ლამარა ბერიანიძე, 62 წლის, ტყიბული

„სპეციალობით მარკშეიდერი, სამთო ინჟინერი ვარ. რაც პოლიტექნიკური ინსტიტუტი დავამთავრე, მას შემდეგ ტყიბულში ვარ. აქ მოვხვდი გადანაწილებით.

1981 წელს, როდესაც ინსტიტუტს ვამთავრებდი, კანონის მიხედვით, მინიმუმ 3 წელი გადანაწილების ადგილას უნდა გემუშავა, დიპლომი რომ აგეღო. მაშინ ტყიბულში, ორჯონიკიძის სახელობის შახტა მუშაობდა, რომელიც ახლა ლიკვიდირებულია. სწორედ მანდ, სამარქშეიდერო განყოფილებაში გამამწესეს სამუშაოდ. ეს იყო 1981 წლის 15 სექტემბერი. უცხო მხარეში მივდიოდი და ვფიქრობდი, როგორი კოლექტივი დამხვდებოდა. ძალიან თავისუფალი ხასიათი მაქვს, იუმორით სავსე და ვფიქრობდი, რა იქნებოდა თავისუფლად ლაპარაკის საშუალება რომ არ მომცემოდა, მაგრამ გამიმართლა და ჩემზე მხიარული და სიცოცხლით სავსე კოლექტივი შემხვდა. მაშინდელ შახტის დირექტორს, რომელიც ძალიან კარგი პიროვნება იყო, ძალიან არ ესიამოვნა ჩემი დანახვა, ვინაიდან გოგო ვიყავი. იმუშავებო? – მკითხა, მე ვუთხარი რატომ არ ვიმუშავებ თქო. იცი, შახტა როგორი მკაცრი არისო? მე იუმორით ვუთხარი, ბატონო უშანგი, ისეთ სოფელში გავიზარდე, ხვლიკი უტორმუზოდ ვერ დადის ჩვენთან თქო. ეს იყო ჩვენი პირველი დამაკონტაქტებელი. 16 წელი ვიმუშავე ორჯონიკიძის შახტაში მარკშეიდერად და შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ჩემი ახალგაზრდობის უბედნიერესი წლები გატარებული იმ კოლექტივში. ასე დაიწყო ჩემი მარკშეიდერობა.

მე ორი ქალიშვილი მყავს, რომ უკითხავთ თქვენს ქალიშვილს თუ ურჩევდით ამ პროფესიასო, გულწრფელად რომ გითხრათ, ნამდვილად არ ვურჩევდი. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე მარტივად შევეგუე ამ სპეციალობას, მაგრამ იმდენად მძიმეა, მე ვფიქრობ, დიდად სასურველი სპეციალობა ეს არ არის. ჯერ ერთი შახტა მაინც სპეციფიკურია, არ ხარ დაზღვეული. საბჭოთა კავშირის დროს შახტა გათანაბრებული იყო ომთან. შახტის მუშები ომში არ მიჰყავდათ. თანაც მძიმე სამუშაოა. არის ძალიან დამრეცი გვირაბები. ვერ ვიტყვი რომ მე გამიჭირდა, მაგრამ, ფაქტია, მძიმეა ასეთ პირობებში მუშაობა.

არ იყო შახტაში გვირაბი, სადაც არ მიწევდა მისვლა, ეს იყო ქვის სანგრევი, იყო ნახშირის სანგრევი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ჯანმრთელობაზე დიდად იმოქმედა. ასევე, ვერ ვიტყვი, რომ ნახშირის მტვერი სასარგებლოა, მაგრამ ისეთი დამაზიანებელი არ არის, როგორც ქვის მტვერი. მარკშეიდერებს ქვის სამტვრევ გვირაბებში არ გვიწევდა იმ სიხშირით მისვლა და იმ მტვერის ყლაპვა. მე კი, რომ იტყვიან სტამბულის კაჟივით ვარ, რაც მეორე ქალიშვილი შემეძინა ექიმთან არ მივსულვარ.

