ლიკა მეგრელაძე, სოფელი წითელმთა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
“კომლი”
“კომლის” ისტორია ძალიან საინტერესოა და თემატურადაც თუ შევხედავთ, ძლიერი, ყოჩაღი ქალების ამბავიცაა. დღემდე სოფლის მოსახლეობა კომლებით აღიწერება, ეს არის თითოეული ცალკე მდგომი ოჯახი სოფელში. საინტერესოა ამ სიტყვის ეტიმოლოგიაც – სიტყვა “კვამლიდან” მოდის, ანუ ეს არის ადგილი, საიდანაც კვამლი პერმანენტულად, ზამთარ-ზაფხულ ამოდის. კვამლის ამოსვლა იმას ნიშნავს, რომ იქ საჭმელი კეთდება, სითბოა, სასმელია, ჩაის ადუღებენ… გამქრალი კვამლი ჩამქრალ ცეცხლსა და გამქრალ კომლს ნიშნავს. სამწუხაროდ, გურიაში უკვე ბევრია ასეთი, გურიის ცენტრშიცა და მის მიმდებარე სოფლებში ძალიან ბევრი დაკეტილი სახლია, შესაბამისად, ჩამქრალი კვამლიც.
მე-19 საუკუნის ბოლოს, ამ სახლში ლაზარე ჩიტაიშვილი ცხოვრობდა. ლაზარეს ორი ქალიშვილი ჰყავდა, ამათგან უფროსი, მართა, გათხოვილი იყო ასევე გურულ რაჟდენ სადრაძეზე. რაჟდენ სადრაძის ოჯახი იმ დროისთვის ძალიან შეძლებული იყო, ახლა რომ მილიონერს იტყვიან. გურიიდან, სოფელ შემოქმედიდან ნოვოროსისკში იყო წასული, იქ ცხოვრობდა და სავაჭრო გემებისა და ღვინის სარდაფების მეპატრონე იყო. ჰყავდათ 5 შვილი და ძალიან ბედნიერად ცხოვრობდნენ, თუმცა მერე კომუნისტებმა რა დღე აწიეს, შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ… ყველაფერი წაართვეს, შვილები ყველანი გაიქცნენ. ბატონი ლაზარეს მეორე ქალიშვილი ანა, გვერდით სოფელში იყო გათხოვილი, ერთი ქალიშვილი და ორი ვაჟი ჰყავდა. ლაზარეს მეუღლე რომ გარდაეცვალა, მიხვდა, მისი გარდაცვალების მერე კომლი გაქრებოდა და ამიტომ, იშვილა შვილიშვილი, ანას ქალიშვილი მართა. აქ ერთი მაღალმთიანი სოფელია, მთისპირი, მიკროკლიმატითა და ვაზით განთქმული, იქიდან ჩამოისიძა ჯანმრთელი, ღონიერი ახალგაზრდა კაცი, ფილიპე მეგრელაძე და აქედან წამოვიდა ამ ოჯახში მეგრელაძეების გვარი. ბედნიერად ცხოვრობდნენ, ერთი ქალიშვილი და სამი ვაჟი ჰყავდათ. იმ დროისთვის იშვიათი ამბავი იყო და აქედან სამი, ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლობდა. ბაბუაჩემმაც იქ გაიცნო ბებიაჩემი, ლოლაძის ქალი. საჩხერეში, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის დირექტორი იყო, სხვათა შორის, სახლ-მუზეუმების ერთ-ერთი პირველი დირექტორი ქალი. ფოტოც მაქვს, დირექტორების შეკრებაა და ამდენ კაცში ერთი ბებიაჩემი დგას სულ ახალგაზრდა.
