ოქტომბერი 3, 2020 In ე-ი, თემები, რეგიონები, სამეგრელო-ზემო სვანეთი
ირმა ჯაფარიძე, 50 წლის, მესტია
სვანი ქალი ვარ და სვანეთში მაქვს ნახევარი საუკუნე გატარებული. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მომეცა შანსი უკეთეს პირობებში, დიდ ქალაქში მეცხოვრა, ვერ დავთმე ეს მხარე. მთაზე შეყვარებული ქალი ვარ და ხასიათის სიმტკიცეც მიწყობს ხელს, ამ პირობებში ვიცხოვრო და ვიბრძოლო. კი, როგორ არ მქონია პერიოდები, როცა საკუთარ თავთან მარტო ვრჩებოდი, შემშინებია ამ ბრძოლების, მაგრამ გათენებულა და ისევ ამ სიმტკიცითა და ენერგიით გამიგრძელებია ცხოვრება.
10 წლის წინ სვანეთში პროფესიული სწავლების განვითარებას ჩავუდექი სათავეში. სიმართლე გითხრათ, ცოტა ეჭვის თვალით ვუყურებდი ამ საქმეს – არ ვიცოდი რა გამოვიდოდა. წარმოიდგინეთ, საბჭოთა კავშირში პროფესიული განათლება იმდენად იმიჯშელახული იყო, რომ ე.წ. პროფტექტნიკუმები სადამსჯელო დაწესებულებებად აღიქმებოდა და აქ სწავლას თავისი სურვილით არავინ აგრძელებდა. ასეთი მემკვიდრეობა გადმომეცა და საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ პროფესიული სასწავლებლისთვის თავისი პირველადი მნიშვნელობა და რეპუტაცია დამებრუნებინა და სვანი ახალგაზრდებისთვის ის ნათელ წერტილად მექცია.
სვანეთში ახალგაზრდებს მომავლის პერსპექტივა არ ესახებათ. პროფესიულმა სასწავლებელმა მათ ახალი იმედები და დასაქმების რეალური შანსები გაუჩინა. სასწავლო პროგრამები ისეა აწყობილი, რომ მთის სპეციფიკას და მოთხოვნებს მოერგოს. მაგალითად, შემოვიტანე სატყეო საქმის სპეციალისტის პროგრამა. ასევე დავნერგე IT ტექნოლოგიების მიმართულება. მზარდი ტურიზმის მოთხოვნებსაც ვპასუხობთ: გვაქვს კულინარიის აკადემია და სრულად აღჭურვილი სამკერვალო, რომელსაც შეუძლია სასტუმროების დაკვეთების შესრულება. ამ ეტაპზე სასწავლებელს 200 მდე სტუდენტის მიღება შეუძლია. აქტიურდ ვთანამშრომლობ კერძო სექტორთან, რომ სტუდენტებს სასწავლებლის დასრულებისთანავე სამუშაო ადგილის მოძებნა გაუმარტივდეთ.
ჩემთვის ძლიან მნიშვნელოვანია მთაში მცხოვრებმა ახალგაზრდა ქალებმა ე.წ. ქალური სამუშაოს გარდა, ბედი სხვა პროფესიებშიც მოსინჯონ. როცა მიღების პერიოდი იწყება, კარდაკარ დავდივარ და ვარწმუნებ ქალებს, რომ მათ აქვთ უფლებაც და შესაძლებლობაც კაცებით დომინირებულ პროფესიებში იმუშაონ. ასეთი პროფესიები მოთხოვნადიცაა და მაღალანაზღაურებადიც და ქალებმა ეს სფეროები აუცილებლად უნდა აითვისონ. მიხარია, რომ ელექტრო მექანიკოსის ჯგუფში მყავს ერთი ქალი, რომელიც უკვე ადგილობრივ კომპანიაში დავასაქმეთ. მე თავად ბევრი ბრძოლა გამოვიარე და გავდივარ და მინდა იმ ქალებს, ვინც ჩემს უკან მოდიან, გზა გავუმარტივო, რომ იგივე წინააღმდეგობას არ წააწყდნენ.
წინააღმდეგობები კი ბევრი მაქვს. მთას თავისი კანონები აქვს – შეიძლება ძალიან ძლიერიც იყო, მაგრამ გიწევს თითოეული ადამიანის აზრის გათვალისიწინება. აქ ქალს უყურებენ, როგორც სახლის საქმეების გამკეთებელს და რთულად წარმოუდგენიათ ის ხელმძღვანელ პოზიციებზე, იმიტომ რომ არ აღიქვამენ ბოლომდე სრულფასოვნად. ყოფილა შემთხვევები, როცა კაცებთან პოლემიკაში უკან დამიხევია, მხოლოდ სტრატეგიული მოსაზრებით ან საქმის მოსაგვარებლად კაცი გამომიყენებია. საკუთარი სიმტკიცის სადემონსტრაციოდ, სამწუხაროდ, მიწევს-ხოლმე კაცური მანერების გამოჩენაც.
ყველაზე დიდი ბრძოლა საკუთარ საგვარეულოსთან მაქვს – ჩემი საგვარეულოს 7 ოჯახი, გვარის კაცები დამიპირისპირდნენ და მოღალატედ გამომაცხადეს. საქმე იმაშია, რომ პროფესიული სასწავლებლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან ამ კოლეჯს ეკუთვნის, სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის საძირკველი ჩავასხით. მთაში სოფლების დაკავშირება ერთმანეთთან ძალიან რთულია და უამინდობისას და ზამთრის სეზონზე სტუდენტებს უჭირთ სასწავლებელში სიარული. ხშირად სტუდენტებისთვის ჩემი საცხოვრებელი სახლი შემითავაზებია. ამდენად საერთო საცხოვრებელი მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა ამ ადგილის მესაკუთრეობაზე პრეტენზიას ჩემი საგვარეულოს წარმომადგენლები აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ ამის დამადასტურებელი საბუთი არ აქვთ, ცდილობენ მთაში კაცური ძალაუფლებით მაჯობონ. ეს პროცესი ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. კონფლიქტის გზით არ მინდა წავიდე და სამართლებრივი მექანიზმები ავამუშავო. ერთი პერიოდი ვცადე მედიატორული გზით წასვლა, უხუცესებიც კი ჩავრიე, რომ მოლაპარაკების გზით გავათავისუფლო ეს ტერიტორია, რომელიც ბარიკადებით ჩაკეტეს.
ხშირად მიფიქრია დაღლილს, რომ ახლა ავდგები და დავტოვებ ყველაფერს, მაგრამ მახსენდება ის ძალისხმევა, რაც ამ საქმეს შევალია და ეს მაძლევს ძალას. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა გრძელდება, იმედი მაქვს, რომ ბოლოს მაინც შევძლებ, დავანახვო ჩემი ბრძოლის მნიშვნელობა ჩემს მოწინააღმდეგეებს.
ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: გედა დარჩია