მესამე კურსზე, როცა ტყიბულში პირველად ჩამოვედი საშახტო პრაქტიკაზე, აქ გავიცანი ჩემი მეუღლე. მაშინ გვირაბგამყვანად მუშაობდა შახტაზე. ჩემი მეუღლის თანაკლასელი ჩემი ჯგუფელი იყო ინსტიტუტში და სწორედ მისგან გავიცანით ერთმანეთი. პრაქტიკის დასრულების შემდეგ, წასვლისას გაგვაცილა და მითხრა, იცოდე შენ ტყიბულში დაბრუნდები ისევეო. მოგვიანებით უკვე, თვითონ ჩამოდიოდა თბილისში, დაუსწრებელზე სწავლობდა და იქ ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს. მერე უკვე დიდი სიყვარული გაჩნდა ჩვენ შორის. 5 წელი ვუცადეთ ერთმანეთს. მე რომ ინსტიტუტი დავასრულე, ის კომკავშირული საგზურით გაუშვეს. მეც ვუცადე, სანამ იქიდან ჩამოვიდოდა და მერე უკვე დავოჯახდით. მისი ოჯახი ჩვენი დაოჯახების წინააღმდეგი იყო, დღემდე არ ვიცი რატომ, ან რას მერჩოდნენ. დაოჯახების შემდეგ 1 ოთახიანი ბინა მომცეს, სადაც ბავშვს ვზრდიდი. მე და ჩემს მეუღლეს ოჯახი რასაც ქვია არ გვქონია. მარტო ვცხოვრობდი მე იმ პერიოდში. გიჟი დედა იყო ჩემი დედამთილი. ისე უყვარდა შვილი, ვერ წარმოედგინა მის გვერდით რომ ვინმე სხვა ყოფილიყო.

უფროსი ბავშვი ათი თვის იყო სადღეღამისო ბაგა-ბაღში რომ მივიყვანე. კომუნისტებს დროს ეს სისტემა ძალიან მოწესრიგებული იყო, ხელშეწყობა იყო და ქალები ამ მხრივ ძალიან დაცულები ვიყავით. ბავშვის დატოვების პრობლემა არ იყო. პრობლემა მეორე ბავშვზე შემექმნა, რადგან ბაღში კვების გადასახადი უნდა გადაგეხადა. სასაცილო თანხა იყო – 3 ლარი, მაგრამ ისე გვიჭირდა, ესეც არ გვქონდა.

ძალიან ცუდი პერიოდი გავიარეთ, მაგრამ, საბოლოოდ, ახალი კომპანია შემოვიდა შახტაზე, რომელმაც ტყიბული ფეხზე დააყენა. ამ კომპანიამ ბევრ ახალგაზრდას მისცა განათლება და მომავალი, მაგრამ გულდასაწყვეტი მომენტებიც იყო, მაგალითად, როდესაც მოვიდნენ ჩემთან და ასაკის გამო ხელშეკრულების გაწყვეტა მოისურვეს. მე ხუმრობით ვუთხარი, რომ 1-2 წელი მაქვს მე პრობლემა, ვალი მქონდა გასასტუმრებელი, თორემ, ისედაც ვაპირებდი მალევე წასვლას. იმდენად დამღლელია შახტა, რომ ჩემი ასაკის ქალისთვის რთულია, რაც არ უნდა ჯანმრთელად გამოიყურებოდე. ოქტომბრის ბოლოს, 2016 წელს ხდებოდა ეს ამბავი, როდესაც განთავისუფლებები დაიწყეს. მიზეზს ვერ მივხვდი. გასაგებია რომ კერძო კომპანიაა და რასაც უნდა იმას იზამს, მაგრამ ადამიანები ხომ ვართ, ხომ უნდა იყოს ადამიანი რაღაცით დაცული. არ არსებობს ასეთი კანონი, რომ ყველა პენსიონერი უნდა გაუშვან სამსახურიდან. ამის თაობაზე მე და კადრების მართვის უფროსს მოგვივიდა შეკმათება. დამადგა თავზე და მეუბნება, ქალბატონო ლამარა თქვენ ამ ხელშეკრულებას უნდა მოაწეროთ ხელი, თქვენ შრომითი ხელშეკრულება გიწყდებათ პირველი ნოემბრიდან და უნდა წახვიდეთ სახლშიო. მე რამდენადაც იუმორით ვეკიდები ყველაფერს და ეს ჩემს ხასიათშია, იმდენად მებრძოლიც ვარ. ვკითხე, რა გინდა ჩემთან, გამაგებინე რას მერჩითქო. მითხარი, თუ იმიტომ მიშვებ სამსახურიდან, რომ პენსიონერი ვარ, გამანთავისუფლე თვითონ და საბუთშიც მიუთითე ესთქო. ეგ არსად აღარ იწერებაო, მე იმდენი ტრენინგი გავიარეო, და აუწია ხმას. მე ვუთხარი, შვილო, შენ რაც ტრენინგები გაიარე მე იმდენი დამავიწყდა უკვეთქო. ამას შეკამათება მოყვა, არ მოვაწერე ხელი ამ ხელშეკრულებას. მოგვიანებით, გენერალურმა დირექტორმა ჩემი უფროსი დაიბარა და უთხრა, მოგვიწეროს ამ ხელშეკრულებაზე ხელი, ამ კამპანიას ნუ ჩაგვიშლისო და ორი თვის კომპენსაციას ხომ მიიღებს და ორი თვის მერე გამოვიძახებთ და დაიწყებს ჩვეულებრივ მუშაობასო. ასე არ მომხდარა და ამ სიტყვებს დღემდე უარყოფს. მე მერე გავიგე, რომ ბევრ მეშახტეს, ბევრ ადმინისტრაციის თანამშრომელს ჩემი იმედი ჰქონდა და მე მინდა ყველას ბოდიში მოვუხადო, რომ ხელი მოვაწერე იმ ხელშეკრულებას. მე ყველას ვუხდი ბოდიშს, ვისაც ჩემი იმედი ჰქონდა, ეგონათ რომ მე ხელშეკრულებას ხელს არ მოვაწერდი და ვიბრძოლებდი. მე დავუჯერე უფროსს და ისე გამოვიდა, რომ მე მათ ვუღალატე.