ოთხი შვილიდან, სამი ქუთაისში დაოჯახდა და ამასობაში მეორე მსოფლიო ომიც დაიწყო. უფროსი ვაჟი იმ დროს ჯარში იყო და ომის პირველსავე დღეებში დაიღუპა. ბაბუაჩემს არ ეკუთვნოდა წასვლა, მარა მაინც წავიდა, ჯერ დაიჭრა და მერე უკვე დაღუპვის ცნობაც მოვიდა. ერთი შვილი და ორსული მეუღლე დარჩა, რომელსაც ვაჟი შეეძინა. ამ დროს კომლში, სახლში მხოლოდ ერთი ვაჟი იყო დარჩენილი, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურში იყო გაწვეული და მოხუცები მარტო იყვნენ. ბებია ჰყვებოდა, ჩემმა მამამთილმა, ამ ორმეტრიანმა კაცმა, ურმით ჩამომაკითხა საჩხერეში, უკვე თბილისში ვაპირებდი გამგზავრებას, ქვრივი ვიყავი და ვიფიქრე, ძმები დამეხმარებიან და შვილებს გამაზრდევინებენო. ჩამოვიდა ეს კაცი, დამიჩოქა და მითხრა – შვილო, ნუ დაგვღუპავ, წამოიყვანე ეს ობლები, ჩვენ დაგეხმარებით და გაგიზრდით, ნუ დამიქცევ ოჯახს და კერიას ნუ ჩამიქრობო. ხათრი ვერ გაუტეხა ბებიამ და წამოვიდა თავისი გარდაცვლილი მეუღლის მშობლებთან. გარკვეული დროის მერე, უმცროსი ვაჟიც დაბრუნდა და ასეთი გაყოფა მოხდა – რადგან მამაჩემს მამა არ ჰყავდა და ობოლი იყო, ბაბუამ მკაცრად გადაწყვიტა, რომ ის რჩებოდა ოჯახში და ნაბოლარა ძმა უნდა წასულიყო. ასე გაგრძელდა აქ ცხოვრება – გაიზარდნენ მამაჩემი და მამიდაჩემი, მამიდაჩემი გათხოვდა, მამამ დედაჩემი შეირთო ცოლად, მეც დავიბადე და აქ გავიზარდე, ერთადერთი შვილი ვარ. ამასობაში, ის “ბედნიერი” 90-იანებიც მოგვადგა. 17-ჯერ მაინც გაიქურდა ეს სახლი, წიგნებიც კი წაიღეს, ხალიჩებიც, მაგრამ დედა მაინც კბილებით ინარჩუნებდა ყველაფერს. ამ დროს, მე უკვე დაოჯახებული ვიყავი და თბილისში ვცხოვრობდი. ის წესი ხომ იცით, ვისაც დედა გურული ჰყავს, თვითონაც გურული რომაა და ჩემს შვილებსაც სიგიჟემდე უყვართ აქაურობა, ყოველ ზაფხულს აქ ვატარებდით, ბმა არ გაგვიწყვიტავს. დედა 80 წლის რომ გახდა, მივხვდით, რომ უკვე მარტოს აღარ შეეძლო ამ ყველაფრის მოვლა და თან ჩვენც გვინდოდა, ახალი სული ჩაგვებერა აქაურობისთვის, სახლი აღვადგინეთ, დავიწყეთ ნელ-ნელა, ნელ-ნელა და შევედით ეშხში.
ჩაის გზა და ჩაის ტური
ჩაისთან ძალიან ახლოს ვართ. დედა ჩაისა და სუბტროპიკული კვლევების ინსტიტუტში მუშაობდა ანასეულში. ეს იყო საკავშირო მნიშვნელობის ინსტიტუტი საბჭოთა კავშირში. მთელი მსოფლიოდან მოდიოდნენ ასპირანტები – კონგოდან, შრი-ლანკადან, ინდოეთიდან, მოდიოდნენ და აქ სწავლობდნენ. მაშინ ვერ აღვიქვამდი ამას და მერე ამერიკაში რომ მოვხვდი და ვნახე აკადემიური ქალაქები, ეს იყო ტიპური, უმაღლესი დონის აკადემიური ქალაქი თავისი საბავშო ბაღით, კულტურის სახლით, მაღაზიებით… ჩემი ქალიშვილი ამერიკაშია გათხოვილი და ჩემი სიძე სიგიჟემდეა შეყვარებული გურიასა და ზოგადად, საქართველოზე. ჩაის გზის იდეა პირველად მისგან წამოვიდა. 2009 წელს, როცა ჯერ კიდევ სტუდენტი იყო და ჩვენთან იყო სტუმრად ჩამოსული, ნახა ჩაის გავერანებული ბუჩქი, რომელსაც მოვლა აკლდა და მკითხა, ეს რა არისო, ჩაია-მეთქი. რას ლაპარაკობ, საქართველოში ჩაის რა უნდაო?! ვაიმე, როგორ გავბრაზდი!
