მაკო ხალვაში, 27 წლის, ბათუმი
დიაგნოზი
“ჩემი ამბავი დაახლოებით 15-16 წლის წინ დაიწყო. სკოლის პერიოდში, დაფას რომ ვუყურებდი და კარგად ვერ ვხედავდი, ვფიქრობდი, ან დაფაა შორს, ან ცარცი არ წერს კარგად-მეთქი. თან, ბავშვებიც ხშირად წუწუნებდნენ ამაზე და მეც მეგონა, როგორც ჩემთვის, მათთვისაც ისე არ ჩანდა. მერე თვალის კოორდინაციაც დამეკარგა, პირდაპირ ვეღარ ვიყურებოდი. ეს რომ ოჯახში შეამჩნიეს, ექიმებთან სიარული დავიწყეთ ჯერ ბათუმში, მერე – თბილისში. 11 წლის წინ, თბილისში დამისვეს დიაგნოზი, თუმცა, სამწუხაროდ, მე დამიმალეს. ექიმმა ჩემს დას უთხრა, აღარ ჩამოიყვანოთ, აზრი არ აქვსო, მე კი მითხრა, ცოტა ხანში აუცილებლად ჩამოდი, ეს უნდა ვაკონტროლოთო. იმ წელს ჩემს დას ძალიან “არ უმართლებდა,” თვეში ორ-სამჯერ უწევდა თბილისში ჩამოსვლა მივლინებით და რომ არ წავეყვანე, ხან რა ტყუილს იგონებდა, ხან – რას. ერთი წელი სრულ ბურუსში ვიყავი, სულ მოლოდინის რეჟიმში, ჩემი ყველა ვიზიტი ექიმთან იმის იმედი იყო, რომ აი, ახლა დამთავრდება, ყველაფერი კარგად იქნება, დავინახავ… თუმცა ყველაფერი ერთი დიდი, საშინელი იმედგაცრუებით სრულდებოდა.
ჩემი დიაგნოზი ზუსტად 10 წლის წინ, საკუთარ დაბადების დღეზე გავიგე, 17 წლის ვხდებოდი. დამოუკიდებლად წავედი ექიმთან და მაშინ მითხრეს, რომ მე ვარ მცირემხედველი და ჩემს დაავადებას ბადურის ტაპეტორეტინალური აბიოტროფია ჰქვია. დღეს ამ დაავადებას ვერსად ვერაფერს შველიან, ვერც მედიკამენტოზური მკურნალობით, ვერც ოპერაციით, ვერც სათვალითა თუ ლინზით. ძალიან მძიმე მოსასმენი იყო, როცა მითხრეს, რომ ინვალიდობის სტატუსი მეკუთვნოდა. 17 წლის ვიყავი, ვიჯექი და ზუსტად არ ვიცოდი, რას ნიშნავდა ეს სიტყვა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ რაღაც იმდენად ცუდი იყო, რაც ადამიანს არ უნდა უწოდო. მერე გავიგე, რომ ეს “უსარგებლო ნივთს“ ნიშნავს.
მესმის, ძალიან რთულია, მაგრამ როგორი დიაგნოზიც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, ექიმი ვალდებულია, აუხსნას და იცოდეს, რა სჭირს. ჩემს ექიმს, რომელმაც საბოლოოდ გამარკვია, რა ხდებოდა, დიდი პატივს ვცემ. ადრე ძალიან რთული იყო და ახლა აღარ მაქვს რაღაცის მოლოდინი, მხოლოდ იმის შესამოწმებლად დავდივარ, უკან ხომ არაა წასული ჩემი მხედველობა და რაც მაქვს, ის შევინარჩუნო. მე 100-დან 10%-საც ვერ ვხედავ, თუმცა, საბედნიეროდ, დაავადება არ პროგრესირებს, დროთა განმავლობაში დაიკლო, დაიკლო და გაჩერდა. ზოგ შემთხვევაში, მხედველობა იკლებს, ვერაფრით აჩერებენ და ბოლოს უსინათლობა დგება.
