მანანა ქომეთიანი, 46 წლის, თბილისი თამარ კვიჟინაძე, 42 წლის, თბილისი…

პირველი ბავშთა ჰოსპისის მზრუნველი ქალები
———————————————————————-
„თუ ახლა ღამით, ტყის მახლობლად, წყაროზე ანდა გზის პირას ბუჩქების თავზე მოციმციმე ციცინათელებს დაინახავთ, იცოდეთ, რომ ისინი დღემდე ეძებენ თავის მზეთუნახავს და ვერ პოულობენ“ – „სალამურას თავგადასავალი“

————————————————————————

მანანა:

„ბავშვთა პირველი ჰოსპისი 5 თვეა რაც გაიხსნა. ჰოსპისი ლათინური სიტყვაა და ის თავისი ორგინალური მნიშვნელობით, შორი გზიდან მომავალი მგზავრების მოსასვენებელ სახლს ნიშნავს. თანამედროვე სამედიცინო სფეროში, ჰოსპისი არის ადგილი, სადაც განუკურნებელი სენით დაავადებული ადამიანები დროებით იმყოფებიან. ჩვენი ჰოსპისი ბავშვებისთვისაა. აქ მათ ისეთ პირობებს ვუქმნით, რაც შეუმსუბუქებს ტკივილს და თავს საზოგადოებისგან გარიყულად კი არ აგრძნობინებს, არამედ სიცოცხლის ბოლო წუთებამდე იგრძნობენ თავს ბედნიერებად და სოციუმის სრულფასოვან წევრებად.

„ციცინათელების ქვეყანა“ – ასე დავარქვით ჩვენს სახლს და ის მთლიანად ჭიამაიების მწყემსი სალამურასა და ციცინათელების მზეთუნახავი მწყემსის ბაიას ზღაპრით არის ინსპირირებული. ციცინათელები ღამე ანათებენ და დღისით ქრებიან, აღარ ჩანან. ჩვენი ბავშვების ცხოვრება, თავიანთი შინაარსით ციცინათელების საოცარ მდგომარეობას გავს. ისინი ისეთი ძლიერები არიან, რომ ღამის სიბნელეში სინათლის ანთება შეუძლიათ. ხომ ჩანს ასე გარედან, თითქოს დამთრგუნველი და მძიმე სამყაროა, თითქოს ამის გაძლება და ყურება ძნელია – ბავშვები, რომლებიც ტერმინალურ მდგომარეობაში არიან, მაგრამ თითოეული ბავშვი იმდენად ძლიერია, რომ ამ სიძლიერეს ჩვენც გვასწავლიან“

თამარი:

„ ბავშვთა ჰოსპისის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ აქ არა მარტო ბავშვებს ვეხმარებით ტკივილების მართვაში და სრულფასოვნად ამ სამყაროს დატოვებაში, არამედ მშობლებსაც. უმეტესად ჩვენი სტუმრების შინ მომვლელები – დედები არიან, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მიჯაჭვულები არიან შვილებს და საკუთარი რეკრეაციისთვის დრო არ რჩებათ. მცდარი წარმოდგენა არსებობს, რომ ქალი, როცა დედა ხდება, ყველაფრს გაუძლებს და მისი რესურსები ამოუწურავია. ყველა ადამიანს აუცილებლად სჭირდება დასვენება, ძალების აღდგენა, საკუთარ თავთან განმარტოება და ავტონომიური სივრცის შექმნა. ჩვენ ვაძლევთ მშობლებს იმის საშუალებას, რომ რამდენიმე დღით დაგვიტოვონ ბავშვები, სადაც მათ ზრუნვა და ყურადღება არ მოაკლდებათ. ეს დრო კი პირად ცხოვრებას დაუთმონ“

მანანა:

„ყოველთვის მზად ვარ იმ მომენტისთვის, როცა მკითხავენ, თუ რა მოხდება მალე. ვერ მოვატყუებ, რომ არაფერი ჭირთ და მალე გამოჯანმრთელდებიან. ამიტომ მზად მაქვს ერთადერთი პასუხი – „ნუ გეშინია! ყველაფერი კარგად იქნება“ და იცით, რა? მე ამისი მართლა მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრება ამ სამყაროში არ სრულდება. ის ციცინათელასავით აგრძელებს ნათებას.“

თამარი:

„სამწუხაროდ ჩვენი საქმე რიგ შემთხვევაში ტყუილის თქმას მოითხოვს. ასეთ ტყუილს, დაცულ ტყუილს ვეძახით. ნებისმიერი შეკითხვა პასუხს მოითხოვს. თუ შეკითხვა ირაციონალურ მომენტს ეხება, როგორიც სიკვდილია, რომლის შესახებ არავინ არაფერი იცის, პასუხი დამაჯერებელი უნდა იყოს. ჩვენ ხომ გვჯერა იმისი, რისი დაჯერებაც გვინდა. „ხომ გამოვჯანმრთელდები?“, მკითხა ერთხელ 17 წლის ირაკლიმ. კი თქო, ვუპასუხე. ირაკლის ცოტა გვიან მოვუხადე ბოდიში, როცა ის უკვე აღარ იყო. ბოდიში დაგვიანებული არასდროს არ არის“

