ისარგებლო. ზუგდიდში ამასწინათ მიწისქვეშა გადასასვლელზე დაამონტაჟეს ლითონის კონსტრუქცია და პანდუსი უწოდეს. ის საშიშია ადამიანების გადაადგილებისთვის, რომლებიც ეტლით არიან ან იმ მშობლებისთვის, რომლებსაც ჩვილი ბავშვები საბავშვო ეტლით დაჰყავთ. მივმართეთ ოფიციალურად და სიტყვიერადაც ვუთხარით, შეეცვალათ ან საერთოდ მოეშორებინათ კოსნტრუქცია, მაგრამ არაფერი შეცვლილა. არქიტექტურის სამსახურის უფროსი ამბობს – „მე ძალიან კარგად მესმის თქვენი გულისტკივილიო“, მაგრამ მას არ ესმის, რომ გულისტკივილი და უფლება სხვადასხვა ცნებებია. ეს არ არის ჩემი გულისტკივილი, ეს ჩემი უფლებაა!

ძალიან გამიჭირდა ეტლის მიღება… სიზმარშიც არასდროს მესიზმრება, რომ ეტლში ვარ. ყოველთვის დავდივარ ან კიბეებზე ავრბივარ ქუსლიანი ფეხსაცმლით და როცა ვიღვიძებ, წამების განმავლობაში მიკანკალებს ფეხები, მიხურს ქუსლები და მგონია, რომ წამოვდგები. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი გავიდა, მაინც ვერ ვიღებ ამ ცხოვრებას, რადგან ეს მდგომარეობა თავდაყირა აყენებს ყველაფერს.

არჩევნებშიც ვმონაწილეობდი. ჩემს უბანში, კომბინატის დასახლებაში, ვიყრიდი კენჭს გასულ ადგილობრივ არჩევნებზე, როგორც უპარტიო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. მინდოდა მენახა, რა გზას გადიან მაჟრიტარები და ქალი მაჟორიტარები. ამ პროცესს საინტერესოს ხდიდა ეტლი, ანუ ჯერ ქალი პოლიტიკაში და მერე ეტლიანი ქალი პოლიტიკაში, ამაზე საზოგადოების რეაქციის დანახვა იყო ყველაზე კარგი. აქ უფრო მეტად შევეჯახე სტერეოტიპებს ქალებზე და სტერეოტიპებს, რაც ეტლში ქალის მიმართ არსებობს. 5 ვიყავით მაჟორიტარობის კანდიდატები და მე ვიყავი მარტო ქალი. აი, რომ მივდიოდი და უბნებში შეხვედრებს ვმართვდი, არც კი მაქცევდნენ ყურადღებას და მე კი არ აღმიქვამდნენ, როგორც კანდიდატს, არამედ მეგობარს, რომელიც მეხმარებოდა გადაადგილებაში, ზოგჯერ სხვა მეგობრებს, რომლებიც ჩემთან ერთად მოდიოდნენ შეხვედრაზე. საუბარს რომ ვიწყებდი, გაოცებული მიყურებდნენ, მათთვის გასაკვირი იყო, რომ ადამიანი ეტლში აზროვნებს. იყო შემთხვევებიც, როცა ქალებმა იტირეს „ასეთი განათლებული და ეტლში“, „ასეთი ჭკვიანი და ეტლში, რატომ?“ „მერე რისთვის გინდა პოლიტიკა?“ ერთმა მკითხა, როგორ ირბენო. მე ვუთხარი, რატომ? დეპუტატობა სპორტის სახეობაა და გარბენი მნიშვნელოვანია–თქო? მერე ენანებოდათ და ამბობდნენ – იმ „ეტლიანი გოგოსთვის“, ასე მეძახდნენ, რომ მიგვეცა ხმა, ბევრად უკეთესად ვიქნებოდითო და ჩემთანაც ბევრი მოდიოდა დახმარების თხოვნით. ახლა მეღიმება ამაზე.“