მარიამ კვაშილავა, 20 წლის, პარიზი
განათლება და დამოუკიდებლობა
——————————————————-
პირველად14 წლის ასაკში აღმოვჩნდი ამერიკაში ზაფხულის გასატარებლად მამაჩემის მეგობრის მიწვევით. იმდენად მომეწონა, რომ გადავწყვიტე იქაურ სკოლაში სწავლა მეცადა. მშობლებმაც მხარი დამიჭირეს, რადგან მათ საკუთარი გამოცდილებით ესმით დამოუკიდებლად სწავლის მნიშვნელობა და ერთი წელი ვცხოვრობდი მშობლების გარეშე ჯერ ნიუ იორკში, შემდეგ მინესოტაში.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სწავლა ისევ ფრანგულ სკოლაში გავაგრძელე. ამასობაში კი ერთ რამეს მივხვდი – საქართველო ძალიან მიყვარს, მაგრამ აქ პიროვნული განვითარების პერსპექტივა არ არის. ამიტომ, მიზნად დავისახე ისევ საზღვარგარეთ წავსულიყავი და სკოლა სადმე სხვაგან დამემთავრებინა. ზუსტად ამ დროს გამოჩნდა პროგრამა, რომელიც ბრიტანეთის სხვადასხვა კოლეჯებში სწავლას აფინანსებდა. ამ პროგრამაზე ისე შევიტანე, რომ არავისთვის მითქვამს. სამივე ტური წარმატებით რომ გადავლახე, მერე გავაგებინე ჩემს მშობლებს. ბრიტანეთის კოლეჯები ძალიან ძვირი ღირს. ეს პროგრამა კი, მხოლოდ, 75% აფინანსებდა. დარჩენილი 25%-ის გადახდა ჩემმა მშობლებმა აიღეს საკუთარ თავზე და 16 წლის ასაკში 2 წლით წავედი ბრიტანეთში სასწავლებლად. ჩემმა მშობლებმა მიბიძგეს, რომ საკუთარი შესაძლებლობების მერწმუნდა, რადგან მათ დღემდე სჯერათ ჩემი.
ბრიტანეთში ორი წელი ვსწავლობდი A დონის პროგრამაზე, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე რთულ გამოცდად ითვლება და ინგლისელებსაც უჭირთ მისი ჩაბარება. მე ხელოვნებადმცოდნეობა მაინეტერსებდა ყოველთვის და სწავლა ამ მიმართულებით დავიწყე. ეს საგანი, ასევე, ყველაზე რთულად ჩასაბარებელ საგნად ითვლება, რადგან მაინც სუბიექტურია მისი შეფასება და ცნობილია, რომ, ზოგადად, ხელოვნებათმცოდნე შემფასებლები „სნობები“არიან. ამიტომ, თავში მქონდა ჩაბეჭდილი, რომ C-ზე (ავტ. შეფასების კრიტერიუმი) მაღალ ნიშანს ვერ მივიღებდი, მაგრამ ჩემს მასწავლებლებს ძალიან სჯეროდათ ჩემი შესაძლებლობების და მართლაც, სამივე გამოცდაში უმაღლესი ქულა ავიღე (A Star). აღმოჩნდა, რომ ამ შედეგებით საუკეთესო სტუდენტების 0,02%-ში მოვხვდი და ეს იყო დიდი გამარჯვება.
სწავლის პარალელურად უნივერსიტეტებში ჩემი მონაცემების გაგზავნა დავიწყე. ყველგან მიმიღეს, გარდა ერთისა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია ხელოვნებათმცოდნეობაში. აღმოჩნდა, რომ ჩემი ესსე ძალიან პოლიტიზირებული იყო. ეს უნივერსიტეტი კი ძალიან კონსერვატიულია, ძირითადად, პრინცესები და ამ წრის წარმომადგენლები სწავლობენ იქ. ამიტომ, არ უნდათ რადიკალური მოსაზრებების მქონე ადამიანების ყოფნა იმ სივრცეში, რათა კონფლიქტი არ შეიქმნას. მე საფრანგეთში წასვლა გადავწყვიტე, რადგან სორბონაშიც მიმიღეს და თან სწავლა იქ უფასოა.
ქალის სილამაზის სტანდარტები
———————————————————-
ამ ამბების შემდეგ ერთ რამეს მივხვდი – ქალებისთვის და მით უმეტეს, მოზარდი გოგოებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც გარემოდან იღებს. ასე შენ თვითონაც იჯერებ, რომ შეგიძლია. თორემ, იქამდე არც საზოგადოება და არც სტატისტიკა არ გაძლევს საშუალებას, რომ თუნდაც ყველაზე მაღალი დონის უნივერისტეტში სწავლაზე იოცნებო. თითქოს ჩვენთვის ეს ყველაფერი რეალური არ არის და ძალიან უნდა გაგვიმართლოს, რომ იქ ვისწავლოთ, რადგან ჩვენ სხვა კრიტერიუმებით გვაფასებენ. ქალისთვის გარეგნობა არის მისი მთავარი „უპირატესობა“ თითქოს, რომ სხვა რამეების გაკეთება შეძლოს ცხოვრებაში.