ძალიან რთული პერიოდები მქონდა, მაშინ ფსიქოლოგის მომსახურებაც არ იყო ასე ხელმისაწვდომი. ჩემ გვერდით ჩემი დიდი ოჯახი, ნათესავები, მეგობრები იყვნენ და ეს გზა მათთან ერთად გავიარე. ვხედავდი, ჩემთვის ძვირფასი ადამიანები როგორ წუხდნენ ჩემ გამო და მივხვდი – დეპრესია უნდა დამთავრებულიყო.
სწავლა და პროფესია
ჩემთვის წიგნი არ არსებობს, ვერც ახლოს ვხედავ და ვერც შორს. ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში ვსწავლობდი, სადაც ინკლუზიური განათლება არ მიმიღია. სკოლაში ოჯახის წევრების დიდი მხარდაჭერით ვსწავლობდი, რომლებიც მიკითხავდნენ. დიდი ოჯახი მყავს, ბევრი დედმამიშვილი, მამის გარეშე გავიზარდეთ – რვა წლის ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა და დედას 6 ბავშვი ობლად დავრჩით. გარკვეული პერიოდი ჩემს ბიძაშვილთან ვცხოვრობდი, იქაც ბავშვები სკოლის მოსწავლეები იყვნენ და ძალიან მეხმარებოდნენ განათლების მიღებაში. ბიოლოგია თავიდანვე განსაკუთრებულად მიყვარდა და მომავალში ამან პროფესიის არჩევაზეც იქონია გავლენა.
როცა ჩემი დიაგნოზის შესახებ გავიგე და დეპრესიული პერიოდიც გადავლახე, მოვბილიზდი და დავიწყე ფიქრი იმაზე, რა იქნებოდა ჩემთვის ადაპტირებული პროფესია და სად შეიძლებოდა, მესწავლა. ამიტომ ვამბობ, აუცილებელია, ყველამ იცოდეს თავისი დიაგნოზი, მე რომ არ მცოდნოდა, კიდევ იმას დაველოდებოდი, როდის დავინახავდი ყველაფერს და ამაზე ფიქრსაც მერე დავიწყებდი.
პირველი, რაც თავში აზრად მომივიდა, მასაჟისტობა იყო, მაგრამ ამისთვის სასურველი იქნებოდა, საექთნო განათლებაც მქონოდა. მაშინ მე-12 კლასში ვიყავი და პარალელურ რეჟიმში, საექთნოზე ჩავაბარე. ორწლიანი კურსი გავიარე, მაგრამ მერე რაღაცები აირია და მაღალი კონკურენციის გამო, მასაჟი ვერ ვისწავლე.
ჩემი ჰობი მზარეულობა იყო და ვიფიქრე, რომ რატომაც არა. დავიწყე კულინარიის სწავლა პროფესიულ კოლეჯში “ბლექსი,” სადაც არის ადაპტირებული გარემო და შშმ პირებისთვის განკუთვნილი პროგრამით მუშაობენ. კოლეჯის ადმინისტრაცია მოლაპარაკებაზე წავიდა სასტუმრო “ჰილტონთან,” სადაც ჩემთვის სასურველი გარემო შეიქმნა, ორი თვე პრაქტიკაზე ვიყავი და 4 თვე ვიმუშავე ამ სასტუმროში. არანაირი პრობლემა არ ყოფილა, პირიქით – ყველაფერი ისე გაკეთდა, თავი მაქსიმალურად კომფორტულად რომ მეგრძნო. სამზარეულოში აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებდი, როცა ხვდებოდნენ, რომ რაღაცაზე თავს ვიკავებდი, მამხნევებდნენ და მეუბნებოდნენ, მიდი, შენ ამას შეძლებ და უნდა გააკეთოო. იმხელა ნდობა იყო მათგან, რომ ძალიან კარგად იცოდნენ ჩემი მხედველობის მდგომარეობა და პირდაპირ ღია სამზარეულოში, გრილთან ვიდექი. მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან სტრესული იყო, რადგან სამზარეულოში დამოუკიდებლობის შეგრძნება არ მქონდა. ჩეკის ხმა რომ მესმოდა, ვფიქრობდი, ახლა ამას ვერ გავაკეთებ-მეთქი, ვერ ვკითხულობდი. სეზონის მერე, როგორც ბათუმში ხდება ხოლმე, გამოგვიშვეს. მთელი ჩემი გუნდი გამოუშვეს და მუშაობა სხვაგან, რესტორან “BK”-ში დავიწყე. ჯამში, წელიწადზე მეტხანს ვიმუშავე სასტუმროსა და რესტორანში და ისე წამოვედი სამზარეულოდან, არსად არცერთი შენიშვნა არ შემოსულა იმის თაობაზე, რომ რაღაც კარგად ვერ გავაკეთე იმიტომ, რომ როცა რაღაცას ვაკეთებ, ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები და რასაც თვალით ვერ აღვიქვამ, ხელით ვამოწმებ.