დედაჩემთან წავიყვანე და ის მოუყვა საქართველოში ჩაის ისტორიას. თვითონაც დაძებნა, მოიძია ინფორმაცია ჩაიზე და მეორე წელს, უკვე ხელის სათხოვნელად რომ ჩამოვიდა და ქორწილი იყო, გამოაცხადა, ერთი ელექტრო სახერხი მიყიდეთ, ჩაის ფართობი უნდა აღვადგინოო. დაიწყო აღდგენა და თან დედაჩემი ეჩხუბებოდა, ჩაი აღარ მობრუნდება, თავი დაანებე, სიგიჟე და სისულელეა, ვინ არის აწი მაგის მომკრეფი, აგერ, ბოსტანში წამოდი, პომიდორი მომარწყვევინეო. ბებო! – უთხრა ქართულად – მოიცა, მოვლენ, მოკრეფენ და ფულს იმაში გადაგიხდიან, რომ ჩაი მოკრიფესო. ასე აგიხდეს 10 წლის მერე ყველაფერი კაი! ამასობაში დაიწყო გურიის მუნიციპალური და ევროკავშირის პროექტი – “მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების საქმეში”, სადაც პატარა გრანტი მოვიგეთ და ამ გრანტით მოხდა ჩაის გზისა და ჩაის ტურის ორგანიზება.
საქართველოში ძალიან პოპულარული პროექტია ღვინის გზა, ყველამ იცის. ჩამოდიან ამ ღვინის ტურზე, ჩამოდიან იმიტომ, რომ ღვინოს საქართველოში საოცარი, უწყვეტი ისტორია აქვს, ეს არაა მხოლოდ სოფლის მეურნეობა და ყურძენი, ღვინო არის ჩვენი სულიერებისა და იდენტობის ნაწილი. ახლა რა ხდება ჩაიზე, ნაკლებად საინტერესო ამბავია?! ღვინოს დააგემოვნებს და მიირთმევს სამყაროს ნახევარი, მუსულმანური სამყარო საერთოდ არ გეახლება, ბუდისტები, ასევე, გარკვეული კონფესიების წარმომადგენლები. მაგრამ, ალბათ, არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც სიცოცხლეში ერთხელ მაინც არ დაულევია რომელიმე ტიპის ჩაი. აქედან გამომდინარე, ძალიან საინტერესოა საქართვლოში ჩაის ისტორია. ქართული ჩაის დაბადების თარიღად 1847 წელი ითვლება, როცა ვორონცოვის განკარგულებით, ზუსტად ანასეულში, სადაც გურიელების სააგარაკე ნაკვეთი იყო, დაირგო პირველი ჩაი და ეს იყო საცდელი ნაკვეთი.
საოცარი ამბავია ლაო ჯონჯაოს ისტორია, რომელიც, ჩემი შეფასებით, უდიდესი პროექტი იყო. 1860-80-იან წლებში, პორტო-ფრანკო თავისუფალი სავაჭრო ზონა იყო ბათუმში. მოდიოდა და მოდიოდა ყველაფერი, ერთი ამბავი იყო, ყველას უნდოდა, ბათუმში ჰქონოდა მიწა. ამ პერიოდში, იყვნენ ძმები კონსტანტინე და სიმიონ პოპოვები, რომლებსაც ბიზნესი ჰქონდათ გაყოფილი, ერთი ინდოეთში დადიოდა და მეორეს – ჩინეთიდან ჩაი ჩამოჰქონდა და რუსეთის იმპერიის ყველა დიდ სახლში შეჰქონდა. კონსტანტინემ ჩაქვთან მიწის ნაკვეთი იყიდა, დააკვირდა, რომ ეს მიწა ისეთივე წითელი იყო, როგორც ჩინეთში, სადაც ჩაის ყიდულობდა. იდეა მოუვიდა, იქნებ, ამ ოხერმა აქაც გაიხაროსო. ერთ-ერთი წასვლის დროს, იქ მოელაპარაკა 23 წლის ჩინელ ჩაის ოსტატს, წამოსულიყო საქართველოში. “ივერია” წერდა: 1893 წლის 4 ნოემბერს, ბათუმს მოადგა გემი, ამ გემზე იჯდა ლაო ჯონჯაო თავისი ცოლით, 2 პატარა შვილით, თან ახლდა დედა, და, მოსამსახურეების მთელი ამალა და მუშები. თან მოჰქონდათ, ევკალიპტის ნერგები, ბამბუკის ნერგები, ჩაის ნერგები და ა.შ. დარგეს ჩაი, დააკვირდა და მიხვდა, რომ გამოვიდოდა ეს საქმე. პოპოვმა სახლი აუშენა აქ, რომელიც დღემდე დგას ნინოშვილის 12 ნომერში. ეს იყო ულამაზესი სახლი ჩინური ელემენტებით, იატაკი თეთრი მარმარილოთ იყო მოპირკეთებული და ცენტრში, მისაღებ ოთახში, ჩაის სიმბოლო – სამი ფოთოლი, მწვანე ქვებითაა გაკეთებული. დღეს ძროხები და ღორები დადიან იქ და ზედ სკორავენ, მაშინ, როცა ეს შეიძლება იყოს უნიკალური ცენტრი, ქართული ჩაის მუზეუმი. 1898 წელს, უკვე ჩაის პლანტაციები ჰქონდა და ქარხანა ააგო ამ კაცმა, სადაც ინგლისური ორთქლის მანქანებით მუშაობდნენ. ეს ქარხანა 90-იან წლებამდე არსებობდა და მერე თურქეთში გაიყიდა ნაწილებად.