თავად ქალის სილამაზის სტანდარტები კი დღევანდელ სამყაროში სრულიად არალეარულია, რაც გვეუბნება, რომ ის კონკრეტული ციფრი ვართ, რომელსაც გვაკერებენ. ეს ყველაფერი კი ქალებს სოციალურ ბარიერებთან ერთად, უამრავ ფსიქოლოგიურ პრობლემას უქმნის გრძელვადიან პერსპექტივაში – იქნება ეს თვითდაჯერებულობის დაკარგვა, დეპრესია, კვებითი აშლილობა თუ უამრავი სხვა დაავადება. ამიტომ, ქალებს ყოველდღიური ბრძოლა გვიწევს ამ ყველაფერთან. ვიღაცას შეიძლება გაეცინოს „ბრძოლა“-ს რომ ვარქმევ, მაგრამ როცა ამხელა დისკომფორტს გიქმნის, ეს არის ბრძოლა.
მაგრამ, მოდის სფეროში რაც ქალების შერცხვენა და არაადამიანური სილამაზის სტანდარტები მინახავს, მსგავსი, ჩემი აზრით, არც ერთ ინდუსტრიაში არ არის. ეს არის სრულიად სხვა სამყარო ქალის წნეხში მოქცევის. ამიტომ, მე არ მინდა ისეთი რამის მონაწილე ვიყო, რაც ქალების მიმართ ჩაგვრასა და უსამართლობას ხელს შეუწყობს. ეს ძალიან ცუდად მაგრძნობინებს თავს. ბავშვობაში რამდენიმე თვე ვიარე სამოდელო სააგენტოში და მაშინ გამიჩნდა კატეგორიული პროტესტი ამ ყველაფრის მიმართ. არ მინდოდა რამის კეთება იმიტომ, რომ სხვას მოწონებოდა ჩემი სხეული. ქართული ცეკვებიდანაც იმიტომ გამოვედი, რომ იქაც სხეულს აფასებდნენ. მე მინდა ვიყო ის ვინც ვარ და ვაკეთო ის რაც მინდა. შეიძლება გარკვეული ანგარიში გავუწიო დედას და მამას, მაგრამ ჩემი ყოველდღიური ვალდებულება არ უნდა იყოს, რომ ყველას ანგარიში გავუწიო ამ პლანეტაზე.
საბოლოოდ, მე თვითონაც ამ სილამაზის სტანდარტების მსხვერპლი ვარ, რადგან მეც იდეალურობისკენ ვილტვი, ჩემდა უნებურად და ამის გამო, თავდაჯერებულობასთან პრობლემები შემექმნა. მინდა, მაგალითად, იმის ძალა შემწევდეს, რომ თმა არ გავიკეთო ტანზე, მაგრამ არ აღმომაჩნდა ამხელა გამბედაობა. დღეს ძალიანაც მეესთეტიურება ხელზე თმა, მაგრამ ლაზერით გავიქრე 13 წლის ასაკში, ანუ ძალიან დიდი ხნის წინ. დღეს კი, როცა მეტი ძალა მაქვს და შემიძლია არჩევანის გაკეთება, ჩემს სხეულზე თმა უკვე აღარ არის.
ჩემთვის დიდი პრობლემაა ასევე, ე.წ. „კომპლიმენტი“, რომლიც იმდენად დღის ბარიკადად მექცა, რომ უკვე ყველასგან მაღიზიანებს. კაცების უმრავლესობა თვლის, რომ მუდმივად ერთს ვცდილობთ – მიმზიდველები და სასურველები ვიყოთ მათთვის, ხოლო მათ უნდა „შეგვაფასონ“. ამ დროს ამას საერთოდ არ ვცდილობ. უბრალოდ, თუკი მაკიაჟს ვიკეთებ ან მოკლე კაბას ვიცვამ, ეს მე მომწონს და არავის აძლევს უფლებას, ქუჩაში ის მოგვაძახოს, რაც პირზე მოადგება.