კულინარიაზე სწავლის პერიოდში, მივხვდი, რომ რაღაც მაკლდა, უფრო მეტი მხარდაჭერა, საკუთარი თავის უფრო მეტად რეალიზება მჭირდებოდა. მინდოდა, ჩემი უფლებები მცოდნოდა, სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ადამიანები გამეცნო. მოტივაციისთვის კი არა, უფრო ემოციების გასაცვლელად. დავუკავშირდი აჭარაში შშმ პირთა ორგანიზაციის თავმჯდომარეს, თომა კაკაბაძეს და ვუთხარი, რომ ტრენინგების გავლა მინდოდა, უფრო მეტი რომ გამეგო, რა სერვისებით შემეძლო მესარგებლა და ა.შ. ამ ტრენინგებმა ძალიან ბევრი რაღაც მომცა. მახსოვს, პირველ ტრენინგზე უკან ვიჯექი ჩემთვის და ხმას არ ვიღებდი, შორიდან ვუსმენდი. მერე და მერე გავიხსენი, იქ გავიცანი ადამიანები, რომლებმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალეს და ახლა მეც იმავეს ვცდილობ – მინდა, ჩემი ისტორია ვიღაცისთვის მოტივაცია გახდეს. მეც ვხვდებოდი, რომ რაღაც მჭირდებოდა, სადმე უნდა გავსულიყავი, საქმეში უნდა ჩავრთულიყავი და ამან ძალიან გამომიყვანა.
სამზარეულოს თავი რომ დავანებე, მასაჟის ექვსთვიანი კურსი გავიარე და ახლა რეაბილიტაციის ცენტრ “ფანშეტში” ვმუშაობ. მივედი, გავიარე გასაუბრება, გულახდილად ვუთხარი ჩემი შესაძლებლობები და ორი თვით, გამოსაცდელი პერიოდით დამიტოვეს. თუმცა ჩემმა დირექტორმა, ხათუნა ფაღავამ, უპრეცედენტო შემთხვევა დაუშვა და ორ კვირაში გამიფორმა ხელშეკრულება, ეს იყო ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება. მეოთხე წელი დაიწყო, რაც აქ ვმუშაობ, არ მინდა, ხმამაღლა გამომივიდეს ნათქვამი, მაგრამ ერთ-ერთი წარმატებული და მაღალანაზღაურებადი ფიზიკური თერაპევტი ვარ, საკმაოდ კარგი შედეგებით ვმუშაობ. ბევრი მეუბნება ამას და მე თვითონაც ვხვდები, რომ ხელებში განსაკუთრებული მგრძნობელობა მაქვს, ხელები ჩემთვის ძალიან სენსორულია, მაგრამ მარტო ეს არ არის ჩემი წარმატებისა და საუკეთესო შედეგის მთავარი მიზეზი – მე ძალიან კარგად მესმის თითოეული ჩემი პაციენტის. იქ იმდენ რამეს ვხედავ, ხანდახან მრცხვენია, ჩემს მხედველობაზე რომ დავიწუწუნო, ჩვენ გვყავს პაციენტები, რომლებმაც ინსულტი გადაიტანეს, ბავშვები ცერებრალური დამბლით, ამპუტირების შემდგომი პერიოდითა და ა.შ. მათი მდგომარეობა ძალიან ახლოს მიმაქვს გულთან იმიტომ, რომ ვიცი, რას ნიშნავს, იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი საქართველოში და თავდაუზოგავად ვცდილობ, ცხოვრება შევუმსუბუქო. საოცარი ემოცია მქონდა, როცა ჩემმა პაციენტმა პირველი ნაბიჯი გადადგა ინსულტის შემდგომ, მანამდე ერთი წელი ეტლში იჯდა. ჩემთვის მიუღწეველია, რომ ჩემი მხედველობა გაცილებით უკეთესი გახდეს, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი ხელებითა და დამოკიდებულებით მე მათ ტკივილს ვუმსუბუქებ. აქ არაფერი მიშლის ხელს, შეგრძნებებითა და ადამიანის სიყვარულით ვმუშაობ.