მანანა:

„ბავშვების გაცილება რთულია ჩვენთვის. ჩვენ ამ ბავშვებთან დროის უმეტეს ნაწილს ვატარებთ და არა მარტო პროფესიონალურ პალეატიურ მომსახურებას ვუწევთ, არამედ ემოციებს ვუნაწილებთ. იმიტომ შეგვიძლია ყოველი დანაკარგის შემდეგ გავაგრძელოთ მუშაობა, რომ ის სევდა რომელიც დალექილია, სიყვარულად იქცევა, სხეულის ნაწილი ხდება და ახალი ენერგიით გვავსებს.“

თამარი:
„ჩვენი ქვეყნის სამედიცინო სფეროს ერთ-ერთი პრობლემა დიაგნოზის სწორად მიწოდების დეფიციტია. ადამიანის უფლების კონვენციის მიხედვით, ყველას ყველა ასაკში აქვს უფლება იცოდეს საკუთარი დიაგნოზი და პერსპექტივები. ჩვენთან ყველაფერს არა კონვენცია, არამედ კულტურა განსაზღვრავს და კულტურის მიხედვით, შენს საკუთარ ცოხვრებაზე პასუხისმგებლობას ყოველთვის სხვა იღებს. სამწუხაროდ სამედიცინო პერსონალის უმრავლესობას არ აქვს გამოცდილება, როგორ მიაწოდოს პაციენტს დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია. სიმართლის თქმას სჭირდება თავისი გრემოცვა, თავისი სიტუაცია, სწორი მომენტი და რა თქმა უნდა, სწორად შერჩეული სიტყვები. ნებისმიერ სიტყვას ჭირდება კარგად შეფასება, სანამ ამოთქვამ. ჯერ მშობელს უნდა აუხსნა კარგად, შეაგუო და მერე ბავშვს გაესაუბრო მისთვის გასაგებ ენაზე, რომ მინიმუმამდე დაიყვანო ის ტრაგიზმი, რაც ადამიანურ ემოციებს შეიძება მოყვეს, მაგრამ რაც ჩვენი ცხოვრების გარდაუვალი ნაწილია.

მახოსვს 10 წლის ზუკას მოსალოდნელი წასვლის ამბავი, მშობლებმა როგორ სწორად აუხსნეს ზუკას და-ძმას – ზუკა მალე დაგვტოვებს და ჩვენს გარეშე გააგრძელებს ცხოვრებასო. აკოს, კი გარდაცვალებიდან 5 დღით ადრე დაბადების დღე გადავუხადეთ და მისთვის ბოლო დღეები ზეიმად გადავაქციეთ.»

მანანა:

„ჰოსპისში მზრუნველები მარტო ქალები ვართ. მხოლოდ მძღოლი და დირექტორი გვყავს კაცი. ექთნობა ქალურ პროფესიად ითვლება, რადგან კულტურულად მოიაზრება, რომ მხოლოდ ქალს შეუძლია იყოს ზრუნვის გამცემი. თუმცა უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ბავშვების მამებიც აქტიურად არიან ჩართულები შვილების მოვლაში.

არც მე და არც თამარს საკუთარი შვილები არ გვყავს. ხშირად მსაყვედურობენ, შვილი მაინც გააჩინე, სიბერეში მომვლელი გეყოლებაო. ამგვარი დამოკიდებულება სრულიად მიუღებელია ჩემთვის. შვილს თუ გააჩენ, ის დამოუკიდებელ ინდივიდად უნდა გაზარდო და არა ეგოისტურად, საკუთარი თავისთვის.»

თამარი:

„კი, უანგარო უნდა იყოს შვილისადმი სიყვარული და მისი ყოლის სურვილი. და სრულიად გააზრებულად უნდა შეგეძლოს მისცე მას დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლება. ქალის ერთადერთი ფუნქცია, შვილის ყოლა არ არის. ქალს ბევრი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთების სურვილიცა აქვს და უფლებაც. ვფიქრობ, რომ ის სფერო სადაც ვარ, უანგარო საქმის კეთების მაგალითია. მთავარია არ დაკარგო სიყვარული იმ საქმისადმი, რასაც უძღვნი თავს.“

ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: სალომე ცოფურაშვილი

(ავტორის შენიშვნა: ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობა 2015 წლის ოქტომბერში ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ინიციატივით დასრულდა. ჰოსპისს მრავალი დონორი ყავს კერძო კომპანიებისა და ფიზიკური პირების სახით. „ციცინათელების ქვეყანა“ კვლავ ელის შემოწირულობებს)