ისტორია

„ისტორიაში ცოცხლად დამარხული ქალები“ – ასე ეძახიან იმ ქალებს, რომელთა სათქმელზე, გრძნობებზე, ოცნებებზე, მისწრაფებებსა და მიღწევებზე, სხვები, ხშირად კი, კაცი მწერლები თუ ისტორიკოსები წერდნენ. ქალის ხმის დუბლირებისას, ძალიან ხშირია იმ ნამდვილი და ცოცხალი ამბების დაკარგვა ან დამახინჯება, რაც ქალებს თავს გადახდენიათ, ქალებს აწუხებთ, ქალებისთვის არის უნიკალური. ქალები, რომელთა ხმას ყოველდღე გაიგონებთ, გაბედულად იწყებენ საუბარს საკუთარი სახელით, საკუთარ ცხოვრებაზე და სურვილებზე. ეს ისტორიები არ იქნება შელამაზებული. ამ ისტორიებს ნამდვილი ადამიანები ყვებიან და მათ შესახებ, შეიძლება, არც არასდროს გსმენიათ. ეს არის საქართველოს ქალების ამბები – უნიკალური, აქამდე უცნობი და უჩინარი. ეს ამბები უხილავი და ჭრელი უმრავლესობის ხმაა.

პალტფორმა 2016 წლის 31 ოქტომბერს ამოქმედდა და მალევე მოიპოვა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ მყოფი როგორც მკითხველების, ასევე მოქმედი თუ პოტენციური რესპონდენტების ნდობა.

 

 

პალტფორმა, ერთის მხრივ, ხელს უწყობს მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, თუ რამდენად განსხვავებული და სპეციფიკური საჭიროებები შეიძლება ჰქონდეს ქალების ჯგუფს. რა თქმა უნდა, ქალების ჯგუფი არ არის ჰომოგენური  და იგი რამდენიმე ქვეჯგუფს მოიცავს, სპეციფიკური საჭიროებებითა და პრობლემებით. მაგალითად, ქალაქში მცხოვრები საშუალო და მაღალი კლასის ქალების პრობლემები კარდინალურად განსხვავდება სოფლად მცხოვრები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების პრობლემებისგან. პლატფორმის მეშვეობით, შესაძლებელია იმ ფაქტორების ძალიან კარგად ილუსტრირება, თუ რამდენად მრავალფეროვანი გამოცდილება და პრობლემები აქვთ ქალებს.

მეორეს მხრივ, ქალებს უნდა მიეცეთ სივრცე, სადაც ისინი ხმამაღლა ისაუბრებენ საკუთარ გამოცდილებაზე, განსაკუთრებით ისეთ ტრადიციულ პატრიარქალურ სივრცეში, სადაც არ ან იშვიათად ისმის რიგითი ქალის ხმა.

პლატფორმის „ქალები საქართველოდან“ საშუალებით, ჩვენ კონკრეტული ადამიანების სახელით და გვარით ჩვენს საზოგადოებაში იმ არსებულ პრობლემებს ვაჟღერებთ, რომლებიც ხშირად დანიშნულების ადგილამდე ვერ მიდის. ადამიანები მზად არიან, ამაზე ხმამაღლა ილაპარაკონ. პლატფორმა მაქსიმალურად ცდილობს, რესპონდენტების მთავარი სათქმელი მკითხველამდე ზუსტად ისე მიიტანოს, როგორც თავად ამბობენ.

 

 

ამ ეტაპზე პლატფორმაზე თავმოყრილია 200-ზე მეტი ქალის პირადი ისტორია, რომელიც ზოგადი პოლიტიკური ბრძოლის საფუძველიცაა. პლატფორმაზე გასაჯაროვებული, ხშირად ტაბუდადებული თემები, გადაწყვეტილების მიმღები ინსტიტუციების ინტერესის საგანი და ამდენად პოლიტიკური და სოციალური ცვლილების ბიძგი გახდა.

© 2018 პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის „ქალები საქართველოდან“ (ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები: ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი, სოფო აფციაური). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი „ქალები საქართველოდან“. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და Sida-ს შეხედულებებს. #ქალებისაქართველოდან