სახელმწიფო სერვისები და ადაპტირებული გარემო
ჩემს მხედველობას ამ ეტაპზე არაფერი შველის, მაგრამ არსებობს ასეთი აპარატი – სისიტივი. როგორც ეტლით მოსარგებლეს სჭირდება ეტლი, ხოლო თეთრი ხელჯოხი – უსინათლოს, ასევე სჭირდებათ სისიტივი მცირემხედველებსაც. ეს არის პლანშეტის ან ტელეფონისოდენა მოწყობილობა, რომელიც დაახლოებით 2500 ფუნტი სტერლინგი ღირს. იდეალური იქნებოდა, სკოლის პერიოდში რომ მქონოდა, დაადებ წიგნზე, ან დაფას მიანათებ, მონიტორი ფოკუსირებას გიკეთებს და ნაწერი შენთან ახლოს მოაქვს. სისიტივის შესახებ რომ გავიგე, თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში წავედი და დავტესტე, ასი წლის წინანდელი გაზეთი წავიკითხე, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი. ჩამოვედი ჩემს ოფთალმოლოგთან და დავიწყეთ “ფორმა N100”-ების წერა, რომ მე ნამდვილად მესაჭიროებოდა ეს აპარატი და სხვა არაფერი მშველოდა, შემდეგ კი სადაც ხელი მიგვიწვდებოდა, ყველგან დავაგზავნეთ მოთხოვნა – სოციალურ სამსახურში, მერიაში და განათლების სამინისტროშიც, რადგან მაშინ კოლეჯში ვსწავლობდი. მაგრამ მითხრეს, რომ ეს თანხა ძალიან ძვირი იყო და მე სახელმწიფო პენსიას მიხდიდა. მაშინ ეს პენსია 100-120 ლარი იყო, რამდენ ხანს უნდა ვაგროვო პენსია ამ აპარატისთვის, ან რა გინდათ მითხრათ, სახელმწიფოსთვის ძალიან ძვირია ეს თანხა და ჩემი ოჯახისთვის იაფი-მეთქი?! ამ პენსიით უნდა მეყიდა ყველაფერი, სამ თვეში ერთხელ მედიკამენტები, ვიტამინები, უნდა მეარსება და თან ფული მომეგროვებინა აპარატისთვის.
