ლელა ხინიკაძე, 48 წლის, ძიმითი/გურია
14 წლის შვილი მყავს და მარტოხელა დედა ვარ. საკმაოდ გვიან, 32 წლის ასაკში გავთხოვდი და 34 წლის ვიყავი, შვილი რომ შემეძინა. ბავშვი ძვლოვანი სტრუქტურის განვითარების პრობლემით დაიბადა და არავის ეგონა ფეხზე თუ გაივლიდა. იმდენად მძიმე იყო, რომ არც მინდა იმ პერიოდის გახსენება. მას ახლაც კი სჭირდება რეაბილიტაცია, მაგრამ მაინც დავაყენეთ ფეხზე. ძალიან კარგი ბიჭია და კარგად სწავლობს.
12 წელი ვიყავი გათხოვილი, მაგრამ ოჯახი დამენგრა, რადგან ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს. დეტალებზე საუბარი არ მინდა, მხოლოდ ერთს ვიტყვი – ის პერიოდი ძალიან ვიწრო ჩარჩოებით ვცხოვრობდი. განადგურებული ვიყავი ამ ამბის შედეგ. ძალიან დიდი ოჯახი მქონდა და ისე გამოვიდა, რომ ოჯახიდან მხოლოდ ჩემი სეზონური ტანსაცმლით წამოვედი, ანუ ყველაფრის გარეშე დავრჩი. პირველად ქმრის ნათესავმა წამიყვანა და 5 თვე ვცხოვრობდი მასთან. აი, ეს ქალი დამეხმარა მაშინ, რომ ფეხზე დავმდგარიყავი. სკოლის მასწავლებელი იყო, მაგრამ მარტოს არ მტოვებდა სახლში და თან დავყავდი. ვერ ვიტყვი, რომ ადვილი იყო ეს ყველაფერი ჩემთვის. ადვილი კი არა, ჩემი ფსიქიკა გაანადგურა მაგ პერიოდმა. ვეღარც ვლაპარაკობდი და ყველაფერზე მეტირებოდა. ზუსტად ამ პერიოდში, საჭირო დროს მოვხდი საჭირო ადგილას, ანუ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში. კომპიუტერული კურსები გავიარე, მაგრამ გარემო იყო ძალიან თბილი და მეგობრული. შემდეგ რამდენიმე სემინარზეც მივედი და მათ ძალიან დავუმეგობრდი. თან მაშინ „აწარმოე საქართველოსთვის“ პროექტს ვწერდი, რომლის ბიუჯეტის მომზადებაშიც დამეხმარნენ და ზოგადად, ძალიან ბევრ რამეში დამიდგნენ გვერდით. სწორედ ამ მხარდაჭერამ და გამხნევებამ – „ნუ გეშინია, შენ ამას შეძლებ“, თანდათან მართლა ძალიან გამაძლიერა და ახლა რა უნდა მოხდეს, რომ მე ვიტირო. ჩემს თავში ისეთი ძალა აღმოვაჩინე, ცოტა ახალგაზრდას რომ მეპოვა ეს ჩემში, ალბათ, მართლა მთებს დავძრავდი. ჩემთვის, მაგალითად, პრობლემა აღარ არსებობს, რომლის წინაშეც უკან დავიხევ. არა, მე გმირი კი არ ვარ და რამე ისეთი კი არ გამიკეთებია, მაგრამ სამი წელია უკვე ოჯახიდან წამოვედი და ჩემით, რასაც ქვია, მჯიღით გავიტანე ყველაფერი. ახლა სახლში დედაჩემთან ვცხოვრობ, რომელიც პენსიონერია, ანუ მასაც ვჭირდები. საერთოდ, არა მარტო მას ან ჩემს შვილს, ძალიან ბევრ ადამიანს ვჭირდები ირგვლივ და ალბათ, ესეც მაძლევს დიდ ძალას. მჯერა, რომ ყველა ადამიანს შეუძლია იპოვოს ეს ძალა და გაძლიერდეს. ქალებს მინდა ვუთხრა, რომ არ უნდა შეეშინდეთ. ბოლოს და ბოლოს ერთხელ გვეძლევა ცხოვრების უფლება, ამიტომ არასოდეს არ უნდა დავყაროთ ფარ-ხმალი.
ამ ყველაფრის გამოა, თუ თავდაცვის ინსტიქტის გამო, რაღაცნაირად ავი გავხდი რაც მარტო დავრჩი. სოფელში „ავჩარკა გურული ქალის“ სახელი მაქვს.
„აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით სწრაფი კვების ობიექტი შევქმენი, სადაც საკონდიტრო ნაწარმზეც ვიღებ შეკვეთებს და წელიწადნახევარია ამ საქმიანობით ვარ დაკავებული. ახლა გაფართოებასაც ვგეგმავ და ლიტერატურულ-შემეცნებითი კაფის გახსნა მინდა. ჩემი მთავარი პრინციპია, რომ მომხმარებლის შემოსავალს მოვერგო.
არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებშიც ვარ ჩართული. მაგალითად, არჩევნების პერიოდში იმის გარკვევა დავიწყეთ, რამდენად ისმის 52% ქალი ამომრჩევლის ხმა თვითმართველობებში. ქალებთან გამოკითხვა ჩავატარეთ და მათი თვალით დანახული პრობლემები შევაგროვეთ, მერე მერობის კანდიდატებსაც შევხვდით და გავაცანით. ძირითადი პრობლემა, რასაც ქალები ასახელებენ არის წყალი და გზა. გზას კიდევ მოევლება, მაგრამ წყალი არ აქვთ. როგორ შეიძლება დღეს უწყლოდ იცხოვრო ადამიანმა?! ეს განსაკუთრებით ქალებს უქმნით გაუსაძლის პრობლემებს, რადგან ქალმა უნდა გარეცხოს და ზოგადად, ქალი მოიხმარს უფრო მეტ წყალს საოჯახო საქმეების გამო. ეს ჩვენი პრობლემები, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსებს არ აინტერესებთ. ერთ-ერთ თოქ-შოუში მივედით, სადაც მერობის კანდიდატებისთვის გვინდოდა გაგვეცნო ის პრობლემები, რაც ჩვენი გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა ქალების მხრიდან და სახელისუფლებო კანიდატი საერთოდ არ მოვიდა. ეთერშიც ვთქვი, სინამდვილეში ხალხი არავის გაინტერესებთ, არც პოზიციას და არც ოპოზიციას მეთქი. ჯერ არჩევნები არ მოსულა და სამთავრობო კანდიდატი უკვე აღარ გამოდის კაბინეტიდან და ეგენი არჩევნების მერე გაგვიკეთებენ რამეს მეთქი?! მოკლედ, მწვავე და კატეგორიული დისკუსია გვქონდა, მაგრამ პოლიტიკოსებს ამომრჩევლების პრობლემები არ აინტერესებთ.
სულ ვიყავი აქტიური, მაგრამ ისეთი თვითდაჯერებული და თავისუფლი, როგორც ახლა ვარ, მაინც არ ვყოფილვარ არასდროს. ეს წლები კი თითქოს გაფართოვდა ჩემს ირგვლივ თავისუფალი სივრცის არიალი და ამის ფასი მართლა არაფერი არ არის. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ ოჯახი არ ქონდეს ადამიანს. თავისუფლება ოჯახთან ერთადაც შესაძლებელია, თუმცა დღეს ძირითადად ისე ხდება, რომ ქალს ბევრი რამის დათმობა უწევს ოჯახის შექმნის შედეგ. მე მტკივნეულად განვიცდი ოჯახი რომ აღარ მაქვს. არც მე მინდოდა მარტოობა და არც ის, რომ ჩემი შვილის დედას და მამას ცალ-ცალკე ეცხოვრათ. მაგრამ, თავიდანაც რომ დავიწყო ცხოვრება, მაინც არაფერს შევცვლიდი – ისევ ისე ვიცხოვრებდი და იმავე ტკვივილებით, რაც გადავიტანე. რატომ? რა ვიცი, ჩემია და მიყვარს ის ყველაფერი, რაც გავიარე. დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის დანგრევა დიდი სტრესია, მუდმივ შიშსა და შფოთვაში ცხოვრებას, ყველაფერი სჯობს. მე ახლაც არ ვარ ბოლომდე გათავისუფლებული იმ გაურკვეველი შფოთვებისგან და ალბათ, ოდესმე ამისგანაც ბოლომდე გავთავისფლდები. ქალი ნივთი არ არის და მასაც ჩვეულებრივად ჭირდება სულიერი საზრდო.
ავტორი: იდა ბახტურიძე
ფოტო: ნინო ბაიდაური