ლელა, 40 წლის, ქუთაისი
“ის, რომ ქალი მეორე სქესი იყო, ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში აღვიქვი. ჩვენ ორი და ვართ. ძალიან ხშირად მესმოდა მამისგან, რომ არ ჰქონდა ცხოვრების მოტივაცია, რადგა არ ყავდა ბიჭი შვილი – მემკვიდრე. ეს ძნელი გასაგები იყო მაშინაც და საკმაოდ მტკივნეულია ახლაც.
მაშინ, ბავშვობისას, უკვე ვიცოდი, რომ გამიჭირდებოდა ამის პატიება მისთვის. ეს შეგრძნება, ამდენი წლების შემდეგაც, ისევ ჩემთან არის და არსად წასულა. მერე გავიზარდე! ტკივილები და სევდა, რაც ჩვენთან გოგოდ დაბადებას თან ახლავს, არ განელებულა. მამის დამოკიდებულებებს მალე საზოგადოებაც დაემატა, რომელიც ხშირად მახსენებდა, რომ გოგო ვიყავი; რომ ასეთი ლაღი სიცილი, როგორიც მე მქონდა, არ შეიძლებოდა; რომ ქალი მოკრძალებულად უნდა იღიმოდეს. საშინლად მაინტერესებდა ვინ/რა იყო ის, ვინც ასე მისხალ-მისხალ ადგენდა ჩემი ცხოვრების დღის წესრიგს. კითხვებს ვსვამდი სადაც კი ამის შესაძლებლობა მეძლეოდა, მაგრამ პასუხები არ იყო. ამ კითხვებს დროდადრო თავად გავეცი პასუხები, საკუთარი ცხოვრებით და გამოცდილებით, რომელსაც მე ვირჩევდი და ვირჩევ.
ახლა ძალიან ბუნებრივად მიმაჩნია ის პროტესტი, რასაც, პირველ რიგში, მამის და შემდეგ საზოგადოების წინააღმდეგ უნებურად და ახალგაზრდული გამბედაობით ვახორციელებდი. მეცვა ყველაზე მოკლე კაბა 90-იანებში; ვისვამდი ისეთ წითელ პომადას, რომელსაც მაშინ ძალიან ნაკლებად ატარებდნენ და ალბათ სიგარეტის მოწევაც ამის გამო დავიწყე. ეს იყო, ჩემი მცირე საპროტესტო აქცია მამის წინააღმდეგ, რომელმაც დაბადებისთანავე მეორეხარისხოვანის იარილიყი მომამაგრა და ასევე საზოგადოების, რომელიც დღიურად ცდილობდა ჩემი ინდივიდუალობისა და განსხვავებულობის დაკნინებას, გაქრობას.
ის, ვისაც ყოველთვის ესმოდა ჩემი, მხარს მიჭერდა და ცდილობდა დავეცავი ყველასგან და ყველაფრისგან, ჩემი საოცარი დედა იყო. ჩემი დიდი მეგობარი. ღრმა ბავშვობიდან ერთი ოცნებაც გამომყვა, მუდამ სევდიანი დედაჩემის თვალები ოდესმე ბედნიერი მენახა.
90-იანი წლების ბოლოს, როგორც კი, საქართველოდან ნელ-ნელა გასვლა დაიწყეს ქალებმა სხვადსხვა ქვეყნებში, ვიფიქრე, რომ დედასთვის ეს შეიძლება გადარჩენაც ყოფილიყო. მინდოდა წასულიყო ოჯახიდან, რადგან მისი არყოფნის დროს მაინც შეემჩნია მამას, დედას სახლში ყოფნის მნიშვნელობა და პატივი ეცა მისი გულითადი ზრუნვსითვის და სიყვარულისთვის, რასაც წლების მანძილზე ასე უანგაროდ გასცემდა ჩვენთან ყველასთან.
მამას ოჯახში, მხოლოდ ეკონომიკური პასუხისმგებლობების ნაწილი ჰქონდა აღებული საკუთარ თავზე და არც მიაჩნდა, რომ სხვა დეტალებიც წარმოადგენდა მისი ზრუნვის საგანს. გარდა იმისა, რომ გარემო/კულტურა ასწავლიდათ და ასწავლით ამ უპასუხისმგებლობას მამაკაცებს, ეს მოსწონთ და ძალიანაც ირგებენ ამ როლს. მე მქონდა სურვილი მელაპარაკა ამ ყველაფერზე მამასთან, მაგრამ ვერაფრით ვხსნიდით სასაუბრო ველს ჩვენს შორის.
რა თქმა უნდა, წინააღმდეგი იყო დედა წასულიყო. ეზოებს მიღმა გადასული ქალების წესიერება კითხვნის ნიშნის ქვეშ დგებოდა მაშინ (!). ალბათ, ეს ერთ-ერთი იყო, რაც დაინგრა ჩვენთან არსებულ პატრიარქალურ გარემოში და მამაჩემისნაირ კაცებს მოუწიათ პატივმოყვარეობაზე გადაბიჯება და ყელში გაჭედილი ბურთის გადაყლაპვა.
დედა ბრიტანეთში წავიდა. რა თქმა უნდა, არალეგალურად და წლის და რვა თვის შემდეგ ავტოავარიაში გარდაიცვალა იქ… ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი იმედგაცრუება, რაც კი ოდესმე მქონია. დიდი სტრესი მივიღე ამ ამბის გამო, მრავალწლიანი დეპრესია. მამა ხშირად მაყვედრიდა, რომ დედას სიკვდილი ჩემი ბრალი იყო და სამწუხაროდ, მხოლოდ მამა არ იყო, ვინც ასე ფიქრობდა იმ დროს…
……………….
სულ ვორჭოფობდი, შემექმნა თუ არა ოჯახი. ეს ოჯახური სტრუქტურა, რომელიც ასე ცვლიდა ადამიანებს და ამხელა მსხვერპლს ითხოვდა ქალებისგან, მაშინებდა. მეშინოდა, ასევე, იმ ძალადობის და არათანაბარი პასუხისმგებლობების, რომელსაც ვხედავდი ჩემს მანამდელ ოჯახში.
ოთხი წელი ვიყავი შეყვარებული იმ ადამიანზე, ვინც ახლა ჩემი ქმარია. 90-იანი წლების ქუთაისის ბნელი და აყრილი ქუჩები დაუნდობლად ინერწყვებოდა უსაქმური ახალგაზრდა ბიჭებისგან. გიგა მათ ნამდვილად არ გავდა, მაგრამ დავქორწინდით თუ არა, მან გაიღვიძა ისეთმა ტიპიურმა ქმარმა, როგორსაც ვხედავდი სხვებს ირგვლივ. ბევრი წელი გავიდა, მაგრამ დღესაც მტკივნეულია. რატომ გონიათ მამაკაცებს რომ ცოლები მათი საკუთრებები არიან?! …გიგა უკეთესი მამა აღმოჩნდა ჩემი შვილებისთვის ვიდრე, მე მყავდა. ცხადია, ბევრი მტკივნეული რამ იყო, რაც თანაცხოვრებას ახლავს, რაც ცვლილებებს საჭიროებდა და საჭიროებს.
ბრძოლას აქვს აზრი. ყველაზე ადვილია, ადგე და გაეცალო!”