ჩემი კოლეჯი ძალიან მეხმარებოდა, ცნობები და დახასიათებები მომცეს, რომ მჭირდებოდა აპარატი და ეს ფუფუნების საგანი არ იყო. მერე ასეთი რაღაც გააკეთეს – ამ აპარატის სტაციონარული დანადგარიც არსებობს, განათლების სამინისტროს მოთხოვნა გაუგზავნეს, რომ რადგან კოლეჯში მცირემხედველი მოსწავლეები სწავლობენ და მზად იყვნენ, კიდევ მიეღოთ, აუცილებელი იყო ამ დანადგარის ქონა. სიურპრიზი მომიწყვეს, კაბინეტში შემიყვანეს და ეს დანადგარი დამახვედრეს, სასწაული იყო. ისეთი ბედნიერი ვიყავი, სწავლას სამ საათზე ვიწყებდით, სამი საათით ადრე მივდიოდი, წიგნები სახლიდან მიმქონდა ან ბიბლიოთეკიდან ვიღებდი, ვიჯექი და ვკითხულობდი. მაგრამ ეს დანადგარი ძველი მოდელი იყო და დიდი გამოსხივების გამო, თვალები გადმოცვენაზე მქონდა. მერე ისევ ჩემი კოლეჯის დახმარებით, განათლების სამინისტროში ვიპოვე ქალბატონი, ვისაც ჰქონდა ეს აპარატი, პერსონალურად თავისი და ორი წლით მათხოვა, მაგრამ სამწუხაროდ, ისიც ვერ გამოვიყენე კარგად – ძალიან ძველი მოდელი იყო და სატარებლად მძიმე. მხოლოდ სახლის პირობებში ვიყენებდი. ჩემით წამალსაც ვერ ვსვამ ხოლმე, თუ არ ვიცი, ის წამალი როგორი ფორმითა და შეფუთვითაა, როცა სახლში მარტო ვიყავი, ამ დანიშნულებით ვიყენებდი ამ აპარატს და ორი წლის შემდეგ დავაბრუნე.
ხშირად არის პრობლემები სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. როცა არასრულწლოვანი ვიყავი, პენსია დედაჩემის ბალანსზე მერიცხებოდა. სრულწლოვანი რომ გავხდი, მივედი ბათუმში პენსიისა და სტატუსის გასაგრძელებლად. როცა შევედი, ჩემმა ტელეფონმა დარეკა, ძირითადად, პირდაპირ ვპასუხობ ხოლმე, სანამ დავხედავ, გავადიდებ, მივხვდები, ვინ მირეკავს, დიდი დრო მჭირდება. მაგრამ ამ შემთხვევაში, დავხედე ტელეფონს. ქალმა, რომელიც ამ დოკუმენტს წერს, რა პენსიას მთხოვ, შენ ჩვეულებრივ ხედავო. ისე მომიყარა ჩემი საბუთები, ძირსაც დაცვივდა. სინდისზე შემაგდო, არ გრცხვენია ახალგაზრდა გოგოსო, თითქოს ჩემთვის იყო სასიამოვნო, 17 წლიდან პენსიის რიგში რომ ვდგავარ. პაციენტებისგანაც ხშირად მომისმენია მსგავსი ამბავი და მაშინვე ვხვდები, რომელ პოლიკნინიკაში და ვისთან იყვნენ.