1925 წელს ახალი ამბავი დაიწყო – საბჭოთა კავშირი. სტალინმა გადაწყვიტა, სააქციო საზოგადოება “ქართული ჩაი” შეექმნა, ჯარში და ციხეში ჩაი სჭირდებოდა და დაიწყო მასიური ინდუსტრიალიზაცია. მოვიდნენ ლაოსთან და უთხრეს, შენ ჩაიბარე ეს ამბავი, ოღონდ საბჭოთა კავშირის მოქალაქეოება მიიღეო. ლაომ უთხრა, მე უკვე დავიღალე, მოვხუცდი და მოდი, ჩემს ქვეყანაში წავალო. კაპიკებად დაათმობინეს ყველაფერი, პატარა ბიჭი ჩამოვიდა და უკვე ჭარმაგი კაცი წავიდა აქედან.
უკვე კომუნისტების პერიოდში, დაიწყო მეორე ეტაპი ქართული ჩაის ისტორიაში. იყო ასეთი მეცნიერი, ქალბატონი ქსენია ბახტაძე, აკადემიკოსი, მსოფლიო მნიშვნელობის სელექციონერი. მისი ხელმძღვანელობით, 29 ქართული ჯიში გამოიყვანეს, მათ შორის, მაღალმთიანი ზონისთვის, საჩხერესა და ტყიბულში რომელი ჩაიცაა გაშენებული, თურქეთში რა ჩაიცაა ახლა, აქ გამოყვანილი და წაღებულია. აქ ეს ჩაი სტიქიურად, თესლითაა გაშენებული. ჩაი თავის პირველად თვისებებს მაშინ ინარჩუნებს, როცა ნერგით, დამყნობითა და დაკალმებით მრავლდება. ასე გამოიყვანეს ეს ჯიშებიც, მაგრამ მერე მასიური წარმოება რომ დაიწყო, მაგას ვინღა უყურებდა. ეს ჩაი სულ თესლითაა გაშენებული, იმიტომაცაა ასე დაბუჩქული, ლაო ჯონჯაოს ჩაი ხესავით იზრდებოდა და ვარჯი ჰქონდა გაკეთებული. იქიდან რომ თესლი ჩამოვარდებოდა, სასწრაფოდ მოაშორებდნენ, რომ არ გადაჯიშებულიყო. აქაურ ჩაიში ჩინური უკვე აღარაფერია.
