ირმა მაღრაძე, 48 წლის, სოფელი დაბა, ბორჯომის მუნიციპალიტეტი
„მთელმა საქართველომ იცის, რომ 2008 წელს ტყე გადაწვეს ჩვენთან. ჩვენს სოფელში ტურიზმი იყო განვითარებული. დამტვერვის დროს დამსვენებლები ჩამოდიოდნენ. ტყის დაწვის გამო ჩვენი სტუმრების რაოდენობა საგრძნობლად დაეცა. შესაბამისად, სამუშაოც შეგვიმცირდა და შემოსავალიც. წლების განმავლობაში თვითონ ვცდილობდით საარსებო წყარო გვეპოვა. ჩვენი გამოსავალი სოფლის მეურნეობაში იყო.
2012 წელს კი UNDP შემოვიდა თავისი პროექტით ჩვენს რეგიონში. თუმცა, არჩევნების პერიოდი იყო და ხალხმა ვერ გაიგო, სასიკეთოდ იყვნენ მოსული თუ რა უნდოდათ. როცა მოვისმინე რა გეგმები ჰქონდათ, ვირწმუნე, რომ ჩვენს დასახმრებლად იყვნენ მოსული. სასოფლო მაქვს დამთავრებული, ხილ-ბოსტნეულის შენახვა-გადამუშავების ტექნოლოგი ვარ პროფესიით და ისინიც ზუსტად ასეთ ხალხს ეძებდნენ.
ყოველთვის მქონდა ჩემი პატარა მეურნეობა. სხვადასხვა პროდუქტი მომყავდა: მარწყვი, ბოსტნეული, კარტოფილი. ოღონდ ჩემთვის, არ ვყიდდი. ფერმერი არ ვყოფილვარ, უბრალოდ ოჯახისთვის მომყავდა ყველაფერი. მოკლედ, მეურნეობაში ცოტა გამოცდილება მქონდა. ჩავთვალე, რომ ყველა ღონე უნდა მეხმარა, რომ ამ ორგანიზაციას აქ ემუშავა და პროექტი განეხორციელებინა. ეს საქმე ხომ მარტო ჩემთვის არ იყო?! სოფლის განვითარებისთვის იყო. ჰოდა, საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ამ საქმისთვის მომეკიდა ხელი. ხალხი უნდა დამერწმუნებინა. კარდაკარ შემოვიარე სოფელი და ყველას ვუხსნიდი, რისთვის იყვნენ მოსულები და რატომ იყო ჩვენთვის სასარგებლო ეს პროექტი. ათმა ოჯახმა მოვიყარეთ თავი.
მათი დახმარებით, ათმა ოჯახმა მარწყვისა და ჟოლოს მეურნეობები ჩამოვაყალიბეთ. ჩვენ ცივ მხარეში ვცხოვრობთ და ამიტომ, ჩემი იდეა იყო, რომ კენკრებზე გვემუშავა. თხილის მოყვანაც კი გვინდოდა, მაგრამ დასავლეთ საქართველოს ამაში კონკურენციას ვერ გავუწევდით. ამიტომ, საბოლოოდ კენკრებზე შევჩერდით. მისი ფესვი -28 გრადუსს უძლებს, თან ბაზარზეც მოთხოვნადია. მოეწონათ ეს ჩემი იდეა და ჩემი ბაღიც ვაჩვენე. ეგ კი არა, ახალი ტექნოლოგიების ცდაც ძალიან მაინტერესებდა: ცელოფნის მულჩირების და წვეთოვანის ტექნოლოგიები. სანამ ეს პროექტი დაიწყებოდა, მე სათბურის კარკასი აწყობილი მქონდა. დაინახეს, რომ ვარ აგერ, რაღაც სახის გამოცდილებაც მაქვს, მულჩირებაზეც გამიგია და ვიცი, რა არის (ინტერნეტში მქონდა მოძებნილი) დამთანხმდნენ დაფინანსებაზე. სხვა სოფლების ჩართვაც გადავწყვიტეთ და დაბადან, წაღვერიდან, კიმოთიდან და მზეთამზედან ჩავრთეთ ხალხი. სხვადასხვა ტრენინგები ჩაგვიტარდა, ერთი სიტყვით, ეკონომიურად შედარებით გავძლიერდით.
ამ საოჯახო მეურნეობების ჩამოყალიბების შემდეგ, შევქმენით კოოპერატივი, სადაც 15 წევრია, აქედან 8 ქალი და 7 კაცი. მოტო ბლოკები შევიძინეთ და სხვაც ბევრი დახმარება გაგვიწიეს. თავიდან თუ 30 მეასედ მიწაზე მოგვყავდა მარწყვი და ჟოლო, ახლა უკვე ერთ ჰექტრამდე გავფართოვდით. სამწუხაროდ, ზოგმა ვერ შეძლო ფეხის აყოლა, მაგრამ ზოგმა მიზანს მივაღწიეთ.
ამ ყველაფრის მერე საკუთარი ძალების მეტად ვირწმუნე. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილება გადავწყვიტე. წარმატებული ფერმერი ვარ, ხალხთან ურთიერთობა მაქვს, მათი ნდობა მაქვს, ამიტომ, ვფიქრობ, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უფრო მეტის გაკეთება შემიძლია მათთვის. თან მებრძოლი ხასიათი მაქვს, ცოტა შეუპოვარი ვარ. შეიძლება რაღაც დაბრკოლება შემხვდეს, მაგრამ ეს ვერ შემაჩერებს იმიტომ, რომ ბრძოლისუნარიანი ვარ.
ასევე, საჭიროა პოლიტიკაში მეტი ქალი მოვიდეს იმიტომ, რომ ქალს უფრო მეტად მიაქვს ადამიანების გასაჭირი გულთან. ყველგან ასეა, ოჯახშიც ასე ხდება. როცა გაჭირვებაა, ქალს უფრო მეტად გადააქვს საკუთარ თავზე პრობლემები. დღესდღეობით რამდენი ქალი არჩენს ოჯახს, ზოგი აქ და ზოგიც უცხოეთიდან. ქალს უფრო მეტი რისკის უნარი აქვს. აღმოჩნდა, რომ ქალი მეტად შრომისუნარიანია, ვიდრე კაცი. კაცი ფიზიკურად კი არის ძლიერი, მარგამ ფარ-ხმალს ყრის გაჭირვებისას. ქალი უნდა იყოს გადაწყვეტილების მიმღებიც და შემსრულებელიც.
ჩემი ყველა დღე არის შრომის დღე. დილის 7 საათზე რომ ავდგები, პირველ რიგში ბაღებში გავდივარ. 20 მეასედ მიწას მარტო ვუვლი. გადავხედავ ჩემს ბაღებს და ჩავინიშნავ იმ დღისთვის რა მაქვს გასაკეთებელი. ბაღის მერე სახლში მოვდივარ. ოჯახსაც ხომ უნდა მივხედო. პოლიტიკაში ჩართვის მერე ამდენს მარტო როგორ შევძლებ არ ვიცი, მაგრამ, როგორც გითხარით, ძალიან შეუპოვარი ხასიათი მაქვს და ამასაც მოვახერხებ.“
ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: ნინო ბაიდაური