როცა ადაპტირებაზეა საუბარი, მიამაგრებენ პანდუსს, მიასხამენ ბეტონს, მიაშენებენ და მორჩა. იქ თვლიან, რომ ყველაფერი გააკეთეს, იმის იქით რა არის საჭირო, არავის აინტერესებს. მესმის, რომ ადაპტირებაში აუცილებლად უნდა იყოს პანდუსი, მაგრამ ასევე აუცილებელია სტიკერები, ბრაილის შრიფტი, ყვითელი ლენტები მცირემხედველებისთვის. რეგულაციის მიხედვით, კარებზე ყვითელი ლენტები უნდა გაკეთდეს, რომ გაარჩიოს კარი. ბათუმში ჩვენი ორგანიზაციის ხელშეწყობითა და დაჟინებული მოთხოვნით, გაკეთდა რელიეფური ბილიკი, მაგრამ როგორ – ზოგი ლუქთან, ზოგი კი ბოძთან ჩერდება და ზედ კაფეები დგას. ასევე, არ არსებობს ხმოვანი გაჩერებები, მე ტაბლოს ვერ ვხედავ და მიწევს, დავრეკო ცხელ ხაზზე და ვიკითხო, რამდენ ხანში მოვა ავტობუსი. ყოველთვის შუქნიშანსა და ზებრაზე გადავდივარ, მაგრამ შებინდებისას მხედველობა ძალიან მიჭირს. ბევჯერ მქონია შემთხვევა, ქუჩაზე გადავდიოდი და მანქანა ფარებჩამქრალი მოდიოდა, იდეალური სმენა მაქვს და გავიგონე, მიახლოვდებოდა, უკან დავიხიე და ერთ ნაბიჯში ჩამიქროლა. ძალიან დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და არ მიყვარს ყოველთვის ვიღაცასთან ერთად სიარული. მაღაზიაში რომ შევდივარ და ფასს ან ზომას ვიკითხავ, მპასუხობენ – აწერია. მერე მიწევს ახსნა, რომ ვერ ვხედავ. ბანკში იყო ასეთი სიტუაცია, ავიღე რიგის ნომერი, დავინახე, რომ კლიენტი გამოვიდა და ვიფიქრე, ჩემი რიგი იყო და მივედი ოპერატორთან, რადგან სხვა არავინ იყო ბანკში. მან კი მითხრა, ახედე ტაბლოს, რა აწერია, შენი ნომერი ზემოთ არისო. თან, ეს ხდება “ლიბერთი ბანკში,” სადაც საპენსიო ამბებია და ასაკიანი პენსიონერებიც დადიან. ხომ უნდა იყოს იქ მოწესრიგებული გარემო და დატრენინგებული პერსონალი?! ასეთი შემთხვევების მერე, აღარ მინდა, რომ იქ შევიდე, მაგრამ მიწევს ხოლმე.
