ლიკა ბარაბაძე, 31 წლის, თბილისი

“იმ გამოწვევებზე მინდა ვისაუბრო, რაც შვილის დაბადებისას გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ბავშვი 11 თვის ხდება და ახლახანს დავინახე გვირაბის ბოლოს სინათლე , მაგრამ ჯერ ვერ ვიტყოდი, რომ უკვე დავძლიე პრობლემები. ამ გამოწვევებიდან ერთ-ერთია საკუთარი თავის პოვნა, ანუ ვინ ვარ მე ახალ როლებში და ვინ ვარ მე, გარდა იმისა, რომ ვარ დედა. ძალიან დიდი დრო დავუთმე იმის ძიებას, ვინ ვარ მე, როგორც დედა, მაგრამ გარდა ამის, იდეურად ვინ ვარ, როგორც პარტნიორი ვინ ვარ და როგორ მოვახდინო ამ ყველაფრის ინტეგრაცია ჩემს ახალ როლთან. მოზარდობის პერიოდს მაგონებს ეს მდგომარეობა. გამოწვევა იყო ისიც, რომ ჩემს სხეულს დაებრუნებინა ის როლი, რაც ჰქონდა მშობიარობამდე. როცა ვთქვი, რომ ჩემს თავს ვეძებდი, მათ შორის სხეულებრივადაც ვეძებდი იმიტომ, რომ შევიცვალე და მიუხედავად იმისა, რომ გაცნობიერებული მქონდა ეს ასე მოხდებოდა და ორსულობამდე დიდი ფემინისტური ტრაქტატი შემეძლო დამეწერა ამის შესახებ, აღმოჩნდა, რომ მაინც გამიჭირდა ახალი სხეულის მიღება. რაღაცნაირად გავიხლიჩე, რადგან თან ემოციურად განვიცდიდი და თან რაციონალურად ვიცოდი, რომ ამაზე არ უნდა მეფიქრა. ეს ბოლო პერიოდია, ძლივს ვიგრძენი კომფორტულად თავი და ვხედავ საით მინდა წასვლა.

მეორე გამოწვევაა, ურთიერთობა პარტნიორთან. ჩვენ ვართ, ჩემი აზრით, კარგი მშობლები. საკმაოდ განაწილებული პასუხისმგებლობებით ისე, რომ ორივესთვის კომფორტულია. მაგრამ ვინ ვართ ჩვენ, როგორც რომანტიოული პარტნიორები? ვინ ვართ, როგორც სექსუალური პარტნიორები? სულ ვფიქრობდი, როგორ ავაწყოთ ისე ურთიერთობა, რომ ამან არ გადაფაროს ყველაფერი, რაც ჩვენ გვაქვს და როგორ დავრჩეთ ორნი, როცა გვყავს, ასევე, მესამე. მე მესაუბრა ჩემი ფსიქოთერაპევტი და გამაფრთხილა კიდევაც , რომ ეს მოსალოდნელი და ნორმალურია, რომ წყვილებს, ვისაც დიდი ხანი არ ყავთ შვილი, თან კომფროტულად არიან იმით, რომ არ ყავთ და ბევრ დროს ატარაბენ ერთმანეთთან, უფრო უჭირთ იმასთან შეგუება, რომ ერთმანეთი დაკარგეს.
ასევე, ერთ-ერთი დიდი გამოწვევა არაადაპტირებული გარემოა. თანამედროვე მიდგომა არის, უნივერსალური დიზაინი, ანუ ქუჩების და შენობების ისე ადაპტირება, რომ ნებისმიერმა ადამიანმა შეძლოს გარემოდან იმის მიღება, რაც მას სჭირდება. მაგალითად, პანდუსი არ არის მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის და ადაპტირებული ქალაქი არის, აბსოლუტურად ყველასთვის. მათ შორის დედებისთვის, რომლებსაც ქუჩაში ვერ გაყავთ ბავშვები, მათ შორის მოხუცებისთვის, რომლებიც ვერ დადიან. გარანტიას მოგცემთ, რომ უმეტესობა ჩვენგანი მივაღწევთ 70 წელს, იმიტომ რომ საშუალო სტატისტიკურად ვაღწევთ და ყველას დაგვჭირდება, რომ არ იყოს მაღალი კიბეები, იყოს მოაჯირები ან სკამები და ა.შ. გამოდის, რომ საზოგადოების უმეტესი ნაწილი არის არაადაპტირებულ გარემოში.