პარიზში კიდევ სხვა ბრძოლა მაქვს. 200 ხელოვანის გარემოში, რომელიც დიდი კონკურსის შემდეგ არის არჩეული, მიწევს ბრძოლა იმაზე, რომ ქალს, რომელიც ცოდნაზე პრეტენზიას აცხადებს, აქვს უფლება ესვას მაკიაჟი. ლექტორისგან მაკიაჟის გამო ხშირად მომისმენია დამამცირებელი კომენტარები. მაგალითად, ერთი წუთი რომ დამაგვიანდა ლექციაზე მითხრა, რომ „მაკიაჟი რომ არ წაგესვა, არ დააგვიანებდი“, ან „რა საოცარია, რა კარგად გააკეთე პრეზენტაცია, ისევე, როგორც შენი მაკიაჟი!“. ჩემთვის მაკიაჟის კეთება ხელოვნებაა, მაგრამ პარიზში ამას ჩემს ინფანტილურობად აღიქვამენ. თითქოს ფემინურად თუკი გამოიყურები, ნაკლებად რაციონალური ხარ და ქალებს არ აქვთ უფლება იყვნენ ქალები მაშინ, თუ ასევე სურთ, რომ იყვნენ ინტელექტუალები, ხელმძღვანელები და ა.შ.
ამიტომაც, ფემინურობა ვაქციე ჩემი პროტესტის მთავარ იარაღად, რადგან მქონდა პერიოდი, როცა ჩემში ამ ფემინურობის ჩახშობამ დამთრგუნა. რამდენიმე თვე არ ვიკეთებდი მაკიაჟს, ერთიდაიგივე ტანსაცმლით დავდიოდი ლექციებზე, რომ არავის შევემჩნიე და ჩემი აზრი არ დამეფიქსირებინა. ახლა კი პროტესტის იარაღად სწორედ მაკიაჟს ვიყენებ. სულ ვუმტკიცებ იმ ადამიანებს, რომ შემიძლია კლასში პირველი ნიშანიც მივიღო და მაკიაჟიც მესვას იმიტომ, რომ მე რასაც მინდა იმას გავაკუკეთებ საკუთარ თავს და ამის უფლება მაქვს.
სტატისტიკის მიხედვით, გოგოების თავდაჯერებულობა 100%-ით განისაზღვრება მისი გარეგნობით, ანუ შენი თავი არის შენი გარეგნობა, ზომები და წონა. ეს არის ყველაზე დიდი სისულელე და გარემოს წნეხის შედეგი. ამ ყველაფრით კი უამრავი ბიზნესები ხეირობენ- ესეთეტიკის ცენტრები, გასახდომი აბების მწარმოებელი კომპანიები, სავარჯიშო დარბაზები და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ სპორტი ძალიან კარგია, სავარჯიშო დარბაზების მიმართაც გამიჩნდა პროტესტი და არ დავდივარ. მოდი, მექნება იმხელა მუცელი, რამხელაც მაქვს და არ ჩავდგები იმ ფორმაში, რომელსაც მოელიან ჩემგან.
სოლიდარობა
——————————————-
ორი რამე მაღიზიანებს ყველაზე მეტად – ერთი, როცა ქალები სხვა ქალებს მუდმივად ხელს უშლიან ან აფერხებენ და მეორე, როცა ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია, მაგრამ ამის მიუხედავად ვიღაც ამბობს, რომ პუტინი კარგი პრეზიდენტია თავისი ქვეყნისთვის. ეს ორი რამ ჩემთვის არის სრულიად გაუგებარი.
ქალებს მუდმივად ჩაგრავენ, სექსუალურად ავიწროვებენ და არ ეპყრობიან თანასწორად. ამიტომ მგონია, რომ ჩვენ უნდა დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში, კაცებთან სხვა ქალები არ ვაკრიტიკოთ და ამით არ შევუწყოთ ხელი ქალების ჩაგვრას. კაცებს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი იქამდე, ვიდრე ქალს შეხედავენ, როგორც თანასწორს, მაგრამ ქალებსაც გვაკლია სოლიდარობა. მე მგონია, რომ ყველა ქალს შორის არის კავშირი, რომლის გამოძებნაც შეგვიძლია ერთმანეთის გაცნობის შემდეგ. უნდა ვეცადოთ, რომ თუკი ამ კავშირს ვერ გამოვძებნით, ცუდის ძებნასაც ნუ დავიწყებთ სხვა ქალში. იმიტომ, რომ ეს ურთიერთგმობა ახშობს ქალების შესაძლებლობებს და ეს ჩვენთვისვეა ცუდი.
მე მჯერა, რომ ცვლილებებისთვის თითოეულ სიტყვას და ძალისხმევას აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ქალები და ის მამაკეცები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქალები თანასწორები არიან, ვალდებულები ვართ რამე გავაკეთოთ იმიტომ, რომ ქალები ბევრი საუკუნე გაგავჩუმეს. ჩვენ არ მოგვეცა არც თვითრეალიზების და არც იდეების განხორციელების საშუალება. ამიტომ, მე მჯერა, რომ მთელი მსოფლიოს ქალები იმსახურებენ, მინიმუმ, 100 წლიან და სასურველია სამუდამო გამონათებას.”
ავტორი: იდა ბახტურიძე
ფოტოგრაფი: ნინო ბაიდაური