ზოგადად, არჩევნებზე არ დავდივარ. ყოველთვის ვიცოდი, არ იყო ჩემთვის ადაპტირებული გარემო, მაგრამ ერთ წელს ძალიან ბევრი რეკლამა გავიდა, რომ მცირემხედველებთან გაიარეს კონსულტაციები და ყველა დატრენინგებული იყო, ამიტომ, წასვლა გადავწყვიტე. სრულიად დამოუკიდებლად წავედი, შესვლისთანავე ვთქვი, რომ მცირემხედველი ვიყავი და დამხმარე საშუალებები მოეწოდებინათ. ყველა ფეხზე დადგა, ახლავეო, მომიტანეს ლუპა, მომაწოდეს ბიულეტენი, შევედი კაბინაში და ვერაფერი დავინახე. ძალიან დიდი ბოდიში, ეს ჩემთვის არ არის-მეთქი, ვუთხარი. ვიცოდი, რომ სპეციალური ჩარჩოს ფორმის დამხმარე საშუალება უნდა ჰქონოდათ, რომელშიც ათავსებ ბიულეტენს. მომიტანეს ეს ფორმა და ვერავინ ამიხსნა, როგორ უნდა მესარგებლა, პასუხი ჰქონდათ, ინტერნეტში უნდა გენახაო. ამ დროს, ცესკოს წარმომადგენელმა მკითხა – “ჩემი პირადი სათვალე რომ გათხოვო?” იმედგაცრუებული წამოვედი. შემდეგ არჩევნებზე ჩემი ორგანიზაციის თხოვნით, ისევ წავედი, თითქმის იგივე განმეორდა.
სრული განუკითხაობა ხდება უსინათლოთა კავშირებთან დაკავშირებით. ბათუმში არის მერიასთან არსებული შშმ პირთა საბჭო, რომელშიც მცირემხედველებისა და უსინათლოების წარმომადგენელი ვარ. უსინათლოთა არცერთ კავშირში არ ვარ გაწევრიანებული, რადგან იქ რაც ხდება, ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ბათუმში მივედი ორგანიზაციაში, უფრო ახლოს რომ გავცნობოდი, რა საჭირობები იყო, რამდენი უსინათლო ჰყავდათ, რამდენი მცირემხედველი, ხელჯოხს ვინ საჭიროებდა, რა და როგორ ხდებოდა. ბევრი ოჯახი ვიცი, როცა უსინათლობის ან მცირემხედველობის დიაგნოზი დაუსვეს ბავშვს, იძულებული გამხდარა, თბილისში გადასულიყო საცხოვრებლად, რადგან აქ განათლებისა და სერვისის მიწოდება არ ხდებოდა. ახლა დაიწყეს, თუმცა ვერ ვიტყვი, როგორი ხარისხით. ბავშვისთვის, რომელსაც უწევს ჯერ ამხელა პრობლემას შეეჭიდოს და მერე კიდე გარემოს იცვლის – ახალი მეზობლები, ახალი მეგობრები… ოჯახისთვისაც როგორია, ადგეს და სხვა ქალაქში წავიდეს იმის გამო, რომ ბავშვს განათლებისა და სერვისების გარეშე ვერ დატოვებს. “უსინათლოთა კავშირის” თავმჯდომარემ პირდაპირ მითხრა, შენც ხომ ხვდები, რომ უსინათლო ბავშვი ბაღში მაინც ვერაფერს გააკეთებსო. კი, როცა სპეცპედაგოგი არ ეყოლება, ვერაფერს გააკეთებს და ხომ შეიძლება, დავგეგმოთ ტრენინგები, გადამზადება, სპეციალისტები მოვიწვიოთ?! გადავწყვიტე, “საქართველოს უსინათლოთა კავშირის” წარმომადგენელს შევხვედროდი და ჩემი აქაური ემოცია გამეზიარებინა, მაგრამ იქ ცოტა უფრო მაღალფარდოვანი სიტყვებით, შელამაზებულად და კულტურულად მითხრეს იგივე. ეს სერიოზული პრობლემაა, ამაზე ვიღაცამ აუცილებლად უნდა ისაუბროს. ეს პრობლემები უნდა გადაიჭრას და მოგვარდეს. მე როგორღაც ეს ჩემით შევძელი, მარა ვიღაც არის, ვისაც დახმარება სჭირდება და ახლა იწყებს იმ გზის გავლას, რაც მე გამოვიარე.
სტერეოტიპები და საზოგადოების დამოკიდებულება
სტერეოტიპებს ბავშვობიდან მოყოლებული ვაწყდებოდი. იმ პერიოდში ყველა ერთ ქვაბში იხარშებოდა – ყველა უსინათლო იყო და მცირემხედველში რა მოიაზრებოდა, ვერ ხვდებოდნენ. ახლაც არის, ამას რომ ვამბობ ხოლმე, მეკითხებიან – “სათვალეს რატომ არ იკეთებ, გიტყდება? გრცხვენია? იცი, რამდენი ლამაზი სათვალე იყიდება და ეტყობა, შენ რაღაც უკადრისი გოგო ხარ…“ სკოლის პერიოდი კარგად არ მახსენდება, მიუხედავად იმისა, რომ კლასელებისგან არ ყოფილა დისკრიმინაცია ან ბულინგი, უფრო სხვა ბავშვებისგან. მე-12 კლასში ვიყავი, როცა მასწავლებელი შუა კლასის წინაშე მეკითხებოდა – “შენ ვინმე დაგყვება ალბათ, ხო? ვინ გაცილებს? აბა, როგორ დადიხარ?” მახსოვს, ჩემი კლასი ადგა და თავზე დააცხრა, მე კი ისე ცუდად გავხდი, ხმა ვეღარ ამოვიღე. ეს ყველაფერი იყო ძალიან დამღლელი. როცა თვალის კოორდინაცია დამერღვა, ადრეც იყო და ახლაც მეკითხებიან – “საით იყურები?” ეს კითხვა მეზიზღება.
