მანანა გონიაშვილი, 38 წლის, სიღნაღი
„16 წლის ვიყავი, 2 კვირის გაცნობილმა ბიჭმა რომ მომიტაცა. მამაჩემი მოვიდა და მითხრა, მანანა შენ როგორც იტყვი – თუ გინდა ახლავე წამოდი და დაბრუნდი სახლშიო. მაშინ სხვა დრო იყო. მეც მრცხვენოდა ხალხის. რას იტყოდნენ ახლობლები, მოტაცებული სახლში დაბრუნდაო. ჰოდა ამ სირცხვილს, დარჩენა გადავწყვიტე. არადა, ნეტა დამეჯერებინა მამაჩემისთვის, ახლა ხომ რიგიანი განათლებაც მექნებოდა და უფრო წარმატებულიც ვიქნებოდი.
ორი ტყუპი გოგონა შეგვეძინა. ქმარი კი მყავდა, მაგრამ მაინც მარტოკა ვზრდიდი ბავშვებს. კიდევ კარგი მამა მეხმარებოდა მატერიალურიად. ჩემს ქმარს მანქანა უყიდა, რომ „ტაქსაობით“ ერჩინა თავი, მაგრამ იქიდან მიღებული შემოსავალი სახლში მაინც არ მოქონდა. გადავწყვიტე ჩემით მეკეთებინა საქმე და ჩემს გოგოებს თვითონ დავხმარებოდი. მეორადების მაღაზია გავხსენი წნორში და ამ შემოსავლით ბავშვების ჩაცმის, სკოლის, მასწავლებლების გადასახადებს ვიხდიდი. ერთხელ, ჩემმა გოგომ უთხრა მამამისს, მამი ლარი ჩამირიცხე ტელეფონზეო და იმან უპასუხა, წადი დედაშენს გამოართვი, მე არ მაქვსო. ის იყო და ის, გოგოებს მამამისისთვის აღარაფერი უთხოვიათ.
ქმრისგან წამოსვლა მას მერე გადავწყვიტე, რაც ჩემმა 12 წლის გოგოებმაც მხარი დამიჭირეს. აქამდე თავს ვიკავებდი, ვფიქრობდი, ბავშვები რომ გაიზრდებიან, ისევ მე, დედას დამადანაშაულებენ, რომ მამას ჩამოვაშორე. მაგრამ მათი გადაწყვეტილებით და მამაჩემის თანადგომით, მშობლების სახლში, სიღნაღში დავბრუნდი. მამაჩემის ნაყიდი მანქანაც ქმარმადაიტოვა. გაშორებიდან 1 თვეში კი ცოლი მოიყვანა…
მაშინ ვიგრძენი ძლიერი ქალური გაბრაზება და გულისდაწყვეტა და პირველად მივმართე სახელმწიფოს დახმარებისთვის. სასამართლოში განცხადება დავწერე და ქმარს ალიმენტები დავაკისრე, თითო ბავშვზე 100 ლარის ოდენობით. აგერ უკვე 8 წელია ვიბრძვი იმისთვის, რომ ეს აღმასრულებელმა ალიმენტის გადახდა აიძულოს. სიღნაღის აღმასრულებელს სანამ თავზე არ დავადგებოდი, მანამდე თავს არ იწუხებდა. ხანდახან იმასაც ვფიქრობდი, აღმასრულებელს და ყოფილ ქმარს რამე მეგობრობა ხომ არ აკავშირებთ-თქო, რადგან ვხედავდი, რომ აშკარად მის მხარეს იდგა. ასე წვალებით ხან 50 ლარის გადახდას ვაიძულებდით, ხან 100 ლარის. ბოლოს ბინა დავაყადაღებინე და 800 ლარის გადახდა მოუწია. ამის შემდეგ, სიღნაღის აღმასრულებელმა საქმე თელავს გადააბარა და ხელიც დაიბანა. თელავში სიარულს ეხუმრები?! თან იქ არავის ვიცნობ, ვის მივადგე. ახლა დავალიანება 7,000 ლარამდე აქვს, მაგრამ აღმასრულებელი ამბობს, რომ მის სახელზე ქონება არ ირიცხება და ვერაფერს ვერ ვიზამთო. წარმოიდგინეთ, ჩემი ტყუპები ახლა 20 წლიანი არიან და მამამისს 8 წელია თვალით არ უნახავს. ბავშვები სკოლაში წნორში დადიოდნენ, აღარ შევუცვალე სკოლა და რამდენჯერ ზამთარში, ყინვაში ტრანსპორტის ლოდინში გალურჯებულან და მამამისს თავისი ტაქსით ერთხელაც არ მიუკითხავს… კიდევ კარგი ჩემი მშობლები მედგნენ გვერდით.