მანამ, სანამ არ მყავდა ძიძა, მიუხედავად იმისა, რომ მეხმარებოდნენ, მაინც შეზღუდული ვიყავი. იმიტომ, რომ არ შემეძლო კაფეში გასვლა, რადგან იქ ეწევიან და არ არის პანდუსი. თუკი ვასეირნებდი, ისეთი მარტივი საქმეებიც კი, როგორიცაა, მაგალითად, პურის ყიდვა, ჩემთვის იყო ძალიან რთული. გარემო მაიძულებდა, რომ ვყოფილიყავი მხოლოდ დედა და მეცხოვრა კარჩაკეტილობაში. მე რომ არ მყოლოდა ოჯახი, რომელიც მოდიოდა და ბავშვთან რჩებოდა, სანამ მე და ჩემი პარტნიორი სადღაც გავდიოდით და მათ არ სცოდნოდათ, რომ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ან მერე ძიძა არ ამეყვანა და არ მყოლოდა პარტნიორი, რომელიც ინაწილებს პასუხისმგებლობებს, მე საერთოდ დავიკარგებოდი, როგორც პიროვნება. არ არსებობს გარემოში არანაირი ხელშეწყობა, რომ მე, როგორც დედამ, მარტომ ვაკეთო რაღაცეები, გარდა იმისა, რომ ვიყო დედა. მოწევას და პანდუსს რომ თავი დავანებოთ, ვერ გამოუცვლი ბავშვს. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ მე კი არ შევწუხდე იმის გამო, რომ არადაპტირებულია გარემო, გარემო შეწუხდეს. ამიტომ ყველგან ვაჭმევდი ძუძუს და თუ გამოსაცვლელია, ყველგან ვუცვლი. ჩემი ბრალი არ არის, რომ კაფეს გამოსაცვლელი ტუალეტი არ აქვს.

ქალებს მინდა ვუთხრა, რომ მარტო დარჩენა, ჩაკეტვა, მხოლოდ ბავშვთან დროის გატარება, სახიფათო და დეპრესიულია. რაც კი რამე ლიმიტირებული საყრდენი არსებობს, ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ. მე რა გამოწვევებზეც ახლა ვისაუბრე, მარტო ვერ გავუმკლავდებოდი. კი, სანამ ბავშვს გავაჩენდი ვამბობდი, რომ ყველაფერს მარტო გავაკეთებდი, მაგრამ მერე მივხდი, რომ როცა დახმარება არსებობს, უნდა აიღო. ბავშვის გაზრდა არასდროს ყოფილა მარტო ერთი ადამიანის საქმე არც ევოლუციურად, არც ისტორიულად და თუ არსებობს რესურსი, უნდა გამოიყენო. ბავშვისთვისაც საზიანოა, როდესაც დედა მთლიანად მას სწირავს საკუთარ თავს იმიტომ, რომ ამით შვილს იზოლირებას უკეთებ და მხოლოდ შენზე დამოკიდებულს ხდი, რომელსაც სხვა ადამიანებთან ურთიერთობების გამოცდილება არ აქვს. 6 თვის რომ იყო ნიტა, ლატვიაში წავედი სემინარზე. ამაზე ფსიქოთერაპევტთანაც მომიწია მუშაობა, რადგან თავს ვიდანაშაულებდი. იქ რომ ჩავედი, ყველა მეუბნებოდა, რომ ჭკვიანი დედა ვარ. შენ თუ უარს ამბობ იმაზე, რაც გჭირდება, ეს ბავშვისთვისაც ცუდია და შენთვისაც. ასე ვთქვათ, ორ ფეხზე მყარად მდგომი, საკუთარ თავში დარწმუნებული და მრავალინტერესიანი დედა, რა თქმა უნდა, დედისთვისაც ძალიან კარგია და ბავშვისთვისაც.”