მზარეულობას თავი რომ დავანებე, 3-4 თვის განმავლობაში მაინც მქონდა ამ მიმართულებით მუშაობის სურვილი. სადაც კი შეიძლებოდა, ყველგან გავაგზავნე ჩემი რეზიუმე, მითითებული მქონდა, რომ მცირემხედველი ვიყავი. არცერთი ზარი არ შემოსულა, არავინ დამკავშირებია. ალბათ, ფიქრობდნენ, ეს რისი გამკეთებელიაო. მერე ჩემმა მეგობარმა მითხრა, მოდი, ის დანართი მოვხსნათ, სადაც წერია, რომ მცირემხედველი ხარ და ვნახოთ, რა იქნებაო. ზარები მთელი დღეების განმავლობაში არ წყდებოდა.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, აქაც არის სტერეოტიპები, სტიგმა. სტატისტიკურად, შშმ კაცები უფრო ხშირად ქმნიან ოჯახებს, ვიდრე ქალები. ეს იქიდან გამომდინარეა, რომ მიაჩნიათ, შშმ გოგო სახლში ვერაფერს გააკეთებს, ხომ უნდა მოგიაროს… ჩემს ცხოვრებაშიც იყო შემთხვევა, ყველაფერი კარგად იცოდა, რა და როგორ იყო, ექიმის კაბინეტიდან რომ გამოვდიოდი, ყველა ინფორმაციას ერთად განვიხილავდით. ოჯახმა სხვა კუთხით დაანახა სიტუაცია – ვაითუ, მთელი ცხოვრება ექიმებთან მოუწიოს სიარული, მერე შვილებსაც რომ ჰქონდეთ ეს პრობლემა და ა.შ. ჩემს გენეტიკაში, სადაც კი გავყევით, არავის ჰქონია ეს დაავადება, მაგრამ დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი. ასე დამთავრდა ყველაფერი. ერთია, როცა ადამიანები შენზე უარს ამბობენ, მაგრამ მეორეა – რის გამო. არ გრძნობ მხარდაჭერას იმ ადამიანისგან, რომელიც გიყვარს, არასასურველი ხარ და გიწყვიტავენ, რომ სიყვარულის უფლება არ გაქვს. ეს ძალიან რთული იყო, მაგრამ არა უშავს.
ამ ყველაფრისგან თავის დასაცავად, ჩემი ხუმრობები მექცა ფარად საკუთარ თავსა და მდგომარეობაზე. როცა ვხუმრობ, ყველანაირი სიტუაცია ნეიტრალდება. ვისწავლე, რომ ასე უნდა მივუდგე, რადგან საზოგადოება ძალიან მკაცრია, შენივე პრობლემაზე, შენივე შეზღუდვაზე თვითონ თუ არ გაიცინე, ისინი არასდროს დაგინდობენ. იუმორი ძალიან მეხმარება.
————————
ძალიან ხშირად მეუბნებიან, მოტივაციისა და ენერგიის წყარო ხარ ჩვენთვისო და ეს უფრო გახსნილს მხდის. იმ ადამიანებისგან უფრო ხშირად მესმის ეს ფრაზა, ვისაც არანაირი შეზღუდვა არ აქვს. ძალიან მიზანდასახული ვარ. ყოველთვის მაქვს მიზანი, რომელზეც ვფიქრობ და მის ირგვლივ ვტრიალებ. სამსახური როგორც კი დავიწყე, ოჯახისგან საჩუქრად სხვენი მივიღე. ჩემი შრომით, დანაზოგით და დამატებითი სესხით, ბინა გავაკეთე, სადაც ყველაფერი სხვანაირად მიყვარს, ყველა დეტალი ჩემი ნაფიქრი, ჩემი შერჩეულია. ჩემი ხასიათია ამ ბინაში.
ყოველთვის ვამბობ, რომ შშმ ადამიანებისთვის აუცილებელია განათლება, ეს მე ძალიან დამეხმარა ადაპტირებაში, პროფესიის არჩევაში. რაც უფრო მყარად დავდექი ფეხზე, თვითშეფასებაც ამიმაღლდა და ვფიქრობ, რომ აუცილებლად მჭირდება განათლების გაღრმავება ჩემს სპეციალობაში. მიყვარს ის რთული პერიოდიც, რაც გამოვიარე იმიტომ, რომ ამ სირთულეებმა მომიყვანა აქამდე, მტკიცე ხასიათი და ბრძოლისუნარიანობა შემძინა. ახლა საკუთარ თავს ძალიან ვაფასებ და ვიცი, რომ წინ დიდი გზა მაქვს. არასდროს ვჩერდები, ჩემთვის არ არსებობს “ხვალ” – ის, რაც გასაკეთებელი მაქვს, დღეს უნდა გავაკეთო იმიტომ, რომ ხვალ მე სხვა მიზანი მაქვს დასახული.“
ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: ნინო ბაიდაური
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის ფინანსური ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის – „სოციალური დაცვის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის საქართველოში“ ფარგლებში.
პუბლიკაციაში/ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ავტორ(ებ)ისეულია და შესაძლოა, არ გამოხატავდეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ან მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის მოსაზრებებს.