ახლა სიღნაღის ბულვარში გარემოვაჭრეობით ვირჩენ თავს. ეს საქმე 300 ლარით დავიწყე. ძირითადად ტურისტებზე ვმუშაობ და ჩემს დახლზე ნახავთ ფარდაგებს, ხელით ნაქსოვ ქუდებს, წინდებს, ჩურჩხელებსა და სხვადასხვა სუნელებს – ყველაფერს, რაც ტურისტებს აიტერესებთ. ჩემთან ერთად აქაური ქალები ვაჭრობენ და ჩვენთვის ეს არის შემოსავლის ერთადერთი წყარო. ზაფხულის პერიოდში 600 ლარზე ავდივართ თვეში. ზამთარში შეუძლებელია გარეთ გაჩერება. იმ დღესაც ისეთ ქარში მომიწია ყოფნა, სულ ერთიანად გალურჯებული მივედი სახლში. იძულებული ვარ ზამთარში ის ვიმყოფინო, რასაც ზაფხულში დავზოგავ. თან ჩემს გოგოს ვეხმარები, რომელიც სტუდენტია და თბილისში სწავლობს.
გარემოვაჭერეებს ძალიან გვერჩიან. ქალაქის იერ-სახეს ამახინჯებთო, გზას კეტავთო. რამდენჯერმე აგვყარეს და სხვაგან გადაგვისროლეს. არადა ჩვენ თვითონ თხოვნით მივმართეთ ქალებმა მუნიციპალიტეტს – გამოგვიყონ ბაზარში ადგილები, გააკეთონ დახლები და ჩვენ მზად ვართ დღიური ქირა გადავიხადოთ, ოღონდაც ადამიანურ პირობებში ვიმუშავოთ და ჩვენი სარჩენი შემოსავალი გვქონდეს. სახლემწიფო არც გეხმარება და იმის საშუალებასაც კი გართმევს, რომ საკუთარი ლუკმა-პური თვითონვე გამოიმუშავო.
ჩემზე ამბობენ, რა გაუჭირდა ზურას შვილს სახელმწიფოს დასახმარებელიო. ჩვენთან არ ესმით, რომ ქალსაც ჭირდება დამოუკიდებელი ცხოვრება და შემოსავალი. საქართველოში ქალად თუ დაიბადე, ან სულ ვიღაცის შვილი უნდა იყო ან ვიღაცის ცოლი – პატრონს უნდა ებარებოდე. არადა, ქალებსაც გვინდა დამოუკიდებლობა და თავშესაფარი, რომელსაც ჩვენი სახელი ერქმევა.
მშობლების ორივე სახლი ჩემს ძმას ეკუთვნის, ორი ბიჭი ყავს და ასე გადაწყვიტა. ჩემზე ამბობს, თავისი სახლი თუ უნდოდა, დარჩენილიყო ქმართანო. არ ესმის და არც უნდა გაიგოს, რა ტანჯვის საფასურად მიწევდა იმ სახლში ყოფნა. არადა მშობლებს ისევ გოგოები ვეხმარებით, ვუვლით, მაგრამ ქონებას ბიჭები ეპატრონებიან. ეს არის ყველაზე დიდი უსამართლობა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ვიშრომო, ვიწვალო და იქნებ ერთი ოთახი შევიძინო ზაფხულში, რომელიც ჩემი საკუთრება იქნება და ვერავინ შემედავება.
ჩემი ქალური გამოცდილებით, ამ ქვეყანაში ბევრი რამე ნათელი გახდა ჩემთვის. ახლა ზუსტად ვიცი, რომ ჩემი გოგოები რომ დამიჩაგრონ, ერთი დღეც არ გავაჩერებ სხვის სახლში. მათაც შევუქმნი, ისეთ პირობებს, რომ ტანჯვის მოთმინების ფასად არ დაუჯდეთ ცხოვრება და აუცილებლად ბევრჯერ გავუმეორებ, რომ საკუთარი ბედნიერება იმაზე მეტად ფასობს, ვიდრე ის, თუ რას იტყვის ხალხი“
ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: ნინა ბაიდაური