იზოლდა მაჭავარიანი, 59 წლის, თელავი
„სკოლის დამთავრების შემდეგ, ძალიან მინდოდა სტომატოლოგიურ ტექნიკუმში ჩაბარება, მაგრამ სასწავლებელი არ იყო ადაპტირებული ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის საქართველოში. რუსეთში იყო, მე უკვე გათხოვილი ვიყავი და იქ სასწავლებლად ვერ წავედი. შემდეგ ჭრა-კერვა ვისწავლე და შემეძლო ყრუთა სკოლაში ეს მესწავლებინა, მაგრამ მასწავლებლები ამ სკოლაშიც სმენიანები იყვნენ და ამ თუ სხვა მიზეზების გამო, არ გამოვიდა ჩემი იქ მუშაობა.
ყრუთა კავშირის კლუბია თელავში, მინდოდა ცალკე ოთახი გვქონოდა, რომ ჟესტური ენა მესწავლებინა. თვითონ ყრუ ადამიანებსაც სჭირდებათ ჟესტური ენის სწავლება, უფრო სწორად, სიტყვები არ იციან და მათთან მუშაობა აუცილებელია. რესურსია საჭირო და არ არის, რომ ამ ადამიანებს დავეხმარო. სახლიდან მივიტანე ტელევიზორი კლუბში, რომ ყრუ და სმენადაქვეითებულ ადამაინებს ეყურებინათ, თარჯიმანს კი ეთარგმნა. ესეც არ იყო და ეს ადამიანები ყველანაირი ინფორმაციის მიღმა რჩებოდნენ. მანამდე სოციალურ სამსახურს ვთხოვეთ, თქვეს მოვალთ ვნახავთო და არ დაადგა საშველი მთელი წელი…
მინდა ვისაუბრო სამედიცინო დაწესებულებებში დამოკიდებულებებზეც. ექიმთან როდესაც მივდივარ, ძალიან უხეშად და გულგრილად მექცევიან. იწყებენ „ჰააა?! რაა?! მე შენი არ მესმის, ვერ ვიგებ…“ არ არსებობს ელემენტარული კულტურა, რომ როგორც ადამიანებს ასე მოგვექცნენ. ზოგჯერ გვატყუებენ კიდევაც, რომ არ ვართ მისი პაციენტი და სხვასთან გვიშვებენ, რომ თავიდან მოგვიშორონ.
მახსოვს არჩევნებამდე მაჟორიტარობის კანდიდატებს შევხვდით. შეკითხვებს ვსვამდი და არ მაქცევდნენ ყურადღებას, მერე პირადპირ მითხრეს – შენ გაჩუმდი და ქისტებმა ილაპარაკონო. ამაზე ძალიან გავბრაზდი და მოვითხოვე, ჯერ მე დამამთავრებინეთ და მერე გადადით მათ პრობლემებს მეთქი. მე მინდა, რომ თავად ვთქვა ჩემი სათქმელი და არა სხვებმა. მერე კი შერცხვათ… თითქოს შედარებით შეცვლილია სიტუაცია, მაგრამ რამდენჯერმე მერიაშიც მივედით, არც იქ მოგვისმინეს. მე არ მერიდება და მზად ვარ ყველასთან სასაუბროდ, მაგრამ ამის მზაობას ვერავისგან ვხედავ. საზოგადოებაში არსებობს წარმოდგენა, რომ ადამიანი რადგან არის ყრუ, ის დებილია და არაფრის კეთება არ შეუძლია.
ქალი სმენადაქვეითებულები უფრო დიდი საფრთხეების წინაშე არიან, როდესაც გარეთ გამოდიან. ძალადობის შემთხვევაში ისინი ვერ იყვირებენ და ამიტმაც, მეტი რისკია. ამის გამო, ორი ან სამი ქალო დავდიოდით ხოლმე ერთად, ერთმანეთი რომ დაგვეცვა. ფიზიკური არა, მაგრამ სიტყვიერი შეურაცხყოფის გამოცდილება მეც მქონია და როდესაც დაინახეს თავის დაცვა შემიძლია, შემეშვნენ. თუმცა ბევრ სმენადაქვეითებულ ქალს ხელითაც შეხებიან ქუჩაში. კარგი ამბავია ის, რომ ახლა 112 ადაპტირებულია და თავად შეგვიძლია გამოძახება. მე მაინც მგონია, რომ ბრძოლა ღირს და უნდა გავაგრძელოთ.“