მარიამ ქველიაშვილი, ქუთაისი

„ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე, თუმცა სწავლის პროცესში აღმოვაჩინე, რომ, რეალურად, სულ სხვა სფერო მაინტერესებდა. მამაჩემი მოყვარული ფოტოგრაფი იყო. მახსოვს, ფირის კამერა „ზენიტი“ ჰქონდა. ფოტოებსაც თავად ამჟღავნებდა პატარა, ჩაბნელებულ ოთახში, სადაც მე და ჩემს და-ძმას არ გვიშვებდა, არადა ფირის გამჟღავნების პროცესის ნახვა ძალიან მინდოდა. ფოტოგრაფიისადმი ინტერესი მაშინ გამიჩნდა – მინდოდა, მეც გადამეღო. თუმცა, როცა ფოტოგრაფი გავხდი, ციფრული კამერა ავირჩიე – არ მიწევს თვლა, რამდენი კადრი დამრჩა ფირზე.
ფოტოგრაფია ჩემით ვისწავლე. ძირითადად, ინტერნეტში ვეძებდი სასწავლო რესურსებს. ჩემი მეგობარი ფოტოგრაფებიც მეხმარებოდნენ და თავიანთ გამოცდილებას მიზიარებდნენ. მერე ბლოგი გავაკეთე WordPress-ზე, ახლა რომ ვუყურებ, უფრო გასართობი იყო, მაგრამ ამ ბლოგზე მუშაობამ მთავარი მომცა – პოსტებისთვის შინაარსსაც და ვიზუალურ კონტენტსაც მე ვქმნიდი. ეს განვითარებაში მეხმარებოდა. ჩემი მიზანი იყო, სოციალური მედია კარგად მესწავლა.
ამ პერიოდში, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგების გადამზადების პროგრამაში, სოციალური მედიის კოორდინატორად დავიწყე მუშაობა. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სოფლების სკოლების მოსწავლეებთან და პედაგოგოებთან მიწევდა მუშაობა. საქმე ძალიან ბევრი იყო, ხელფასი – მინიმალური, თუმცა ძალიან მიყვარდა ის, რასაც ვაკეთებდი.
ამ სამსახურის მთავარი ღირებულება ის იყო, რომ შესაძლებლობა მომცა, ჩემი ცოდნა ახლა უკვე იმ ადამიანებისთვის გამეზიარებინა, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ და რომლებისთვისაც ეს ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო. დავდიოდი მაღალმთიან სოფლებში – მოსწავლეებს, პედაგოგებსა და დირექტორებს სოციალური მედიის მართვისა და ვიდეოადვოკატირების ტრენინგებს ვუტარებდი. ბედნიერი ვიყავი, როცა ვხედავდი, ადამიანები როგორი წარმატებით იყენებდნენ ამ ცოდნას პრაქტიკაში.
სწავლების პროცესში პროფესიულად მეც გავიზარდე. ფოტოგრაფიასთან ერთად, ვიდეოგრაფია და მონტაჟი ვისწავლე. ახლა თავად ვაკეთებ ვიდეოისტორიებს.
საინფორმაციო ტექნოლოგიებს პროფესიონალურ დონეზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის უფასო კურსის დროს დავეუფლე. ამ შესაძლებლობამ საკუთარი თავის რწმენა განმიმტკიცა. ხშირად ვამბობ, რომ ამ პერიოდში საკუთარ თავს ბევრი რამ დავუმტკიცე – გარდა იმისა, რომ მსმენელი ვიყავი, ტრენერებს პროფესიულადაც ვეხმარებოდი.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, გადავწყვიტე, ჩემი საქმე დამეწყო და საკონსულტაციო მომსახურება დავიწყე.
3 და 6-თვიანი პაკეტებია, რომელიც სოციალური პლატფორმების გამართვას, აუდიო-ვიზუალური მასალების დამზადებასა და თანამშრომლების გადამზადებას მოიცავს. ბოლო 3 წლის განმავლობაში, სხვადასხვა სეგმენტზე ვმუშაობდი ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში. ტურიზმის სფერო, სამედიცინო დაწესებულებები, დეველოპერული კომპანიები, უძრავი ქონების სააგენტო – ეს იმ სფეროების მოკლე ჩამონათვალია, სადაც წარმატებით გამოვიყენე ჩემი პროფესიული ცოდნა ტექნოლოგიებში. შემოსავლის ნაწილს, ისევ ჩემს განათლებაში ვდებ – ყველაფერი სწრაფად ვითარდება და კონკურენციაც დიდია, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ახალ ტენდენციებს აუწყო ფეხი. ამ ეტაპზე, ანიმაციებს ვაკეთებ, ასევე, ვიდეომონტაჟსა და ექსელის პროგრამას ვასწავლი.
პანდემიამ ჩემს საქმიანობაზეც იმოქმედა, შეიძლება ითქვას, შემაფერხა. რთული გახდა ახალი კომპანიების მოძიება და მათთან თანამშრომლობის დაწყება. გადავწყვიტე, გამოთავისუფლებული დრო ცოდნის გავრცელებას მოვახმარო. ვეხმარები ყველას, ვისაც სოცმედიის მხრივ სჭირდება მხარდაჭერა. მაგალითად, ერთ პედაგოგს დავეხმარე, რომელიც ზესტაფონში ცხოვრობს – WordPress-ზე ბლოგი ავაწყობინე და ამის საშუალებით, დამატებითი კრედიტ-ქულები მოიპოვა. ძალიან სასიამოვნოა, ადამიანების ბედნიერების მიზეზი რომ ხდები.
ნამდვილად რთული იყო აქამდე მოსასვლელი გზა და თუ ქალებსა და გოგოებს რამით შევუმსუბუქებ მდგომარეობას, ჩემი გზა რომ არ გაიარონ, თავს არ დავზოგავ.“
ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: დავით შველიძე / გედა დარჩია
”მარიამ ქველიაშვილი იყო “სოციალური მედიის მარკეტინგისა და ვებპროგრამირების” 2019 წელს ჩატარებული სასწავლო პროგრამის 124 მონაწილიდან ერთ-ერთი. ტრენინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ნაწილია, რომელიც დაფინანსდა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ისტორიაში გამოთქმული შეხედულებები წარმოადგენს ავტორის (ავტორების) მოსაზრებებს და არ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაეროს ან მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების შეხედულებებს.“
UN Women Georgia