ვინც აქ მოდის, პირველ ეტაპზე, ვუყვები ამ ამბავს. მერე მივდივართ და ვნახულობთ ჩაის ბუჩქებს, უმეტესობას თვალით არ აქვს ნანახი, მით უმეტეს, ახალგაზრდებს. იშვიათად ნახავ ადამიანს თბილისში, ქართლისა და კახეთის ზონაში, ჩაის ბუჩქი რომ ნანახი ჰქონდეს. ჩემს პლანტაციაში ნახავთ 7-8 ჯიშის ჩაის ბუჩქს: ერთი წვრილფოთოლაა, მეორე უფრო ღია ფერის, მესამე მსხვილფოთოლაა, მეოთხეს უფრო მეწამული ფერი გადაჰკრავს და ა.შ. მერე დავკრიფავთ ჩაის ქუდით და კალათით, ვასწავლით, როგორი უნდა მოკრიფოს. თუ სტუმარი 2-3 დღითაა მოსული, თავად შეუძლია ნახოს ჩაის დამზადების პროცესი, მთელი შოუა. ამასობაში გაისეირნებს გომის მთისკენ, ურეკში, შეკვეთილში და რომ დაბრუნდება, ჩაი დახვდება მომღნარი, ანუ ზედმეტი წყალი იქნება აორთქლებული და ფოთოლი უფრო დამყოლი და მოღვენთილი. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ადვილი იყოს მისი მოგრეხა. მერე მოვაგრეხინებ ხელით ნაზად, ფოთოლი რომ არ დაზიანდეს და გაიშალოს და გაიფურჩქნოს, წყალს როცა დაასხამ, ამისთვის სპეციალური მინის ჩაიდნები მაქვს. მერე ფერმენტაციის პროცესი უნდა გაიაროს და მოკლედ, შეუძლია, თავისი ხელით დაკრეფილი ჩაი დააგემოვნოს. თუ სტუმარი ვერ რჩება, ამ ყველაფერს ვუყვებით და პირდაპირ დაგემოვნებაზე გადავდივართ. ეს არის ჩაის ტური.
ღვინო
ტურისტი ჩემი თვითმიზანი არ არის, ეს არის ჩემი ცხოვრება, ჩემი ოჯახის ცხოვრების წესი. მე მინდა,ზუსტად ის კომლი აღვადგინო, რომელიც იყო მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში. პირველ რიგში, მინდა, მარანი აღვადგინო პირველადი სახით, როგორც იყო. ჩაის ტური პირველი პროექტი იყო, მაგრამ კომლი ვერაფრით იქნება ღვინის გარეშე. ჩემი ამერიკელი სიძე, რომელიც მართლა საამაყო ბიჭია, ძალიან დააინტერესა ქართულმა ღვინომ. ერთადერთი ქართული რესტორანია ვაშინგტონში, რომელსაც “მეორე საელჩოს” ეძახიან, ყოველი თვის ბოლო ხუთშაბათს ამ რესტორანში ქართულ სუფრას უძღვება სრულიად უსასყიდლოდ. სადღეგრძელოებს ამბობს, საქართველოს პრეზენტაციას აკეთებს, ქართულ ღვინოს უწევს პოპულარიზაციას. ერთხელ მითხრა – დედა, მე რომ სტუმრები ჩამომდის, სირცხვილი ხომ არის, რომ ჩვენ სახლში ვენახი არ გვაქვს, ბებოს სთხოვე, იქნებ, თხილები ამოვთხაროთ და ვაზი გავაშენოთო. ახლა სადაც ვაზია გაშენებული, ადრე ჩაი იყო, საბჭოთა კავშირის დიდი ბაზრის დაკარგვის შემდეგ, დედაჩემმა ამოაყრევინა ეს ჩაი და როგორც ყველამ გურიაში, თხილი გააშენა, უფრო მოვუვლით და უფრო მომგებიანიაო. მოვთხარეთ თხილის ბაღი, მოიყვანეს სპეციალური ტრაქტორი, მაშინ მე აქ არ ვიყავი და დედაჩემმა დამირეკა, გაგიჟდები, ქვევრი აღმოაჩინეს მიწაშიო. ეს რომ ჩემმა სიძემ გაიგო, გეგონება, ოქროთი ყოფილიყო ის ჭური სავსე, ისეთი ზეიმი მოაწყო. ახლა ხუთი ჯიშის ვაზი მაქვს დარგული: საკმიელა, კამური, ბადაგი, მტევანდიდი და რცხილათუბანი. ესენი გურული ჯიშებია, კიდევაა ბევრი, მაგრამ ახლა “ჯანი” მაინტერესებს და მაგის დარგვასაც ვაპირებ.
ამ შემოდგომაზე, ჩემი სიძის დიდი დაძალებით, ღვინო გავაკეთე. პირდაპირ მომაყენა ყურძენი და მითხრა – დედა, შენ უნდა გააკეთო შენი ღვინო! რა უნდა მექნა?! ტელეფონით მიღებული კონსულტაციებით, ისე, რომ არც მარანი მქონდა, არც ჭურჭელი, გავაკეთე ღვინო, ჩხავერი, როზე. გამოვიდა. დღეს გავუშვი 252 ბოთლი. ჩემს ღვინოს “კომლი” ჰქვია.