საბოლოოდ წამოვედი. 15 იანვარს, როცა მუშაობა განახლდა და არ დამიძახეს მივედი და ასეთი პასუხი მივიღე – ეს ორი კვირა მაცალე და თებერვლიდან გამოგიძახებთო. თებერვალშიც არ დამიძახეს, მივედი და ვიკითხე რა ხდება, ხომ უნდა დამეწყო უკვე მუშაობათქო და კარგი, გაგიფორმებ ერთთვიან ხელშეკრულებასო. მას მერე 1 წელიწადი ვიმუშავე ზუსტად. 2017 წლის 1 თებერვლიდან. ეს თვეები ისეთი იყო, რომ ამ 34 წლის მანძილზე არ დავღლილვარ ისე, როგორც ამ დროის მანძილზე. დამთავრდებოდა ყოველი თვე და ყოველი თვის ბოლოს უნდა შევსულიყავი და მერბინა და მერკვია გრძელდებოდა თუ არა ხელშეკრულება. 1 წლის თავზე შევედი უფროსთან და სანამ რამეს ვიტყოდი, პირდაპირ მითხრა, რომ მე შეპირებული ვიყავი რომ ერთი წელი გამუშავებდიო. ერთი წელი დამთავრდა და თავისუფალი ხარო. არ მოვსულვარ ამ საკითხზე მეთქი, მაგრამ არც მომისმინა, ხმის ამოღება არ დამცალდა.

კი, მე დავუშვათ მძიმე სამუშაო მქონდა და შახტაში არ გინდა ეს სამოცი წლის ქალი, მაგრამ ზოგი ისეთი ხალხი გაუშვეს გული მტკივა მართლა, რას ერჩი ვთქვათ დამლაგებელს, რომელსაც ცოცხი უკავია, ჯანმრთელადაა, აკეთებს ყველაფერს და სახლში უშვებ. ან მამაკაცი, რომელსაც 65 წელი შეუსრულდა, მაგრამ კლდეს მოანგრევს რომ მიუშვა.

იმ პენსიონრების გაშვებაც, სხვანაირად შეიძლებოდა, ამაზე მწყდება გული, ხალხი გაუშვეს ლანძღვით, თორემ თაობები უნდა შეიცვალოს რა თქმა უნდა, აბა ცას ხომ არ გამოვეკიდებით. მინდა, რომ ჩემი კომპანიის ხელმძღვანელობამ იცოდეს, რომ ადამიანის გულის ტკენა ყველაზე დიდი ცოდვაა და ამუშაონ ეს ხალხი ისე, რომ გული არ ატკინონ. იმ გზით, როგორც პენსიონერები სამსახურიდან გაუშვეს, დაიბარეს, გალანძღეს, არ მომწონხარ და უნდა წახვიდეო უთხრეს – არასწორია. სჯობს, შეკრიბონ ეს ხალხი და უთხრან, რომ ხალხო, მადლობელი ვართ თქვენი, რაც ამ კომპანიაში იმუშავეთ, მაგრამ თაობა იცვლება, გვაპატიეთ, მაგრამ თქვენც უნდა შეგცვალოთ“.

ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: ნინო ბაიდაური