სოფლის პრობლემები და “ქალები ჩეჩმის წინააღმდეგ”
როგორც იცით, სოფელში ყველა ჩეჩმაზე იყო დამოკიდებული. ცენტრალური საკანალიზაციო სისტემა აქ არ იყო, არ არის და ვერც იქნება. უკვე თანამედროვე პირობებში, უნიტაზი, სარეცხი მანქანა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, შხაპი, ამდენი ქიმია გროვდება და ნიადაგი შავ დღეში ვარდება, წყლები ბინძურდება და ა.შ. ადრე იმ ჩეჩმის მოხმარებასაც თავისი წესი ჰქონდა. იქ მთელი ცოდნა იყო ჩადებული, ხდებოდა კომპოსტირება, ასე ღიად არ მიდიოდა ეს ყველაფერი. ახლა გაიმარტივა ცხოვრება ადამიანმა და რამდენიმე იყო ასეთი შემთხვევა, მითხრეს, რატო ნერვიულობ კაცო, აგერ გაქვს მდინარე, იმაში გაუშვიო. ასეთი დამოკიდებულებაა. პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, გავიმარჯვეთ გაეროს ქალთა ფონდის პროექტში, სოფლად მცხოვრები ქალებისთვის შევქმენით საინიციატივო ჯგუფი და გვინდა, ცნობიერების ამაღლება იმასთან დაკავშირებით, რა არის სეპტიკური ტუალეტი, რას ნიშნავს ეს და რატომაა საჭირო, რომ სხვა ქალებმაც გაიგონ, რომლებიც პასუხისმგებელი ვართ როგორც საკუთარ, ასევე ჩვენი შვილებისა და ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზეც. ვაპირებთ ბუკლეტების გამოცემას, უამრავ სპეციალისტთან გავიარეთ კონსულტაცია.
სოფელში მორწყვის ძალიან დიდი პრობლემაა. გურიის 42% წყალია, წყალს მიაქვს მთელი გურია და წყლის პრობლემა გვაქვს. მე გადასარევი ჭა მაქვს, მაგრამ გვალვის დროს მაინც შრება. ბოლომდე არა, მაგრამ დიდი მოხმარებისთვის უკვე არ არის. ჩვენი სოფლის მთავარ გზაზე გადის წყალმომარაგების დიდი მილი, რომელიც ოზურგეთს ამარაგებს, რამდენჯერაც ვიკითხეთ, ძალიან ძვირი პროექტია და არ გამოვაო. არსებობს ქვეყნები, რომლებიც მეზობელი ქვეყნებიდან ყიდულობენ წყალს და აქ ასეთი მდგომარეობაა. კომუნისტების დროს მილები უკვე გაყვანილი იყო, მაგრამ ვეღარ მოასწრეს, 90-იანებმა მოუსწრო და ის მილები ყველა ჯართში წავიდა.
სოფელში ბავშვები, ფაქტობრივად, აღარ არიან. სკოლა დახურვის პირასაა. მით უმეტეს, ეს არ არის მაღალმთიანი სოფელი, ოზურგეთიდან 4-5 კილომეტრშია, მაგრამ ახალგაზრდები აქ აღარ არიან. ჯანმრთელი ახალგაზრდა ქალები სულ ან სეზონურად შრომით მიგრაციაში არიან წასული, რუსეთში, თურქეთში, საბერძნეთში, იტალიაში, მოხუცებისა და ავადმყოფების მომვლელებად. არის გარშემო სოფლები, ვინმე რომ გარდაიცვლება, დამტირებელი ქალი არ არის. სასწაული მდგომარეობაა.
მინდა, მზის ენერგია გამოვიყენო ბოლომდე, მინდა, ჩემი კიკვატა გამოვიყენო სარწყავად და არ მიწევდეს არტენზიული წყლით მორწყვა. მინდა, ეკო სოფლის დინამიკა მივცე ამ ყველაფერს, დავდივარ და თითქოს წინაპრები მკარნახობენ, სად რა არის, სად რა უნდა ვქნა. ყველაფერი ისე მინდა გავაკეთო, როგორც თითქმის ორი საუკუნის წინ იყო, ოღონდ თანამედროვე ცოდნითა და მიდგომით.
ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: ნინო ბაიდაური